თითქმის ოცსაათიანი სამძებრო-სამაშველო ოპერაციის შემდეგ ლაგოდეხში, სოფელ გურგენიანში, ნინოსხევის ჩანჩქერთან მაშველებმა წყალში ჩავარდნილი 16 წლის სოფი ნიკოლეიშვილის ცხედარი იპოვეს. სამაშველო ოპერაციაში 50-მდე ადამიანი მონაწილეობდა თბილისიდან, გურჯაანიდან და ლაგოდეხიდან. მათ შორის იყვნენ მყვინთავები. მომხდარის შემდეგ თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ თბილისის კერძო სკოლა „ალბიონის“ მოსწავლე ადიდებულ მდინარეში ჩავარდა და დინებამ გაიტაცა, თუმცა ოპერაციის დასრულების შემდეგ მაშველებმა თქვეს, რომ გოგონას ცხედარი უშუალოდ ნინოსხევის ჩანჩქერთან იპოვეს; გოგონა ბუნებრივად წარმოქმნილ შეგუბებულ ადგილზე ბანაობის დროს მორევში მოხვდა.
Your browser doesn’t support HTML5
სამაშველო სამსახურის წარმომადგენელ ზაზა ჩაბუკიშვილის თქმით, „26 მაისიდან შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო გურჯაანის და ლაგოდეხის სამაშველო ჯგუფები, რომლებიც მთელი ღამის განმავლობაში აწარმოებდნენ სამუშაოებს, ხოლო გამთენიისას სამუშაოებში თბილისის მყვინთავთა ჯგუფი ჩაერთო. სწორედ მათ მიერ იქნა აღმოჩენილი მდინარეში ახალგაზრდა გოგონას ცხედარი“.
სოფელ გურგენიანში იმყოფებოდნენ 16 წლის სოფი ნიკოლეიშვილის ოჯახის წევრები და ახლობლები. ერთ-ერთი მათგანი, ნანა ჯღამაია, ამბობს, რომ მიმდინარეობს გამოძიება და ისინი მის შედეგებს დაელოდებიან. ოჯახის წევრები ვერსიებზე არ ლაპარაკობენ.
„ვერაფერს ვერ გეტყვით. გამოძიებას დაველოდოთ“, - თქვა ნანა ჯღამაიამ.
გასულ წელს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეების ექსკურსიებსა და სხვადასხვა ღონისძიებებზე გადაყვანასთან დაკავშირებით 11-პუნქტიანი რეკომენდაციები შეიმუშავა.
მათ შორის ერთ-ერთის თანახმად, ექსკურსიის დროს მიზანშეწონილია ორგანიზატორებმა მუნიციპალიტეტს, პოლიციას, სახანძრო-სამაშველო დანაყოფსა და სასწრაფო დახმარების სამსახურს შეატყობინონ, სად და როდის ტარდება ღონისძიება. თუმცა, როგორც ჩვენ გავარკვიეთ, არც ერთი ზემოთ ჩამოთვლილი უწყება არ იყო ინფორმირებული სკოლა „ალბიონის“ მოსწავლეთა ექსკურსიის შესახებ.
უფრო მეტიც, ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, გიორგი სულამანიძის თქმით, მათი რეინჯერი შემთხვევით შეხვდა ჩანჩქერისკენ მიმავალ ჯგუფს და გააფრთხილა, რომ მდინარე ადიდებული იყო და ბილიკები - მოშლილი. ამის გამო ურჩიეს ექსკურსიაზე თან სპეციალისტი გაეყოლებინათ, მაგრამ პასუხად უარი მიიღეს:
„გვითხრეს, ჩვენ საკმაოდ გამოცდილები ვართ, თან გვახლავს პედაგოგები, მშობლები და ექიმიც ჩვენთან ერთად არისო. ამის გამო მათ კვლავ გააგრძელეს ბილიკზე გადაადგილება. ბოლომდე მშვიდობით ავიდნენ და იქ, ადგილზე, როგორც თანაკლასელები ამბობენ, გოგო ბანაობდა და ამ ბანაობის მომენტში მოხვდა მორევში, რომელმაც ჩაითრია... თხოვნა იქნება, რომ ყველა ადამიანი მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდოს ბუნებაში მოგზაურობას, მიიღონ ინფორმაცია ჩვენგან, დარეგისტრირდნენ. ასეთ შემთხვევაში ჩვენ თვალყურს ვადევნებთ მათ გადაადგილებას და დაბრუნებას. არის ხოლმე შემთხვევა, რომ დააღამდათ და სანათიც არ ჰქონიათ. ასეთ ჯგუფებს ჩვენ ყოველთვის ვეხმარებით. უნდა გაითვალისწინოს ყველამ ის რჩევები და რეკომენდაციები, რაც დადგენილია“.
გურგენიანის ჩანჩქერზე შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი გოგონას ცხედარი სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.
ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ლაგოდეხის პოლიციის სამმართველოში მოსწავლეები და პედაგოგები მოწმის სახით უკვე გამოიკითხნენ.
მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაკეთდა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში. უწყების წარმომადგენელმა ეკატერინე ხუციშვილმა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს მოუწოდა, დაიცვან სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციები და სასკოლო ექსკურსიების დროს მოსწავლეთა უსაფრთხოება უზრუნველყონ. რაც შეეხება უშუალოდ ლაგოდეხში მომხდარს, ხუციშვილის თქმით, ეს იყო დაუდევრობა, კანონისადმი დაუმორჩილებლობა თუ რამე სხვა, ამას შს სამინისტრო დაადგენს. სკოლა „ალბიონში“ მომხდარი ფაქტის შესახებ განცხადება არ გაკეთებულა.