მოხუცები, რომლებიც მარტო ცხოვრობენ, შესაძლოა ისე გახდნენ ავად და გარდაიცვალონ კიდეც, ვერავინ გაიგოს. ასეთი შემთხვევების გამო საქართველოში ცდილობენ განგაშის სამაჯურების სისტემა დანერგონ. ეს პრაქტიკა განვითარებულ ქვეყნებში დიდი ხანია არსებობს.
„წითელი ჯვრის პროექტი იყო. გავაკეთეთ გამოკითხვა და ბევრი სწორედ მარტოობის შიშზე საუბრობდა, მეშინია ჩემი სიკვდილით მეზობლები შევაწუხოო... ამის გამო, ჩვენი ბენეფიციარებიდან ვინმე თუ არ გამოჩნდებოდა, მაშინვე მოვიკითხავდით ხოლმე. ერთხელ ერთი ქალბატონი არ მივიდა, რომელიც საკმაოდ ჯანმრთელი იყო. მივაკითხეთ, კარი არ გაგვიღო. მეზობლებმაც არაფერი იცოდნენ. გავტეხეთ კარი. რომ შევედით, იატაკზე იყო წაქცეული და გარდაცვლილი, ხელში ტელეფონის ყურმილი ეჭირა. როგორც ჩანს, ცდილობდა დაერეკა“, - ამბობს “დახმარების ეროვნული ფონდის” დირექტორი ნინო ავალიანი.
ამ შემთხვევის შემდეგ სულ ფიქრობდა, რა შეიცვლებოდა ამ ქალბატონს დარეკვა რომ მოესწრო.
გერმანიაში ვიზიტის დროს ნახა, როგორ აგვარებენ მსგავს პრობლემას ევროპაში: მოხუცები ატარებენ სპეციალურ გულსაკიდს ან სამაჯურს, რომელშიც ჩაწერილია რამდენიმე ნომერი.
წაქცევის ან სხვა საგანგაშო სიტუაციის დროს მაშველის დასაძახებლად მხოლოდ ღილაკზე თითის დაჭერა კმარა.
იყო შემთხვევა, როცა ქუთაისში მეზობლებმა გარდაცვალებიდან სამი დღის შემდეგ ნახეს ცხედარი, ისიც სუნის გამონინო ავალიანი
არასამთავრობო ორგანიზაცია “დახმარების ეროვნულმა ფონდმა” რამდენიმე გულსაკიდი ქედაში, მაღალმთიან სოფლებში, სოციალურად დაუცველ მოხუცებს დაურიგა. პროგრამა პილოტურია. აპარატით, პირველ რიგში, ირეკება მოხალისესთან, რომელიც ადგილობრივია და საგანგებო მომზადება აქვს გავლილი. თუ არ პასუხობს, ირეკება უბნის ექიმთან, ხოლო თუ ეს ნომერიც მიუწვდომელია, - სასწრაფოში.
არის სამაჯურების მეორე, გაუმჯობესებული ტიპი. ის ავტომატურად რეაგირებს ორგანიზმის ცვლილებებზე. განგაშის სისტემა ირთვება მაშინაც კი, თუ ადამიანმა გონება დაკარგა და ღილაკზე ხელის დაჭერა ვერ შეძლო. ამ ტიპის აპარატები მოხუცებისთვის საქართველოში ჯერ არავის დაურიგებია.
„სასიგნალო სამაჯურები იდეალურია არა მხოლოდ მოხუცებისთვის, არამედ დემენციით დაავადებულებისთვისაც. ამ სამაჯურს ბევრი სხვა ფუნქციაც აქვს: ის რეაგირებს ხანძარზე, მისი მეშვეობით შეიძლება გაიგო, სად არის ადამიანი (იმ შემთხვევისთვის, როდესაც იკარგებიან), შეიძლება მაშველი იხმო თავდასხმის შემთხვევაში და ასე შემდეგ“, - ამბობს მაია მიქაძე, „საქართველოს კარიტასის“ შინმოვლის პროექტის კოორდინატორი.
მაგრამ ვინიდან ასეთი სამაჯურები საქართველოში ჯერ არ არის, მარტოხელა მოხუცების კონტროლს ამჯერად ტრადიციული მეთოდებით ცდილობენ, ძირითადად მეზობლებისა და მოხალისეების მეშვეობთ. „ვთავაზობთ ბენეფიციარს, რომ მეზობელთან დატოვოს გასაღები. მუდმივად ჰქონდეს ვინმესთან კონტაქტი“...
მაია მიქაძე ამბობს, რომ შინ მოვლა საქართველოში 185 ათას ადამიანს სჭირდება, მაგრამ აქედან მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილია ჩართული კერძო თუ სახელმწიფო პროგრამებში.
„იყო შემთხვევა, როცა ქუთაისში მეზობლებმა გარდაცვალებიდან სამი დღის შემდეგ ნახეს ცხედარი, ისიც სუნის გამო“, - ამბობს ნინო ავალიანი.
მისივე თქმით, ბევრს სურს განგაშის სამაჯური თავისი ხარჯით შეიძინოს (აპარატების მოძიება ინტერნეტმაღაზიებშიც შეიძლება), მაგრამ საჭიროა გარკვეული სისტემა, რომელიც ზარს მიიღებს.
„ევროპაში ზარი შედის არა სასწრაფოში, არამედ ცალკე დაწესებულებაში, რომელსაც შესაბამისი სერვისი აქვს“, - ამბობს ნინო ავალიანი. ის ასევე აცხადებს, რომ სამომავლოდ თავადაც ამ მიმართულებით სურს წავიდეს, ანუ ცალკე სერვისი ჩამოაყალიბოს, ქსელი გააფართოოს და პროგრამა სხვა მუნიციპალიტეტებშიც აამოქმედოს.