რამდენიმე დღეა, ტვიტერში შექმნილია სპეციალური გვერდი - #Georgiasisters, რომლის მეშვეობითაც საუდის არაბეთიდან საქართველოში გამოქცეული დები დახმარებას ითხოვენ.
28 წლის მაჰა ალ-სუბაიე და 25 წლის ვაფა ალ-სუბაიე თბილისში არიან; ამბობენ, რომ მათ სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.
ტვიტერზე გოგოები საკუთარ ფოტოებსა და ვიდეომიმართვას ავრცელებენ. გოგოები სახლიდან ოჯახის სისტემატურ ზეწოლას გამოექცნენ, რისგანაც მათ სახელმწიფო ვერ იცავდა. დებმა საქართველოს საზღვარი სარფში 1 აპრილს გადმოკვეთეს და ახლობლების დახმარებით თბილისში ჩამოვიდნენ.
საქართველო მათი დარჩენისა და საბოლოო დანიშნულების ადგილი არ ყოფილა. მათ სავარაუდოდ თავშესაფარი საფრანგეთს, თბილისში, საფრანგეთის საელჩოში სთხოვეს, თუმცა უარი მიიღეს, ახლა კი დახმარებისთვის სხვა ქვეყნებსა და გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს მიმართავენ. დებს იმედი აქვთ, რომ თავშესაფარს კანადაში მიიღებენ.
ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც გოგოებს თბილისში დარჩენა არ სურთ, უსაფრთხოებაა. დები ტვიტერზე წერენ, რომ მათ თბილისში მამამ და ძმამ ჩამოაკითხეს. „დახმარება გვჭირდება, ჩვენ არ ვართ უსაფრთხოდ“ - წერენ ისინი ტვიტერზე. დები ამბობენ, რომ მათ დასდევენ და უთვალთვალებენ. გამოქცეული დების თქმით, რამდენიმე გოგო საუდის არაბეთიდან, რომლებმაც თბილისში სცადეს დამალვა, გაურკვეველ ვითარებაში გაუჩინარდა. ამ დრომდე საუდის არაბეთიდან გამოქცეული გოგოების ბედით Human Rights Watch-ის აზიის ბიურო დაინტერესდა. ორგანიზაციის დირექტორის მოადგილე ფილ რობერტსონი ამის შესახებ ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე წერს.
დების მდგომარეობას ისიც ართულებს, რომ საქართველოში გამოქცევის შემდეგ დებს საუდის არაბეთის ხელისუფლებამ პასპორტები გაუუქმა. ამის თაობაზეც დები ტვიტერზე სპეციალურად შექმნილ ანგარიშზე წერენ.
საუდის არაბეთიდან გამოქცეული დების შესახებ „ასოშიეიტედ პრესის“ ინფორმაციას „ნიუ-იორკ ტაიმსიც“ ავრცელებს.
მასში წერია, რომ ვინაიდან საქართველოსთან საუდის არაბეთს უვიზო მიმოსვლა აქვს, იქიდან გამოქცეული ქალები საქართველოს გავლით ხშირად ცდილობენ თავშესაფრის პოვნას.
საუდის არაბეთი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პატრიარქალურ საზოგადოებად ითვლება. ქალებს მამაკაცი ოჯახის წევრის თანხმობა სჭირდება დოკუმენტაციის აღების, მოგზაურობისა და ქორწინებისთვის.
„ასოშიეიტედ პრესი“ მაჰას და ვაფას მდგომარეობას 18 წლის რაჰაფ მოჰამედ ალ-ქუინის ამბავს ადარებს, რომელმაც იანვარში მიიპყრო მსოფლიოს ყურადღება, ოჯახიდან გაქცეულმა ბანგკოკის აეროპორტის სასტუმროდან სოციალური მედიის საშუალებით მოითხოვა დახმარება და კანადაში მიიღო თავშესაფარი.