ჭოველიძეს დაზარალებულის სტატუსი აქვს. 8 მარტის აქციაზე მას ფეხი დაეწვა, სავარაუდოდ, “მოლოტოვის კოქტეილისგან” გაჩენილი ცეცხლით.
მოსამართლე გადაწყვეტილების გამოსატანად გასვლას 17 ნოემბერს გეგმავს - შესაბამისად, საქმე სასამართლოში თითქმის ფინალურ ეტაპზეა გადასული.
დარჩენილია რამდენიმე მოწმის გამოკითხვა და მტკიცებულებების ნაწილის გამოკვლევა. ამ დრომდე პირდაპირი მტკიცებულებები, რაც დაადასტურებდა, რომ ლაზარე გრიგორიადისი ნამდვილად წვავდა პოლიციელის ავტომობილს და ისროდა “მოლოტოვის კოქტეილს”, პროკურატურას არ წარუდგენია.
კადრები, რომელიც 25 ოქტომბერს აჩვენა სასამართლოს ბრალდების მხარემ, მეტწილად ზოგადია. საპროტესტო აქციაზე გადაღებულ ვიდეომასალაში არც გადაღების დრო არის მითითებული და არც ზუსტი ადგილი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის მიერ გადაღებული კადრებისა და ტელევიზიის ეთერებში გასული მასალისგან აკინძულ მრავალსაათიან ვიდეოში მხოლოდ რამდენიმე მომენტში ჩანს, სავარაუდოდ, ლაზარე გრიგორიდიასი.
ერთ-ერთ კადრში, რომელიც სავარაუდოდ 8 მარტის საღამოს არის გადაღებული, მისი გარეგნობის მსგავსი ახალგაზრდა კაცი სახეზე ნიღბით ისვრის ქვებს იმ დროს, როცა პოლიცია წყლის ჭავლს იყენებს აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ჩიტაძის ქუჩაზე.
ამავე დღის კადრებში ლაზარე ჩანს პირბადის გარეშე ხალხის მასაში პარლამენტის წინ.
საქმეში მტკიცებულებებად არის ის კადრებიც, სადაც ჩანს, უკვე 9 მარტს როგორ უკიდებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე ცეცხლს პოლიციელის მანქანას, თუმცა ამ კადრებში პიროვნების ამოცნობა ფაქტობრივად შეუძლებელია - მას სახე ნიღბით აქვს დაფარული.
სასამართლომ 25 ოქტომბერს ნახა ის ვიდეომასალაც, სადაც ჩანს, როგორ ფეთქდება სამართალდამცველების მისამართით ნასროლი “მოლოტოვის კოქტეილები”, თუმცა ამ კადრებში არ ჩანს, ვინ ისვრის ფეთქებად ნივთებს.
სასამართლომ ნახა ასევე კადრები, რომლებიც სავაჭრო ობიექტების და საცხოვრებელი სახლების კამერების ჩანაწერებიდან არის ამოღებული და სადაც ჩანს, როგორ ყიდულობს ლაზარე გრიგორიადისი, მაგალითად, 5 მარტს პროდუქტებს “სპარში” ან შედის მეგობართან ერთად ერთ-ერთი ბინის სადარბაზოში - რა ღირებულება აქვს მასალას ბრალდების მხარისთვის, პროკურატურას არ განუმარტავს.
ასევე ნახეთ ლაზარე გრიგორიადისს 1 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს 2 წლის წინ მამის დაჭრის ფაქტზე
არანაირი ლაპარაკი არ გაგიგონიათ?
25 ოქტომბრის სხდომა გამომძიებელ სალომე შიოშვილის გამოკითხვით დაიწყო. ადვოკატებისა და პროკურორების გარდა, მასთან კითხვები ჰქონდა ბრალდებულსაც. ლაზარე გრიგორიადისს აინტერესებდა, ახსოვდა თუ არა გამომძიებელს როგორ ითხოვდა ის ადვოკატს და ერთი ზარის განხორციელების უფლებას პოლიციის სამმართველოში, სადაც შიოშვილი მუშაობს.
გამომძიებელმა სასამართლოს უთხრა, რომ ის ნამდვილად იმყოფებოდა იმ სამმართველოს შენობაში, სადაც დაკავებული ლაზარე გრიგორიადისი მიიყვანეს. მონაწილეოდა მისი ტანსაცმლის ამოღების პროცესშიც და მასთან ერთად დაათვალიერა აქციაზე გადაღებული ის ვიდეოებიც, რომელიც საქმეში მტკიცებულებებად არის დართული, თუმცა დაბეჯითებით თქვა, რომ მას არ გაუგონია არანაირი საუბარი, სადაც დაკავებული პრეტენზიას გამოთქვამდა თავისი უფლებების შეზღუდვის გამო.
ლაზარე გრიგორიადისი: ადვოკატის ყოლის უფლება მომცეს დაკითხვის დროს?
დიმიტრი ნოზაძე, ადვოკატი: რადგან იქ იყავით, თუ მიაქციეთ ყურადღება, თუ გახსოვთ, როცა ლაზარე იქ იყო, სხვა პიროვნება თუ შემოიყვანეს, მისი მეგობარი?
ლაზარე გრიგორიადისი: არანაირი საუბარი არ გაგიგიათ, ვინც მკითხავდნენ, მათგან? იქით ოთახში რომ გამიყვანეს, მაგაზე აღარ გეკითხებით…
თათია მანეჟაშვილი, ადვოკატი: როდესაც საგამოძიებო ორგანოში შემოდის დაკავებული პირი, მას განემარტება, რომ აქვს ადვოკატის ყოლის უფლება. დაკავების პროცესში ფაქტია, რომ არ განემარტა, როცა საგამოძიებო ორგანოში შემოიყვანეს, ითხოვდა ადვოკატის ყოლის უფლებას. ეს გამოიწვევდა ხმამაღალ შელაპარაკებას და კამათს. ახლა გისვამთ კითხვას, შეესწარით თუ არა, გაიგონეთ თუ არა კამათი ან ხმამაღალი ნათქვამი, რომ დაკავებული ითხოვს ადვოკატს?
სალომე შიოშვილი, გამომძიებელი: ადვოკატთან დაკავშირებულ საუბარს, არც ხმამაღალს და არც ხმადაბალს, მე არ შევსწრებივარ.
ლაზარე გრიგორიადისი: ზარის განხორციელების უფლებას რომ ვითხოვდი, მაგასაც არ შესწრებიხართ? ერთი ზარის უფლება მაქვს-მეთქი, მაგას ვიძახდი, მახსოვს და ზარის განხორციელების უფლებაც არ მქონია. ოჯახის წევრებთან მინდოდა დარეკვა, მაგას ვითხოვდი, იქ ვინც იყვნენ, იმ ხალხს ვეუბნებოდი. დაკითხვაზე რომ ვიყავი, გოგო გაიყვანეს მერე, რომ ვითხოვდი ადვოკატს, მერე მოვიდა და მითხრა, ამჯერად, ამ შემთხვევაში არ გაქვთ ადვოკატის ყოლის უფლებაო.
სალომე შიოშვილი: როგორც მოგახსენეთ, გრიგორიადისის გამოკითხვა მე არ ჩამიტარებია, აქედან გამომდინარე, ჩემთან…
ლაზარე გრიგორიადისი ზარზე გეკითხებით, ზარის უფლებას რომ ვითხოვდი, გაგიგიათ თუ არ გაგიგიათ?
სალომე შიოშვილი: არა. იმ ოთახში შეიძლება მე ვიყავი სულ ორი წუთი…
გამომძიებელმა სასამართლოს რამდენჯერმე და ხაზგასმით უთხრა, რომ ის მხოლოდ ორ კონკრეტულ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობდა და არაფერი იცის ამ საქმეზე, გარდა იმისა, რომ ამოიღო გრიგორიადისის ტანსაცმელი და მასთან ერთად დაათვალიერა ვიდეოჩანაწერები წინასწარი დაკავების იზოლატორში.
პოლიციის სამმართველოში პირველად მიყვანისგან განსხვავებით, წინასწარი დაკავების იზოლატორში კადრების დათვალიერებისას გრიგორიადისთან ერთად უკვე იყო ადვოკატი.
დიმიტრი ნოზაძემ, რომელიც ამ პროცესს ესწრებოდა, დღეს გამომძიებელს ჰკითხა, ამოცნობადი იყო თუ არა იმ ჩანაწერებში ადამიანი, ვინც პოლიციელის ავტომობილს უკიდებს ცეცხლს.
გამომძიებელმა ამ კითხვის პასუხად თქვა, რომ არ ახსოვს, “სახის კადრი რამდენად წმინდა იყო”, მაგრამ ახსოვს, რომ გრიგორიადისმა ამ კადრების ნახვისას თავად თქვა, რომ ის იყო, ვინც მანქანას ცეცხლი მოუკიდა.
გამომძიებელმა გაიხსენა ისიც, რომ სხვა ჩანაწერში, რომელიც “მოლოტოვის კოქტეილის” სროლის მტკიცებულებად დევს საქმეში, გრიგორიადისმა თქვა, რომ კადრები ბუნდოვანია და არ შეუძლია იმის გადაჭრით თქმა, ნამდვილად თვითონაა თუ არა ამ ვიდეომასალაში.
ასევე ნახეთ “როგორც შეგვეძლო, ისე ვასრულებდით მოვალეობას” - რა უთხრეს სასამართლოს ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე პოლიციელებმა“დაზარალებული ვარ, პოლიციის მიმართ უხეშობას არ მივესალმები”
25 ოქტომბერს სასამართლოს დაკითხული მეორე მოწმე, სპეცრაზმელი გიორგი ჭოველიძე, 8 მარტს აქციაზე, სავარაუდოდ, “მოლოტოვის კოქტეილით” დაზიანდა.
ჭოველიძემ თქვა, რომ მან დაინახა მისკენ ნასროლი აალებული ნივთი, მაგრამ არ დაუნახავს, ვინ ისროლა “მოლოტოვის კოქტეილი”.
პოლიციელმა ვერ გაიხსენა, დაახლოებით რომელ საათზე მივიდა პარლამენტის შენობასთან წესრიგის დასაცავად ან როდის მიიღო დაზიანება, თუმცა გადაჭრით თქვა, რომ აქცია იყო ძალადობრივი და პროტესტის მონაწილეები “ამსხვრევდნენ და ანგრევდნენ იქაურობას”.
“ჩვენი მხრიდან იყო არაერთი მოწოდება, რომ მართლწესრიგი ყოფილიყო და აქცია ჩაეტარებინათ ნორმალურ ფარგლებში, მაგრამ ეს ყველაფერი არ გაითვალისწინეს აქციის მონაწილეებმა და იქიდან ისროდნენ ხელკეტებს, ქვებს და მივიღეთ ძალიან ბევრმა მძიმე დაზიანება. ჩემი მიმართულებით გამოფრინდა ძალიან დიდი ქვა, ჩემი ფარი მივუშვირე, ეს ფარი ზედ შემომემსხვრა. რამდენიმე წუთში მარჯვენა ფეხზე ვიგრძენი ძლიერი ტკივილი, რა დროსაც ჩემს გარშემო აალება მოხდა და დავიწვი მარჯვენა ფეხი, რის გამოც, ასე რომ ვთქვათ, დავზარალდი”, - ასე გაიხსენა აქციის ღამე პოლიციელმა, რომელმაც სასამართლოს უთხრა, რომ არ იცოდა რის წინააღმდეგ იყო პროტესტი და რამ გამოიყვანა ხალხი ქუჩაში.
გრიგორიადისის ადვოკატის კითხვაზე, რით იყო განპირობებული პროტესტის მონაწილეების აგრესიული ქცევა სამართალდამცველების მიმართ, მან თქვა: “მართლწესრიგს ვიცავდით და ალბათ არ უნდოდათ მართლწესრიგის დაცვა”.
გიორგი ჭოველიძემ ფეხზე დამწვრობა ჩიტაძის ქუჩაზე 8 მარტს მიიღო და შემდეგ თითქმის სამი კვირის განმავლობაში მკურნალობდა ხეჩინაშვილის კლინიკაში.
მან თქვა, რომ სანამ დაშავდებოდა, დაახლოებით სამი-ოთხი საათის განმავლობაში იდგა აქციაზე და მთელი ამ დროის განმავლობაში აქციის მონაწილეები უხეშად ექცეოდნენ პოლიციელებს, სამართალდამცველები კი რუპორით მოუწოდებდნენ მათ, დამშვიდებულიყვნენ.
8 მარტს, სპეცდანიშნულების რაზმის წევრები მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ წიწაკის სპრეის და წყლის ჭავლს იყენებდნენ მანამ, სანამ აქციის რამდენიმე მონაწილე 9 აპრილის ქუჩაზე პირველ "მოლოტოვის კოქტეილს" გაისროდა.
9 მარტს, საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International-ის განცხადება გამოქვეყნდა, სადაც ნათქვამი იყო, რომ „უმეტეს შემთხვევაში, დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოყენებული ძალა იყო არაპროპორციული”.
ამ აქციებზე ორი დღის განმავლობაში პოლიციამ 132 ადამიანი დააკავა.
“დაზარალებული ვარ, პოლიციელის მიმართ ასეთ უხეშ ქმედებას არ მივესალმები”, - თქვა მან, როცა პროკურორმა გრიგოლ ნიშნიანიძემ ჰკითხა, ჰქონდა თუ არა პრეტენზია ბრალდებულთან, როგორც დაზარალებულს.
ასევე ნახეთ "წყლის ჭავლი მომიშვეს მე, როცა ცეცხლი მომეკიდა" - რა უთხრა სასამართლოს 8 მარტის აქციაზე დაშავებულმა პოლიციელმაკიდევ ერთი მოწმე, რომელიც დღეს სასამართლომ დაკითხა და რომლის ჩვენებაც სულ 3 წუთს გაგრძელდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ქიმიური ექსპერტი, მედეა ჩუბინიძე იყო. გამოძიებამ მას სთხოვა შეესწავლა, იყო თუ არა ნავთობპროდუქტების კვალი პოლიციელ გიორგი ჭოველიძის იმ ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე, რაც მას 8 მარტის აქციის ღამეს ეცვა. ჩუბინაძემ სასამართლოს უთხრა, რომ ნავთობპროდუქტების კვალი ამოვიდა მხოლოდ შარვალზე.
ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე მომდევნო სასამართლო 30 ოქტომბერს, 13:00 საათზეა ჩანიშნული.