ვალენტინობის დღესასწაულზე, 14 თებერვალს, სანკტ-პეტერბურგის 375-ე სკოლაში იმართებოდა ცნობილი ჯგუფების, ქავერ-ბენდების, შეჯიბრება, სახელწოდებით „ადინ ვ ადინ“, ანუ „ერთი ერთში“. მოსწავლეები 1970-იანი და 1980-იანი წლების დასავლური როკჯგუფების სტილში, ბრჭყვიალა და ფერად კოსტიუმებში იყვნენ გამოწყობილნი.
„ჩვენი სკოლა ხელს არ შეუწყობს ჰომოფობიასა და ჰომოსექსუალობას“
კონცერტზე შესრულდა ზარა ლარსონის სიმღერა Lush Life, ჯასტინ ბიბერის ჰიტები. ჯგუფ Kiss-ის სიმღერები, ამ ბენდის წევრების მსგავსად, სახეშეღებილმა მოსწავლეებმა შეასრულეს. ბოლო ნომრად ჯგუფ Queen-ის ჰიტი, I Want To Break Free, იყო პროგრამაში შეტანილი. ათი წარმოდგენის ნახვის შემდეგ, აუდიტორია გრანდიოზული ფინალისთვის ემზადებოდა.
მაგრამ ეს კულმინაციური აქტი ორგანიზატორებისთვის ზედმეტად პროვოკაციული აღმოჩნდა. მოსწავლეები ისე იყვნენ გამოწყობილნი, როგორც Queen-ის წევრები ამ სიმღერის ვიდეოკლიპში და სცენაზე გასასვლელად ემზადებოდნენ, როცა მათთან მასწავლებლები მივიდნენ და კულისებში დარჩენა უბრძანეს.
„უკვე კოსტიუმები გვეცვა და მზად ვიყავით სცენაზე გასასვლელად, როცა მოვიდნენ და გვითხრეს, ‘რა გაცვიათ? სტრიპტიზ-კლუბში უნდა წახვიდეთ ამ ფორმითო“, - უთხრა ერთ-ერთმა მოსწავლემ ადგილობრივ მედიას, ანონიმურობის დაცვის გარანტიით.
„ჩვენი სკოლა ხელს არ შეუწყობს ჰომოფობიასა და ჰომოსექსუალობას“, - იხსენებს მოსწავლე ერთ-ერთი მასწავლებლის სიტყვებს და ირონიით დასძენს: „ჩვენს პატივცემულ მასწავლებლებს აშკარად არ ესმით შინაარსი სიტყვებისა ჰომოფობია და ჰომოსექსუალობა, რომლებიც ურთიერთგამომრიცხავია“.
ჯგუფ Queen-ის ამ სიმღერის ოთხწუთნახევრიანი ვიდეოკლიპი შეიცავს სცენას, რომელშიც ნახევრად შიშველ მოცეკვავეებთან გადახვეული ფრედი მერკური ყურძენს ჭამს და, ელასტიურ სამოსში გამოწყობილი, მოცეკვავეთა სხეულებზე გადაგორდება.
ფოტოები, რომლებიც მეთერთმეტეკლასელმა მოსწავლეებმა რუსეთის მედიას მიაწოდეს და რომლებშიც ერთ-ერთ მოსწავლეს თავზე პარიკი ხურავს, ტანზე შემოტმასნილი ვარდისფერი მაისური და, სავარაუდოდ, ქვედაბოლო მოსავს, მოწმობს, რომ სტუდენტების წარმოდგენა იმეორებდა კლიპის გამხსნელ სცენას, რომელშიც ულვაშიანი მერკური სასტუმრო ოთახს ასე ჩაცმული ალაგებს, ჯგუფის სხვა წევრები კი სახლში მიდი-მოდიან, ასევე ქალებისთვის ტრადიციულად მიჩნეულ ტანსაცმელში გამოწყობილნი.
მოსწავლე ამბობს, რომ მასწავლებლებმა თავდაპირველად თანხმობა განაცხადეს ამ პერფორმანსზე, მაგრამ კოსტიუმების ნახვის შემდეგ მოსწავლეებს აუკრძალეს სცენაზე გასვლა.
„ინგლისურის მასწავლებელმა Queen-ის ვიდეოკლიპს ტელეფონით უყურა და თანხმობა გვითხრა, მაგრამ წარმოდგენის დღეს ჩვენს შესახებ ათას რამეს ამბობდნენ“, - უთხრა მოსწავლემ გამოცემა „კომსომოლსკაია პრავდას“. - „ისინი მიწებებულმა ულვაშმა შეაწუხა და იმიტირებული მკერდიც არ მოეწონათ“.
„ცოტაოდენი გართობის უფლება“
სახელმწიფო ინსტიტუტები, მათ შორის, სკოლები და უნივერსიტეტები ფრთხილობენ, რომ არ დაარღვიონ კანონი, რომელიც კრძალავს გამოხატვის გარკვეულ ფორმებს რუსეთში, სადაც კონსერვატიულმა ძალებმა და მართლმადიდებელმა ეკლესიამ გავლენა მოიპოვეს იმ ფონზე, როცა პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ხშირად ლაპარაკობს ხოლმე ე.წ. ტრადიციულ რუსულ ღირებულებებზე. მას შემდეგ, რაც პუტინმა 2013 წელს ხელი მოაწერა კანონს, რომელიც კრძალავს გეი „პროპაგანდის“ გავრცელებას არასრულწლოვნებში, ნებისმიერი წარმოდგენა, რომელიც შესაძლოა აღქმულ იქნეს ჰომოსექსუალობის გამოვლინებად 18 წლამდე ასაკის აუდიტორიის წინ, სისხლისსამართლებრივ დანაშაულად შეიძლება კვალიფიცირდეს.
თუმცა ამგვარ პოლიტიკასთან შესაბამისობაში ყოფნის მიზნით დაწესებულმა ცენზურამ წარსულში რამდენჯერმე არასასურველი შედეგები მოიტანა თავად ცენზორებისთვის. 2018 წლის იანვარში რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა სადამსჯელო ზომები გაატარეს იმ კადეტთა ჯგუფის მიმართ, რომლებმაც საცვლებში ჩაცმულებმა შეასრულეს როლინგ სტოუნსის სიმღერა Satisfaction-ის ბენი ბენასისეული ვერსია და ეს წარმოდგენა ვიდეოთი გადაიღეს. მათ დასჯას მთელი რუსეთის მასშტაბით მოჰყვა სოლიდარობის აქციები - ხალხმა დაიწყო ახალგაზრდა კადეტების წარმოდგენის იმიტირება და ეს სოლიდარობის მიზნით გადაღებული ვიდეოები მილიონობით მოქალაქემ ნახა. სოლიდარობის ამ აქციამ მნიშვნელოვანი უხერხულობა შეუქმნა არმიის წარმომადგენლებს, თავიანთი მკაცრი თავდაპირველი რეაქციის გამო.
ონლაინგამოცემა Fontanka-სთვის 14 თებერვალს მიცემულ კომენტარებში სანკტ-პეტერბურგის იმ რაიონის მესვეურებმა, სადაც 375-ე სკოლა მდებარეობს, უარყვეს ინფორმაცია, რომ პერფორმანსი „ჰომოსექსუალობის პროპაგანდის“ გამო აიკრძალა. მათი თქმით, იმ დღეს კონკურსის მხოლოდ პირველი ნაწილი იყო დანიშნული, მოსწავლეების ამ კონკრეტულ ჯგუფს კი სთხოვეს ქორეოგრაფია დაეხვეწათ და მეორე ტურში გამოსულყვნენ.
ეს უარყო მოსწავლემ, რომელიც რუსეთის მედიას ელაპარაკა. მისი თქმით, ღონისძიება ერთჯერადი იყო და მოსწავლეების ჯგუფს მასში მონაწილეობის შანსი წაართვეს.
„დასანანია, რომ ცოტაოდენი გართობის უფლება არ მოგვცეს“, - დასძინა მან.