სასწრაფო დახმარების სამსახურის კოვიდინფიცირებული ექიმების რიცხვი მატულობს. ბოლო ინფორმაციით, თბილისში ვირუსი სასწრაფო დახმარების 10 მედიკოსს დაუდასტურდა.
ექიმები, რომელთაც საგანგებო რეჟიმში უწევთ მუშაობა, რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობენ, რომ თვითიზოლაციასა და კარანტინში მხოლოდ კოვიდინფიცირებული ექიმის ეკიპაჟის წევრები გადაჰყავთ, ხოლო ისინი, ვინც მათთან ერთად ერთ სივრცეში ცვლაში მორიგეობენ, მუშაობას აგრძელებენ - მათი ღელვის მიზეზიც ესაა:
„ის,რომ ჩვენ მუდამ ფრონტის წინა ხაზზე უნდა ვიყოთ, ისედაც ვიცით, მაგრამ გაფრთხილება ყველას სჭირდება. ჩვენ ხომ ჩვენი ოჯახების გარდა, სხვა პაციენტებთანაც მივდივართ და ვირუსის პოტენციური გადამტანები ვართ“, - ეს სიტყვები თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ერთ-ერთი განყოფილების ექიმს ეკუთვნის, რომელიც რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ Covid 19 თბილისის რამდენიმე განყოფილებაში, მის მეგობარ და ნაცნობ კოლეგებსაც დაუდასტურდა.
მისი ინფორმაციით, ეს განყოფილებებია ორთაჭალის, დიდი დიღმის, დიღომის, სანზონის, მუხიანის სასწრაფო დახმარების გამყოფილებები.
სასწრაფო დახმარების კიდევ ერთი ექიმი, რომელიც ასევე ანონიმურად დაგვთანხმდა მოკლე ინტერვიუზე, ამბობს, რომ ექიმები, ვინც მუშაობას აგრძელებენ, იმაზე ღელავენ, რომ ინფიცირებულის გარდა, როგორც წესი, თვითიზოლაციაში გადადიან მხოლოდ ეკიპაჟის წევრები. ერთ ეკიპაჟში კი, როგორც წესი, სამი ადამიანია, მთავარი ექიმი, მისი დამხმარე და მძღოლი.
„მაგრამ საქმე ის არის, რომ მათთან ერთად, ერთ ცვლაში, ერთ სივრცეში მომუშავე სხვა ბრიგადის წევრებს ამის ნებას არ აძლევენ. არადა, ზოგ განყოფილებაში 21-დან 28-მდე ადამიანი მუშაობს. ისინი სარგებლობენ ერთი ტუალეტით, ერთი სამზარეულოთი, ერთად ვსადილობთ, ერთ ოთახში ვსხედვართ“.
რადიო თავისუფლებას მისი წყარო ეუბნება, რომ მართალია, მათ რეგულარულად ტესტავენ, მაგრამ ვირუსისგან დაცული არავინ არის. ტესტის პასუხის გაგებამდე, ისინი, შესაძლოა, უკვე იყვნენ ვირუსის მატარებელი, წავიდნენ გამოძახებაზე და გახდნენ გადამტანები.
„გვეუბნებიან, ყველა რომ თვითიზოლაციაში გადავიდეს, ვინღა იმუშავებსო, მაგრამ ყველა რომ ავად გავხდეთ, მაშინ რა პასუხი არსებობს? ვფიქრობ, მაინც უნდა არსებობდეს რაღაც სათადარიგო სქემა, ვის ვისით ჩაანაცვლებენ, საუბარია დროებით თვითიზოლაციაზე“.
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში რადიო თავისუფლებას დაუდასტურეს, რომ თბილისში ამ ეტაპზე ინფიცირებულია სასწრაფო დახმარების 10-მდე მედიკოსი. ხოლო ყველა პირი, ვინც ეპიდემიოლოგების მიერ შეფასებული იყო საიზოლაციო კონტაქტად, იზოლაციასა და კარანტინშია გადაყვანილი.
როგორც ცენტრში განგვიმარტეს, იმას, თუ ვინ უნდა გადავიდეს თვითიზოლაციასა და კარანტინში, კონკრეტული შემთხვევის მიხედვით, ეპიდემიოლოგი ადგენს.
„ასეთი შემთხვევა, რომ ერთი ექიმის დაინფიცირების გამო ყველა ცვლა და ყველა ბრიგადა კარანტინში წავიდეს, არ მომხდარა და ვერც მოხდება. თანაც, სასწრაფო დახმარების მედპერსონალი, 72 საათში ერთხელ იტესტება, ამიტომ იმის საფრთხე, რომ ისინი იქცნენ გამავრცელებლებად, ამ ეტაპზე არ არსებობს“, - გვიპასუხეს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში.
კორონავირუსი დაუდასტურდა ახალციხისა და ახალქალაქის სასწრაფო დახმარების ბრიგადების 13-13 თანამშრომელსაც.
ახალქალაქის ეკიპაჟს, დროებით, ნინოწმინდის სასწრაფო დახმარების ბრიგადა შეცვლის, ხოლო ახალციხეში იმუშავებს როგორც თავად ახალციხის ჯანმრთელი მედპერსონალი, ისე, საჭიროების შემთხვევაში, მოსახლეობას მოემსახურება მომიჯნავე რაიონების ეკიპაჟები ადიგენიდან და ასპინძიდან.
„მთავარი არის ის, რომ არცერთი რაიონი არ დარჩება გადაუდებელი დახმარების გარეშე, ყველგან მობილიზებულია შესაბამისი ჯგუფები“, - ამბობენ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში.
20 ოქტომბერს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემაც დაადასტურა, რომ გასული დღე-ღამის განმავლობაში, საქართველოში, კორონავირუსით ინფიცირებულ 1194 პაციენტს შორის 60 სამედიცინო პერსონალია.
ასევე ნახეთ კორონავირუსით ინფიცირებულთაგან 60 სამედიცინო პერსონალია20 ოქტომბრის სტატისტიკით, კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო მაჩვენებელი 19 857-მდე გაიზარდა. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში „აქტიური შემთხვევების“ რაოდენობა 10 182-ს გაუტოლდა, მათგან 2 800 პირი მკურნალობს საავადმყოფოში. ბოლო დღე-ღამეში 15 პირი გარდაიცვალა, რამაც გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 158-მდე გაზარდა.