სამშენებლო ბუმი და მიგრაცია ბიზნესს უცხოელი მუშახელის ჩამოყვანისკენ უბიძგებს

სამშენებლო მოედანი თბილისის ერთ-ერთ სამშენებლო ობიექტზე, 2024 წლის მარტი

თუ თქვენ რამე მასშტაბურის აშენებას გეგმავთ და სამშენებლო კომპანია გჭირდებათ, რიგში უნდა ჩადგეთ ან სხვა გზა მოძებნოთ, რადგან, ასე ადვილად ვერავის იპოვით. ჯერ ერთი, მშენებლობის ბუმის გამო, ყველა დაკავებულია და მეორეც, ეს კომპანიები თვითონ ეძებენ კადრებს.

რაც დრო გადის, მუშახელის დეფიციტი სულ უფრო აშკარა ხდება. ემიგრაციით და ფასების ზრდის მასშტაბით შეშინებული სამშენებლო ბიზნესი ამბობს, რომ უცხოელი მუშახელის მასობრივად შემოყვანა გარდაუვალია.

მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა თბილისში, 2024 წლის მარტი

სამშენებლო მოედნებზე უცხოელები უკვე მუშაობენ, მაგრამ მათი რიცხვი ახლა ძალიან დიდი არ არის.

ზოგმა კომპანიამ უცხოელი მუშახელის მასობრივად შემოყვანაზე ფიქრი სხვებზე ადრე დაიწყო და შარშან, 2023 წელს, თანამშრომლები თურქეთში იპოვა.

უცხო ქვეყნის მოქალაქეები საქართველოს სამშენებლო სექტორში ადრეც მუშაობდნენ. არქიტექტორი და ურბანისტი ომერ ილქნური, 2008 წლიდან საქართველოში ცხოვრობს და სამშენებლო სექტორში მუშაობს. საქართველოში ის პირველად ბათუმის „შერატონის“ მშენებლობის დროს ჩამოვიდა. მაშინ ის პროექტის რეგიონული მენეჯერი იყო.

მშენებლობის დასრულების შემდეგ სტამბოლში დაბრუნებას გეგმავდა, თუმცა მერე გეგმები შეეცვალა, საქართველოში დარჩა და დღესაც ერთ-ერთ მსხვილ სამშენებლო კომპანიაში მუშაობს.

ბრიგადა შენობას ბეტონის დასასხმელად ამზადებს, თბილისი, 2024 წლის მარტი

წლების წინ ლიბიაში, არაბეთსა და თურქმენეთში ცხოვრებისა და მუშაობის შემდეგ საქართველო „სამოთხედ მოეჩვენა“ და უკან აღარ დაბრუნებულა.

ომერის დაკვირვებით, საქართველოს სამშენებლო სფეროში კადრების დეფიციტი სულ უფრო მწვავდება. ამბობს, რომ უფრო მაღალი ხელფასის მიღების მოტივით, სულ უფრო მეტი ქართველი მიდის მშენებლობაზე ევროპასა და ამერიკაში.

„უვიზო რეჟიმის გამო ქართველებისთვის წასვლა ადვილია, აი, თურქ მუშახელს, მაგალითად, არა აქვს ასე ადვილად ევროპაში წასვლის შესაძლებლობა და აქ ჩამოდიან ხოლმე“.

იხსენებს, რომ ცოტა ხნის წინ თურქმენეთში დარეკა ნაცნობთან, იქაური მუშახელის საკითხი აინტერესებდა და შეიტყო, რომ მათაც იგივე პრობლემა აქვთ.

„სამუშაო ძალას მხოლოდ საქართველო არ ეძებს, რუსეთი და თურქეთიც ამ დღეშია. ისინიც ძირითადად ეძებენ ხალხს თურქმენეთში, უზბეკეთსა და ყირგიზეთში“, - ამბობს ომერ ილქნური.

ომერი ფიქრობს, რომ ეკონომიკური კრიზისის გამო, თურქებისთვის საქართველო დაახლოებით ისეთ ქვეყნად იქცა, როგორიც იყო მათთვის გერმანია - მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, სადაც სამუშაოდ მასობრივად მიდიოდნენ. თუმცა გასულ წელს, თურქეთში მომხდარმა მიწისძვრამ ეს სურათი ნაწილობრივ შეცვალა:

„დღეს თურქეთში შარშან მომხდარი მიწისძვრისგან დანგრეულ ათზე მეტ ქალაქს აშენებენ და, ფაქტობროვად, თურქეთის სამშენებლო კომპანიების უმეტესება იქ არის გადასროლილი. ამიტომ, იქაც შეიქმნა კადრების დეფიციტი. სტამბოლში დღეს ძალიან უჭირთ სპეციალისტების შოვნა, ამწის ოპერატორი იქნება ეს თუ სხვა. რადგან მოთხოვნა არის, თურქებს ახლა მაინც იქ მუშაობა ურჩევნიათ, საკუთარ ოჯახებთან ახლოს. ამიტომ მასობრივად აქეთ ჯერ არავინ მოდის“.

ომერ ილქნური ლიბიაში მუშაობის გამოცდილებასაც იხსენებს, სადაც ბევრი ინდოელი და პაკისტანელიც მუშაობდა მშენებლობებზე - მისი ვარაუდით, შესაძლოა, საქართველოს შრომით ბაზარზე ისინიც გამოჩნდნენ, რადგან აქაური ანაზღაურება მათთვის შეიძლება მისაღები იყოს.

თბილისში მიმდინარე ერთ-ერთი მშენებლობა, 2024 წლის მარტი

დიდი დეველოპერული კომპანიებიც იმავეს ამბობენ, რასაც თურქი არქიტექტორი ომერი: უახლოეს მომავალში, სამშენებლო სექტორში სულ უფრო მეტი უცხოელი გამოჩნდება.

კომპანია „არსის“ გენერალური დირექტორი ბესიკ ორთოიძე რადიო თავისუფლებასთან საუბარში შენიშნავს, რომ მართალია, ჯერჯერობით მათ არ დასდგომიათ უცხოეთიდან სამუშაო ძალის შემოყვანის საჭიროება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ სფეროში პრობლემა არ დგას.

კვალიფიციური კადრების დეფიციტი არსებობს, - ამბობს ბესიკ ორთოიძე, - სექტორი უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე სპეციალისტები შემოდიან ბაზარზე.

„არსის“ დირექტორი გვეუბნება, რომ მხოლოდ გასულ წელს, მხოლოდ თბილისში, 2 მილიონ კვადრატულ მეტრზე გაიცა მშენებლობის ნებართვა - ამ მასშტაბის მშენებლობისთვის საჭირო კადრი დღეს საქართველოში არ არსებობს:

„იქნება ეს უბრალო დამხმარე მშენებლობაზე, მლესავი, ბლოკის მწყობელი, რკინა-ბეტონის სპეციალისტი თუ სხვა“.

ეს ეტაპი ბევრმა დასავლურმა ქვეყანამაც გაიარა. იქაც შრომითი მიგრაციით მიდიოდნენ და საქმდებოდნენ დაბალშემოსავლიანი ქვეყნების მოქალაქეები.

თუ, მაგალითად, საქართველოდან მშენებლობაზე სამუშაოდ პოლონეთში მიდიან, რადგან იქაური ანაზღაურება მეტია, პოლონელები, თავის მხრივ, სამუშაოდ მიდიოდნენ გერმანიაში, სადაც მათ მეტს უხდიდნენ. ასეთია შრომითი მიგრაციის წრე:

„მე მგონი, ჩვენც ამ ეტაპზე ვართ ახლა. რაღაც მომენტში ჩვენც შემოვიყვანთ ჩვენზე ნაკლებგანვითარებული ქვეყნებიდან სამუშაო ძალას. მაგრამ ამ პრობლემის მეორე მხარეა ის, რომ როგორმე უფრო პოპულარული უნდა გახდეს ეს პროფესია. სხვანაირად კვალიფიციური კადრების დეფიციტი ვერ გადაიჭრება“, - ამბობს ბესიკ ორთოიძე.

ჯერჯერობით, სამშენებლო კომპანიებს არა აქვთ ერთობლივი გეგმა, როგორ უნდა ჩამოიყვანონ უცხოელები მასობრივად საქართველოში სამუშაოდ, - ეს ქაოსურად ვერ მოხდება და ამ პროცესს კანონმდებლობაც უნდა მიჰყვეს - რა ვადით შემოვლენ, რა სტატუსით უნდა დარეგულირდეს გადასახადების მხარეც.

მშენებლობის პროცესი ერთ-ერთ ობიექტზე თბილისში, საიზოლაციო პანელებს ამაგრებენ. 2024 წლის მარტი

„სულ ვეძებთ, სულ გვჭირდება ხალხი“

„ანაგი“ მსხვილი სამშენებლო კომპანიაა, რომელიც 20 წელზე მეტია არსებობს და დღესაც თბილისში (და მის გარეთ) რამდენიმე მასშტაბურ ობიექტს აშენებს. ერთ-ერთ მათგანზე, სადაც მაღალსართულიანი საცხოვრებელი კომპლექსი შენდება, ყოველდღე 90-მდე ადამიანი მუშაობს. აქ ძირითადად ქართველები არიან დასაქმებულები, თუმცა სხვადასხვა ობიექტზე, უფრო კი საოფისე სამსახურში, სხვა ეროვნების თანამშრომლებიც ჰყავთ, მათ შორის, თურქები, უკრაინელები.

ეს კომპანიაც მუდმივად ეძებს კადრებს - „ანაგის“ ადმინისტრაციულმა ხელმძღვანელმა, მარიამ დვალიშვილმა, მაგალითად, გვითხრა, რომ კომპანიას ხალხის დაქირავების შესაძლებლობა აქვს, მაგრამ კადრების დეფიციტი მაინც სულ არსებობს.

„თითქმის ყველა პროფესიულ სასწავლებელთან ვთანამშრომლობთ, ასევე უნივერსიტეტებთან, ვისაც სამშენებლო ფაკულტეტები აქვთ, ვალდებულებაც გვაქვს, რომ სურვილის შემთხვევაში გადავამზადოთ კადრები, მაგრამ, სამწუხაროდ, დიდად არავინ ინტერესდება“, - გვითხრა მარიამ დვალიშვილმა.

საგანგებოდ უცხოელ მუშახელს კომპანია ჯერჯერობით არ ეძებს, მაგრამ თუ მათთან ვინმე უცხოელი დასაქმდება, შემდეგ მას თავად მოჰყავს ხოლმე მეგობარი თუ ნაცნობი, „უტარდებათ შრომის უსაფრთხოების ტრენინგი, გადამზადება და მხოლოდ ამის შემდეგ შედიან სამშენებლო მოედანზე“.

ჯგუფურად უცხოეთიდან ბრიგადა „ანაგს“ არასოდეს ჩამოუყვანია.

სამშენებლო ინდუსტრიაში უცხო ქვეყნის მოქალაქეების დასაქმების საკითხი, ეკონომიკის სამინისტროს 2019 წლის კვლევაშიც მოხვდა, რომელიც ამ სფეროს შრომის ბაზრის საჭიროებებს სწავლობდა და მაშინ გამოიკვეთა, რომ იმ საწარმოთა 5%-ს (224 საწარმო) ჰყავდა დასაქმებული უცხო ქვეყნის მოქალაქეები, ჯამში, 2737 ადამიანი, რაც სამშენებლო ინდუსტრიაში არსებული მთლიანი დასაქმების 3.4%-ს შეადგენდა და ეს წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 11%-ით ჩამორჩებოდა. ყველაზე დიდი წილი ხელოსნებისა და მონათესავე პროფესიების მუშაკებზე მოდიოდა - 47.5%, მშენებლობის მენეჯერებზე - 16.1%, ხოლო სპეციალისტებზე - 11.9%.

სამშენებლო მოედანი თბილისში, მარშალ გელოვანის გამზირზე მაღალსართულიანი საცხოვრებელი კომპლექსი შენდება, 2024 წელი

როგორ გაქრა მუშახელი?

დავით ჩანტლაძის დაკვირვებით, რომელიც სამშენებლო კომპანია „იმპოსტის“ დამფუძნებელია, პირველად, სამუშაო ძალის მკაფიო დეფიციტი ამ ბაზარზე მაშინ შეიქმნა, როცა საქართველოდან მექსიკის გავლით ამერიკაში ხალხის მასობრივი ემიგრაციის ტალღა აგორდა.

მისი თქმით, ეს სამშენებლო სფეროს მაშინვე დაეტყო.

„ჯერ ხალხი გაქრა, მერე კი ყველაფერი გაძვირდა. ზოგიერთი ხელობის ფასი - 4-ჯერ გაიზარდა... დავუშვათ, მოვიგე 10-მილიონიანი ტენდერი, შევედი ობიექტზე და დავიწყე სამუშაოების ჩატარება. და დავუშვათ, პროექტით გათვალისწინებულია, რომ კედლის გალესვაში მლესავს ვუხდი 5 ლარს (ეს, ცხადია, პირობითი თანხაა) - ვალდებულების აღებიდან მალევე ვერც ხუთ ლარად შოულობდი მუშახელს და ვეღარც 25 ლარად. ამ პრობლემის წინ არაერთი სამშენებლო კომპანია დადგა“.

დავით ჩანტლაძე გვიყვება, რომ თუ ვინმეს წასვლის შანსი უჩნდება, ის აუცილებლად მიდის ან აშშ-ში სამუშაოდ, ან პოლონეთში, ან რუსეთში:

„რუსეთთან სავიზო რეჟიმის გაუქმებამ საბოლოო დარტყმა მოგვაყენა. ბევრნი იქაც წავიდნენ“.

ვინც მეტს გადაიხდის, სამუშაო ძალაც იქ მიდის.

„ამიტომ გვგონია, რომ უცხოელი მუშახელის ჩამოყვანა შეიძლება იყოს გამოსავალი. მაგალითად, პაკისტანიდან. აქ ვინც პოტენცურად შეიძლება მშენებლობაზე იმუშაოს, მათ კურიერებად მუშაობა ურჩევნიათ. ყველა „გლოვოსა“ და „ვოლტში“ მიდის სამუშაოდ, რადგან მათი გადასახედიდან, იქ უფრო თავისუფალი რეჟიმი აქვთ და თან არაფრის ცოდნა საჭირო არ არის - აიღე, მიიტანე“, - გვითხრა დავით ჩანტლაძემ.

ის, რომ მიგრაცია და, ზოგადად, ქვეყნის დემოგრაფიული მდგომარეობა სამუშაო ძალის დეფიციტს გრძელვადიან გამოწვევად აქცევს, „თიბისი კაპიტალის“ მიერ ჩატარებულმა კვლევამაც (2024 წლის მაკროეკონომიკური მოლოდინები და 5 მთავარი თემა) აჩვენა, რომელშიც ვკითხულობთ, რომ ამ პრობლემასთან გასამკლავებლად დიდმა ინდუსტრიებმა, როგორიც არის, მაგალითად, სამშენებლო სექტორი, უფრო აქტიურად უნდა გამოიყენონ შედარებით დაბალშემოსავლიანი მეზობელი ქვეყნების პოტენციალი.

ერთ-ერთი მონაცემი კვლევიდან

ამ გამოკვლევის თანახმად, სამი შედარებით დაბალშემოსავლიანი ქვეყანა, საიდანაც ძირითადად შემოჰყავთ და მომავალშიც მოსალოდნელია უფრო მეტი სამუშაო ძალის შემოყვანა საქართველოში, მათ შორის, სამშენებლო სექტორშიც, არის აზერბაიჯანი, თურქეთი და უზბეკეთი.