საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა არაქელოვი უკვე მესამედ დააკავეს

სოფელი ახრისი

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა შიდა ქართლში დააკავეს კიდევ ერთი მშვიდობიანი მოქალაქე. დაკავებულია გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახრისის მკვიდრი, 28 წლის პაატა არაქელოვი. მას ბრალად ედება ე.წ. საზღვრის დარღვევა. არაქელოვს ნათესავები საოკუპაციო გამყოფი ხაზის მიღმა ჰყავს და იქ არაერთხელ გადასულა. ეს არის მისი დაკავების მესამე შემთხვევა. ახრისელები ამბობენ, რომ ოკუპირებული არცევი ახრისს, დაახლოებით, სამი კილომეტრის დაშორებით ესაზღვრება, შუაში კი მიწის ფართობები და მინდვრებია. პაატა არაქელოვი ამ მიმართულებით ხშირად გადაადგილდება ხოლმე.

Your browser doesn’t support HTML5

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა არაქელოვი უკვე მესამედ დააკავეს

გორის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი ახრისის თემში ტარიელ ვათიაშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ საქმის კურსში არიან როგორც ქართველი სამართალდამცავები, ისე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები.

ჯერჯერობით უცნობია, რამდენ ხანში გაათავისუფლებენ პაატა არაქელოვს. ეს არის მისი დაკავების მესამე შემთხვევა. გარდა ამისა, შაბათ-კვირას ცხინვალში სასამართლო არ მუშაობს და, შესაძლოა, იზოლატორში ყოფნა მას რამდენიმე დღით მოუწიოს. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ უკვე აამოქმედა ცხელი ხაზი და არაქელოვის გათავისუფლების მოთხოვნით ოსურ მხარესთან მოლაპარაკება მიმდინარეობს.