მათგან ერთ-ერთი საქართველოსა და სომხეთზე გადის. იმის ფონზე, რომ:
- სომხეთს ხშირად ასახელებენ სანქციებისგან თავის არიდებაში შესაძლო დამხმარე რგოლად;
- სომხეთიდან რუსეთში უმოკლესი სახმელეთო გზა საქართველოზე გადის;
- ომის შემდეგ მნიშვნელოვნად გაიზარდა სომხეთ-რუსეთსა და საქართველო-სომხეთს შორის სავაჭრო ურთიერთობები;
ჩნდება კითხვები, საქართველოს ხომ არ იყენებენ სანქციებისგან გვერდის ასავლელად? და თუ ასეა, როგორ? იცის თუ არა ამის შესახებ საქართველოს მთავრობამ?
საქართველო-სომხეთი-საქართველო
გახსოვთ ოკუპირებული ყირიმის ხიდზე აფეთქებული ავტომობილი 2022 წლის ოქტომბერში? თუ გახსოვთ მარშრუტი, რომელიც, რუსეთის მტკიცებით, იმ სატვირთო ავტომობილმა გაიარა?
რუსეთის ვერსია მარშრუტის შესახებ ასეთი იყო:
- ტვირთი, 22 ტონამდე პოლიეთილენის გრაგნილები, ბულგარეთიდან ზღვით შევიდა ფოთის პორტში, სადაც გადაიტვირთა ავტომობილში;
- ფოთიდან სატვირთო ავტომობილი წავიდა სომხეთისკენ;
- საქონელი განბაჟდა სომხეთში;
- ამის შემდეგ იგივე სატვირთო ავტომობილი საქართველოს გავლით, სახმელეთო გზით, გადავიდა რუსეთში, კრასნოდარში, - ლარსის გამშვები პუნქტიდან;
- კრასნოდარში ტვირთი გადაიტანეს სხვა ავტომობილში, რომელიც ყირიმისკენ გაემართა, ყირიმის ხიდზე კი აფეთქდა.
ეს სტატია ყირიმის ხიდის აფეთქების შესახებ არ არის. და არც იმ სატვირთო ავტომობილში ყოფილა რაიმე სანქცირებული ტვირთი.
ეს ამბავი ამ შემთხვევაში მხოლოდ მარშრუტის გამო გვაინტერესებს - უფრო ზუსტად, მარშრუტის ერთი ნაწილის გამო: საქართველო-სომხეთი-საქართველო.
პრაქტიკა - „ნაკლები ხარჯი“
ამ მარშრუტს (შავი ზღვა-საქართველო-სომხეთი-საქართველო-რუსეთი) ბევრი იმპორტიორი იყენებს - ძირითადი მიზეზი ამ გზის ნაკლები ხარჯია.
ვასილი ვოინოვი ავტოდილერია, რომელიც ამჟამად თბილისში ცხოვრობს. ამბობს, რომ „ტესლას“ მოდელის მანქანების შეძენაში ეხმარება კლიენტებს. ძირითადად, რუსეთის მოქალაქეებს. მისი იუტუბარხი რუსულენოვან მომხმარებელზეა გათვლილი.
ვასილის მეგობარი, არტიომი, უფრო იაფიან მანქანებზეც მუშაობს. „დღეს აქ ვართ, რათა ეს ლამაზმანი გავყიდოთ“, - ამბობს რუსთავის ავტობაზრობაზე მდგარი არტიომი და 2016 წლის INFINITI QX70-ზე მიუთითებს.
ვასილის და არტიომის თანახმად, ამ მოდელის ავტომობილის (კარგ მდგომარეობაში) ყიდვა თბილისში დაახლოებით მილიონი რუბლის ეკვივალენტ ფასში (12.5 ათასი აშშ დოლარი) შეიძლება, ხოლო იმავე პარამეტრების მქონე იგივე მოდელი რუსეთში, auto.ru-ზე თითქმის ორჯერ ძვირად იყიდება.
მათი თქმით, ხელსაყრელია, ავტომობილი იყიდონ საქართველოში, განაბაჟონ სომხეთში, შემდეგ კი საქართველოს გავლით ავტომობილითვე დაბრუნდნენ რუსეთში.
რახან ავტომობილი სომხეთში უკვე განბაჟებულია, ევრაზიის ეკონომიკური კავშირის საბაჟო წესებით, სომხეთიდან წასვლის შემდეგ, რუსეთში შესვლისას, ხელახალი განბაჟება საჭირო აღარ არის.
„ყიდულობენ არა მხოლოდ ჩვენი რუსები, არამედ მიაქვთ უკრაინაში, აფხაზეთშიც კი, ყაზახეთში. ბევრგან“, - ამბობს არტიომი ვასილის იუტუბარხზე გამოქვეყნებულ ვიდეოში, სადაც ისინი საქართველო-სომხეთის გამოყენებით ავტომობილების რუსეთში წაყვანის გზის უპირატესობებზე საუბრობენ. ეს გზა რომ მიმზიდველია, არხის პოპულარობაც ადასტურებს.
ექსპორტის გასამმაგება სომხეთში
2023 წლის დასაწყისში სომხეთი მოულოდნელად აღმოჩნდა საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი.
იანვარ-თებერვალში სომხეთში გატანილმა საქონელმა 133 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, როდესაც გასული წლის იმავე პერიოდში საქართველოდან სომხეთში ექსპორტი მხოლოდ $45.6 მლნ იყო.
ექსპორტის ზრდამ 191.7% შეადგინა. თითქმის გასამმაგდა.
ამავე, 2-თვიან პერიოდში ექსპორტის მაჩვენებლებში სომხეთმა ოდნავ გადაასწრო რუსეთის ფედერაციას, საქართველოს ტრადიციულად ყველაზე მსხვილ საექსპორტო პარტნიორს.
კერძოდ, რუსეთზე ამ პერიოდში საერთო ექსპორტის 14% მოდიოდა (128 მლნ აშშ დოლარი), სომხეთზე კი - 14.5%.
ჯამში დსთ-ს ქვეყნებზე საქართველოს ექსპორტის 58.2% მოდიოდა.
სომხეთში საქართველოს ძირითადად სწორედ ავტომობილები გააქვს. საქსტატის (საერთაშორისო) კლასიფიკაციაში ამ კატეგორიას ჰქვია „მიწისზედა სატრანსპორტო საშუალებები და მათი ნაწილები“.
2023 წლის პირველი 2 თვის მონაცემებით, ავტომობილები/მათი ნაწილები სომხეთში საერთო ექსპორტის 56%-ს შეადგენს (74 მლნ აშშ დოლარი). მეორე ადგილზეა (10.7%) ელექტროტექნიკური მანქანა-მოწყობილობები და მათი ნაწილები (14.2 მლნ აშშ დოლარი).
2023 წლის 5 აპრილისთვის ჯერჯერობით მხოლოდ იანვარ-თებერვლის მონაცემებია გამოქვეყნებული. 2022 წლის მონაცემები სრულია.
რიცხვებს თუ დავაკვირდებით, ვნახავთ, რომ გასული წლის იანვარ-თებერვალში სომხეთში ექსპორტი ყველაზე დაბალ ნიშნულზე იყო წლის განმავლობაში.
მას შემდეგ, რაც უკრაინაში ომი დაიწყო, საქართველოდან სომხეთში ექსპორტის მოცულობა თითქმის ყოველთვიურად იზრდებოდა - თუ იანვარში $20 მლნ შეადგინა, დეკემბერში $89 მლნ-ს მიაღწია.
ამასთან, თუკი 2021 წელს საქართველოდან სომხეთში ექსპორტის ჯამური მოცულობა 256 მლნ აშშ დოლარი იყო, 2022 წლისთვის 584 მლნ აშშ დოლარი შეადგინა - 2.3-ჯერ მეტი.
იმპორტი სომხეთიდან
სომხეთიდან იმპორტს რაც შეეხება - ზრდა აქაც ფიქსირდება, თუმცა იანვარ-თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, მცირედით - $60 მლნ-დან $70-მდე. ამასთან, მონაცემები ყოველთვიურადაა მზარდი.
ამ მონაცემების თანახმად, თუკი 2021 წელს იმპორტმა 418 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, 2022 წელს 46%-ით გაიზარდა და 613 მლნ აშშ დოლარი გახდა.
2023 წლის იანვარ-თებერვლის მონაცემებით, სომხეთიდან საქართველოში შემოსულ პროდუქციაში ჭარბობს მინერალური პროდუქტები - 83%-ით.
ავტომობილები მე-7 ადგილზეა - მხოლოდ 0.66%-ით. ავტომობილების იმპორტმა მხოლოდ 465 780 აშშ დოლარი შეადგინა - ნახევარ მილიონზე ოდნავ ნაკლები.
გამოდის, რომ საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის პირველ ორ თვეში საქართველოდან სომხეთში გაიტანეს 74 მლნ აშშ დოლარის ავტომობილები, და შემოიტანეს ნახევარი მილიონის ღირებულების ავტომობილები.
2022 წლის ჯამური მონაცემები, თავის მხრივ, უჩვენებს, რომ წლის განმავლობაში ავტომობილები რიგით მესამე სიდიდის საექსპორტო საქონელი იყო, რომელმაც 17.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც საერთო იმპორტის 2.85%-ია. უმსხვილესი საიმპორტო საქონელი მინერალური პროდუქტები იყო - 82% (504 მლნ აშშ დოლარი).
ამ რიცხვების შედარებით კი გამოდის, რომ 2022 წელს საქართველოდან სომხეთში გაიტანეს 173 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ავტომობილები და, პირიქით, სომხეთიდან საქართველოში 17.5 მლნ-ის ღირებულების ავტომობილები შემოიტანეს.
2022 წელს საქართველოდან ჯამში თითქმის 1 მლრდ აშშ დოლარის ღირებულების ავტომობილები (+მათი ნაწილები) გავიდა. ზუსტი რაოდენობა - 998 მილიონი.
საქართველოდან ავტომობილები ძირითადად გადის აზერბაიჯანში, სომხეთში, უკრაინაში, ყაზახეთში, რუსეთსა და ყირგიზეთში. სურათი ასეთია:
რას ამბობენ მთავრობაში?
საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები მიუთითებენ, რომ ქვეყანაში იმპორტირებული ავტომობილების უმრავლესობა მეორეული და დაბალფასიანია - და სანქციებს არ ექვემდებარება.
როდესაც პარლამენტის წევრმა ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიიდან, „საქართველოსთვის“, ბექა ლილუაშვილმა დსთ-ს ქვეყნებში, მათ შორის სომხეთში, ექსპორტის ზრდაზე დაუსვა კითხვა ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილს, - არის თუ არა სომხეთში განბაჟებული ავტომობილების რუსეთში გადაყვანა, სანქციების გვერდის ავლის მექანიზმი, მინისტრმა უპასუხა:
ხუციშვილმა იქვე კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ „საბაჟო სამსახურის ეფექტური მუშაობის შედეგად, განვლილი ერთი წლის განმავლობაში საქართველოში სანქციების დარღვევის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა“. მისი თქმითვე, საქართველოს საბაჟო-გამშვები პუნქტებიდან სანქცირებული საქონლის გატარების 1020 შემთხვევა იყო, თუმცა ყველა ჯერზე საქონელი უკან გააბრუნეს.
„$50 000-ზე ძვირი“ - როგორ?
შეიძლება თუ არა, რომ 50 000 ევროზე მეტი ღირებულების ავტომობილები დასავლეთიდან საქართველოს/სომხეთის გავლით რუსეთში გაიტანონ? დილერები, მათ შორის იუტუბზე, „ნებისმიერი ფასის“ ავტომობილის ჩამოყვანას ჰპირდებიან კლიენტებს.
„მთავარი არხის“ გამოძიების თანახმად, როდესაც ჟურნალისტმა ლარსისკენ მიმავალი ერთ-ერთი ავტომზიდის მძღოლის მიცემულ ნომერზე დარეკა, ავტოდილერმა უპასუხა, რომ შეუძლია ძვირადღირებული ავტომობილის რუსეთში მიწოდება - საქართველო-სომხეთის გავლით.
ჟურნალისტური გამოძიების თანახმადვე, სომხეთში განბაჟებული ავტომობილი სანქციებს თავს იმით აარიდებს, რომ სომხეთ-საქართველოსა და საქართველო-ლარსის საბაჟო პუნქტებს გაივლის არა ავტომზიდზე შემოდებული, არამედ ავტომზიდიდან ჩამოყვანის გზით - თითქოს კერძო მოხმარების იყოს:
„მანქანა შედის საბაჟოზე, იქ ჩამოგვაქვს ევაკუატორიდან და უკვე ჩვენი მძღოლი ჯდება საჭესთან. თუ მანქანა ასე გადაგვაქვს, მაშინ ქართველი მებაჟე ვერაფერს ვერ იტყვის. ასეთ მანქანებს სანქციები არ ეხება“.
„მთავარი არხის“ გამოძიებაზე შემოსავლების სამსახურის პასუხის თანახმად, სანქციების აკრძალვა „არ ვრცელდება იმ მსუბუქ ავტომობილებზე, რომლებიც არის ფიზიკური პირის პირად საკუთრებაში, გამოიყენება მისი პირადი სარგებლობისთვის და არ არის განკუთვნილი გასაყიდად“.
უწყების ცნობითვე, „შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტი, კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს მხოლოდ სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებით („ავტომზიდით“) გადაადგილებული სატრანსპორტო საშუალებების საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილების აღრიცხვასა და ზედამხედველობას“.
2023 წლის 31 მარტს შეერთებული შტატების მომავალმა ელჩმა საქართველოში, რობინ დანიგანმა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გამართულ მოსმენაზე განაცხადა, რომ „საქართველოს მთავრობას სურს სანქციებთან შესაბამისობა და მოგვმართეს გარკვეული ტრენინგების ჩატარებისთვის, რომ დავეხმაროთ ამის განხორციელებაში, რათა არ მოხდეს სანქციების გვერდის ავლა“.
რობინ დანიგანის განცხადებითვე, აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენლები გამუდმებით ესაუბრებიან საქართველოს მთავრობის, ეროვნული ბანკისა თუ კერძო სექტორის წარმომადგენლებს და „სანქციების საკითხებში სპეციალური და სხვა უწყებების კოორდინატორები მომდევნო თვეებში გაემგზავრებიან საქართველოში ამ მნიშვნელოვანი დიალოგის გასაგრძელებლად“.
რას ამბობენ სომხეთში?
სანქციებისგან გვერდის ავლაში ხელშეწყობას სომხეთის მთავრობაც უარყოფს. „სომხეთი არ ეხმარება რუსეთს სანქციებისგან გვერდის ავლაში“, - განაცხადა სომხეთის ეკონომიკის მინისტრმა ვაჰან ქერობიანმა 28 მარტს.
შეერთებული შტატების ვაჭრობის, სახაზინო და იუსტიციის დეპარტამენტების სამმხრივ დოკუმენტში, რომელიც 2023 წლის 2 მარტს გამოქვეყნდა, სომხეთი, როგორც სანქციების ავლის შესაძლო დამხმარე რგოლი, აღწერილია, როგორც „წითელი დროშა“.
კერძოდ, ნათქვამია, რომ საერთაშორისო ვაჭრობაში ჩართულმა სუბიექტებმა ყურადღება უნდა მიაქციონ „შესყიდვების მარშრუტირებას გარკვეული გადაზიდვების პუნქტების გავლით, რომლებიც ჩვეულებრივ გამოიყენება შეზღუდული ნივთების უკანონოდ გადასამისამართებლად რუსეთში ან ბელარუსში“. სწორედ ასეთ ადგილებს შორისაა დასახელებული სომხეთი, თურქეთთან, უზბეკეთსა და ჩინეთთან ერთად.
სომხეთის ამ აზრით სარისკო ქვეყნად მიჩნევას, რუსეთთან მისი ვაჭრობის გაღრმავება უწყობს ხელს - 2022 წელს მნიშვნელოვნად გაიზარდა სომხეთის ექსპორტი რუსეთში.
სომხეთის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2022 წელს ექსპორტი, წინა წლის მონაცემებთან შედარებით, გასამმაგდა და 2.9 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. სომხეთის ეკონომიკა ძირითადად სწორედ რუსეთთან ვაჭრობის ხარჯზე გაიზარდა გასულ წელს 12.6%-ით.
პარალელურად, სომხეთი და ყაზახეთი, რუსეთთან ერთად იმ ათ ქვეყანაში შედიან, რომლებშიც საქართველომ 2023 წლის იანვარ-თებერვალში ყველაზე მეტი პროდუქცია გაიტანა ექსპორტზე.
და ამ ქვეყნებში გაზრდილია სამომხმარებლო ტექნიკის გატანის მაჩვენებელიც:
სხვა რისკები რეგიონში
2023 წლის თებერვლის ბოლოს სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ყაზახეთსა და უზბეკეთში იმყოფებოდა, სადაც, სხვა საკითხებთან ერთად, სანქციებთან შესაბამისობაც განიხილა.
ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მუხტარ ტილეუბერდიმ ბლინკენთან საერთო პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსეთთან საბაჟო საზღვრის არარსებობა, - ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ფარგლებში, - „ძალიან ართულებს“ სანქციებისგან თავის არიდების ფაქტების კონტროლს.
„როიტერსი“ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ რუსული კომპანიები გამუდმებით მიმართავენ ყაზახ პარტნიორებს და დახმარებას სთხოვენ სანქციებისგან თავის არიდებაში - სასურველი პროდუქტები კი არის „ყველაფერი, დაწყებული საკისრებიდან (ე.წ „პაჩებნიკებიდან“) და თვითმფრინავის ნაწილებიდან, გაგრძელებული იშვიათი მეტალებით“.
„ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“ (EBRD-ის) ექსპერტები ფიქრობენ, რომ რუსეთის მეზობლებთან სავაჭრო ნაკადების ზრდა შეიძლება იმის ნიშანი იყოს, რომ იგი სანქციებისთვის გვერდის ავლას პოსტსაბჭოთა ქვეყნების დახმარებით ახერხებს.
სპეციალისტების მიერ თებერვალში გამოქვეყნებული დოკუმენტი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს სომხეთში, ყაზახეთსა და ყირგიზეთში ევროპის ქვეყნების გაზრდილ ექსპორტზე, - რადგან მათი რუსეთთან „ევრაზიული ეკონომიკური კავშირის“ ვაჭრობის ფარგლებში, საქონელი შემოწმების მინიმალური სტანდარტით შეიძლება გავიდეს რუსეთში. და ამავე დოკუმენტში საუბარია საქართველოზეც.
EBRD-ის მონაცემებით, 2022 წლის მარტიდან, - რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან, - ევროკავშირის ქვეყნებისა და დიდი ბრიტანეთის ექსპორტი რუსეთში თითქმის განახევრდა, პარალელურად კი სომხეთში, ყაზახეთსა და ყირგიზეთში 15-დან 90%-მდე გაიზარდა.
EBRD-ის ექსპერტების თანახმად, სავაჭრო ტრენდებზე დაკვირვება უჩვენებს, რომ ცენტრალურ აზიასა და კავკასიაში გაზრდილი ექსპორტის მნიშვნელოვანი ნაწილი მიემართება რუსეთისაკენ - და ამ კონტექსტში ხაზგასმულია საქართველოდან რუსეთში რეექსპორტი.
საქსტატის მონაცემები უჩვენებს, რომ თუკი 2021 წელს რუსეთში რეექსპორტი 55 მლნ აშშ დოლარი იყო, 2022 წელს გაორმაგდა და 115 მლნ დოლარი შეადგინა.
საქართველოდან რუსეთში რეექსპორტში ყველაზე დიდი წილი სწორედ ავტომობილებს (68%) უკავია.
EBRD-ის დაკვირვებითვე, მსგავსი იყო რუსეთის მოქალაქეების იმიგრაციის ტრენდები სომხეთში, საქართველოსა და ყირგიზეთში.
ასევე ნახეთ როგორ ვაგზავნიდი დრონს მოსკოვში - რა მიაქვთ და რა ვერა საქართველოდან რუსეთში