სანახევროდ ნებადართული საქმიანობა - როცა მშენებლობა მარტო აგურის დადება არ არის

დაანონსებულ ვადაზე ერთი კვირით ადრე, 5 მაისიდან განაახლეს საქმიანობა სამშენებლო კომპანიებმა და სამშენებლო მასალების მწარმოებლებმა.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სამუშაოების განახლება კომპანიებს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების საფუძველზე მოუწევთ:

  • სამუშაო ადგილზე უზრუნველყოფილი უნდა იყოს ხელის დაბანის შესაძლებლობა და ასევე სადეზინფექციო საშუალებები. ისინი თვალსაჩინო ადგილას უნდა მდებარეობდეს;
  • გარკვეული პერიოდულობით უნდა ჩატარდეს გამოყენებული სამუშაო აღჭურვილობისა და სამუშაო ადგილების დეზინფექცია;
  • მისალმებისას არ ჩამოართვათ ხელი ერთმანეთს და მოერიდეთ სხვებთან კონტაქტს (შეხებას და სხვა);
  • მოერიდეთ თავშეყრას, რეკომენდებულია ერთ სამუშაო პლატფორმაზე არა უმეტეს 10 ადამიანის მუშაობა უსაფრთხო დისტანციის დაცვით (არა ნაკლებ 2 მეტრისა);
  • პერსონალი არ უნდა გამოცხადდეს სამუშაო ადგილზე იმ შემთხვევაში, თუკი ბოლო 14 დღის განმავლობაში მჭიდრო კონტაქტში იმყოფებოდნენ კორონავირუსის მატარებელ პირთან/პირებთან;
  • აღენიშნებათ რესპირატორული ინფექციისთვის დამახასიათებელი სიმპტომები;
  • მიეკუთვნებიან COVID-19-ით დაინფიცირებისა და გართულებების მაღალი რისკის მქონეებს: 70 წელს გადაცილებული, აგრეთვე, ქრონიკული დაავადებების (გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, დიაბეტი, ბრონქული ასთმა და სასუნთქი ორგანოების სხვა დაავადებები) მქონე პირები.

ბესო ორთოიძე, კომპანია „არსის“ დირექტორი, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ მაშინ, როდესაც ქვეყანაში ძალიან ბევრი მიმართულებით სამუშაოები შეჩერებული ან შეზღუდულია, სამშენებლო კომპანიებისა და იქ დასაქმებული თითოეული ადამიანისათვის, თუნდაც ერთი კვირით ადრე საქმიანობის გაგრძელების დაშვება, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა:

„ეს ის სფერო და სექტორია, სადაც ადამიანები ყოველდღიურ გამომუშავებაზე არიან და თუნდაც ეს ერთი კვირა, ძალიან ბევრი ადამიანისათვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. ჩვენ ყველას მოგვიწევს ახალ რეალობაში დაბრუნება და ახალი წესებით ცხოვრება. შესაბამისად, უსაფრთხოების წესების დაცვაც ყველას მოგვიწევს და არ აქვს მნიშვნელობა, ეს სამშენებლო ობიექტი იქნება თუ სხვა. მშენებლობებს რაც შეეხება, მათი ძირითადი ნაწილი ღია სივრცეში მიმდინარეობს და იქ ალბათ უფრო ნაკლები იქნება ვირუსის გავრცელების რისკები, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ რომელიმე რეკომენდაციის შესრულებას თავს ავარიდებთ. ჩვენს სამშენებლო ობიექტებზე უკვე განხორციელდა შემოწმება, რაკიღა ჩვენ რამდენიმე კვირის წინ შევიტანეთ ეკონომიკისა და ჯანდაცვის სამინისტროებში ინდივიდუალური მოთხოვნა მშენებლობების გაგრძელებაზე. ჩვენ ჯერ კიდევ მაშინ მივიღეთ დასტური, რომ ვაკმაყოფილებდით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემულ მოთხოვნებსა და რეკომენდაციებს. დიდი ალბათობით, ეს პერიოდი ყველა კომპანიამ გამოიყენა იმისათვის, რომ მომზადებულიყო, რათა დღეიდან, სამშენებლო საქმიანობის განახლება შეუფერხებლად წარემართა“.

ონლაინ თუ იატაკქვეშ?

მიუხედავად იმისა, რომ მთავრობამ სამშენებლო კომპანიებისა და სამშენებლო პროდუქციის მწარმოებლების საქმიანობაზე შეზღუდვა მოხსნა, სამშენებლო და სარემონტო პროდუქციის რეალიზებაზე ეს შეზღუდვები კვლავ რჩება. უფრო ზუსტად კი, დაშვებულია, მხოლოდ და მხოლოდ, ონლაინვაჭრობა. რაც შეეხება სხვა მცირე ტიპის მაღაზიებსა თუ ბაზრობებს, რომლებიც სამშენებლო და სარემონტო მასალებით ვაჭრობენ, ისინი კვლავ დაკეტილია და მთავრობის ანტიკრიზისული, ექვსპუნქტიანი გეგმის თანახმად, მაღაზიები და ღია ტიპის ბაზრობები, მხოლოდ გეგმის მესამე ეტაპზე, ანუ, 25 მაისიდან უნდა გაიხსნას. შესაბამისად, სამშენებლო და სარემონტო სექტორში დასაქმებულებსა თუ რიგით მომხმარებელს, არაერთი ბარიერის გავლა უწევთ იმისათვის, რომ შეიძინონ ან გაყიდონ თუნდაც ყველაზე მარტივი პროდუქტიც კი.

47 წლის სერგო, 15 წელია სამშენებლო და სარემონტო საქმიანობითაა დაკავებული. საგანგებო მდგომარეობისა და შეზღუდვების შემოღებამდე, ის და მისი გუნდი რამდენიმე ობიექტზე აწარმოებდა სარემონტო სამუშაოებს. შეზღუდვების ამოქმედების შემდეგ, უმეტესი საქმიანობა დროებით შეაჩერა. თუმცა, იყო ობიექტები, რომელთა დასრულებასაც კლიენტი დროულად მოითხოვდა და სერგო მისთვის საჭირო პროდუქტს სხვადასხვა გზით ყიდულობდა:

„ონლაინვაჭრობა ყველა მაღაზიას არ შეეძლო და არც ახლა შეუძლია. დაკეტილია მაღაზიები ელიავას ბაზრობაზე, ქავთარაძის ბაზრობაზე. გარდა ამისა, იმ პროდუქციის შეძენა, რომელიც ვიზუალურ მხარეს უკავშირდება, ონლაინ ცოტა რთულია, რადგან მას სხვანაირი შერჩევა სჭირდება. ვინც დიდი ხანია ამ ბიზნესშია, მისთვის შედარებით იოლია ამ სიტუაციაში ადაპტირება, მაგრამ ვინც დამოუკიდებლად აკეთებს სახლში რემონტს, მათ ძალიან გაუჭირდებათ. ჩემ შემთხვევაში, ვიცი გარკვეული მაღაზიები, რომლებიც დახურულია, თუმცა, ტელეფონით ვუკავშირდები მაღაზიის მფლობელს, ვუკვეთავ სასურველ პროდუქციას, ონლაინ ვუხდი, შემდეგ მანქანით მივდივართ, ავტომობილიდან არ გადმოვდივართ და ისინი ტვირთავენ პროდუქციას“.

დღეს, რემონტის დასრულება თუ უეცრად გამსკდარი მილის გამოცვლა, მოქალაქეებს ან ონლაინ, ან ე.წ. იატაკქვეშა ვაჭრობის გზით შეუძლიათ.

ასე გამოეხმაურნენ რადიო თავისუფლების კითხვას სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ, ფეისბუკის ერთ-ერთი დახურული ჯგუფის წევრები:

„ადრე, სსრკ-ს დროს, ასატრინა თუ გინდოდა, ავლაბრის ბაზარში უნდა მისულიყავი. დადგებოდი 10 წუთი, ტიპი რამდენჯერმე ჩაგივლიდა, გამჭოლი მზერით შეგამოწმებდა და ბოლოს ჩურჩულით გკითხავდა, ასატრინა გინდა თუ იკრა (ხიზილალას არ ამბობდნენ)? ახლაც ზუსტად ასეა, მაგრამ 20 წუთი უნდა იდგე, შორიდან დაგზვერავენ, მერე მოვა ვიღაცა და ჩუმად გკითხავს, მილი გინდა, ონკანი თუ უნიტაზი?“

„ვყიდულობთ ან ონლაინ, ან ფანჯრიდან, ჩუმად. თუმცა პროცესი ისე ფერხდება, შევაჩერეთ რემონტი“.

„ვერ ვყიდულობ, რადგან უფრო ძვირი მიჯდება ონლაინმომსახურება და არჩევანსაც ვერ ვაკეთებ. სურათებით რა გავიგო ხარისხი“.

„რაიონიდან 60 კმ მოშორებით მივდივართ ონლაინგაყიდვების ლოკაციაზე, სადაც ტელეფონით ვუკვეთავთ, შემდეგ თანხას ვურიცხავ ანგარიშზე და მერე ჩემს მიერ შეკვეთილი პროდუქცია გამოაქვთ და მანქანაში მიდებენ მოშორებით. ჩემი შეკვეთილი და გამყიდველის მიერ არჩეული პროდუქცია ერთმანეთს არ ემთხვევა, მაგრამ დაბრუნება უკვე გვიანია. გართულდა ცხოვრება“.

მიუხედავად იმისა, რომ სარემონტო და სამშენებლო მასალების ღია ბაზრობები დახურულია, იქ დასაქმებული ადამიანების ნაწილი დღეში რამდენიმე ლარის შოვნას ე.წ. იატაკქვეშა ვაჭრობით ცდილობს:

„რა ვქნა, აბა შენ მითხარი, როგორ მოვიქცე. პურის ფული აღარ მაქვს. რაღაცით ხომ უნდა ვირჩინო თავი? მაღაზიები და დახლები დახურული გვაქვს. აქვე შორიახლოს ვდგავართ და თუკი ვინმე შემთხვევით გამოივლის და გვკითხავს რამეს, ჩუმად ვყიდით“, - გვეუბნება 70 წლამდე კაცი, რომელიც 6 წელია სამშენებლო მასალებით ერთ-ერთ ღია ბაზრობაზე ვაჭრობს.

რაც შეეხება სამშენებლო-სარემონტო მასალების ონლაინვაჭრობას, ამ პროდუქციის შეძენა ონლაინ, არაერთი საყოფაცხოვრებო საქონლის მაღაზიიდანაა შესაძლებელი. თუმცა, ისიც გასათვალისწინებელია, რომ ამ შემთხვევაში, პროდუქციის მომზადებისა და შემდეგ ადგილზე მიტანის დრო, შესაძლოა, რამდენიმე დღით გახანგრძლივდეს. გარდა ამისა, ადგილზე მიტანის სერვისით სარგებლობის შემთხვევაში, მომხმარებელს დამატებით უწევს თანხის გადახდა. მაგალითად, ერთ-ერთ მსგავს სავაჭრო ცენტრში 800 ლარზე ქვემოთ შენაძენის ადგილზე მისატანად, დამატებით 55 ლარი უნდა გადაიხადოთ. კიდევ ერთი სუპერმარკეტი კი მომხმარებელს ადგილზე უფასო მიტანის სერვისს სთავაზობს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი 100-დან 500 ლარამდე შეძენილი პროდუქციის საერთო წონა არ აღემატება 50 კგ-ს. 500 ლარიდან ზემოთ შენაძენის შემთხვევაში კი წონა არ უნდა აღემატებოდეს 1 ტონას. წონის გადამეტების შემთხვევაში, მომხმარებელი დამატებით გადასახადს იხდის.