სამოქალაქო ჯგუფი გია ჭანტურიას მკვლელობის გამოძიებას ითხოვს

სამოქალაქო ჯგუფმა გიორგი ჭანტურიას შვილთან ერთად პროკურატურაში განცხადება შეიტანა. ჯგუფის წევრები ჭანტურიას მკვლელობის ხელახალ გამოძიებას ითხოვენ. ედპ-ს ლიდერი გიორგი ჭანტურია 1994 წელს მანქანაში ჩაცხრილეს. დღეს მას 60 წელი შეუსრულდებოდა.

90-იანი წლების ერთ-ერთი მკაფიო პოლიტიკოსი გიორგი ჭანტურია პოლიტიკაში ეროვნული მოძრაობიდან მოვიდა. ის ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიას ხელმძღვანელობდა.

მკვლელობა 1994 წლის 3 დეკემბერს მოხდა, მაშინ ჭანტურია 35 წლის იყო. ამ დროისთვის უკვე გარდაცვლილები არიან ეროვნული მოძრაობის სხვა ლიდერები: მერაბ კოსტავა, ზურაბ ჭავჭავაძე, ზვიად გამსახურდია. ყოველი მათგანის სიკვდილის საქმე დღემდე გაუხსნელი და გაურკვეველია.

გია ჭანტურიას თბილისის ცენტრში საკუთარ სადარბაზოსთან გაუხსნეს ცეცხლი, როდესაც ის მეუღლესთან, პოლიტიკოს ირინა სარიშვილსა და დაცვის წევრ მერაბ ბარამიასთან ერთად მანქანაში ჩაჯდა. მანქანა ავტომატის ჯერით დაცხრილეს. ჭანტურია და ბარამია ადგილზევე გარდაიცვალნენ, მძიმედ დაიჭრა ირინა სარიშვილი.

ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი ზაზა პატარიძე ამბობს, რომ ტერაქტში მინიმუმ სამი მანქანა მონაწილეობდა, რომლებშიც 12 ადამიანი იჯდა, ისროდა 3. მოგვიანებით გამოძიებამ მხოლოდ ოთხ პირზე გაამახვილა ყურადღება.

გიორგი ჭანტურია

„კიდევ ერთხელ გადავწყვიტეთ, პროკურატურას მივმართოთ. სულ რამდენიმე თვეში 25 წელი გახდება, რაც გია ჭანტურია მოუკლეს საქართველოს და დღემდე არ ვიცით, რატომ: რა პროცესების განვითარების ეშინოდათ ასე ძალიან, ვინ იდგა შემსრულებლების უკან... დარწმუნებული ვარ, ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის ინტერესებს ემსახურებოდა ეს ყველაფერი“, - ამბობს გიორგი ჭანტურიას შვილი, გიორგი ჭანტურია.

როგორც სამოქალაქო ჯგუფის წევრებმა აღნიშნეს, ეს რიგით მეოთხე განცხადებაა. ყველა წინა განცხადება რეაგირების გარეშე დარჩა იმ მოტივით, რომ ამ საკითხზე გამოძიება ერთხელ უკვე ჩატარდა და ხელახლა გამოსაძიებლად ახალი გარემოებები არ იკვეთება.

გიორგი ჭანტურიას დაკრძალვა, ეროვნული ბიბლიოთეკის არქივი

გიორგი ჭანტურიას მკვლელობასთან დაკავშირებით თავის დროზე „მხედრიონის“ წევრები გაასამართლეს. პატიმრობა მიესაჯა რამდენიმე ადამიანს, მათ შორის გიგა გელაშვილს, გოჩა გელაშვილს, გოჩა თედლიაშვილსა და ყოფილ შს მინისტრ თემურ ხაჩიშვილს, თუმცა ჭანტურიასა და ბარამიას მკვლელობა მათთვის წაყენებული ბრალდებების ერთი ნაწილი იყო - ბრალი ედებოდათ ასევე 1995 წელს შევარდნაძეზე განხორციელებული ტერაქტის ორგანიზებასა და კიდევ სხვა დანაშაულებში.

თემურ ხაჩიშვილს 11 წელი მიესაჯა, მაგრამ 7 წლის შემდეგ იგი თავად შევარდნაძემ შეიწყალა. 2002 წელს პარლამენტმა დაადგინა, რომ აღიარებითი ჩვენებები ზეწოლის შედეგად იყო მიღებული.

ზაზა პატარიძე

ზაზა პატარიძე: „ყველა გაუხსნელი საქმე ამ ჯგუფს „შეტენეს“ . შეიძლება მართლა მათი გაკეთებულია, შეიძლება - არა, მაგრამ ისინი მხოლოდ შემსრულებლები იყვნენ. მე საგამოძიებო ჯგუფის წევრი ვიყავი, მაგრამ ჩემთან რაღაცებს მალავდნენ. ვინ მოკლა გია ჭანტურია, ამაზე გამოძიებამ უნდა გასცეს პასუხი. პოლიტიკურად ჩვენ მაშინ იგორ გიორგაძესთანაც ვიყავით დაპირისპირებულნი და „მხედრიონთანაც“, მაგრამ ამ ორივეს უკან შევარდნაძე იდგა. აქედან გამომდინარე, შეიძლება ვთქვათ, რომ ის, რაც მოხდა, შევარდნაძეს აძლევდა ხელს. მოდიოდა 1995 წლის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები და გიას ძალიან დიდი შანსი ჰქონდა საპრეზიდენტო არჩევნებში გაემარჯვა“.

ედპ-ს ლიდერი მამუკა გიორგაძე ამბობს, რომ საქმე მრავალტომიანი იყო, საბრალდებო დასკვნა კი 200 გვერდს შეადგენდა. აქედან უშუალოდ გიორგი ჭანტურიას მკვლელობას ორი გვერდი ჰქონდა დათმობილი.

მამუკა გიორგაძე: „არც მე, არც მაშინდელი შს მინისტრი შოთა კვირაია, არც შევარდნაძე არავის დავუკითხივართ. რისთვის მოკლეს გიორგი ჭანტურია? საბრალდებო დასკვნაში ეწერა, ინტერვიუში თქვა „მხედრიონის“ ალაგმვაა საჭიროო. ეს ხომ არასერიოზულია?! ამის გამო მიიღეს გადაწყვეტილება, რომელმაც ცივილიზებული სამყაროს შოკი გამოიწვია?

ხელისუფლების და რუსეთის ინტერესი იყო ჭანტურიას მოცილება. ჩვენ ბევრი ფაქტი გვაქვს, როდესაც მსგავს ქმედებებში შევარდნაძის მონაწილეობის ეჭვები არსებობდა. 1995 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ჩვენი პარტია მეორე ადგილზე გავიდა. ასეთ დაძაბულ ვითარებაშიც კი! მაშინ პრეზიდენტის პოსტზე ორი გამოკვეთილი ფიგურა იყო - შევარდნაძე და პატიაშვილი, ნებისმიერი მესამე კანდიდატი ჩვენი პარტიიდან უკვე სერიოზულ კონკურენციას გაუწევდა“.

მამუკა გიორგაძე ამბობს, რომ ჭანტურიას მკვლელობის შემდეგ ედპ-ში შიდა დაპირისპირება დაიწყო და ამის გამო მათ 1995 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე პრეზიდენტის კანდიდატურა აღარ წამოუყენებიათ.