საოკუპაციო ხაზთან დაკავებული ექიმი, სახელმწიფოს გვიანი რეაქცია თუ ინფორმაციის გასაიდუმლოება?

საოკუპაციო გამყოფი ხაზი

საოკუპაციო გამყოფ ხაზთან ახლოს ცნობილი ტრავმატოლოგი ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს დააკავეს. ექიმმა წასვლის წინ სახლში მხოლოდ ის თქვა, რომ საქმეებზე მიდიოდა, რამდენიმე საათში კი მეუღლესთან დარეკა და მხოლოდ იმის თქმა მოასწრო, რომ აკავებდნენ. ამის შემდეგ მისი ტელეფონი გაითიშა. გაფრინდაშვილის ცოლმა, თამილა ლაფანაშვილმა დაკავების შესახებ ბევრი არაფერი იცის. სახელმწიფო უწყებებიდან მხოლოდ ის გაიგო, რომ ამოქმედდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზი და ვაჟა გაფრინდაშვილის გასათავისუფლებლად მიმდინარეობს მოლაპარაკებები.

რადიო თავისუფლებას თამილა ლაფანაშვილმა უთხრა, რომ მისი მეუღლე პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა, სხვა შემთხვევაში საოკუპაციო ხაზთან მათ ოჯახს არაფერი აკავშირებს და ექიმის, ამ ჰუმანური პროფესიის წარმომადგენლის, დაკავება თუ გატაცება და მისი დამნაშავედ გამოცხადება არცერთ შემთხვევაში არ უნდა ხდებოდეს.

„მითხრა, მივდივარ საქმეზეო და დარეკა მერე სამის ნახევრისთვის, რომ მაკავებენ საოკუპაციო ხაზზეო და კინაღამ გადავირიე. გაითიშა ტელეფონი. იმის თქმა მოასწრო, მათიშინებენო. მეტი კონტაქტი აღარ მქონია. სამინისტრო და ჩვენი ორგანოები ჩართულები არიან და ცხელ ხაზზე კონტაქტი გვაქვს. გადავწყვიტეთ, რომ ექიმებს საერთაშორისო დონეზე მივმართოთ, რომ ამ კაცის გადაადგილების თავისუფლება შეიზღუდა. მთავარია, დავიბრუნოთ“, - აცხადებს თამილა ლაფანაშვილი.

ვაჟა გაფრინდაშვილი

ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახმა უკვე მიმართა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს. ის ერთადერთი საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც ცხინვალში მუშაობს, უფლება აქვს დაკავებულები მოინახულოს, მათ პირობებს გაეცნოს და ოჯახს აცნობოს. წითელ ჯვარს წერილების გაცვლა და პატიმრებისთვის მედიკამენტებით დახმარებაც შეუძლია.

წითელი ჯვრის გარდა, საქმეში ჩართულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახში ვერ ამბობენ, რატომ უნდა წასულიყო ექიმი კონფლიქტის ზონაში. ერთადერთი ვერსია და ვარაუდი, რაც მეუღლეს აქვს, არის ის, რომ ექიმი ახალგორში დაშავებული ქალის დასახმარებლად მიდიოდა, რადგან ოჯახში ამის შესახებ მანამდეც იყო საუბარი. ნოემბრის დასაწყისში ახალგორში ღრმა ჭაში ჩავარდა ადგილობრივი მცხოვრები, თამარ გიგაური, რომელსაც თბილისში გადმოყვანაზე უარი უთხრეს და პირველადი დახმარება ცხინვალში აღმოუჩინეს, თუმცა ოჯახს კვალიფიციური დახმარების მიღება თბილისში სურდა. გიგაურს მრავლობითი მოტეხილობები და დაჟეჟილობები აქვს და ამჟამად სახლში, ახალგორში, იმყოფება. დაკავებული ექიმის ცოლი ვარაუდობს, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი თამარ გიგურის დახმარებას აპირებდა.

ხელთ არსებულ ყველა საშუალებას ვიყენებთ, რათა ვაჟა გაფრინდაშვილი ჩვენ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დროულად იქნეს გადმოყვანილი.
ზვიად ზვიადაძე


რადიო თავისუფლების წყაროების ცნობით, ახალგორის რაიონთან დაკავებული ექიმი პირდაპირ ცხინვალში გადაიყვანეს. არც ქართველმა სამართალდამცავებმა იციან ზუსტად, სად დააკავს. სავარაუდოდ, ეს ოკუპირებული ორჭოსნის სიახლოვეს უნდა მომხდარიყო. ორჭოსანი ახალგორის რაიონში შედის, სადაც არც ღობეებია და არც მავთულხლართები. ახალგორელი სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი აცხადებს, რომ ახალგორში სასამართლო არ არის და ამ რაიონის საქმეებიც ცხინვალში განიხილება, ამიტომ, მისი ინფორმაციით, გაფრინდაშვლი მაშინვე ცხინვალში გადაიყვანეს.

9 ნოემბერს დაკავებული ექიმის შესახებ ინფორმაცია მხოლოდ 13 ნოემბერს გავრცელდა დე ფაქტო რესპუბლიკის მედიით. ამის შემდეგ განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლობამ, რომ აამოქმედეს ცხელი ხაზი დაკავებულის გასათავისუფლებლად. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში კი განცხადება მხოლოდ დღეს გაკეთდა. აპარატის წარმომადგენელმა ზვიად ზვიადაძემ განაცხადა, რომ სახელმწიფო დაკავების მომენტიდან მუშაობს საქართველოს მოქალაქის გასათავისუფლებლად.

„სახელმწიფო მინისტრმა იმ დღესვე საქმის კურსში ჩააყენა ეუთოს წარმომადგენელი საქართველოში. დღეს მას შეხვედრა აქვს ეუთოს უმაღლეს კომისართან ადამიანის უფლებების საკითხებში და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანთან. საგარეო საქმეთა სამინისტრომ კი ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებს მიმართა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დღის განმავლობაში რამდენიმეჯერ ააქტიურებს ცხელ ხაზს. კომუნიკაცია გვაქვს ოჯახთანაც. ხელთ არსებულ ყველა საშუალებას ვიყენებთ, რათა ვაჟა გაფრინდაშვილი ჩვენ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დროულად იქნეს გადმოყვანილი“, - განაცხადა ზვიად ზვიადაძემ.

ფაქტია, რომ სახელმწიფომ 4 დღის განმავლობაში ან არაფერი იცოდა გაფრინდაშვილის დაკავების შესახებ, ან ამ საქმეს ასაიდუმლოებდა და საჯაროდ რეაქცია მხოლოდ მას შემდეგ გამოხატა, რაც ეს ოსური წყაროებით გახდა ცნობილი.

დე ფაქტო რესპუბლიკის უსაფრთხოების კომიტეტი აცხადებს, რომ ვაჟა გაფრინდაშვილის მიმართ სისხლის სამართლის საქმე საზღვრის გამიზნულად დარღვევის ბრალდებით აღიძრა. საქართველოს სხვა სამი მოქალაქე კი დღეს საღამოს ჯარიმის გადახდის შემდეგ ცხინვალიდან გამოაძევეს. მათი სასამართლო 13 ნოემბერს გაიმართა, მაგრამ თანხის გადახდა გაჭიანურდა და ამის გამო დავით მიშელაშვილს, რამაზ ზადიშვილსა და ზურაბ ტუხიაშვილს კიდევ ერთ დღეს მოუწიათ ყოფნა ცხინვალის იზოლატორში. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში საოკუპაციო გამყოფ ხაზთან საქართველოს მოქალაქეების დაკავების სტატისტიკა გაიზარდა.