კაკბის საკენკელა, ბარამბო და მრავალძარღვა - სამკურნალო მცენარეები ბოტანიკური ბაღიდან
თბილისის ბოტანიკურ ბაღში, ცენტრალური შესასვლელიდან საკმაოდ ზევით 3 ჰექტარია შემოღობილი. აქ სამკურნალო მცენარეები აქვთ გაშენებული. ნაკვეთში 460 სახეობის მცენარიდან ბევრი მხოლოდ საქართველოს ენდემია, აქედან ზოგი წითელ წიგნში შეტანილი.
სამკურნალო მცენარეების ნაკვეთს ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი როზა ბიძინაშვილი კურირებს.
„ყველა ბოტანიკური ბაღის მთავარი ფუნქცია საკოლექციო ნაკვეთების შექმნაა. აქ თავმოყრილია საქართველოს ფლორის სამკურნალო მცენარეები, ბევრი მათგანი მსოფლიო ფარმაკოლოგიაშია შეტანილი და მათგან პრეპარატები მზადდება. ამ მცენარეების ზრდა-განვითარებას ვსწავლობთ, მათ აგრარულ თავისებურებას. ხშირად მოდიან მოსწავლეები, ტურისტები, სხვადასხვა ქვეყნების სპეციალისტები, ბევრი რამ მხოლოდ კავკასიაში იზრდება, ამიტომ მათთვის საინტერესოა“, - ამბობს როზა ბიძინაშვილი.
ეიხლერის ტიტა - საქართველოში ტიტების ორი სახეობა გვხვდება, ეიხლერის ტიტა და ბიბერშტეინის ტიტა. ბიბერშტეინის ტიტა მხოლოდ თელეთის ქედზე იზრდება. ეს მცენარე ბუნებაში უკვე იშვიათია, რადგან ლამაზია და ბევრი კრეფს.
კავკასიური ხარიძირა - ესეც ორი სახისაა, კავკასიური და აფხაზური. კავკასიურ ხარისძირას ყვითელი ყვავილები აქვს და კავკასიის ენდემს წარმოადგენს.
აფხაზური ხარისძირა - ძირითადად აფხაზეთში ხარობს, თუმცა დასავლეთ საქართველოშიც გვხვდება. აქვს მოვარდისფრო ყვავილები.
ასევე არის შავი ხარისძირაც, რომელიც ევროპაში იზრდება. მისი ფესურებისგან გულ-სისძლძარღვთა დაავადებების სამკურნალო პრეპარატი მზადდება. მსგავსი ქიმიური შემადგენლობა აქვს ქართულ ხარისძირებსაც.
„მის ფესურებს ხალხურ მედიცინაში გასახდომადაც იყენებენ, მაგრამ მცენარე შხამიანია და ოდნავ დოზის გადაჭარბებამ შესაძლოა სავალალო შედეგი გამოიღოს. ხარისძირას ხშირად იყიდება, როგორც დეკორატიული მცენარეც, თუმცა დიდი ხნით მისი ხელში დაჭერა არ ღირს“, - ამბობს როზა ბიძინაშვილი.
ზამბახი - ეთერზეთების შემცველობის გამო ზამბახის ყვავილები კოსმეტიკაშია პოპულარული, მისი ფესურა კი გულ-სისძლძარღვთა დაავადების სამკურნალოდ გამოიყენება.
მრავალძარღვა - ამ მცენარეს ყველა იცნობს. გარდა იმისა, რომ მრავალძარღვა ჭრილობების შემახორცებლად ითვლება, ის შინაგანი დაავადებების სამკურნალოდაც გამოიყენება.
ბოტანიკურ ბაღში სამკურნალო მცენარეების შესწავლას დიდი ხნის ისტორია აქვს. 1916-1930 წლებში სამკურნალო მცენარეების განყოფილებას კოლექციები და სანერგეები არა მხოლოდ ბაღის ტერიტორიაზე, თბილისის მიდამოებშიც ჰქონდა, ასევე კავკასიის სხვა ბოტანიკურ ბაღებშიც. 30-იანი შლების შემდეგ სამკურნალო მცენარეების მოშენებას ყურადღებას ნაკლებად აქცევდნენ და ამის გამო ბევრი კოლექცია განადგურდა.
სვინტრი - გამოიყენება ხალხურ მედიცინაში. მასზე ხალხური ლექსიც არის:
„ჭინჭარი ჭირის ჭირია, სატაცური ბალღამია,
სვინტრი მოდის, გაიძახის: მე ვარ ყველას წამალია!“
ბარამბო - მცენარე ლიმონის არომატით. ამ მცენარისგან დამამშვიდებელ ნაყენს ამზადებენ.
პირველი მსოფლიო ომის წლებში ბოტანიკური ბაღის სამკურნალო მცენარეები განსაკუთრებით გამოადგათ. ჩამოყალიბდა ე.წ. ,,სამხედრო ორგანიზაცია“, რომელიც ადგილობრივ სამკურნალო მცენარეებს აგროვებდა, სწავლობდა და ფრონტზე აგზავნიდა.
ფურისულა - ენდემური ყვავილი, საქართველოში მისი რამდენიმე სახეობა იზრდება, მათგან ნაწილი - აფხაზეთში.
ბოტანიკურ ბაღში სწავლობენ მცენარის მახასიათებლებს. აქ მხოლოდ მისი სამკურნალო თვისებები არ იგულილსხმება, არამედ ისიც თუ როგორი აგებულება აქვს, როგორ იზრდება და რა სჭირდება გასახარებლად.
კაკბის საკენკელა - პატარა ლურჯი ყვავილი. ხალხურ მედიცინაში მას შინაგანი დაავადებების მკურნალობისთვის იყენებენ.
სამკურნალო მცენარეების შესაგროვებლად ბოტანიკოსები მთელ საქართველოში დადიოდნენ. ჩატარდა ეთნობოტანიკური კვლევები, რომ გაერკვიათ ხალხურ მედიცინაში რომელი მცენარეები გამოიყენებოდა.
შროშანა - იგივე „კონვალარია ტრანსკავკასიკა“. მისგან დამზადებული წვეთები საყოველთაოდ არის ცნობილი. გამოიყენება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების სამკურნალოდ.
ხალხურ მედიცინაში წამლის მოსამზადებლად მცენარეებს ძირითადად ხარშავენ, მაგრამ რადგან ბევრი მცენარე შხამიანია, მათი თვითნებურად დამზადება სახიფათოა.
ასფოდელი - „ეს მცენარე სამი ათასი წლის წინანდელია. ამბობენ, რომ მედეას ბაღშიც იყო. ზმანების გამომწვევ მცენარედ მიიჩნეოდა“, - ამბობს როზა ბიძინაშვილი.
კავკასიური დიოსკორეა - მხოლოდ აფხაზეთში იზრდება. ამ მცენარისგან მიღებული პრეპარატი გულ-სისხლძარღვთა დაავადებების წინააღმდეგ გამოიყენება.
ჯადვარი - „ეს მცენარე თითო-ოროლაღა გვხვდება. ჯადვარის ბოლქვებზე იმასაც ამბობენ, მკვდრის გაცოცხლება შეუძლიაო. იშვიათი სახეობაა“, - ამბობს როზა ბიძინაშვილი.
და ბოლოს მარწყვი - გარდა იმისა, რომ მარწყვი გემრიელი დესერტია, კურნავს კიდეც, მისი ფოთლებისგან, ფესურებისგან და ნაყოფისგან ბევრი სხვადასხვა სამკურნალო ნაყენი მზადდება.
წლების განმავლობაში ბოტანიკურ ბაღში დარგულ სამკურნალო მცენარეებს ყურადღებას ხან მეტად აქცევდნენ, ხან - ნაკლებად. დღეს ამ ნაკვეთის დანიშნულება საქართველოში არსებული სამკურნალო მცენარეების სრული კოლექციის შეიქმნაა. თავად ბოტანიკურ ბაღში მცენარეებისგან წამლებს არ აკეთებენ. ეს ერთგვარი საცავია, თუ რომელიმე მცენარე გადაშენდა, მისი გამრავლება უკვე ამ ნაკვეთიდან გაახდება შესაძლებელი.