სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი კახეთში ავარიულად დაეშვა. შემთხვევის შედეგად ხუთი პირი დაშავდა - სამი მფრინავი, ერთი მესაზღვრე და ერთი პოლიციელი. ექიმების თქმით, არც ერთი დაშავებულის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. დაშავებულთაგან ერთს, მესაზღვრეს, ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. სასაზღვრო პოლიციის უფროსმა უპასუხოდ დატოვა შეკითხვა, თუ რა შეიძლებოდა გამხდარიყო მიზეზი ვერტმფრენის ავარიული დაშვებისა.
Your browser doesn’t support HTML5
ამ დრომდე უცნობია, რა გახდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ავარიულად დაშვების მიზეზი. შემთხვევა 12 ივლისის დილით მოხდა. ვერტმფრენით სასაზღვრო პოლიციის ლაგოდეხის სამმართველოს თანამშრომლები თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ართანასთან მდებარე სასაზღვრო პოსტზე გეგმიური როტაციის ფარგლებში მიემგზავრებოდნენ, თუმცა ვერტმფრენი ალპურ ზონაში ავარიულად დაეშვა.
დაშავდა ვერტმფრენში მყოფი ხუთივე პირი. აქედან სამი მფრინავია, ერთი მესაზღვრე და ერთი საპატრულო პოლიციის თანამშრომელი. დაშავებულები თელავის რეფერალურ საავადმყოფოში სხვა ვერტმფრენით გადაიყვანეს. ისინი ამჟამად ორ სხვადასხვა საავადმყოფოში მკურნალობენ. როგორც საავადმყოფოს ხელმძღვანელმა ხათუნა ჭონიაშვილმა თქვა, თელავის რეფერალურ საავადმყოფოში დაშავებულებიდან ორი მიიყვანეს, რომელთაგანაც ერთს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა:
„ორი პაციენტია შემოყვანილი თელავის რეფერალურ ჰოსპიტალში. ერთ-ერთ პაციენტს ოპერაცია გაუკეთდა. მასმრავლობითი დაზიანებები ჰქონდა მუცლის ღრუში. იყო ნეკნების მოტეხილობა. ასევე გაიკერა ღვიძლის დაზიანებული ადგილი. ამჟამად მდგომარეობა სტაბილურია და პაციენტი იმყოფება პოსტოპერაციულ განყოფილებაში. რაც შეეხება მეორე პაციენტს, მას აღენიშნება გულმკერდის მრავლობითი ტრავმა დანეკნების მოტეხილობა. მისი მდგომარეობაც სტაბილურია და მიმდინარეობს შესაბამისი მკურნალობა“.
სამივეს მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია. მათ ჩაუტარდათ სრულყოფილი დიაგნოსტიკური გამოკვლევები. სამივე მათგანს აღენიშნება ტვინის შერყევა...ეკატერინე ნონიკაძე
კიდევ სამ დაშავებულს მკურნალობენ ავთანდილ ყამბარაშვილის სახელობის საავადმყოფოში. მენეჯერი ეკატერინე ნონიკაძე ამბობს, რომ პაციენტებს ყველა საჭირო კვლევა ჩაუტარდათ და შეიძლება ითქვას, რომ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია:
„სამივეს მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია. მათ ჩაუტარდათ სრულყოფილი დიაგნოსტიკური გამოკვლევები. სამივე მათგანს აღენიშნება ტვინის შერყევა. ერთ- ერთს აქვს ლავიწის ძვლის მოტეხილობა. ისინი რჩებიან 24 საათის განმავლობაში ექიმების დაკვირვების ქვეშ“.
დაშავებულები, რომლებიც თელავში მკურნალობენ, სასაზღვრო პოლიციის ხელმძღვანელმა მოინახულა. თემურ კეკელიძემ თელავის რეფერალურ საავადმყოფოსა და ყამბარაშვილის კლინიკაში ექიმებისგან მოისმინა დაშავებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია. მან ის პაციენტიც ნახა, რომლსაც ოპერაცია დასჭირდა. შეკითხვაზე, თუ რა შეიძლება გამხდარიყო ვერტმფრენის ავარიული დაშვების მიზეზი, სასაზღვრო პოლიციის ხელმძღვანელმა განმარტა, რომ ვერტმფრენი ტექნიკურად გამართული იყო და მიზეზებს გამოძიება დაადგენს:
„გამოძიება დაწყებულია. მოგეხსენებათ, ამწუთში ძალიან ნაადრევია იმაზე საუბარი, თუ რამ განაპირობა ავარიული დაშვება. გარკვეული პერიოდი დასჭირდება გამოძიებას და უნდა დაველოდოთ. ვერტმფრენი აბსოლუტურად გამართული იყო ტექნიკურად. ისევ და ისევ უნდა დაველოდოთ. თუ გამოიკვეთება ვინმეს პასუხისმგებლობა, ბუნებრივია, რეაგირება მოხდება“.
რა გახდა სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ავარიულად დაშვების მიზეზი? - ამ შეკითხვას პასუხი უნდა გასცეს გამოძიებამ, რომელიც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე დაიწყო. პარალელურად, შემთხვევას შეისწავლის გენერალური ინსპექციაც.