საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული 17 წლის ალეკო შიუკაშვილი ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი - ასეთი ინფორმაცია აქვთ მის ახლობლებსა და თანასოფლელებს. მოზარდი საოკუპაციო გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლის, კირბალის ტყეში დააკავეს.
ამავე სოფლის მკვიდრი, ალეკო შიუკაშვილი, ტყეში შეშის შესაგროვებლად თანასოფლელებთან ერთად იყო წასული, რა დროსაც შეიარაღებული პირები გამოჩნდნენ. შიუკაშვილის თანმხლებმა პირებმა გამოქცევა შეძლეს, 17 წლის მოზარდი კი საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა დააკავეს და ჯერ ოკუპირებულ ღრომის სამხედრო ბაზაზე წაიყვანეს, ხოლო იქიდან - დე ფაქტო უშიშროების სამსახურს გადასცეს და ცხინვალში გადაიყვანეს.
„ჩემი ინფორმაციით, გატაცებული ახალგაზრდა ტყეში, სადაც საოკუპაციო ხაზია გავლებული, შეშის მოსაპოვებლად იყო გადასული. ბიჭი სოცალურად დაუცველია“, - განაცხადა გორის მერის წარმომადგენელმა სოფელ კირბალში, დავით ცერცვაძემ.
ალეკო შიუკაშვილის ოჯახი სოფლის განაპირას, გამყოფი ხაზის სიახლოვეს ცხოვრობს. ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების მხრიდან რამდენჯერმე იყო დაკავებული 17 წლის მოზარდის მამაც.
ალეკო შიუკაშვილი 22 თებერვალს გაიტაცეს. ეს ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში 23 თებერვალს დილით დაადასტურეს.
„ვადასტურებთ ერთი პირის უკანონო დაკავების ფაქტს. ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. მიმდინარეობს მუშაობა აღნიშნული პირის გასათავისუფლებლად“, - განაცხადეს უწყებაში.