საპენსიო დანაზოგის ბედი უთქვენოდ გადაწყდება - რატომ, როგორ და როდიდან?

საილუსტრაციო ფოტო: საპენსიო დანაზოგის ინვესტირებაზე გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეებმა 7 სექტემბრამდე უნდა მიიღონ

საქართველოს მოქალაქეს საპენსიო დანაზოგის ინვესტირებაზე გადაწყვეტილების მიღება 6 სექტემბრის ჩათვლით შეუძლია. 7 სექტემბრიდან თქვენი საპენსიო თანხის ბედი უთქვენოდ გადაწყდება - რას ნიშნავს ეს?

საპენსიო ფონდში დაგროვებულ თქვენს ფულს სახელმწიფო სამი მიმართულებით განკარგავს - არსებობს სამი საინვესტიციო პორტფელი. ნაკლებრისკიანი - ფულის დაკარგვის ალბათობა მცირეა და შედარებით მცირეა მოგებაც; საშუალორისკიანი - ფულის დაკარგვის ალბათობა იზრდება, მაგრამ იზრდება შემოსავალიც და მაღალრისკიანი, რომელიც გულისხმობს, რომ თქვენი საპენსიო თანხების დაკარგვის რისკი იზრდება, მაგრამ მაქსიმალურად მაღალია მოგებაც, წარმატებული ინვესტირების შემთხვევაში.

რას გთავაზობთ საპენსიო სააგენტო და რა არჩევანი გაქვთ - აგიხსნით მოკლედ.

შეგიძლიათ, აირჩიოთ როგორ განკარგოს სახელმწიფომ თქვენი საპენსიო დანაზოგი. ამისთვის ორი გზა არსებობს: საპენსიო სქემის პირადი გვერდიდან - ელექტრონული ხელმოწერის საშუალებით და იუსტიციის სახლის ყველა ფილიალსა და საპენსიო სააგენტოს ოფისში.

როგორ იყო და რა იცვლება?

საპენსიო რეფორმის ამოქმედების შემდეგ [2018 წლის 6 აგვისტო], 5 წლის მანძილზე საპენსიო დანაზოგების ინვესტირება მხოლოდ ნაკლებრისკიან საინვესტიციო პორტფელში იყო შესაძლებელი.

ახლა სქემას ემატება მაღალრისკიანი და საშუალორისკიანი ინვესტირების შესაძლებლობები.

რისკის შემცველი არჩევანი თავისთავად გულისხმობს პასუხისმგებლობის აღებას შესაძლო ზარალზე, მაგრამ გამართლების შემთხვევაში - მეტ შემოსავალს.

რა მოხდება 7 სექტემბრიდან?

6 სექტემბრის ჩათვლით თქვენ შეგიძლიათ, რომ თავად აირჩიოთ - საპენსიო დანაზოგის ინვესტირების ტიპი იმის მიხედვით, რამდენად ხართ მზად სამომავლო რისკისთვის.

თუკი არ იაქტიურებთ, თქვენი დანაზოგი ავტომატურად გადანაწილდება, წინასწარ განსაზღვრული სქემით - ასაკობრივი ჯგუფების შესაბამისად:

• 40 წლამდე ასაკი - საპენსიო აქტივები გადანაწილდება მზარდ (მაღალრისკიან) საინვესტიციო პორტფელში;
• 40-დან 50 წლამდე - საპენსიო აქტივები წავა შერეულ (საშუალორისკიან) საინვესტიციო პორტფელში;
• 50 წელი და ზევით − სტაბილურ (ნაკლებად რისკიან) საინვესტიციო პორტფელში.

საპენსიო სააგენტოს ინფორმაციით, საინვესტიციო პორტფელის შეცვლა 12 თვეში ერთხელ იქნება შესაძლებელი.

როგორია ნაკლებრისკიანი პორტფელი?

ნაკლებრისკიანი საინვესტიციო პორტფელის შემთხვევაში - მოგება სტაბილურია, ამის გამო მას სტაბილურ პორტფელსაც კი უწოდებენ.

ამ შემთხვევაში ინვესტირება უმეტესად საბანკო ანაბრებსა და ობლიგაციებში ხდება. უცხოურ ვალუტასა და საერთაშორისო აქციებში ინვესტირების წილი შეზღუდულია პორტფელის 20%-მდე.

ამ პორტფელის შემთხვევაში რისკი დაბალია და საპენსიო სააგენტოს ინფორმაციით, მას უპირატესობას ისინი ანიჭებენ, ვისაც არ უყვართ სარისკო გადაწყვეტილებები და საპენსიო ასაკამდე ცოტა დრო რჩებათ.

როგორია მაღალრისკიანი პორტფელი?

მაღალრისკიანი პორტფელის შემთხვევაში, საპენსიო დანაზოგის ინვესტირება მეტწილად უცხოურ ვალუტაში და გლობალურ აქციებში [საერთაშორისო საფონდო ბირჟებზე, კომპანიების აქციებში] ხდება.

შეიძლება ინვესტირება დეპოზიტებსა და ობლიგაციებშიც, მაგრამ შედარებით მცირე წილით. 10%-მდე მოცულობის ინვესტირება შესაძლებელია, მაგალითად, საინვესტიციო ფონდებში.

მაღალრისკიანი პორტფელის არჩევისას საერთაშორისო აქციებში ინვესტირების წილი მაქსიმუმ 60%-ს შეადგენს.

საპენსიო სააგენტო განმარტებით, "ეს პორტფელი გრძელ ვადაში ხასიათდება მაღალი, მზარდი მომგებიანობით, ამიტომ მას შეიძლება მზარდი პორტფელი ვუწოდოთ". მაგრამ მას "თან ახლავს შედარებით მაღალი რისკიც".

მაღალრისკიანი პორტფელი რისკის მოყვარულებისთვისაა. გათვლა ხდება ძირითადად ახალგაზრდებზე, რომლებსაც საპენსიო ასაკამდე რამდენიმე ათწლეული აშორებთ და არ ეშინიათ საერთაშორისო კომპანიების აქციების პერიოდული რყევების.

საპენსიო სააგენტოს ინფორმაციით, ასეთი რყევები ძირითადად მოკლევადიანია და საერთაშორისო კომპანიების აქციების ყიდვის შემთხვევაში, გრძელვადიან პერიოდში, „მაღალი შემოსავლიანობის გენერირებაა“ შესაძლებელი. "ისტორია აჩვენებს, რომ გრძელვადიანი ინვესტორები გლობალურ აქციებში ინვესტირებით მოგებულები რჩებიან".

მაგალითად, "ბოლო 20 წლის განმავლობაში საერთაშორისო აქციების ბაზრების საშუალო შემოსავლიანობამ, დოლარში, წლიური 8%-9% შეადგინა".

ამასთან, გლობალურ აქციებში ინვესტირების ერთ-ერთ მთავარ სარგებლად ინფლაციასთან გამკლავება სახელდება.

როგორია საშუალორისკიანი პორტფელი?

საშუალორისკიანი პორტფელი ნაკლებად რისკიანი და მაღალრისკიანი პორტფელების ნაზავია და სხვანაირად მას შერეულ პორტფელსაც უწოდებენ.

შერეულ პორტფელში უცხოური აქტივების წილი 40%-მდე შეიძლება გაიზარდოს. საინვესტიციო ფონდებში ინვესტირების შესაძლებლობას შერეული პორტფელიც იძლევა.

პორტფელებს შორის მთავარი სხვაობა უცხოურ აქტივებში ინვესტირებაა. აქტივების საზღვარგარეთ ინვესტირებაში კი ძირითადად იგულისხმება ფასიან ქაღალდებში, ანუ აქციებში ინვესტირება.

რომელი ქვეყნების კომპანიებში შეიძლება ინვესტირება?

როგორც განვითარებული, ისე განვითარებადი ქვეყნების წამყვან კომპანიებში.

„ვინაიდან საპენსიო სააგენტოს მიერ განხორციელებული ინვესტიციები დივერსიფიცირებულია გეოგრაფიულად და სექტორულად, ამ აქტივების შემოსავლიანობა არ არის დამოკიდებული რომელიმე კონკრეტული კომპანიისა თუ ქვეყნის შედეგებზე“, - განმარტავს სააგენტო.

საპენსიო დანაზოგის მფლობელს შეუძლია "ერთდროულად რამდენიმე ათასი კომპანიის წილის მფლობელი" გახდეს, რაც "რისკების შემცირების საუკეთესო საშუალებაა".