ყოფილი აბრეშუმის ფაბრიკის ტერიტორიაზე, "ლაგუნა ვერესთან" დაგეგმილი მრავალფუნქციური პროექტის განახლებულ ვერსიას მერიის ურბანული განვითარების სააგენტო განიხილავს, თუმცა ბევრი არაფერი შეცვლილა - პროექტის მოცულობა ისევ 155 599მ2-ია, ამჯერად, 52- და 40-სართულიანი ორი ცათამბჯენით, რომელშიც კვლავ 1000-1000 საცხოვრებელი ბინა და მიწისქვეშა ავტოსადგომია გათვალისწინებული.
დღეს ტერიტორიაზე რამდენიმე კომერციული ფართია, მის მიმდებარედ კი - ავტოსამრეცხაოები, ავტო- და ბენზინგასამართი სადგურები.
პროექტის მიხედვით, 1000-ადგილიანი მიწისქვეშა ავტოსადგომი კომერციული სივრცეების ვიზიტორებისა და მცხოვრებლებისთვის გაკეთდება.
ტერიტორიაზე მოსახვედრად 3 სამანქანო გზის მოწყობა იგეგმება, აქედან ორი გმირთა მოედნის მხრიდან, ხოლო ერთი კოსტავას ქუჩიდან.
პროექტში წერია, რომ ტერიტორიის ჩრდილოეთით "ამ ადგილისთვის შეუსაბამო" ავტოგასამართი სადგურებია, რომლებიც აფერხებენ "მანქანების თავისუფალ გადაადგილებას". პროექტით, სავალი გზის განაპირა ობიექტები უნდა დაიშალოს და საავტომობილო ტრასა 4,5 მეტრით გაგანიერდეს.
პროექტის ისტორიულ-არქიტექტორული კვლევის დასკვნაში, რომელიც ხელოვნებათმცოდნე ლალი ანდრონიკაშვილმა შეადგინა, წერია:
"ახალ არქიტექტურულ კომპოზიციაში აქტიური ვერტიკალური განვითარება მისაღებად არ მიმაჩნია. სასურველია განაშენიანება განვითარდეს ბორცვის გაყოლებაზე გრძივი ფორმით, რელიეფის სიმაღლის მიხედვით, ისე, რომ არ გადაიფაროს ხედები ზედა უბანზე. ამასთან, შესაძლებელია ახალ გადაწყვეტაში თანაბარზომიერი მასშტაბის მოცულობის (მოცულობების) კომპოზიციის თავსა ან ბოლოში მოისინჯოს არქიტექტურული აქცენტების განთავსების საშუალება იმ პირობით, რომ ისინი არ გადაფარავენ ხედვით არეალს კულტურული მემკვიდრეობისა და მემორიალური ფასეულობის ძეგლებზე".
რას უპირებენ "ლაგუნა ვერეს"?
როგორც ძველ ვერსიაში, ახალშიც პროექტი არ იკვეთება "ლაგუნასთან".
პროექტის ავტორები წერენ, რომ კომპლექსის ნაგებობა "უკიდურესად მძიმე მდგომარეობაშია" და მისი კონსტრუქციის მდგრადობის, დემონტაჟის ან ახალი აუზის აგების საკითხი მხოლოდ მსჯელობის საგანია.
პროექტის ძლიერ მხარეებად ითვლება:
- ძველი აბრეშუმის ქარხნის ნაგებობის შენარჩუნება/რეაბილიტაცია;
- საპროექტო ტერიტორიის გამწვანება და არსებული ფლორის შენარჩუნება;
- ხედი ქალაქის ისტორიულ ნაწილზე;
- მარტივად მისადგომი;
- ერთმანეთისგან განცალკევებით მდგარი ცათამბჯენები არ აფერხებენ ვერეს ხეობის აერაციას;
- ავტოგასამართი სადგურების გაუქმება და გზის სავალი ნაწილის გაფართოება 4,5 მეტრით;
- მიწისქვეშა და მიწისზედა ავტოსადგომები;
ერთადერთ საფრთხედ ავტორები განიხილავენ მშენებლობის პერიოდში სატვირთო მანქანების მიერ შექმნილ შეფერხებას, თუმცა არა მშენებლობის დასრულების შემდეგ.
განახლებული პროექტის ფოტორენდერი 30 მაისს გამოაქვეყნა „ღია საზოგადოების ფონდის“ პროგრამის მენეჯერმა ანანო ცინცაბაძემ. მან პროექტის შესახებ ინფორმაცია მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოსგან გამოითხოვა.
"პროექტის პოზიტივი მხოლოდ მესაკუთრის ფინანსურ მოგებაშია"
არქიტექტორი ირაკლი ჟვანია რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში 3 ძირითად პრობლემას გამოყოფს, რასაც, მისი აზრით, ეს პროექტი გამოიწვევს: ირღვევა კულტურული მემკვიდრეობის კანონი, აჭარბებს კოეფიციენტებს და სიმჭიდროვეს, შექმნის სატრანსპორტო კოლაფსის საფრთხეს.
"პირველი - ტერიტორია მდებარეობს ისტორიული განაშენიანების რეგულირების ზონაში. კულტურული მემკვიდრეობის კანონშია გაწერილი, რა მოთხოვნები აქვს ამ ზონას.
ეს პროექტი ამ კანონიდან არაფერს ითვალისწინებს... ესაა მასშტაბი, კონტექსტი, ლანდშაფტი და ა.შ.
მეორე - კოეფიციენტები გადაჭარბებულია, სიმჭიდროვე უკიდურესად გადამეტებულია... ერთადერთი ყბადაღებული მოსაზრებაა, რომ ესაა განვითარება, სამუშაო ადგილების შექმნა და ა.შ.
შეგვიძლია ცათამბჯენებით გავავსოთ აბანოთუბანი და ზუსტად იგივე ვთქვათ, რომ სამუშაო ადგილები იქმნება;
მესამეა სატრანსპორტო საკითხი - ქალაქის ერთ-ერთ ურთულეს სატრანსპორტო კვანძზე უშვებენ ისეთი გადამეტებული სიმჭიდროვის დეველოპმენტს, რაც ყოველდღიურად მოიზიდავს ათასობით მანქანას და შექმნის ახალ ნაკადებს. ამისთვის აბსოლუტურად არაა მზად იქ არსებული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა და კიდევ უარეს დღეში ჩავარდება ამ პროექტის განხორციელების შემთხვევაში. ამას არ უშველის გზის გაფართოება, რამდენადაც გააფართოებ, იმდენი ზოლი გაივსება - ეს არის სატრანსპორტო საკითხების ანა-ბანა", - ამბობს ირაკლი ჟვანია.
მისივე სიტყვებით, ქალაქგეგმარებითი თვალსაზრისით, ამ პროექტს დადებითი მხარე არ აქვს, მოგებას მხოლოდ მესაკუთრე და მენაშენე ნახავენ.
"ამ ობიექტის აშენება კანონით არ შეიძლება"
ხელოვნებათმცოდნე თამარ ამაშუკელი ამბობს, რომ საკმარისია არათუ პროექტის დეტალებში გაცნობა, არამედ მისი ფოტორენდერის ნახვა იმ დასკვნის გამოსატანად, რომ იგი ეწინააღმდეგება კანონს კულტურული მემკვიდრეობის შესახებ.
"კანონში ცხადად წერია, რომ განაშენიანების რეგულირების ზონაში, რომელშიც ეს ტერიტორია მდებარეობს, მშენებლობა უნდა ითვალისწინებდეს მიმდებარე არეალის და ისტორიული განაშენიანების მასშტაბს. ეს არაა მასშტაბის ოდნავ გადაცდენა, ესაა რადიკალურად განსხვავებული მასშტაბი, არაფერს ვამბობ არქიტექტურაზე. საერთოდ არ ითვალისწინებს და პირიქით, ეწინააღმდეგება არსებულ განაშენიანებას.
კანონი და დემოკრატიული სახელმწიფოს პრინციპები ფიქრობენ, რომ ყველა ვალდებულია კანონი შეასრულოს. თუკი ასეა, მაშინ ამ ობიექტის აშენება კანონით არ შეიძლება".
იანვრის ბოლოს, როდესაც თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია "ლაგუნა ვერესთან" მასშტაბური პროექტის შესახებ, ქალაქგეგმარებაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებმა და მოქალაქეებმა თბილისის მთავრობასა და საკრებულოს მიმართეს, არ დაუშვან ქალაქის ცენტრში ცათამბჯენების მშენებლობა.
თავდაპირველი პროექტი თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტომ მარტის შუა რიცხვებში დაახარვეზა.
როგორც მაშინ სააგენტოში განაცხადეს, განახლებული პროექტი განხილვის სტადიაშია:
"როდის დასრულდება განხილვის პროცესი, ჯერ არ ვიცით, რადგან, შესაძლოა, ეს პროექტიც დახარვეზდეს.
საკმაოდ დიდი ტერიტორიაა, ბევრი კომპონენტისგან შედგება და არ არის გამორიცხული, გარკვეულ ნაწილში კვლავ გამოიკვეთოს ხარვეზები".
მულტიფუნქციური კომპლექსის მშენებლობა ფონდ "ქართუს" საკუთრებაში არსებულმა კომპანია შპს "კოსტავა 69"-მ შპს "ჰაუსარტ ლუქსს"დაუკვეთა.
"კოსტავა 69"-ის დირექტორი, მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების" დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ნათესავი კახა კობიაშვილია.
2016-დან 2021 წლის ჩათვლით, კახა კობიაშვილს მმართველი პარტიისთვის, ჯამურად, 200 000 ლარი, პრეზიდენტობის კანდიდატ სალომე ზურაბიშვილისთვის კი 30 000 ლარი აქვს შეწირული.
მას შემდეგ, რაც კომპლექსის პროექტის ახალი ვერსია გასაჯაროვდა, ჟურნალისტებმა თბილისის მერს, კახა კალაძეს ჰკითხეს, მოსწონს თუ არა იგი, რაზეც მერმა უპასუხა, რომ ქალაქის ურბანული განვითარება მისი გემოვნებით ვერ იხელმძღვანელებს.
"როგორ ფიქრობთ, ვსხედვართ და იმას ვუყურებთ, კონკრეტული პროექტის უკან ვინ დგას, რომელი კომპანიაა, ჩვენი მხარდამჭერია, თუ ოპოზიციის და ამის მიხედვით გავცემთ ნებართვებს?" - ამბობს კალაძე და აღნიშნავს იმასაც, რომ პროექტი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭომ უკვე მოიწონა, ხოლო თუ რამე ხარვეზს აღმოაჩენენ, "რა თქმა უნდა, მოუწევთ ამის გამოსწორება".