თბილისის საქალაქო სასამართლო იწყებს ოთარ ფარცხალაძისა და მიხეილ ჩოხელის ბრალდების საქმის განხილვას. საქალაქო სასამართლოს მთავარი სხდომა 7 თებერვალს იმართება. საქმე ეხება 2017 წლის 12 მაისს, შარდენის ქუჩაზე მდებარე კაფე El Centro-ში ყოფილ გენერალურ აუდიტორ ლაშა თორდიაზე თავდასხმას. სისხლის სამართლის საქმე აღძრულია 126-ე მუხლით, რაც ცემას გულისხმობს.
თავად ლაშა თორდია საქართველოში არ იმყოფება. საქალაქო სასამართლოში დანიშნულ სხდომას მისი ადვოკატი, „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტი, ეკა ქობესაშვილი დაესწრება.
ინციდენტიდან წელიწადნახევრის თავზე, 2018 წლის 5 ნოემბერს, საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის პერიოდში, საქართველოს მთავარი პროკურატურა გააქტიურდა და ლაშა თორდიას მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე ერთ დღეში წარუდგინა ბრალი ოთარ ფარცხალაძეს და მიხეილ ჩოხელს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.
პროკურატურამ ლაშა თორდია დაზარალებულად ცნო და სასამართლოს მიმართა შუამდგომლობით ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენების თაობაზე.
იმავე დღეს ჩატარდა სასამართლო პროცესი ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თაობაზე. ოთარ ფარცხალაძე და მიხეილ ჩოხელი 5000-5000 ლარიანი გირაოთი გათავისუფლდნენ.
„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ მოითხოვს ყოფილი გენერალური აუდიტორის ლაშა თორდიას საქმეზე ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძისთვის და ფინანსთა სამინისტროს მაღალჩინოსნის, მიხეილ ჩოხელისთვის წარდგენილი სსსკ-ის 126-ე მუხლით წარდგენილი ბრალი გადაკვალიფიცირდეს ამავე კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით, რაც გულისხმობს სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენელზე თავდასხმა, მისი საქმიანობიდან გამომდინარე.
მათივე განცხადებით, პროკურატურამ უნდა გაითვალისწინოს ის ფაქტორიც, რომ საქმეში, ერთი და იმავე ქმედებისთვის, ორ პირს აქვს ბრალი წარდგენილი, რის გამოც საქმეს უნდა მიეცეს ჯგუფურად ჩადენილი დანაშაულის კვალიფიკაცია.
როგორც მთავარი პროკურატურის წარმომადგენელმა, პროკურორმა ემზარ გაგნიძემ განმარტა 2018 წლის 6 ნოემბერს, ინციდენტის რეალურ მიზეზს „ყოფითი ინციდენტი, ყოფით ნიადაგზე წარმოშობილი ინციდენტი“ წარმოადგენდა.
მიუხედავად იმისა, რომ არასამთავრობო სექტორი იმთავითვე სვამდა შეკითხვებს, ხომ არ უკავშირდებოდა ლაშა თორდიაზე თავდასხმა თბილისის მერიის მიერ გადაცემული მიწების საკითხს, რომელსაც აუდიტის სამსახური იკვლევდა, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა არჩევნების პირველ ტურამდე გამართულ პრესკონფერენციაზე, შეიძლება ითქვას, რომ ოთარ ფარცხალაძე გაამართლა და თქვა: "თორდია ნასვამი იყო და ის არანაკლებ უარესად იქცეოდა, ვიდრე ფარცხალაძე. ფხიზელმა ფარცხალაძემ როგორ აუტეხა მთვრალ თორდიას დებოში ამაში მე არ ვეთანხმები...ოდესღაც, როცა გამოძიება დასრულდება და დაიდება საბუთები, მოვაგროვოთ ყველა საბუთი და გავარჩიოთ საჯაროდ"...
„ადამიანის უფლებათა ცენტრში“ ამბობენ, რომ მათთვის გაუგებარი დარჩა პროკურატურის ასეთი აქტიურობა და განსაკუთრებით კი ის ფაქტი, რომ 2018 წლის 5 ნოემბერს ჩატარებული ყველა ღონისძიების თაობაზე, ლაშა თორდიას ინტერესების დამცველი ორგანიზაციისთვის მხოლოდ ტელევიზიიდან გახდა ცნობილი.
ლაშა თორდიას ადვოკატი ეკა ქობესაშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობდა, რომ 2018 წლის 5 ნოემბრამდე ლაშა თორდიასთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭების, ან მისი გამოკითხვაზე დაბარების მოთხოვნით, გამოძიებასთან კომუნიკაციის არაერთი მცდელობა წელიწადნახევრის განმავლობაში უშედეგოდ სრულდებოდა.
წელიწადნახევრის თავზე კი ოთარ ფარცხალაძისთვის ბრალის წაყენებისა და აღმკვეთი ღონისძიების სახით გირაოს შეფარდების ამბავი კი მან მედიიდან შეიტყო, მეტიც: "დავიწყეთ გამოძიება ჩვენ თვითონ - იყო თუ არა ეს ბრალი ჩვენს საქმეზე... მეორე დღეს ვიგებთ, რომ თურმე, გვაქვს დაზარალებულის სტატუსი. ყველაფერს ერთად ვიგებთ: ბრალის წაყენებას, დაზარალებულად ცნობას და თურმე, აღმკვეთი ღონისძიების სახით სასამართლოდან შეფარდებული აქვს გირაო".
გასული წლის ნოემბერში, პროკურატურის მიერ ყოფილი მთავარი პროკურორის მიმართ ბრალის წარდგენას პოლიტიკური შეფასებები მაშინვე მოჰყვა.
მმართველ გუნდში აცხადებდნენ, რომ „ხელშეუხებელი ამ ქვეყანაში არავინ არ არის“. მაგალითად, თბილისის მერი კახა კალაძე მაშინ ამბობდა, რომ „თუ ვინმეს აქვს რაიმე დანაშაული კანონის წინაშე, ყველას მოეთხოვება პასუხი და ყველა აგებს პასუხს კანონის წინაშე“.
პროკურატურის გადაწყვეტილების საპრეზიდენტო არჩევნებთან კავშირს კატეგორიულად გამორიცხავდა მაშინდელი პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია და ამბობდა:
„საარჩევნო კალენდრის მიუხედავად, გამოძიებას აქვს ვალდებულება მოახდინოს რეაგირება მაშინ და იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რაც საფუძველს აძლევს, რომ მიიღოს გადაწყვეტილება“.
სრულიად სხვა განწყობები ჰქონდათ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს. ისინი დარწმუნებულნი იყვნენ, რომ საქმის გამოძიების გააქტიურება სწორედ საარჩევნო პროცესს უკავშირდებოდა. ასე ფიქრობდა „ევროპული საქართველოს“ წევრი სერგი კაპანაძეც:
„იმდენად შეშფოთდნენ ამ დამარცხების შედეგად, რომ ახლა ცდილობენ, რომ მოაჩვენონ საზოგადოებას, რომ რაღაც პრობლემებს გადაჭრიან. ალბათ, ასე იფიქრეს, რომ ფარცხალაძეს თუ ბრალს წავუყენებთ, ხალხი იფიქრებს, რომ ისინი კორუფციას ებრძვიან“.
ლაშა თორდიას ადვოკატი ეკა ქობესაშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ ის მაქსიმალურად შეეცდება მიაღწიოს საქმის მუხლის გადაკვალიფიცირებას, რათა 2017 წლის 12 მაისის ინციდენტი არ დარჩეს უბრალოდ "ბიჭების ჩხუბად".