სანამ მთავარი პროკურორი არ არის

ირაკლი შოთაძე ბრიფინგის შემდეგ

როგორი უნდა იყოს ქვეყნის მთავარი პროკურორი, რომელმაც აწ უკვე ყოფილი მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის, „მემკვიდრეობა“ უნდა გადაიბაროს?

ირაკლი შოთაძემ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც 31 მაისს ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ და საპროტესტო აქციაზე შეკრებილმა ათასობით ადამიანმა მისი დაუყოვნებლივ გადადგომა მოითხოვა. 31 მაისსვე, გვიან ღამით, ბრიფინგზე განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, რომ იუსტიციის მინისტრს უკვე დაავალა, რომ მაქსიმალური ჩართულობითა და საზოგადოების ფართო ფენების ლეგიტიმაციით, შეირჩეს ახალი მთავარი პროკურორი“.

გიორგი კვირიკაშვილი

მისი სიტყვებით, პროცესში ჩართული უნდა იყოს პარლამენტის ყველა ფრაქცია, სამოქალაქო საზოგადოება, არასამთავრობო სექტორი, მთლიანად საზოგადოება, რათა „არც ერთი მისხალი ეჭვი პიროვნულ რეპუტაციაზე თუ მის პროფესიულ მახასიათებლებზე ახალ მთავარ პროკურორთან მიმართებაში არ არსებობდეს“. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, პროცესი უნდა დასრულდეს კანონით გათვალისწინებულ ვადაში მაქსიმალური ეფექტურობით და საზოგადოების მოთხოვნას უნდა გაეცეს პასუხი.

არასამთავრობო სექტორი მთავარი პროკურორის შერჩევის თაობაზე

გია გვილავა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ პროგრამების მენეჯერი, პირველ რიგში ხაზს უსვამს იმას, რომ ახალი მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესი უნდა წარიმართოს ისე, როგორც აქამდე არასდროს წარმართულა. მისი თქმით, დღემდე პროცესი მხოლოდ და მხოლოდ ერთი პოლიტიკური გუნდის ხელში იყო და სწორედ ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ მთავარ პროკურორებად დღემდე გვევლინებოდნენ პოლიტიზებული ადამიანები, რომლებიც ვერ უზრუნველყოფდნენ ობიექტურ და დამოუკიდებელ გამოძიებას:

გია გვილავა

„პროკურატურას თითქმის ყველა გახმაურებულ საქმეში ჰქონდა პრობლემები. გამოძიებები არასრულყოფილად მიმდინარეობდა და ვერ იძლეოდა პასუხებს ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე. სწორედ ასე წარიმართა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის გამოძიების პროცესი. სწორედ ამ შეცდომებმა წარმოშვა საზოგადოებაში უკმაყოფილების დიდი ტალღა“.

გია გვილავა ამბობს, რომ აუცილებელია ახალი პროკურორის შერჩევის პროცესი არ იყოს მონოპოლიზებული ერთი პოლიტიკური პარტიის მიერ და მაქსიმალურად იყოს ორიენტირებული იმაზე, რომ ამ ძალიან მნიშვნელოვანი უწყების ხელმძღვანელად შეირჩეს ობიექტური და ნეიტრალური ადამიანი, თუმცა, მისი თქმითა და ვარაუდით, სამწუხაროდ, დღეს ამგვარი კანდიდატის შერჩევა თითქმის შეუძლებელია, რადგან ამ პროცესს ერთი პოლიტიკური ჯგუფი აკონტროლებს:

„კანდიდატებს, კონსულტაციების შედეგად, პროკურორთა საბჭოს წარუდგენს იუსტიციის მინისტრი. იუსტიციის მინისტრი კი არის ძალიან პოლიტიზებული და, სამწუხაროდ, ამ ბოლო პერიოდში იუსტიციის მინისტრის განცხადებები არის აბსოლუტურად არაადეკვატური. ეს არის კატასტროფა. ამ ადამიანის მიერ ჩატარებული პროცესის მიმართ ნდობა ვერ იარსებებს. რაც შეეხება არასამთავრობო სექტორის ჩართულობას, ისევე როგორც წარსულში, სავარაუდოდ, ამ შემთხვევაშიც მხოლოდ ზეპირი დაპირება იქნება“.

სულხან სალაძისთვის, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარისათვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია არა პროკურორის კანდიდატურის შერჩევის პროცესი, არამედ ის, თუ ვინ იქნება ეს კანდიდატი:

სულხან სალაძე

„დღეს ეს ისეთი მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს, რადგან რა მოვლენებთანაც ახლა გვაქვს საქმე, პირდაპირ უკავშირდება პროკურატურის საქმიანობას. აქედან გამომდინარე, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ ვინ იქნებიან მთავარი პროკურორობის კანდიდატები. ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ისეთი კანდიდატები შეარჩიოს, რომლებიც ყველაზე ნაკლებად ან საერთოდ არ იქნებიან აფილირებულები პოლიტიკურ ჯგუფებთან, ანუ არ იქნება დაკავშირებული მისი სახელი ისეთ პოლიტიკურ ჯგუფთან, რომელიც უმრავლესობას წარმოადგენს და შეუძლია პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღება. აქედან გამომდინარე, ხაზი უნდა გაესვას კანდიდატის დამოუკიდებლობას, მის წარსულს, ცოდნას, პროფესიონალიზმს. და ასევე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ეს არის ნდობა ამ კონკრეტული ადამიანის მიმართ. დღეს მთავარ პროკურორად დანიშვნა ისეთი ადამიანისა, რომელსაც არ ექნება ნდობა, იმთავითვე ნიშნავს ხელისუფლების მხრიდან არასწორი ნაბიჯის გადადგმას. დღეს ხელისუფლება ვეღარ გრძნობს თავს ისე კომფორტულად, როგორც, მაგალითად, ერთი კვირის წინ და, შესაბამისად, მას დღეს მოუწევს უფრო მეტ დათმობაზე წასვლა, ვიდრე, მაგალითად, ორი კვირის წინ წავიდოდა".

როგორია მთავარი პროკურორის შერჩევისა და დანიშვნის პროცედურა

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტი გიორგი კაკუბავა განმარტავს იმ პროცედურას, რომლის გავლაც ახლა მოუწევს ხელისუფლებას ახალი მთავარი პროკურორის შესარჩევად და დასანიშნად:

პროკურორების ცვლილებები ბოლო წლებში

  • ირაკლი შოთაძე 2015 წლის ნოემბრის ბოლოს პროკურორის არჩევის ახალი წესის შესაბამისად გახდა კანდიდატი. პარლამენტმა დაამტკიცა 82 ხმით 15-ის წინააღმდეგ.
  • ირაკლი შოთაძემ გიორგი ბადაშვილი შეცვალა და თანამდებობა ექვსწლიანი ვადით დაიკავა, თუმცა მისი პროკურორობის ვადა დროზე ადრე, ორ წელიწად-ნახევარში დასრულდა.
  • დროზე ადრე დატოვა მთავარი პროკურორის თანამდებობა კიდევ ერთმა პროკურორმა, არჩილ კბილაშვილმა, 2013 წელს.

„მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, არაფორსმაჟორულ შემთხვევაში, პროკურორის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე ექვსი თვით ადრე იწყება ახალი პროკურორის შერჩევის პროცედურები, თუმცა, თუკი პროკურორს ვადაზე ადრე უწყდება უფლებამოსილება, დაუყოვნებლივ იწყება კანდიდატების შერჩევის პროცედურა. ქვეყნის მთავარი პროკურორის თანამდებობაზე განწესების პროცესში მონაწილეობს საპროკურორო საბჭო, აღმასრულებელი ხელისუფლება და საკანონმდებლო ხელისუფლება. საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარეა იუსტიციის მინისტრი, რომელიც საბჭოს წარუდგენს არანაკლებ სამ კანდიდატს. კანონის თანახმად, საბჭო ხმების უმრავლესობით, ორი მესამედით, ფარული კენჭისყრით აირჩევს პროკურორის კანდიდატურას. საბჭოს მიერ დამტკიცებული კანდიდატურა წარედგინება თანხმობისთვის საქართველოს მთავრობას, მთავრობის მიერ დამტკიცებული მთავარი პროკურორის კანდიდატურა კი წარედგინება საკანონმდებლო ორგანოს, რომელმაც ფარული კენჭისყრით, ხმათა უმრავლესობით, სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედისა, უნდა დაამტკიცოს ქვეყნის ახალი პროკურორი. აღსანიშნავია, რომ საპროკურორო საბჭოში წარდგენამდე იუსტიციის მინისტრი ერთი თვის განმავლობაში მართავს კონსულტაციებს სპეციალისტებთან, დაინტერესებულ პირებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან“.

ირაკლი შოთაძე 2015 წლის ნოემბრის ბოლოს პროკურორის არჩევის ახალი წესის თანახმად შეირჩა. იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მაშინ ერთთვიანი საჯარო კონსულტაციები გამართა არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ექსპერტებთან და საბჭოს სამი კანდიდატი წარუდგინა. მაშინ შოთაძის კანდიდატურას საბჭოს 14 წევრიდან მხარი 13-მა დაუჭირა. საბოლოოდ, პარლამენტმა ირაკლი შოთაძე მთავარ პროკურორად 82 ხმით დაამტკიცა, 15-ის წინააღმდეგ. ირაკლი შოთაძემ 2015 წელს გიორგი ბადაშვილი შეცვალა და თანამდებობა 6-წლიანი ვადით დაიკავა, თუმცა მისი პროკურორობის ვადა დროზე ადრე, ორწელიწადნახევარში დასრულდა. დროზე ადრე დატოვა მთავარი პროკურორის თანამდებობა კიდევ ერთმა პროკურორმა, არჩილ კბილაშვილმა, 2013 წელს.