სანდრო ბრეგაძემ 31 ოქტომბრის შემდეგ, 4 ნოემბერს, უკვე მეორედ და სპეციალურად ამ თემაზე გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ არ დაუშვებს ოსკარზე წარდგენილი ქართულ-შვედურ-ფრანგული ფილმის, „And then we danced“ ჩვენებას საქართველოს კინოთეატრებში. პრესკონფერენციაზე მან დახმარებისთვის საქართველოს საპატრიარქოსაც მიმართა და ამ თემაზე მკაფიო აზრის დაფიქსირებისკენ მოუწოდა.
როგორც სანდრო ბრეგაძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, „ქართული მარში“ 8 ნოემბერს კინოთეატრ „ამირანთან“ იქნება მობილიზებული და „მაჰათმა განდის მშვიდობიანი ბრძოლის ტაქტიკების გამოყენებით“ შეუშლიან ხელს „გეი პროპაგანდის“ გავრცელებას. ბრეგაძის თქმით, ამავე მისიით გამოსვლას აპირებენ სხვა პატრიოტული ორგანიზაციებიც, რომლებსაც არ აკონკრეტებს და რომლებიც სხვა კინოთეატრებში გადანაწილდებიან. კითხვაზე, იქნება თუ არა ფილმის ჩვენების მოწინააღმდეგეებს შორის, მაგალითად, ლევან ვასაძე, სანდრო ბრეგაძე ამბობს, რომ მათ განსხვავებული ბრძოლის ტაქტიკები აქვთ და ის და მისი მხარდამჭერები 8 ნოემბერს გამოსვლას კომბლებისა და ქამრების გარეშე აპირებენ.
ფილმის ჩვენება საქართველოს კინოთეატრებში მხოლოდ სამი დღით, 8,9 და 10 ნოემბერს გაიმართება. პირველ ჩვენებამდე 4 დღით ადრე ყველა ბილეთი გაყიდულია. ბილეთების ზუსტი რაოდენობა არ კონკრეტდება - საუბარია რამდენიმე ათას მაყურებელზე თბილისსა და ბათუმში.
ლევან აკინის ფილმის ქართველი პროდიუსერი, ქეთი დანელია ამბობს, რომ ამ თარიღებში ჩვენებები საქართველოს კინოთეატრებში მაისში შეთანხმდა. მაშინ მათ ჯერ არ იცოდნენ, რომ ფილმს შვედეთი ოსკარზე წარადგენდა და გადამღებ ჯგუფსა და მსახიობებს ამ დროს წინასაოსკარე კამპანიის ფარგლებში ლოს-ანჯელესში მიიწვევდნენ. რეჟისორი, პროდიუსერები და მთავარი როლების შემსრულებლები ამერიკაში რამდენიმე კვირით მიდიან, ჩვენებებსა და მიღებებში მონაწილეობის მისაღებად.
ასევე ნახეთ ორ ბილეთი and then we danced-ის მთავარი გმირებისთვის
გამომდინარე იქიდან, რომ ფილმის ჩვენებას გადამღები ჯგუფი არ ესწრება, „ქართული მარშის“ პროტესტი მის სანახავად მისული მაყურებლისკენ იქნება მიმართული.
„მე რამდენადაც ვიცი, იქ იქნება ძალიან ბევრი პოლიტიკოსი, ნაციონალური მოძრაობიდან, ევროპული საქართველოდან, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ხელისუფლებასთან დაახლოებული პირებიც და ეს პროტესტი იქნება მათ მიმართაც მიმართული“, - ამბობს სანდრო ბრეგაძე, რომელიც, ერთი მხრივ, ირწმუნება, რომ მათი პროტესტი მშვიდობიანად ჩაივლის, მეორე მხრივ კი ამბობს, რომ დაემსგავსება მანჩესტერის ტრიბუნებს მანჩესტერი-ჩელსის საფეხბურთო შეხვედრებისას.
შინაგან საქმეთა სამინისტროში რადიო თავისუფლების კითხვაზე, როგორ აპირებენ ფილმის სანახავად მისული მაყურებლების უსაფრთხოების ზომების დაცვას, გვითხრეს, რომ იმოქმედებენ კანონის ფარგლებში. დაცვის განსაკუთრებულ ზომებს საჭიროების შემთხვევაში მიმართავენ კინოთეატრებიც, ამ ეტაპზე კი თვლიან, რომ კერძო სივრცეში განსაკუთრებული ექსცესები, სავარაუდოდ, არ მოხდება.
ფილმის მთავარი როლების შემსრულებლები, ლევან გელბახიანი და ბაჩი ვალიშვილი მიიჩნევენ, რომ ორი მოცეკვავის ისტორია, რომელსაც მაყურებელი ფილმში ნახავს, აგრესიაზე მეტად ემპათიას გამოიწვევს და რომ მასში, გეი თემატიკის გარდა, სხვა მნიშვნელოვანი პლასტებია, რაც საბოლოო ჯამში გახდა კიდევ ამ ფილმის წარმატების საფუძველი. მათი თქმით, ფილმი თავისუფლებაზე, სიყვარულზე, დღევანდელ საქართველოსა და მის საუკეთესო ტრადიციებზე და საკუთარი თავის პატივისცემაზეა.
Your browser doesn’t support HTML5
ლევან აკინის ფილმი „And Then We Danced“ ოსკარის 92-ე ცერემონიაზე შვედეთის სახელით უცხოენოვანი ფილმების კატეგორიაში გაიგზავნება.
ფილმის პრემიერა წელს კანის ფესტივალზე გაიმართა. იგი კინოფესტივალის Director’s Fortnight-ში, ანუ 25 ფილმში მოხვდა და კანის კინოფესტივალის 10 საუკეთესო სურათს შორის მეშვიდე ადგილზე გავიდა.