ვერ გაგვამტყუნებენ - რა თქვა სასამართლოში საოლქო კომისიის თავმჯდომარის საქმეზე ბრალდებულმა კობალაძემ

აკაკი კობალაძე

თბილისის საქალაქო სასამართლოში გრძელდება 2020 წლის 7 ნოემბერს, საკუთარ სახლში გარდაცვლილი ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, 43 წლის თედორე გობეჯიშვილის საქმეზე ბრალდებული აკაკი კობალაძისა და აკაკი ხუსკივაძის საქმის განხილვა.

ორწლიანი ლოდინის შემდეგ, 28 თებერვალს, სასამართლოში გამოიკითხა აკაკი კობალაძე, რომელსაც პროკურატურა თედორე გობეჯიშვილისთვის ქრთამის შეთავაზებას, იძულებას, მუქარასა და ტყვია-წამლის უკანონოდ შეძენა-შენახვას ედავება.

უფრო დეტალურად კი 2020 წლის 7 ნოემბერს გამოძიებამ დაადგინა, რომ წინა დღეს „ბრალდებულები ისნის N5 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს - თედორე გობეჯიშვილს შეხვდნენ და შესთავაზეს, ერთ - ერთი პოლიტიკური პარტიის (ნაციონალური მოძრაობის) სახელით 50 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ, პრესის თანდასწრებით, დემონსტრაციულად დაეტოვებინა თანამდებობა და გაეკეთებინა განცხადება, თითქოსდა არჩევნები გაყალბდა. აღნიშნული განცხადების გაკეთების შემთხვევაში კიდევ უფრო მეტი სარგებლის მიღებას დაჰპირდნენ. მას შემდეგ, რაც თედორე გობეჯიშვილისგან უარი მიიღეს, ბრალდებულები ისნის N5 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს დაემუქრნენ ანგარიშსწორებით და აიძულებდნენ დასთანხმებოდა შემოთავაზებულ წინადადებას“.

აკაკი კობალაძესა და აკაკი ხუსკივაძეს 2020 წლის 10 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გირაოთი შეუცვალა და 10 ათას-10 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ სასამართლოს დაბრაზიდან გაათავისუფლა.

აკაკი კობალაძე როგორც დაკავების დღეს, ისე გირაოთი გათავისუფლების შემდეგ და დღესაც აცხადებს, რომ მათი დაკავების მოტივი პოლიტიკური იყო. ბრალდებულები დარწმუნებულები იყვნენ და არიან, რომ ხელისუფლებამ მათ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისას დაფიქსირებული დარღვევების შესახებ სატელევიზიო ეთერში საუბარი არ აპატია. ისინი ბრალს არ აღიარებენ და აცხადებენ, რომ დაკავება და ბრალის წაყენება „ქართული ოცნების“ მიერ დაიგეგმა.

საქალაქო სასამართლოს მოსამართლე და პროკურორები 45 წუთი ისმენდნენ აკაკი კობალაძისა და მისი ადვოკატის, ბექა ბასილაიას კითხვა-პასუხს. 28 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოში ის დაცვის მხარემ გამოკითხა.

აკაკი კობალაძის გამოკითხვა თბილისის საქალაქო სასამართლოში

აკაკი კობალაძემ, რომელიც თოდერე გობეჯიშვილის ახლო მეგობარი იყო, სასამართლო დარბაზში დაწვრილებით გაიხსენა როგორც 6 ნოემბერს მისი და თედორე გობეჯიშვილის ურთიერთობის დეტალები, ისე მომდევნო დღე, როდესაც სამართალდამცავებმა ის და აკაკი ხუსკივაძე დააკავეს.

აკაკი კობალაძე აბსურდულს უწოდებს პროკურორის ბრალდებას, რომლის თანახმადაც, მათ უახლოეს მეგობარს ჯერ ქრთამი შესთავაზეს, შემდეგ კი დაემუქრნენ. ბრალდებული მისი და თედო გობეჯიშვილის 2020 წლის 6 ნოემბრის შეხვედრის აბსოლუტურად განსხვავებულ შინაარსს ჰყვება.

აკაკი კობალაძე ამბობს, რომ ის ნაწყენი იყო თედორე გობეჯიშვილზე, რადგან წინა დღით, ტელევიზიით გასულ კადრებში, სადაც ჩანდა, როგორ უსწორდებოდა პირი კომისიასთან მიმდინარე საპროტესტო აქციის რამდენიმე მონაწილეს, თედორე გობეჯიშვილი ეგონა:

აკაკი კობალაძე

„როგორც მეგობარი ნაწყენი ვიყავი ასეთი ქცევით, რადგან ადამიანს, რომელიც საარჩევნო მარათონის გამო ქალს დაარტყამს ხელს, არ ვიცი, რაზე შეიძლება დაელაპარაკო. თედომ მაშინვე მითხრა, რომ ის ადამიანი, რომელიც აქციის მონაწილეებს ფიზიკურად უსწორდებოდა, ის არ იყო. ვუპასუხე, როგორ, ჩემი თვალით ვნახე, რომ შენ იყავი-მეთქი. მითხრა, რომ ის ადამიანი იყო მისი თანაშემწე, ზაალ ზაალიშვილი. თედო და ზაალი აღნაგობით ძალიან გვანან ერთმანეთს. ორივეს ეცვათ „დუტი“ ჟილეტი, პირბადე ეკეთათ და იყვნენ მელოტები. მათ, ფაქტობრივად, ვერ გაარჩევდით, თუ კარგად არ დააკვირდებოდით. ტელევიზიები კი პროპაგანდისტულად ამბობდნენ, რომ ისნის ოლქის თავმჯდომარე გაუსწორდა ადამიანებს ფიზიკურად და ბუნებრივია, იჯერებ, რომ შესაძლოა, ეს ადამიანი, მართლაც იყო თედო. თედომ მითხრა, რომ საღამოს აუცილებლად ამოვიდოდა ჩემთან, თხოვნა ჰქონდა, შამპანური ჩააციე, ერთი კარგად დავილაპარაკოთ, სოფოც (ჩემი მეუღლე) ხომ სახლში იქნებაო და გაჩვენებ ყველაფერსო“.

აკაკი კობალაძე იხსენებს, რომ თედორე გობეჯიშვილი მასთან ღამის ორ საათზე „მძიმედ ნასვამი“ მივიდა:

„სადღაც 12 საათისთვის მივწერე შეტყობინება, თედო, ალბათ აღარ ამოხვალ-მეთქი. შამპანური მედო საყინულეში და რომ ამ გამსკდარიყო, დავინტერესდი, ამოვიდოდა თუ არა. მესიჯზე არ მიპასუხა და ღამის ორი საათისთვის პირდაპირ მოვიდა. თედოს სტუმრობა ღამის ორ საათზე, თან საარჩევნო პერიოდში და ჩვენს წრეში, გასაკვირი არ იყო. პირველი, რაც გააკეთა, ჩართო ტელევიზორი, გადაახვია საინფორმაციო გამოშვება, წამი წამზე დასვა და მანახა, რომ ადამიანი, ვინც ფიზიკურად უსწორდებოდა ხალხს, ის არ იყო და იყო ზაალ ზაალიშვილი. ეს იყო ერთადერთი, რაც მე თედოსგან, როგორც ადამიანისგან და საარჩევნო მოხელისგან შეიძლებოდა მწყენოდა. სხვა არანაირი გარემოება არ ყოფილა. იმ ღამეს ვილაპარაკეთ არჩევნების ტექნიკურ მხარეებზე, მაგრამ ეს იყო ძალიან მსუბუქი ლაპარაკი. ძირითადი ლაპარაკი გავიდა იმაში, თუ როგორ დაგვესვენა იმ ზაფხულს ოჯახებთან ერთად... თედო დილით რვა საათზე წავიდა ჩემგან... პერიოდულად ვურეკავდი, რადგან ნასვამი იყო და მაინტერესებდა როგორ მივიდოდა სახლში. დაახლოებით ერთ საათში მითხრა, რომ უკვე სახლში იყო და შემეძლო მშვიდად დამეძინა“.

აკაკი კობალაძე ყვება, რომ თედორეს გარდაცვალების ამბავი დაახლოებით ორ საათში შეიტყო და მაშინვე წავიდა მეგობრის სახლში.

აკაკი კობალაძე სამართალდამცავებმა სწორედ თედორე გობეჯიშვილის სახლიდან წაიყვანეს გამოსაკითხად. ამბობს, რომ მას არ გასჩენია არანაირი ეჭვი, რომ მეგობრის სიკვდილი სამართალდამცავებს შესაძლოა სწორედ მასთან დაეკავშირებინათ:

„გზაში პოლიციელს ტელეფონმა დაურეკა. იქიდან რას ეუბნებიან, არ ვიცი, მაგრამ მესმის ამ პოლიციელის პასუხი: „რატომ, ადამიანი სახლში გარდაიცვალა, პახმელიაზე, რატომ უნდა მოხდეს მისი გადასვენება ექსპერტიზაზე, ოჯახი წინააღმდეგია“. შემდეგ იქიდან უკვე მესმის ყვირილი, რომ რასაც ეუბნებიან, ის უნდა გააკეთოს. მე საკმაოდ გვიან მივხვდი, რა ხდებოდა და რა სცენარი იყო გამზადებული და დაწერილი“.

ამის შემდეგ, აკაკი კობალაძე უკვე იხსენებს პოლიციის მეხუთე განყოფილებაში განვითარებულ მოვლენებს და ყვება დეტალებს, თუ როგორ გადაიქცნენ მოწმის სტატუსით დაბარებული მეგობრები, ბრალდებულებად:

„თავდაპირველად ახალგაზრდა გოგონასთან დამსვეს გამოკითხვაზე. ის უნდა ყოფილიყო გამომძიებელი. ძალიან მძიმე ემოციურ მდგომარეობაში ვიყავი და ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ჩემს მიმართ შეიძლებოდა დაწყებულიყო რაიმე სისხლის სამართლის საქმე. არც კი დამიშვია. გამომძიებელთან ლაპარაკი იწყება თუ არა, ეს გოგო ძალიან ნერვიული ხდება, დგება, გადის, და როდესაც მისი ძებნა დაიწყო აკაკი ხუსკივაძის ადვოკატმა, ვხედავ, რომ ეს გოგო დგას ბოძის უკან ,იმალება და მას არ პასუხობს. არც ეს იყო ჩემთვის არაფრის მანიშნებელი, რადგან სხვა სადარდებელი მქონდა, მაგრამ ვხვდებოდი, რომ ამ გოგოს რაღაცის შესრულება არ უნდოდა...“

ასევე ნახეთ კობალაძის წერილი - მეგობრის სიკვდილიდან ბორკილების დადებამდე

აკაკი კობალაძე 28 თებერვალს გამართულ სხდომაზე იხსენებს მისი სახლის ჩხრეკის ოქმზე ხელის მოწერის ფაქტსაც და ამბობს, რომ ის და მისი ოჯახის წევრი, სამართალდამცავებმა მოტყუებით დაითანხმეს ოქმზე ხელის მოწერაზე. სახლის ჩხრეკისას, სამართალდამცავებმა აკაკი კობალაძის ოთახში ტყვიები იპობეს, რომელიც აკაკი კობალაძის მტკიცებით, მას არ ეკუთვნის და არ იცის, როგორ აღმოჩნდა საძინებელში. როგორც ბრალდებული იხსენებს, პოლიციის მეხუთე განყოფილებაში მასთან შევიდა ძველი ნაცნობი, ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს უფროსი, გრიგოლ ბესელია, უთხრა, რომ გადაუდებელი საჭიროებით ჩატარდა სახლის ჩხრეკა, იქ არაფერი კანონსაწინააღმდეგო არ აღმოჩნდა და უთხრა, დაერეკა სიდედრისთვის და ეთქვა, რომ ხელი მოეწერა ოქმისთვის:

„არანაირი ეჭვის საფუძველი არ მქონდა. დავურეკე სიდედრს, ვიცი, რომ სახლში არაფერი კანონსაწინააღმდეგო არ მაქვს და ვეუბნები, რომ ხელი მოაწეროს ოქმს. ჩემი სიდედრი გაკვირვებულია, რადგან იცის, რომ ჩემს ოთახში რაღაცები იპოვეს და მეუბნება, რომ ხელს არ მოაწერს, რადგან არ იცის, რაზე აწერინებენ ხელს, არ დაასწრეს ჩხრეკას, არ იცის, რა ამოიღეს, როგორ ამოიღეს. მე იმპერატიულად ვუთხარი, რომ მოაწეროს ხელი და მორჩა“.

ამის შემდეგ კობალაძე იხსენებს, რომ სამართალდამცავები მას უკვე აგრესიული ტონით ელაპარაკებიან და ეუბნებიან, რომ თედორემ ჩაიწერა მათი დიალოგი, სადაც ისმის, როგორც ქრთამის შეთავაზების დეტალები, ისე მუქარა:

„არის ჩანაწერი და გირჩევნია ყველაფერი თავად აღიარო, რადგან მერე უკვე გვიან იქნება ცოდვების მონანიებაო. ვუპასუხე, თუ ჩანაწერი გაქვთ, მაშინ მე აქ რას ვაკეთებ, ე.ი. ძალიან კარგად იცით, რომ მე არაფერში დამნაშავე არ ვარ-მეთქი. დაიწყო მაგიდაზე მუშტის ბრახუნი“.

ბექა ბასილაია, აკაკი კობალაძის ადვოკატი ამბობს, რომ 28 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოკითხვისას, აკაკი კობალაძემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ის და აკაკი ხუსკივაძე უდანაშაულოები არიან მისი თქმით, საქმის მოწმეების, მათ შორის, ბრალდების მხარის მოწმეების ჩვენებებითაც, ნათელია, რომ არანაირ მუქარასა და ქრთამის შეთავაზებას თედორე გობეჯიშვილის მიმართ ადგილი არ ჰქონია:

ბექა ბასილაია

„გობეჯიშვილი, კობალაძე და ხუსკივაძე უახლოესი მეგობრები იყვნენ. ამ საქმეს აქვს, მხოლოდ და მხოლოდ, პოლიტიკური შინაარსი, რის გამოც 2020 წელს, საარჩევნოდ, პროპაგანდისტული მიზნებიდან გამომდინარე მოხდა კობალაძის და ხუსკივაძის დაკავება და რაკი მაშინ პროცესი დაიწყო, ეს პროცესი კვლავ მიმდინარეობს, მაგრამ ნებისმიერი დამკვირვებელი, ვინც ამ საქმით დაინტერესებულია და ესწრება პროცესებს, დადასტურებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ თვალნათლივ ხედავს კობალაძის და ხუსკივაძის უდანაშაულობას“.

ანა ლეკიაშვილი კოლეგასთან ერთად

ადვოკატისგან რადიკალურად განსხვავებული პოზიცია აქვს ბრალდებას. პროკურორი ანა ლეკიაშვილი ამბობს, რომ ბრალდების მხარე მომდევნო პროცესზე დაუსვამს კითხვებს აკაკი კობალაძეს. რაც შეეხება მტკიცებულებებს, პროკურორი ამბობს, რომ გამოძიებამ გამოიკვლია არაერთი მტკიცებულება, დაკითხა არაერთი მოწმე - „ვფიქრობთ, რომ ნამდვილად ვადასტურებთ წარდგენილი ბრალდების სისწორეს“, - ამბობს ანა ლეკიაშვილი.

ასევე ნახეთ საოლქო კომისიის თავმჯდომარის სიკვდილი - მეგობრების მუქარა თუ შეკერილი საქმე?

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ოპოზიციური პარტიების ბოიკოტისა და „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციურ პარტიებს შორის მოლაპარაკებების პროცესში, 2020 წლის დეკემბრის დასაწყისში, ოპოზიციამ მმართველ გუნდს წარუდგინა დოკუმენტი, სადაც პირველ პუნქტად დაყენებული იყო აკაკი კობალაძისა და აკაკი ხუსკივაძის და იმ პერიოდში, სხვა დაკავებულების გათავისუფლების მოთხოვნა:

„უნდა გათავისუფლდნენ პოლიტიკური პატიმრები გიორგი რურუა, ნატალია ილიჩოვა, ივერი მელაშვილი, აკაკი ხუსკივაძე და აკაკი კობალაძე, ხოლო მათი საქმეები უნდა დაიხუროს“, - ეწერა ოპოზიციური პარტიების შეთავაზებების შემცველ დოკუმენტში.

ამ შეთავაზებას მაშინ "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ ასე უპასუხა:

„როდესაც გაყიდული გაქვს დავით გარეჯი და როდესაც შენ მოკალი საოლქო კომისიის თავმჯდომარე, ვგულისხმობ რადიკალურ ოპოზიციას როგორც ასეთს, მერე ეს საკითხი მოგაქვს მოლაპარაკებების მაგიდაზე, ეს თავის მოჭრაა“.

ირაკლი კობახიძემ მაშინ, ფაქტობრივად, დამნაშავეებად გამოაცხადა ე.წ. კარტოგრაფების საქმესა და ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარის საქმეზე დაკავებულ პირები, რომელთა სასამართლო პროცესები ჯერ ისევ მიმდინარეობს.
ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარის, თედორე გობეჯიშვილი საქმეზე ბრალდებული აკაკი კობალაძისა და აკაკი ხუსკივაძის საქმის მომდევნო სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 22 მარტს დაინიშნა.