საპარლამენტო არჩევნები ირანში: ვინ მონაწილეობს, ვინ რას წარმოადგენს, ვინ არ დაუშვეს

თეირანი. 18 თებერვალი, 2020წ.

მაშინ, როცა ირანელები 21 თებერვლის საპარლამენტო არჩევნებში კენჭისყრისთვის ემზადებიან, თვალი შევავლოთ ცნობილ კანდიდატებს, ვინც მონაწილეობს არჩევნებში და ვინც არ დაუშვეს კენჭისყრაზე, ან თვითონ არ ისურვა ჩართულიყო მასში.

სულ შვიდი ათასი კანდიდატი, მონაწილეობის მსურველთა ნახევარზე ნაკლები, ჩაერთვება ისლამური რესპუბლიკის მეჯლისის - პარლამენტის - არჩევნებში 21 თებერვალს, ირანული კალენდრით 1390 წლის 2 ესფანდს.

კანდიდატთა უმრავლესობა ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის, ერთგული მიმდევარია, ხოლო მცირე ჯგუფი ნაკლებად ცნობილი რეფორმისტებისაა, ზომიერი პოლიტიკოსების, რომლებიც დასავლეთთან ურთიერთობას უჭერენ მხარს.

„გუშაგთა საბჭომ“, რომელიც ირჩევს მათ, ვისაც კენჭისყრაში მონაწილეობა შეუძლია, აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია იმის გამო, რომ ცხრა ათასამდე მსურველი სიიდან ამოიღო. სულ რეგისტრირებული იყო 16 ათასი კანდიდატი. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანახმად, „გუშაგთა საბჭოს“ მიერ დაწუნებულთა შორის იყო 90 ამჟამად მოქმედი კანონმდებელი. დისკვალიფიცირებულ კანდიდატთა ეს სია უდიდესია 1979 წლის ისლამური რევოლუციის შემდეგ. ირანში ბევრია უკმაყოფილო და იმედგაცრუებული მთავრობით, რადგან ბოლო წლებში ამ ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. ისინი ამბობენ, რომ არჩევნებს ბოიკოტს უცხადებენ.

გაეცანით ზოგიერთ კანდიდატს - მათ, ვინც არჩევნებში მონაწილეობს, და მათ, ვინც არ დაუშვეს კენჭისყრაზე.

მონაწილეები

მოჰამად ბაყერ ყალიბაფი

თეირანის კონსერვატორმა ყოფილმა მერმა სამჯერ მიიღო წარუმატებლად მონაწილეობა საპრეზიდენტო არჩევნებში. თუ გაიმარჯვებს, პოლიციის ყოფილი უფროსი და ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის საჰაერო ძალების ყოფილი სარდალი, ალბათ, იქნება მთავარი კანდიდატი პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე. მერობისას მას ბრალად დასდეს არაკომპეტენტურობა და კორუფცია.

მოსტაფა მირსალიმი

მირსალიმი კონსერვატორია, 1994-1997 წლებში კულტურის მინისტრის პოსტი ეკავა და მის სახელს უკავშირდება შეზღუდვები და ცენზურა.

ის აკრიტიკებდა პრეზიდენტ როჰანისეულ დასავლეთთან დაახლოების პროგრამას, როგორც არაეფექტიანს, რომელსაც ირანისთვის ახალი შეზღუდვები და სანქციები მოჰყვა. მირსალიმის საფრანგეთში აქვს მიღებული განათლება და თეირანის ამირ ქაბირის უნივერსიტეტში ასწავლიდა მექანიკურ ინჟინერიას.

მასუდ ფეზეშქიანი

ფეზეშქიანი ერთ-ერთი იშვიათი რეფორმისტთაგანია, რომელსაც საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება მისცეს. ჯანმრთელობის ყოფილი მინისტრი რეფორმისტი კანონმდებელია უპირატესად აზერბაიჯანელებით დასახლებული თავრიზიდან. მისგან, როგორც პარლამენტის სპიკერის მოადგილისგან, მოელიან, რომ საკანონმდებლო ორგანოში ლიდერობისთვის იბრძოლებს ყალიბაფთან.

ისინი, ვინც არ ისურვა კენჭისყრაში მონაწილეობა

ალი ლარიჯანი

ირანის პარლამენტის გავლენიანმა სპიკერმა, ალი ლარიჯანიმ, გადაწყვიტა, არ ჩაერთოს არჩევნებში. ლარიჯანი სპიკერია 2008 წლიდან. მის ძმებსაც საკვანძო თანამდებობები აქვთ ხელისულებაში. აიათოლა სადეყ ამოლი ლარიჯანი იუსტიციის უწყების ხელმძღვანელია და მოჰამად ჯავად ლარიჯანი ამავე უწყების ადამიანის უფლებების საბჭოს განაგებს. გავრცელდა ხმა, რომ ლარიჯანი 2021 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს.

მოჰამედ რეზა არეფი

არეფი ვიცე-პრეზიდენტი იყო რეფორმისტი პრეზიდენტის, მოჰამად ხათამის დროს. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს გამოეთიშა, რათა როჰანისთვის გამარჯვების შანსები მიეცა. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მან მოიგო მანდატი თეირანში. პარლამენტში რეფორმისტულ ფრაქციას ედგა სათავეში.

საიდ ჯალილი

ჯალილი ირანის წარმომადგენელი იყო ბირთვულ სფეროში მოლაპარაკებებზე პრეზიდენტ მაჰმუდ აჰმადინეჟადის დროს. ის უკიდურესად მკაცრი ხაზის მომხრე და აიათოლა ალი ხამენეის მიმდევარია, რომლის გამოსვლები უზენაესი ლიდერის მოსაზრებათა ექოს წარმოადგენს. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ცნობილი იყო, როგორც ისტებლიშმენტის კანდიდატი.

ვის არ მისცეს კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება

შაჰინდოხთ მოლავერდი

შაჰინდოხთ მოლავერდი სამოქალაქო უფლებების სფეროში როჰანის საგანგებო ასისტენტია. ადრე ქალთა საკითხებში ვიცე-პრეზიდენტი იყო. ის გენდერული თანასწორობის ღია მომხრეა და ქალის უფლებების დაცვისთვის ხელშეწყობის ინიციატივებით აბრაზებდა მკაცრი ხაზის მომხრეებს.

ალი მოთაჰარი

მოთაჰარი ზომიერი პოლიტიკოსია და მიეკუთვნება იმ იშვიათ ინსაიდერებს, რომლებიც ღიად აკრიტიკებენ სისტემას. ის თეირანში არჩეული კანონმდებელია, რომელიც აკრიტიკებდა ოპოზიციონერების - მირ ჰოსეინ მუსაუის, მისი ცოლის, ზაჰრა რაჰნავარდისა და რეფორმისტი სასულიერო პირის, მეჰდი ქარუბის - დაპატიმრებას. შეიძლება მოთაჰარი გაისად საპრეზიდენტო არჩევნებში ჩაერთოს.

მაჰმუდ სადეღი

სადეღი სამართლის უცნობი ექსპერტი იყო 2016 წელს პარლამენტში მის არჩევამდე, რის შემდეგაც მას როჰანის ზომიერ მოკავშირედ იცნობენ. როგორც გულახდილი კანონმდებელი, ხშირად აღიზიანებდა კონსერვატულ ისტებლიშმენტს, მკაცრი კრიტიკით გამოდიოდა სახელმწიფოს მხრიდან რეპრესიისა და ცენზურის მიმართ.