სანქციები რუსეთისთვის - ყველაფერი ერთად, სფეროების მიხედვით (განახლებადი)

დასავლეთმა უკრაინაში შეჭრისა და სეპარატისტული რეგიონების (ლუგანსკისა და დონეცკის ოლქების) დამოუკიდებლობის აღიარების გამო რუსეთს უპრეცედენტო მასშტაბის სანქციები დაუწესა. ინდივიდუალურ პირთა სიაში პირველად მოხვდა თავად პრეზიდენტი პუტინი და უმაღლესი პირები რუსეთის ძალაუფლების ვერტიკალიდან. დაიკეტა ევროპის და ამერიკის ცა რუსეთისთვის, მილიონები დაკარგეს ოლიგარქებმა, რეკორდულად გაუფასურდა რუბლი.

ამას ემატება სპორტული და კულტურული ბოიკოტი, ასევე ტექნოლოგიური გიგანტების მიერ ექსპორტის შეჩერება. ამ სტატიაში რუსეთის მიმართ გატარებულ მნიშვნელოვან სანქციებს თემატურად მოვუყარეთ თავი.

  • რუსეთის ცენტრალური ბანკი - მას ევროკავშირმა შეუწყვიტა პირდაპირი ან არაპირდაპირი ვაჭრობის საშუალება. რუსეთის ცენტრალურ ბანკსა და ეროვნული კეთილდღეობის ფონდს შეუწყდა წვდომა დოლარში ნომინირებულ აქტივებზე. სხვადასხვა შეფასებით, დოლარებსა და ევროებშია რუსეთის ცენტრალური ბანკის სავალუტო რეზერვების დაახლოებით ნახევარი (25 თებერვლის მონაცემებით, რეზერვები 500 მილიარდ დოლარს შეადგენდა). ამ ყველაფრის ფონზე 28 თებერვალს მოსკოვის ბირჟაზე რუბლის კურსი 100 რუბლზე დაბლა დაეცა დოლართან მიმართებაში.
  • Swift - სანქციების სიაში შესული ბანკები Swift-ის სისტემიდან გარიცხა აშშ-მ, დიდმა ბრიტანეთმა, კანადამ და ევროკავშირმა. სისტემიდან გარიცხული ბანკებისთვის ეს იმას ნიშნავს, რომ უცხოეთში და უცხოეთიდან ფინანსური ოპერაციების განხორციელება გართულდება - იძულებული იქნებიან, ეს გააკეთონ სხვა საშუალებებით, მაგალითად, ფაქსით ან ტელეტაიპით. რა არის Swift-ი და როგორ მუშაობს ის? ნახეთ განმარტებითი ვიდეო აქ.
  • აკრძალვა ბანკნოტების გაყიდვაზე - ევროკავშირმა აკრძალა რუსეთში ევროების ბანკნოტების გაყიდვა, მიწოდება და ექსპორტირება.
  • სბერბანკი - აშშ-ის მიერ გატარებული სანქციების შემდეგ რუსეთის ყველაზე დიდ ბანკს აეკრძალა დოლარში ტრანზაქციები.
  • VTB - ეს რუსეთში სიდიდით მეორე ბანკია. მას აქტივები აშშ-მ და დიდმა ბრიტანეთმა გაუყინა. დასავლეთის (მათ შორის ევროკავშირის) სანქციებში მოხვდნენ “ალფა-ბანკი”, “გაზპრომბანკი, “შავი ზღვის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკი”, “მოსკოვის კრედიტბანკი” “ბანკი ოტკრიტიე”, სააქციო კომპანია გენბანკი, “IS ბანკი” და სხვა.
  • აკრძალვა დეპოზიტებზე - ევროკავშირმა რუსეთს აუკრძალა 100 ათას ევროზე მეტი დეპოზიტის ქონა ევროპის ბანკებში.
  • Apple Pay და Google Pay - სანქცირებული რუსული ბანკის კლიენტები ვეღარ იყენებენ გუგლისა და ეფლის ციფრულ საფულეებს. აღარც მათი ბარათები მუშაობს რუსეთის გარეთ ონლაინ შოპინგზე ან გადარიცხვებზე.
  • ვლადიმირ პუტინი - ვლადიმირ პუტინის ანგარიშები გაიყინა ევროკავშირში, აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში , თუმცა რუსეთის პრეზიდენტს ამ იურისდიქციებში მოგზაურობის უფლება ჯერ ისევ აქვს. სანქციები პუტინის მიმართ პირველად დაწესდა. ევროკავშირის ოფიციალურ განცხადებაში ვკითხულობთ: “ვლადიმირ პუტინი პასუხისმგებელი და მხარდამჭერია იმ ქმედებებისა, რაც ძირს უთხრის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, ასევე სტაბილურობასა და უსაფრთხოებას უკრაინაში”.
  • სერგეი ლავროვი - ასევე პირველად გატარდა სანქციები რუსეთის პირველი დიპლომატის მიმართ. პუტინის მსგავსად რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის აქტივებიც გაიყინა აშშ-ში, დიდ ბრიტანეთსა და ევროკავშირში, თუმცა მას ამ ტერიტორიაზე შესვლა არ ეკრძალება. მიუხედავად ამისა სერგეი ლავროვი 28 თებერვალს ჟენევაში ვერ გაფრინდა ადამიანის უფლებათა საბჭოს სხდომაზე დასასწრებად. ამის მიზეზი სხვა სანქცია იყო - ევროპამ რუსეთს ავიასივრცე ჩაუკეტა.
  • სერგეი შოიგუ - მას აეკრძალა მოგზაურობა ევროკავშირსა და აშშ-ში, ასევე გაიყინა მისი აქტივები. სანქციებში მოხვდნენ უშიშროების საბჭოს წევრებიც.
  • ალექსანდრ ბორტნიკოვი - რუსეთის დაზვერვის შეფსაც დაუწესდა სანქცია აშშ-სა და ევროკავშირში შესვლაზე. ასევე გაიყინა მისი აქტივები ამ ორ იურისდიქციაში. აშშ-ის, ევროკავშირისა და ბრიტანეთის შავ სიებში მოხვდა მისი შვილი, დენის ბორტნიკოვი, რუსეთის სიდიდით მეორე ბანკის VTB-ს ვიცეპრეზიდენტი.
  • ვალერი გერასიმოვი - რუსეთის შეიარაღებული ძალების მეთაური პირველად ევროკავშირის სანქციების სიაში მოხვდა 2014 წელს უკრაინაში წინა შეჭრისას. ახლა ის აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის შავ სიაშიცაა.
  • რუსეთის დუმა - ევროკავშირმა სანქციები დაუწესა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს. მათ გაეყინათ აქტივები და აეკრძალათ ევროკავშირში შესვლა. დიდმა ბრიტანეთმა კი აკრძალვები მხოლოდ იმ დეპუტატებს დაუწესა, ვინც დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობას მისცა ხმა.
  • დიმიტრი პესკოვი - ევროკავშირის სანქციების სიაშია რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანი დიმიტრი პესკოვი.
  • კირილ შამალოვი - რუსეთის “ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერი” (ამჟამად 39 წლის), რაც გასაკვირი არაა, რადგან ის პუტინის ყოფილი სიძეა. მის მიმართ სანქციები დიდმა ბრიტანეთმა გაატარა.
  • ბორის და იგორ როტენბერგები - ოლიგარქი ძმები რუსული გაზის ბიზნესში მსხვილი მოთამაშეები არიან. ისინი ბრიტანულ შავ სიაში მოხვდნენ.
  • მარგარიტა სიმონიანი - კრემლის პროპაგანდისტული მედიის RT-ის მთავარი რედაქტორი ევროკავშირის სანქციების სიაში მოხვდა, ვლადიმერ სოლოვიოვთან, კონსტანტინ კრინიკთან და სხვა გავლენიან პროპაგანდისტულ მედია სახეებთან ერთად.
  • მარია ზახაროვა - რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი ევროკავშირის სანქციების სიაშია.
ასევე ნახეთ სანქცირებულთა სია ფართოვდება - კიდევ ვინ დასაჯა ევროკავშირმა?
  • სამხედრო ტექნოლოგიების შეტანა - ევროკავშირის კომპანიებს აეკრძალათ ტექნოლოგიების მიწოდება რუსული იარაღის კომპანია “კალაშნიკოვისთის”.
  • სამხედრო წარმოება - სანქციებშია “როსტექი”, რომელიც რუსეთის თავდაცვის ყველაზე დიდი კომპანიაა; ასევე მსოფლიოს გიგანტი ტანკ მწარმოებელი ქარხანა “ურალვაგოზავოდი”. სანქციებში სახმელეთო-საზღვაო რაკეტების მწარმოებელი “ავიახომალდების გაერთიანებული კორპორაციაც” მოხვდა.
  • აშშ-ის ტექნოლოგიები - აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინაში შეჭრის შემდეგ გამოაცხადა, რომ რუსეთში ამერიკული მაღალტექნოლოგიურ ნახევარგამტარების ექსპორტი შეჩერდება. ნახევარგამტარები საკვანძო კომპონენტია წარმოებაში, დაწყებული მანქანათწარმოებიდან, დამთავრებული თამაშების ინდუსტრიით.
  • "ორაკლი" - მსოფლიოში სიდიდით მეორე, ტექნოლოგიური უზრუნველყოფის კომპანია "ორაკლმა" შეწყვიტა რუსეთში საქმიანობა უკრაინის მხარდაჭერის ნიშნად.
  • Airbnb - რუსეთისა და ბელარუსის ტერიტორიაზე ყველა ოპერაციის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება Airbnb-ის გენერალურმა დირექტორმა ტვიტერზე განაცხადა. კომპანიამ მანამდე უფასო, დროებითი საცხოვრებლით 100 000 უკრაინელი ლტოლვილის უზრუნველყოფის გადაწყვეტილებაც მიიღო.
  • DHL - ლოგისტიკის ბაზრის ერთ-ერთმა მსოფლიო ლიდერმა რუსეთში შეაჩერა მუშაობა.
  • PayPal - ონლაინ გადახდების კომპანიამ განაცხადა, რომ რუსეთიდან ახალ მომხმარებლებს აღარ დაარეგისტრირებს.
  • აშშ რუსეთის ნავთობს აღარ შეისყიდის - 8 მარტს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოაცხადა, რომ აშშ აღარ შეისყიდის რუსეთისგან ნედლ ნავთობს.
  • BMW - გერმანულმა ავტომწარმოებელმა 1 მარტს განაცხადა, რომ აჩერებს ექსპორტს რუსეთში. ასევე ხურავს ქარხანას კალინინგრადში.
  • ვოლვო - შვედური კომპანია აჩერებს ავტომობილების გადაზიდვას რუსეთში.
  • ჯენერალ მოტორსი - ამერიკული ავტოგიგანტი აჩერებს ბიზნესს რუსეთში.
  • ექსონ მობაილი - ნავთობგიგანტი რუსეთში მუშაობას წყვეტს. აღარ განახორციელებს ახალ ინვესტიციებს.
  • Shell - ბრიტანული ნავთობისა და გასის კომპანია გაზპრომთან სააქციო თანამშრომლობას წყვეტს და რუსეთიდან გადის.
  • BP - კომპანია ტოვებს თავის წილს რუსულ ნავთობგიგანტ “როსნეფტში”. BP სამი ათეული წელია მუშაობდა რუსეთში.
  • მეტა/ფეისბუქი - სოციალურმა ქსელმა ფეისბუქმა რუსულ პროპაგანდისტულ მედიასაშუალებებს შეუჩერა კონტენტის დასპონსორების საშუალება. “მეტამ” ევროპის მთელ რიგ ქვეყნებში შეზღუდა წვდომა RT-ს და “სპუტნიკის” ფეისბუქ გვერდებზე.
  • ევროკავშირის აკრძალვა ექსპორტზე - ბლოკის გადაწყვეტილებით იკრძალება ყველა სახის თვითმფრინავის ექსპორტი რუსეთში, ნაწილებისა და აღჭურვილობის ექსპორტი რუსული ავიაკომპანიებისთვის, ასევე რუსეთის კოსმოსური ინდუსტრიისთვისაც.
  • Nike და Adidas - სპორტული სამოსისა და ინვენტარის ბრენდმა Nike-მ რუსეთში შეაჩერა ონლაინ ვაჭრობა. ამის მიზეზი ის გახდა, რომ კომპანია ვერ მიაწვდის საქონელს რუსეთში მცხოვრებ მყიდველებს. Adidas-მა კი გაწყვიტა რუსეთის სპორტის კავშირთან პარტნიორობის შესახებ კონტრაქტი.
  • Apple - სერვიზების შეზღუდვის შემდეგ, კომპანია Apple-მა შეწყვიტა პროდუქტების გაყიდვა რუსულ ბაზარზე. კომპანია აცხადებს, რომ “უკიდურესად შეშფოთებულია” რუსეთის შეჭრით უკრაინაში.
  • Dell - პროდუქციას რუსეთში გასაყიდად აღარ გაიტანს კომპანია Dell-ი.
  • FedEx - რუსეთში აღარ იმუშავებს FedEx-იც.
  • Google - კრემლის პროპაგანდის გამავრცელებელი მედია RT და "სპუტნიკი" დაიბლოკა ევროპაში Google-ის პლატფორმებზე.
  • Honda - ავტომობილებს აღარ მიაწვდის რუსეთს.
  • Hyundai - მუშაობას აჩერებს რუსეთში.
  • Skoda - აღარ შეიტანს ახალ ავტომობილებს.
  • H&M - დროებით აჩერებს ყველანაირ გაყიდვას რუსეთში.
  • "ჰარლი დევიდსონი" - კომპანიამ შეაჩერა ბიზნეს საქმიანობა რუსეთში და აღარ გაიტანს მოტოციკლებს ექსპორტზე.
  • მაკდონალდსი - უკრაინაში ომის დაწყებიდან ორი კვირის თავზე "მაკდონალდსმა" გამოაცხადა, რომ მისი სწრაფი კვების ყველა ობიექტი რუსეთში იხურება. ასევე აჩერებს ბიზნეს საქმიანობას.
  • კოკა-კოლა და PepsiCo - მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული უალკოჰოლო გაზიანი სასმელები რუსეთში აღარ გაიყიდება. ამის შესახებ კომპანიებმა 8 მარტს განაცხადეს.
  • ჩაკეტილი ცა - რუსეთს ავიასივრცე ჩაუკეტა ევროკავშირმა. ამ სანქციას შეუერთდა შვეიცარიაც, რომელიც მისი ნეიტრალიტეტის გამო აქამდე სანქციებში არ აქტიურობდა.
  • აეროფლოტი - რუსული ავიაკომპანია დიდ ბრიტანეთში აიკრძალა. მასთან კონტრაქტების შეწყვეტას აპირებენ თვითმფრინავების სალიზინგო კომპანიები.
  • ბოინგი - კომპანია წყვეტს რუსული ავიახაზების მომსახურებას. რუსეთის საჰაერო ფლოტის ნახევარზე მეტი (64%) უცხოური თვითმფრინავებისგან შედგება. მათგან დიდი ნაწილი სწორედ ბოინგია.
  • Airbus - Airbus-მა, რომელიც ევროპაში თვითმფრინავების ყველაზე მსხვილი მწარმოებელია, განაცხადა, რომ წყვეტს რუსეთის ავიაკომპანიებისთვის სათადარიგო ნაწილების მიწოდებას.
  • “ჩრდილოეთის ნაკადი 2” - გერმანიამ შეაჩერა „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“ სერტიფიცირების პროცესი, რომელიც 11 მილიარდი დოლარი დაჯდა და რომლის მიზანია რუსეთიდან ბალტიის ზღვის გავლით გერმანიაში ბუნებრივი აირის მიწოდება.
  • ევროპის საბჭოში წარმომადგენლობა - 25 თებერვალს ევროპის საბჭომ უმრავლესობით ხარი დაუჭირა გადაწყვეტილებას, რომ რუსეთს შეუჩერდეს წარმომადგენლობითი უფლება, როგორც საპარლამენტო ასამბლეაში ასევე მინისტრთა კომიტეტში.
  • ფეხბურთი - UEFA და FIFA რუსულ კლუბებსა და გუნდებს შეჯიბრებებიდან ხსნის “შემდეგ შეტყობინებამდე”.
  • ჩოგბურთი - ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციამ გაავრცელა განცხადება, სადაც წერია, რომ რუსეთისა და ბელარუსის ჩოგბურთის ფედერაციები მათი კავშირიდან გარიცხეს. მათ აღარ შეეძლებათ საერთაშორისო შეჯიბრებებში მონაწილეობა.
  • ჰოკეი - რუსეთისა და ბელარუსის გუნდები ყველა ასაკობრივ კატეგორიებში მოხსნეს ყველა შეჯიბრებიდან. განცხადება ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციამ გაავრცელა.
  • ჩემპიონთა ლიგის ფინალი - სანქტ-პეტერბურგში ჩემპიონთა ლიგის ფინალი აღარ გაიმართება. მას პარიზი უმასპინძლებს.
  • “ფორმულა 1” - “ფორმულა 1”-ის გან პრი სოჭში ჩაიშალა.
  • კერლინგი - ევროპის ჩემპიონატი 2022 წელს ქალაქ პერმში აღარ შედგება.
  • კალათბურთი - აღარ გაიმართება კალათბურთის ევროლიგის 2021-2022 წლების მატჩები რუსული გუნდების მონაწილეობით.
  • ვლადიმირ პუტინის შავი ქამარი - ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის აწ უკვე ყოფილ საპატიო პრეზიდენტსა და ელჩს, ვლადიმირ პუტინს, მსოფლიო ძიუდოს მმართველი ორგანიზაციის შემდეგ, პირადი სანქცია ტაეკვანდოს საერთაშორისო ფედერაციამაც დაუწესა - რუსეთის პრეზიდენტს 2013 წელს დიდი პატივით გადაცემული მეცხრე დანის შავი ქამარი ჩამოართვეს.
ასევე ნახეთ რუსული სპორტის შავი დღეები - აგრესორი ქვეყანა ყველაფერს ჩამოაშორეს
  • ევროვიზია - რუსეთი აღარ მიიღებს მონაწილეობას ევროვიზიის სიმღერის კონკურსში 2022 წელს.
  • ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა - უკრაინაში შეჭრის გამო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა აჩერებს თანამშრომლობას რუსეთის მთავრობის სტრუქტურებთან ყოველწლიურ ბაზრობაზე რუსული სტენდის მოსამზადებლად. წიგნის ბაზრობა სოლიდარობას უცხადებს უკრაინულ გამომცემელთა ასოციაციას.
  • ჰოლივუდის კინოსტუდიები - Disney, Sony და Warner Bros აჩერებენ ფილმების პრემიერებს რუსეთში. “სამომავლო ბიზნეს გადაწყვეტილებებს მივიღებთ იმის საფუძველზე თუ როგორ განვითარდება მოვლენები” - განაცხადა 28 თებერვალს Disney-მ.
  • კანის ფესტივალი - საერთაშორისო კინოფესტივალმა უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთის დელეგაციის დასწრება აკრძალა. გარდა ამისა არ დაიშვებიან ის პირები ვინც კრემლთან კავშირში არიან.
  • დირიჟორი ვალერი გერგიევი - ოსური წარმოშობის რუსი დირიჟორი ვალერი გერგიევი მიუნხენის ფილარმონიიდან გაათავისუფლეს. მანამდე მას მისივე მენეჯმენტი განუდგა. გერგიევს ულტიმატუმი წამოუყენეს - ან დაეგმო პუტინის ქმედებები საჯაროდ ან მიუნხენის ფილარმონიიდან გაათავისუფლებდნენ. ვალერი გერგიევი ვლადიმირ პუტინის აქტიური მხარდამჭერია. მან სანქტ-პეტერბურგის თეატრის ორკესტრი ცხინვალში 2008 წლის აგვისტოს ომის დასრულებიდან დაახლოებით ათ დღეში ჩაიყვანა და რუსეთის მიერ ოკუპირებული ქალაქის მთავარ მოედანზე კონცერტი გამართა.
  • სოპრანო ანა ნეტრებკო - ჰამბურგის ფილარმონიასა და ლა სკალაში კონცერტებს გაუქმება მოუხდა რუსული წარმოშობის სოპრანოს ანა ნეტრებკოს. მანამდე უკრაინის ელჩმა გერმანიაში ანდრეი მელნიკმა გერმანულ აუდიტორიას ტვიტერით მოუწოდა ნეტრებკოს კონცერტების ბოიკოტისკენ. რუსი სოპრანო მანამდე არაერთხელ გააკრიტიკეს იმის გამო, რომ 2015 წელს სეპარატისტულ დონეცკში პრორუს სეპარატისტებთან ერთად რუსეთის დროშით ხელში გადაიღო ფოტოები.