„ეს იყო საზოგადოების დაცინვა ... ყურს იყრუებენ, თვალებს იბრმავებენ. მათ არ ადარდებთ, რაც საქართველოში ხდება“, - უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, თამარ ლალიაშვილი ამბობს, რომ საქართველოში მიმდინარე უწყვეტი საპროტესტო აქციების ფონზე „მოსამართლეების ქეიფი“ სამარცხვინოა.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრის, დიმიტრი გვრიტიშვილის თქმით, საპროტესტო აქციები იმას არ ნიშნავს, რომ „ვინმემ სიცოცხლე და არსებობა შეწყვიტოს“ და, რომ მოსამართლეებს კორპორაციულ საღამოზე შეკრების სრული უფლება აქვთ. გვრიტიშვილს ექსპერტები ე. წ. სასამართლოს კლანის ნაწილად განიხილავენ.
მოსამართლეების კორპორაციულ ვახშამზე, რომელსაც აქტივისტებმა „კლანის ნადიმი“ უწოდეს, არ იყო დაპატიჟებული ვლადიმერ ხუჭუა, ერთადერთი მოსამართლე, ვინც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, სასამართლოში შესული საჩივრების განხილვისას, არჩევნების ფარულობის დარღვევა დაადასტურა.
ხუჭუას განაჩენი სააპელაციო სასამართლომ გააბათილა და არ დააკმაყოფილა სხვა არცერთი სარჩელი დარღვევებზე, რომლებიც არჩევნებზე დამკვირვებელმა ორგანიზაციებმა აღნუსხეს.
26 ოქტომბრიდან დაიწყო, ხოლო 28 ნოემბრიდან [სადავო პარლამენტის შეკრებიდან 3 დღეში] ყოველდღიური გახდა ახალი არჩევნების მოთხოვნით გამართული საპროტესტო აქციები, თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში.
12 იანვარს, რესტორანში შესასვლელად მოსამართლეებს ე.წ. სირცხვილის დერეფნის გავლა მოუწიათ - რესტორნის წინ კი, აქტივისტებთან ერთად, საპროტესტო აქციებზე დაკავებული იმ ახალგაზრდების მშობლებიც იდგნენ, რომლებიც სასამართლოს საბოლოო განაჩენს, იურისტების შეფასებით - უსამართლო და დაუსაბუთებელ წინასწარ პატიმრობაში ელიან.
"კორუმპირებული სასამართლო აუქმებს დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებს", - ეწერა ერთ-ერთ საპროტესტო ბანერზე.
რესტორანში პოლიციის დახმარებით
„ბაბილო მუიზიკ ჰოლში“ მოსახვედრად, მოსამართლეებს არაერთი წინაღობის გადალახვა მოუწიათ - აქციის მონაწილეთა ხმაურიანი „სირცხვილის დერეფნის“ გავლა, წელში მოხრა და თავის დახრა ბანერების ქვეშ გასაძრომად. მათი მისამართით ისროდნენ კვერცხებსაც.
პოლიციის კორდონი დასჭირდა მოსამართლეთა რესტორნიდან გამოყვანასაც, მრავალსაათიანი წვეულების შემდეგ. ადგილზე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, აშშ-ის მიერ სანქცირებული ზვიად ხარაზიშვილი და წყლის ჭავლის მანქანაც გამოჩნდნენ. მოსამართლეებისთვის დერეფნის გასაკეთებლად, პოლიციამ აქციის მონაწილეთა ნაწილი დააკავა.
„ბაბილოსთან“ 9 აქტივისტი დააკავეს - ყველა ადმინისტრაციული წესით.
ასევე ნახეთ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს რესტორან “ბაბილოსთან”, სადაც მოსამართლეები არიან შეკრებილი„როგორც ისინი [მოსამართლეები] ეპყრობიან საქართველოს მომავალ თაობას, უნიჭიერეს თაობას, ზუსტად ამის შესაბამის ხალხის სირცხვილში გაიარეს. როგორი დამამცირებელი სანახაობა იყო, რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ რაღაც ხვრელებში ძვრებოდნენ, დახრილები“, - ეუბნება უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, თამარ ლალიაშვილი რადიო თავისუფლებას და ამატებს, რომ დღეს მოსამართლეთა დიდ ნაწილს სწორედ პირადი კეთილდღეობისკენ სწრაფვა ამოძრავებს.
„მათ [მოსამართლეებმა] ერთგულება შეჰფიცეს, მაგრამ თემიდას კი არა, არამედ მურუსიძეს - თქვენ რასაც გვეტყვით, ჩვენ იმას გავაკეთებთ, მაგრამ თქვენ იყავით გარანტი, რომ ჩვენ მუდმივად ამ თანამდებობებზე ვიქნებით და ფუფუნებაში ვიცხოვრებთო - ამაზე არიან ისინი გაყიდულები“, - თამარ ლალიაშვილი ასევე აღნიშნავს, რომ თვალშისაცემი იყო წვეულებაზე მისული მოსამართლეების ძვირადღირებული ავტომობილები და სამოსი.
რესტორნის წინ დაკავებულები რესტორანში მყოფთა ხელში
ხმაურიანი ვახშმის მეორე დღეს, 13 იანვარს, მოსამართლე ლელა მილდენბერგერმა, 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა რესტორნის წინ, საპროტესტო აქციაზე დაკავებულ შაკო მაღრაძეს, ხოლო მისი ადვოკატები 300-300 ლარით დააჯარიმა, სხდომათა დარბაზში გამოხატული პროტესტის გამო. ადვოკატები მოსამართლის აცილებას ცდილობდნენ, მაგრამ შუამდგომლობები არ დაკმაყოფილდა.
„სასამართლომ ის ადამიანი [შაკო მაღრაძე] დასაჯა შურისძიების მოტივით. ეს მოსამართლე არის ის ადამიანი, რომელიც იმყოფებოდა აღნიშნულ რესტორანში ["ბაბილო"]. ვერ აიტანა სასამართლომ, რომ თავისუფალი ადამიანები აპროტესტებდნენ მათ ქმედებებს და 12 დღე მიუსაჯა ადამიანს [შაკო მაღრაძე], რომელზეც საერთოდ მტკიცებულებები არ არსებობდა“, - უთხრა ადვოკატმა ლაშა ტყეშელაძემ ჟურნალისტებს, დარბაზის დატოვების შემდეგ.
ლელა მილდენბერგერი ერთ-ერთია იმ ექვს მოსამართლეს შორის, რომლებიც ყველაზე ხშირად განიხილავენ პროევროპულ საპროტესტო აქციებზე ადმინისტრაციული წესით დაკავებულებისა და ნაცემი დემონსტრანტების საქმეებს. სხვები არიან: კობა ჩაგუნავა, ლელა ცაგარეიშვილი, ზვიად ცეკვავა, ნინო ენუქიძე და მანუჩარ ცაცუა. ამ მოსამართლეებს, 16 დეკემბერს, ესტონეთმა სანქციები დაუწესა.
იმავე დღეს, გვიან საღამოს, მოსამართლე ლელა მილდენბერგერმა, 3000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა კიდევ ერთ დაკავებულს - ნუცა მახარაძეს, რომელიც, თვითმხილველების თქმით, რესტორან „ბაბილოსთან“ ცუდად გახდა, მაგრამ სამართალდამცველების ჯგუფმა ის მაინც ძალის გამოყენებით დააკავა.
„ბაბილოსთან“ 9 ადამიანი დააკავეს - ყველა ადმინისტრაციული წესით და ძირითადად 166-ე და 173-ე მუხლებით, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
ასევე ნახეთ რესტორან "ბაბილოსთან" დაკავებულ 7 პირს ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდესუკვე 14 იანვარს, რესტორან "ბაბილოსთან", პროევროპულ აქციაზე დაკავებულ კიდევ შვიდ პირს ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს.
„ახლა სახელმწიფო რომ იყოს, ყველანი დასაჭერები ხართ“, - მიმართა აქციის მონაწილეებს მოსამართლე ლილი მსხილაძემ, რომელიც 12 იანვარს, საპროტესტო აქციის გამო რესტორანში ვერ შევიდა. „მონა, მონა“, - აქციის მონაწილეებმა ის საკუთარ ავტომანქანამდე შეძახილებით მიაცილეს. მსხილაძემ თქვა, რომ პროტესტის მონაწილეთა მხრიდან ზეწოლის გაძლიერებას საპასუხო ზეწოლის გაძლიერება მოჰყვებოდა, თუმცა მოსამართლეს აღარ განუმარტავს, რას გულისხმობდა საპასუხო ზეწოლაში.
ვინ გადაიხადა წვეულების ფული? ვინ (არ) დაპატიჟეს?
12 იანვარს, რესტორანში, კოლეგებს ლევან მურუსიძე მასპინძლობდა - სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი და მოსამართლეთა ასოციაციის თავმჯდომარე. 2023 წლის აპრილში, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ლევან მურუსიძეს, სხვა მოსამართლეებსა და ყოფილ მოსამართლეებთან ერთად, სავიზო შეზღუდვები დაუწესა.
ვინ გადაიხადა „ბაბილოს“ წვეულების ფული, დასაზუსტებელია, თუმცა, რადიო თავისუფლების ინფორმაციით, მსგავს წვეულებებს ხშირად სწორედ მოსამართლეთა ასოციაცია აფინანსებს, მოსამართლეების ყოველთვიური საწევრო შენატანიდან.
საწევროს იხდის თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუაც, მაგრამ ის 12 იანვრის კორპორაციულ წვეულებაზე არ დაპატიჟეს.
„ხშირ შემთხვევაში, როცა მპატიჟებდნენ, მაშინაც არ მივდიოდი. სულ 2-ჯერ თუ 3-ჯერ ვარ ნამყოფი. ახლა თუ ვიღაცამ მე არ დამპატიჟა იმის გამო, რომ რაღაცაზე სხვა შეხედულება მაქვს, ბოდიში და, ცივი წყალი დალიოს“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ვლადიმერ ხუჭუამ. მოსამართლემ, რომელმაც საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, 4 ნოემბერს გამართულ პროცესზე, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა სასამართლო ექსპერიმენტის გამოყენებით დაადგინა. მისი გადაწყვეტილება უპრეცედენტო იყო მსგავსი შინაარსის სხვა მრავალრიცხოვან სარჩელს შორის.
ვლადიმერ ხუჭუა რადიო თავისუფლებასთან იხსენებს, რომ 2012 წლის შემდეგ, ის კიდევ რამდენიმე მსგავს წვეულებაზე არ დაპატიჟეს და ერთ-ერთი იყო 2013 წელს - როცა ის ღიად ითხოვდა სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის უზრუნველყოფას და მხარს უჭერდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმას.
„ეს რომ ყოფილიყო ჩემი გადასაწყვეტი და მე რომ ვყოფილიყავი ამის [კორპორაციული წვეულების] ორგანიზატორი, ვიტყოდი, რომ - ამის დრო ახლა ნამდვილად არ არის“, - ასეთია მისი პასუხი შეკითხვაზე - რამდენად ადეკვატური იყო მოსამართლეთა ქეიფი ახლა, ქვეყანაში არსებული კრიზისის ფონზე.
ასევე ნახეთ „ეს გადაწყვეტილება ქვეყნის სასიკეთოდ ბევრ რამეს შეცვლის“ - ინტერვიუ მოსამართლესთან, რომელიც „ოცნების“ სამიზნე გახდაუზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, თამარ ლალიაშვილი, რომელიც 2005 წელს, ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებამ გაუშვა სისტემიდან და საქმე სტრასბურგის სასამართლოში 2019 წელს მოიგო, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ „ბაბილოში“ არ მივიდოდნენ მოსამართლეები, რომლებიც „კლანისა“ და მისი ლიდერის - ლევან მურუსიძის ერთგულნი არ არიან.
ლალიაშვილის თქმით, მოსამართლეთა კორპორაციული წვეულებები და „დიდი ღრეობები“ საბჭოთა დროის გადმონაშთია, ხოლო მსგავსი ტრადიცია უცხოა დასავლური ქვეყნებისთვის.
"კლანის ერთგულება"
სასამართლოს „კლანზე“ უკვე წლებია ლაპარაკობენ სისტემიდან წასული მოსამართლეები, არასამთავრობო სექტორი, უფლებადამცველები, საერთაშორისო პარტნიორები. „კლანის“ არსებობას უარყოფენ მოქმედი მოსამართლეები და „ქართული ოცნების“ ხელისუფლება.
„ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი კოლეგა მოსამართლეები გადაწყვეტილებას იღებენ მტკიცებულებების საფუძველზე, საქმეში არსებული კონკრეტული გარემოებების შეფასების შედეგად. მე არ ვიცი ცალკეული საქმეები. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, ყველა მოსამართლე გადაწყვეტილებას იღებს კანონის შესაბამისად“, - უთხრა ჟურნალისტებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა, დიმიტრი გვრიტიშვილმა, 12 იანვარს, ვიდრე რესტორანში შევიდოდა.
ასევე ნახეთ გვრიტიშვილი: სასამართლო ხელისუფლება, ჩათვალეთ, რომ გადადის თავდასხმით რეჟიმზესასამართლოს „კლანის“ ლიდერად, ლევან მურუსიძესთან ერთად ხშირად სახელდება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე მიხეილ ჩინჩალაძე, რომელსაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ასევე დაუწესა სავიზო შეზღუდვა. მურუსიძეს ნათქვამი აქვს, რომ ის თავს არა „კლანის“, არამედ სასამართლო სისტემის ლიდერად მიიჩნევს.
პრეზიდენტის მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრად დანიშნული კახა წიქარიშვილი, რომლის საქმეც სასამართლომ თვეების წინ გააჩერა და, შესაბამისად, საბჭოში მუშაობა ვერ დაიწყო, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ მოსამართლეთა თავყრილობა - „კლანის“ მიერ მათ გამხნევებას ისახავდა მიზნად - „რომ მათ ვერავინ ვერაფერს დაუშავებს და ხელშეუხებლები არიან“; მისივე თქმით, კლანი, თავის მხრივ, ხელისუფლებასთან არის შეზრდილი.
„დღეს სასამართლო დგას ["ქართული ოცნების"] ხელისუფლების მხარეს, რომელსაც საზოგადოების დიდი ნაწილი უპირისპირდება. ანუ სასამართლო დღეს უკვე გამოკვეთილი მხარეა და, ხელისუფლებასთან ერთად, უპირისპირდება საზოგადოების დიდ ნაწილს“, - კახა წიქარიშვილი ფიქრობს, რომ სასამართლოს მიმართ „ხალხის დამოკიდებულება ახალ, კრიტიკულ ფაზაში გადადის“, საპროტესტო აქციების ფონზე მიღებული სადავო გადაწყვეტილებებისა და გაჭიანურებული პროცესების გამო.
„თუკი აქამდე სასამართლო სისტემის მიმართ ხალხის პროტესტი მდუმარე იყო, ახლა, რეპრესიების ფონზე, ხალხმა დაინახა, რომ ნებისმიერი შეიძლება გახდეს უსამართლობის მსხვერპლი“, - ამბობს წიქარიშვილი.
სასამართლოს გადაწყვეტილებით თავისუფლება აქვს აღკვეთილი საპროტესტო აქციებზე დაკავებულ 50-მდე ადამიანს, რომლებსაც სისხლის სამართლის წესით ედავება პროკურატურა.
14 იანვარს, ბათუმის სასამართლოს გადაწყვეტილებით, აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა მიესაჯა დამოუკიდებელი ონლაინმედიების „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს.
წიქარიშვილი არ გამორიცხავს, რომ მოსამართლეთა ერთ ნაწილს, შესაძლოა - 12 იანვრის წვეულებაზე დასწრება არც უნდოდა, მოსალოდნელი პროტესტის გამო და ახლა კიდევ უფრო ნანობს რესტორანში მისვლას, მაგრამ "„კლანს“ უარს ვერ გაუბედავდა".
„ამ ხალხს საზოგადოების პულსზე არ უდევს ხელი... მათთვის მთავარი ღირებულებაა მაფიოზური ოჯახის მიმართ ერთგულება და პატივს სცემენ უფრო არაფორმალურ წესებს, ვიდრე ფორმალურს“, - დასძენს კახა წიქარიშვილი, ხოლო მათ, ვინც „კლანისგან“ განსხვავებულ პოზიციებს აფიქსირებს, „დისიდენტ მოსამართლეებად“ მოიხსენიებს.
“დისიდენტი მოსამართლეები” უმცირესობაში
„დისიდენტი მოსამართლეების“ რიცხვი დიდი არასოდეს იყო. 10-15 მოსამართლე თუ გამოერევა ხოლმე, რომლებსაც, სხვადასხვა დროს, განსხვავებული პოზიცია ღიად დაუფიქსირებიათ. მათი პროტესტი ხშირად მხოლოდ ფეისბუკპოსტებით, დამატებითი კომენტარების გარეშე შემოიფარგლება.
მოსამართლეების ერთმა ნაწილმა პროტესტი გამოთქვა, მაგალითად, მაშინ, როცა „ქართული ოცნება“ „აგენტების კანონის“ მისაღებად ემზადებოდა და ეს განზრახვა სისრულეში მეორე ცდაზე მოიყვანა.
2024 წლის მაისში ე. წ. აგენტების კანონის მიღებას, მთლიანობაში 10-მდე მოსამართლე დაუპირისპირდა. მათ სოციალურ ქსელებში კონსტიტუციის 78-ე მუხლის ჩანაწერი გამოაქვეყნეს. ეს მუხლი ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების ხელშეწყობის ვალდებულებას შეეხება.
საქართველოს ხელისუფლებას ევროპელი პარტნიორები აფრთხილებდნენ, რომ "აგენტების კანონს", რომელსაც "ოცნება" "გამჭვირვალობის" კანონს, ხოლო საზოგადოება "რუსულ კანონს" უწოდებს, არაფერი ჰქონდა საერთო არც გამჭვირვალობასთან და არც ევროპულ ფასეულობებთან, და ქვეყანას ევროპულ გზას აცილებდა.
ასევე ნახეთ "აგენტების კანონი" და მოსამართლეების თავშეკავებული პროტესტიმანამდე, 2021 წლის ნოემბერში, 20-მდე მოქმედი მოსამართლე გაემიჯნა მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტის განცხადებას, რომელშიც ევროკავშირისა და აშშ-ის საელჩოს მიერ სასამართლო სისტემის კრიტიკა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევად იყო შეფასებული.
საერთაშორისო პარტნიორების მორიგი კრიტიკა მაშინ შეეხებოდა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ორი ახალი წევრის არჩევას, ამის საპირისპირო საერთაშორისო რეკომენდაციის ფონზე.
ასევე ნახეთ ევროკავშირი ვეტინგს ითხოვს, "ოცნება" - ბოდიშს
მოსამართლეთა უდიდესმა ნაწილმა ასევე „ოცნების“ პოზიცია გაიზიარა და დაგმო მოსამართლეთა „ვეტინგის“ საერთაშორისო რეკომენდაცია.
„დისიდენტები“ ამჯერადაც უმცირესობაში აღმოჩნდნენ.
2024 წლის 24 მარტს, „ვეტინგის“ მექანიზმი მოსამართლეთა კონფერენციაზე დაგმეს და ერთხმად დაუჭირეს მხარი უზენაესი სასამართლოს ფორმულირებას, რომ - „ე.წ. ვეტინგი ერთმნიშვნელოვნად, არსებითად და პრინციპულად ლახავს სასამართლოსა და ინდივიდუალური მოსამართლის დამოუკიდებლობას“ და „ძირს უთხრის საზოგადოების ნდობას მართლმსაჯულების სისტემისადმი“.
„ვეტინგის“ თემა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ საწყის ეტაპზევე დახურულად გამოაცხადა.
„ვეტინგი“ ხელმძღვანელ პოსტებზე დასაქმებული მოსამართლეების შემოწმებას, სასამართლოს სისტემის არაკეთილსინდისიერი კადრებისგან გაწმენდასა და მართლმსაჯულების აღსრულების გაჯანსაღებას ისახავს მიზნად.
ასევე ნახეთ "კლანთან მეგობრობა" თუ დაცვის ვალდებულება - რას გულისხმობს "ნორმატიული ჩარჩო"? ასევე ნახეთ უზენაესის თავმჯდომარე: დადგა ეტაპი, როდესაც მთავრობა უნდა ჩაერიოს რიგ საკითხებში„ქართული ოცნების“ ხელისუფლებასა და „კლანს“ შორის სიმბიოზური თანაარსებობის გამოკვეთილ მაგალითად ექსპერტებს 2023 წლის გაზაფხული მოჰყავთ, როდესაც მოსამართლეთა სანქცირების თემამ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია.
მაშინდელ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უხმეს. ღარიბაშვილი ესტუმრა და მოსამართლეებს დაცვას დაჰპირდა.
„დადგა ის ეტაპი, როდესაც მთავრობა უნდა ჩაერიოს რიგ საკითხებში. ყოველ შემთხვევაში, გარკვეულ სწორ ხედვებზე დაფუძნებული ნორმატიული ჩარჩო იქნეს შემუშავებული, რაზეც ჩვენ ბატონ ირაკლისაც ვესაუბრეთ, რომელიც ფაქტობრივად გამორიცხავს სასამართლოში რაიმე ფორმით ჩარევას და აგრეთვე მინიმუმამდე დაიყვანს სასამართლოში პოლიტიკის გავლენას“, - ეს სიტყვები იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, ნინო ქადაგიძემ წარმოთქვა, 10 აპრილს, ერთობლივ პრესკონფერენციაზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და მოსამართლეებს შორის გამართული დახურული შეხვედრის შემდეგ.
- საქართველოს კონსტიტუციით, პრემიერ-მინისტრი „მთავრობის მეთაურია“ და „მთავრობის საქმიანობისთვის ანგარიშვალდებულია პარლამენტის წინაშე“.
- კანონის თანახმად, „საერთო სასამართლოების დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობის უზრუნველყოფა” უშუალოდ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს პრეროგატივაა.
- იუსტიციის უმაღლესი საბჭო ანგარიშვალდებულია საერთო სასამართლოების მოსამართლეთა თვითმმართველობის ორგანოს წინაშე.
„ეს იყო დემონსტრირება იმისა, რომ ერთი კაცი [ბიძინა ივანიშვილი] მართავს ყველაფერს. ღარიბაშვილი ისე არ მივიდოდა - თუ არ ეტყოდნენ, მიდი. პირადად მე კომუნისტების პერიოდი გავლილი მაქვს და ზუსტად არის გადმოღებული ეს მმართველობა იქიდან. არ შეიძლება, წარმოუდგენელია, რომ აღმასრულებელი ხელისუფლების შტო მიდიოდეს სასამართლო ხელისუფლებაში და ასეთი განცხადებები კეთდებოდეს. ეს ნიშნავს, რომ ისინი ერთმანეთთან ძალიან მჭიდროდ არიან დაკავშირებული“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას თამარ ლალიაშვილი.
ასევე ნახეთ რესტორან "ბაბილოსთან" დაკავებულ 7 პირს ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს