საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა არასრულწლოვანი, 14 წლის მოზარდი მალევე გაათავისუფლეს, მასთან ერთად მყოფი სამი პირი კი ეგრეთ წოდებული საზღვრის დარღვევის ბრალდებით ცხინვალის იზოლატორში გადაიყვანეს.
დაკავებულები არიან სოფელ ბოჟამის მცხოვრები ემზარ გამხიტაშვილი, ლამისყანის მკვიდრი ემზარ ზარიძე და სამთავისელი მერაბ გამხიტაშვილი. როგორც მათი ახლობლები აცხადებენ, ისინი საოკუპაციო ხაზის მახლობელ ახმაჯის ტყეში შეშის დასამზადებლად მიდიოდნენ, როცა დააკავეს. ზარიძესა და გამხიტაშვილებს უფლება მიეცათ თავიანთ ოჯახებს დაკავშირებოდნენ და ეცნობებინათ, რომ ცხინვალის იზოლატორში იმყოფებოდნენ. ეს შემთხვევა 7 დეკემბერს მოხდა, 9 დეკემბერს კი ზარიძეებმა ეგრეთ წოდებული ჯარიმა გადაიხადეს, 5000 რუბლის ოდენობით. როგორც ერთ ერთი დაკავებულის მამა, სოლომონ ზარიძე, აცხადებს, სხვებს ჯარიმა ჯერ არ გადაუხდიათ და მათი გათავისუფლება ამიტომაც ყოვნდება.
საოკუპაციო გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების მცხოვრებნი აცხადებენ, რომ შეიარაღებული პირების შიშით ტყეში, დიდი ხანია, ვეღარ გადიან და მხოლოდ ფიჩხს აგროვებენ საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე, თუმცა საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები მათ ბუჩქებში უსაფრდებიან და ხშირად აკავებენ, ბოჟამის მცხოვრებნი აცხადებენ, რომ ახმაჯის მიმდებარე ტყესთან მოქალაქეების დაკავების შემთხვევები ხშირია.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა რადიო თავისუფლებას 2 დღის დაგვიანებით დაუდასტურა 7 დეკემბერს რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ კასპის მუნიციპალიტეტის 4 მკვიდრის უკანონო დაკავების ფაქტი.
„მათი უკანონო დაკავებისთანავე სუს-მა გაააქტიურა „ცხელი ხაზი“ და ინფორმაცია მიაწოდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას (EUMM). მიმდინარეობს აქტიური მუშაობა საქართველოს მოქალაქეების გასათავისუფლებლად. „ცხელი ხაზის“ ეფექტური ფუნქციონირების შედეგად, უკანონოდ დაკავებულთა შორის მყოფი არასრულწლოვანი უკვე გათავისუფლებულია და იმყოფება საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე“, - გვითხრეს სუს-ის პრესსამსახურში.
დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტმა ე.წ. საზღვრისა და სასაზღვრო რეჟიმის დარღვევის ნოემბრის სტატისტიკა გამოაქვეყნა. გამყოფ ხაზთან მომხდარი ინციდენტების რაოდენობა იზრდება. გამყოფი ხაზის მიმდებარედ 2019 წლის ნოემბერში 48 ადამიანი დააკავეს. წინა თვესთან შედარებით, დაკავებულთა რიცხვი მეტია. ოქტომბერში 39 ადამიანი იყო დაკავებული.
ცხინვალის ,,კგბ"-ს ცნობით, ნოემბერში დაკავებულთაგან 27-მა ე.წ. საზღვარი დაარღვია, ხოლო 21-მა - ე.წ. სასაზღვრო რეჟიმი. ამათგან 37 ადამიანი დააჯარიმეს, დანარჩენს ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს, 3 პირის, მათ შორის ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მიმართ კი სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყეს.
დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ბიუჯეტს ნოემბერში ჯარიმებიდან 118 000 რუბლი (დაახლოებით, 6 000 ლარი) შეემატა.
ცხინვალში სასამართლოს გამართვას ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის წევრებიც ელოდებიან.
„თავისუფლება ვაჟას!“ - ამ შეძახილითა და გზავნილით შეიკრიბნენ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის, ოჯახის წევრები, კოლეგები და მხარდამჭერები თბილისში, გაეროს ოფისთან.
ასევე ნახეთ "თავისუფლება ვაჟას" - გაეროს ოფისთან გაიმართა დაკავებული ექიმის მხარდამჭერი აქციაპარალელურად ჟენევაში, გაეროს ოფისთან, საპროტესტო აქცია გამართეს ექიმის გულშემატკივრებმა, რომლებიც მის მიმართ სოლიდარობას გამოხატავენ და მოითხოვენ ერთი თვის წინ დაკავებული ექიმის გათავისუფლებას. ექიმის ცოლმა, თამილა ლაფანაშვილმა, საერთაშორისო ორგანიზაციებს მეტი აქტიურობისკენ მოუწოდა.
„დღეს, 10 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეა, რომელიც დაარსდა 1948 წელს და მას შემდეგ კაცობრიობა ელის, რომ მსოფლიოში, ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობის მხრივ, სიტუაცია გაუმჯობესდება, თუმცა დღეს, სამწუხაროდ, ვაჟა თავის ქვეყანაში სწორედ ადამიანის უფლებების დარღვევის მსხვერპლია და ციხეშია გამომწყვდეული. და არამხოლოდ ის. არარსებული საზღვრის კვეთის ბრალდებით, პერიოდულად აკავებენ ჩვენს თანამოქალაქეებს. ჩვენ ყველას ვუცხადებთ სოლიდარობას და ვფიქრობთ, რომ 21-ე საუკუნეში მსგავსი აბსურდი აღარ უნდა ხდებოდეს“, - თქვა ვაჟა გაფრინდაშვილის ცოლმა, თამილა ლაფანაშვილმა, თბილისში, გაეროს ოფისთან, გამართულ აქციაზე.
10 დეკემბერს ჟენევაში იწყება საერთაშორისო დისკუსიების 50-ე რაუნდი. საქართველოს ხელისუფლების, რუსეთის და მის მიერ ოკუპირებული ცხინვალისა და აფხაზეთის რეგიონების წარმომადგენელთა შეხვედრის თანათავმჯდომარეები იქნებიან ევროკავშირის, ეუთოსა და გაეროს სპეციალური წარმომადგენლები.
იმ საკითხებს შორის, რომელთაც თბილისის დელეგაცია დააყენებს, არის მოქალაქეთა უკანონოდ დაკავება, ე.წ. საზღვრის გავლების გაგრძელება, ახალგორის რაიონთან ე.წ. საზღვრის დაკეტვით გამოწვეული ჰუმანიტარული კრიზისი და ოკუპირებულ რეგიონებში საქართველოს მოქალაქეთა წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის გამოუძიებლობა.
საქართველოს სამთავრობო დელეგაცია ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმისგან ამჯერად ჟენევაში მოითხოვს უკანონო პატიმრობიდან ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას.
რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ცნობილი ექიმი-ტრავმატოლოგი ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს რაიონში დააკავეს. მას დე ფაქტო ხელისუფლებამ ე.წ. საზღვრის განზრახ დარღვევის ბრალდება წაუყენა და ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
ერთი თვის განმავლობაში, „წითელი ჯვრის“ საერთაშორისო კომიტეტის დახმარებით, ოჯახმა ვაჟა გაფრინდაშვილისგან მიიღო მხოლოდ ორი წერილი - პირველი 18 და მეორე 28 ნოემბერს - და ერთხელ ამანათი გაუგზავნა. ოჯახი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის „ცხელი ხაზით“ პერიოდულად იღებს ინფორმაციას, რომ ვაჟა გაფრინდაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია.