სანამ ფეიერვერკს იყიდი ეს წაიკითხე, ვინ იცის, გადაიფიქრო

მე და ჩემი მეგობრები ზუსტად ის ყველასთვის საძულველი ბავშვები ვიყავით, ვინც ახალი წლის დღეებში ჯიბის ფულს მთლიანად “ბომბაჩკებში” ხარჯავდა და მერე შიშის ზარს სცემდა სამეზობლოს აფეთქებით და არც ისე უსაფრთხო ექსპერიმენტებით. ერთხელ ალმოკიდებული შუშხუნა შუშის ბოთლში ჩავდეთ, რომ გვენახა, რამდენად შორს გაისროდა აფეთქება ნამტვრევებს, მეორედ - კონსერვის ქილის ქვეშ დავდეთ, გვაინტერესებდა რამხელაზე აფრინდებოდა. ბომბებს აივნიდანაც ვყრიდით და არაერთხელ მოგვწევია შეშინებული გამვლელის წყევლა.

ლამის ოცი წელი გავიდა და პიროტექნიკის გაყიდვა-გამოყენებაში საერთოდ არაფერი შეცვლილა. მიუხედავად იმისა, რომ 2018 წელს პარლამენტმა პიროტექნიკის არასრულწლოვანებზე გაყიდვა აკრძალა, ბავშვები ახლაც ისევე ერთობიან, როგორც ჩვენ 2000 წელს. მაგრამ საქმე მხოლოდ ბავშვებში არ არის; ასაფეთქებლებს და ფეიერვერკებს დაუდევრად უფროსებიც ხმარობენ. ყველა ზომის მაშხალა და ასაფეთქებელი იმდენად ხელმისაწვდომია, რომ დეკემბრის შუა რიცხვებიდან თებერვლამდე თითქმის ყოველი დღე ბაგა-ბუგში გადის. თუ საზღვარგარეთ ფეიერვერკის სანახავად, წელიწადში რამდენჯერმე, ადამიანები პარკებში დათქმულ დროს საგანგებოდ იკრიბებიან, საქართველოში ეს ერთ-ერთი ყველაზე ხელმისაწვდომი გასართობია. პატარა ზომის ასაფეთქებლებს თითქმის ყველა უბნის მაღაზიაში ყიდიან, დიდებს კი - ქუჩაში, საახალწლო დახლებიდან ან პირდაპირ მანქანის საბარგულიდან.

“აი, ეს ახლა არაფერია, ბავშვებს შეგიძლია უყიდო”, - მეუბნება ახალგაზრდა გამყიდველი ბიჭი ფრჩხილისხელა ასაფეთქებელზე, რომელსაც პატარა ეშმაკები ახატია. “ამას კიდე ყველაზე დიდი ხმა აქვს”, - სქელ ასაფეთქებელს დიდად აწერია “GROM”. საშიში რომელია-მეთქი, ვეკითხები. ყველა საშიშია, - მეუბნება და საჩუქრად კიდევ ერთ შეკვრას მიგდებს პარკში.

საქართველოში ასაფეთქებლები ჩინეთიდან შემოდის, ინსტრუქციები უმეტესობას არ აქვს, ზოგს რაღაც თუ აწერია - უცხო ენაზე. საქართველოში ერთ-ერთი მსხვილი შემომტანი “ენიგმა ფეიერვერკია”. კომპანიის წარმომადგენელმა გიორგი გაგნიძემ მითხრა, რომ ჩინური წარმოების პროდუქცია ბულგარეთიდან შემოაქვს და მერე გადამყიდველებზე ყიდის. “ბულგარეთი ევროკავშირის ქვეყანაა და ვიცი, რომ იმათი სერტიფიკატი უსაფრთხოების სტანდარტის ტოლფასია”.

ქართული ინსტრუქციები მხოლოდ შედარებით დიდ მაშხალებს აქვს, მაგრამ უმეტესობა ყურადღებას არ აქცევს; ქართველების უმრავლესობა მაშხალას, რომელიც მიწაში უნდა ჩაარჭონ და ისე მოუკიდონ ცეცხლი, ხელში იჭერს და აივნიდან ისვრის.

აპოკალიფსი ცხოველებისთვის

“31-ში საღამოს, სასეირნოდ მყავდა ძაღლი და სროლები რომ დაიწყო, ეგრევე აიწყვიტა და გაიქცა - დაახლოებით ოც დღეში ვიპოვე გარდაცვლილი”, - იხსენებს ლიკა მეკოშკიშვილი მისთვის ყველაზე საშინელ ახალ წელს, როცა 3 წლის ტობი დაკარგა. ლიკამ ის სახლიდან 7 კილომეტრში იპოვა; როგორც ჩანს, ძაღლი მთელი დღეები შეშინებული დარბოდა.


ახლა ლიკა ქალაქგარეთ ცხოვრობს, სადაც ძაღლები მთელ სამეზობლოს ჰყავს და ერთმანეთს შეუთანხმდნენ, რომ ახალ წელს ფეიერვერკს არ ისვრიან. ქალაქში ასეთი შეთანხმების მიღწევა შეუძლებელია.

ლიკას ძაღლი ტობი ფეიერვერკებს შეეწირა

“ახალი წლის დღეებში ცხოველების მეპატრონეების ჯგუფებს რომ გადახედოთ, მოფენილია დაკარგული ცხოველების ფოტოებით. სახლის ცხოველები საშინლად ისტრესებიან, მაგრამ ქუჩის ცხოველებისთვის მთლად საშინელებაა, შეიძლება საკმაოდ შორს აღმოჩნდნენ იმ მიკედლებული ადგილიდან. ძლიერი ხმა განგაშის განცდას იწვევს; მონადირეები საკუთარ ძაღლებს გასროლის ხმას სპეციალური ვარჯიშებით აჩვევენ ხოლმე”, - ამბობს ნინო ჩლაიძე, ორგანიზაცია Animal Project-ის წევრი და ძაღლების ქცევის კორექციის სპეციალისტი. ის გვირჩევს, შეშინებულ ცხოველს არ მოვეფეროთ, არამედ ყურადღება გადავუტანოთ რაიმე სხვაზე და ძაღლებს საყელურზე ტელეფონის ნომრები დავუმაგროთ.

“ნუ გაისვრი ფეიერვერკს” - ორი წლის წინ ასეთი კამპანია წამოიწყო სოციალურ ქსელში ორგანიზაციამ “ბუნების კონსერვაცია საქართველოში”. ორგანიზაციის თანადამფუძნებელი ლუკა ტყემალაძე მიყვება, რომ გამაყრუებელი ხმაურის გამო ფრინველები, რომლებსაც ღამე სძინავთ, შოკისგან იღუპებიან ან უმისამართო ფრენას იწყებენ და შუშებსა და კედლებს ასკდებიან.

მაინც რა არის შიგნით?

ასაფეთქებელი დენთის ფხვნილით გავსებული მუყაოს კაფსულაა, რომელიც მაღალი წნევისგან სკდება - ხმასაც ეგ იწვევს. რაც უფრო სქელი მუყაოა, მით უფრო ბევრი დაპრესილი დენთია შიგნით. პატარა ასაფეთქებლებს კოლოფზე გასმითაც მოუკიდებ, უფრო დიდებს ფიტილი აქვთ.


“ეს ფიტილი ზოგჯერ მექანიკურად ზიანდება”, - ამბობს პიროტექნიკოსი სოსო გვასალია, კინოფილმების სპეცეფექტების სპეციალისტი. “მაგალითად, ბავშვებს რომ დააქვთ ჯიბით, ფუჭდება და რომ უკიდებენ, იმაზე ადრე უფეთქდებათ ხელში, ვიდრე ელოდებიან”.

Your browser doesn’t support HTML5

ფრთხილად, ფეიერვერკი!

დიდ, გრძელ მაშხალებში, რომელსაც ბევრი პირდაპირ ხელში იჭერს და ისე ისვრის აივნიდან, ერთმანეთის მიყოლებით დევს დენთით გავსებული ჭურვები. მათ შორის თიხაში ან ნახერხში გარეული დენთის გრანულებია. მთელ სიგრძეზე მაშხალას ნელი წვის ფიტილი გასდევს, ამიტომ ზოგჯერ შეიძლება მოგვეჩვენოს კიდეც, რომ მაშხალა ჩაქრა. სინამდვილეში ამ დროს ჭურვებს შორის ჩაწყობილ ნახერხს ეკიდება ცეცხლი. ყოველი შემდეგი ჭურვი უფრო მეტი წნევით ისვრის, ვიდრე წინა. ამიტომ, სულ ბოლომ შეიძლება ისეთი წნევა შექმნას, რომ მუყაომ ვერ გაუძლოს და ხელში აფეთქდეს.

დაკარგული თითები და შფოთვითი აშლილობა


ახალი წლის დღეებში პიროტექნიკით დაზარალებულების გამო დამწვრობის ცენტრს სამუშაო არ ელევა. ცენტრის ხელმძღვანელი გუგა ქაშიბაძე ამბობს, რომ 2020-ის ზამთარში ცენტრმა დაახლოებით 300 პაციენტი მიიღო - მეორე, მესამე ხარისხის დამწვრობით, ზოგს კანის გადანერგვა დასჭირდა. დამწვრობის გარდა, არის შემთხვევები, როცა პაციენტებს მექანიკური ტრავმებიც აქვთ: გაგლეჯილი რბილი ქსოვილები, დაფლეთილი თითები, დაზიანებული თვალები.

ასევე ნახეთ რამდენად ეფექტიანად აღასრულებენ თვითმმართველობები პიროტექნიკის გაყიდვისას კანონს

“46% ზიანდება მარჯვენა კიდური - მტევანი, წინამხარი და მხარი, 17%-ში სახე, 17%-ში თვალები. ბუნებრივია, ფეიერვერკი, რომელიც 150 მეტრის სიმაღლეზე ადის, 2-3 მეტრში რომ მოხვდეს ვიღაცას, გინდა ცეცხლსასროლი იარაღი და გინდ ეს მაშხალა ყოფილა. ზოგჯერ არის, რომ სტაციონარული, მიწაში ჩასარჭობი მაშხალა იქცევა და გვერდზე მდგომებს ხვდება. ყველა საავადმყოფოს ქირურგიული განყოფილება ინტენსიურად მუშაობს ამ დღეებში”, - ამბობს გუგა ქაშიბაძე.

მისი შეფასებით, არასრულწლოვანებზე გაყიდვის აკრძალვის შემდეგ სიტუაცია არ შეცვლილა, ცენტრის პაციენტების მხოლოდ ნახევარია სრულწლოვანი.

“ყოველთვის გულდასაწყვეტია ექიმისთვის ისეთ ტრავმაზე მუშაობა, რომელიც თავისუფლად შეიძლებოდა თავიდან აეცილებინათ. ეს არ არის უბედური შემთხვევა - ეს არის გაუფრთხილებლობა და წესების არდაცვა. მოსახლეობას არ აქვს გააზრებული საფრთხე.”

ასევე ნახეთ აკრძალვა არასწრულწლოვნებისთვის და პიროტექნიკით დაშავებულები

26 წლის ნინო ბოლქვაძეს ფერადკვამლიანი ასაფეთქებელი პირდაპირ სახეში აუფეთქდა - მეგობარმა შემთხვევით ესროლა, როცა დაბადების დღეს აღნიშნავდნენ. მძიმედ არ დაშავებულა, მაგრამ ძალიან ეტკინა და შეეშინდა. გული ყელში უცემდა და რამდენიმე წუთი ეგონა, რომ დაბრმავდა. მას მერე ყოველთვის შიში იპყრობს, როცა ქუჩაში ასაფეთქებლის ხმა ესმის.
ანანო მაისურაძისთვის აფეთქების ხმა პანიკური შეტევის მიზეზი ხდება ხოლმე. “ძალიან მძიმე გადასატანია ადამიანისთვის, ვისაც შფოთვითი აშლილობა აქვს. გაუფრთხილებლად რომ ისმის, შეიძლება გული ამიჩქარდეს, ფოკუსირება გამიძნელდეს. რომ ვიცოდე, რა დროს დაიწყება ფეიერვერკი, შემზადებული ვიქნებოდი და არ მექნებოდა ასეთი რეაქცია.”

ქიმიური თოვლი

ფეიერვერკის კაშკაშა მანათობელი ფერები მაგნიუმის, ბარიუმის, სპილენძის, ნატრიუმის, კალიუმის, სტრონციუმის ან მათი წვის პროდუქტების ჰაერში გაფრქვევით წარმოიქმნება - ამბობს ილიას უნივერსიტეტის პროფესორი და ქიმიის დოქტორი ქეთევან კუპატაძე.


წვის პროდუქტები გროვდება ატმოსფეროში, და საბოლოოდ ნიადაგსა და წყალში. მათი შესუნთქვა სახიფათოა - განსაკუთრებით დახურულ სივრცეში იწვევს გულისრევას, გონების დაკარგვას, ალერგიას, ასთმურ შეტევებს. მაგალითად, თუ ისეთ ადგილას ცხოვრობთ, სადაც ღია ფანჯრებიდან ჭარბად შემოდის მაშხალების კვამლი, დიდი ალბათობით ოთახში მავნებელი კვამლი დაგიგროვდებათ.

კვამლი ფეიერვერკის შემდეგ

ბოლო დროს საპროტესტო აქციებზე პოპულარულ “ფერად კვამლში” სტრონციუმი და ლითიუმია. როცა ნივთიერება იწვის, ფხვნილი აირებთან ერთად გამოიდევნება კაფსულიდან და ატმოსფეროში კონდენსირდება.

პიროტექნიკა ატმოსფეროს აბინძურებს . “გასროლიდან დაახლოებით 10 -15 წუთში რომ გაიზომოს ატმოსფერული ჰაერის შედგენილობა, აღმოჩნდება, რომ მასში მტვრის მყარი შეწონილი ნაწილაკების რაოდენობა საგრძნობად მაღალია. განსაკუთრებით PM10 (2.5-10 მიკრონამდე) ნაწილაკები; PM2.5 (0.3-2.5 მიკრონი) ნაწილაკები. ეს უკანასკნელი ფილტვის ალვეოლებისთვის უფრო საშიშია. თბილისში ისედაც არ გვაკლია ატმოსფერული დაბინძურება და ახალი წლის დღეებში ჰაერი კიდევ უფრო დაბინძურებულია.”- ამბობს ქეთევან კუპატაძე.

ჰაერში იზრდება გოგირდის და აზოტის დიოქსიდების კონცენტრაცია, რაც ,თავის მხრივ, იწვევს მჟავა ნალექებს - მავნე ნივთიერებები ამ გზით ნიადაგში და შემდეგ წყალში ხვდება. ასე რომ, ახალი წლის ღამეს თუ მოთოვა, იცოდეთ, რომ ფიფქის ნაცვლად, ციდან ტოქსიკური ნივთიერებები ცვივა.