სამირას დევნა - „ძალიან კარგად იციან, რომ მათი ქცევა არ მაშინებს“

სამირა ბაირამოვა

„პრორუსული ჯგუფები არაერთხელ დამმუქრებიან, შენი დროც მოვაო. მე არ ვიცი, ეს ის დროა თუ არა, მაგრამ მათ ძალიან კარგად იციან, რომ მათი ქცევა არ მაშინებს“, - მეუბნება სამოქალაქო აქტივისტი, სამირა ბაირამოვა, რომლის ბინის კარზეც 4 ოქტომბრის ღამეს, სავარაუდოდ, გამთენიისას, ჯერჯერობით უცნობმა პირმა, ქრისტიანული რელიგიის სიმბოლო ჯვარი და რუსეთის დროშა დახატა.

ინფორმაცია ამის შესახებ აქტივისტმა სოციალურ ქსელში გააზიარა და შინაგან საქმეთა სამინისტროს რეაგირებისკენ მოუწოდა.

სამირამ რამდენიმე თვის წინ სწორედ იმიტომ დატოვა მშობლიური სახლი მარნეულში და იმიტომ გადმოვიდა თბილისში საცხოვრებლად, რომ ჩათვალა, დედაქალაქში ნაკლები საფრთხე ემუქრებოდა. მარნეულელი აქტივისტი ბოლო წლებში არაერთხელ გახდა სხვადასხვა რადიკალური, პრორუსულად განწყობილი დაჯგუფების წევრების მხრიდან მუქარის მსხვერპლი.

გასული წლის გაზაფხულზე, მას შემდეგ, რაც სამირამ მარნეულში პრორუსული პარტია „კონსერვატიული მოძრაობის” ოფისის ფანჯრებზე უკრაინისა და ევროკავშირის დროშები დახატა, პრორუსული ტელეკომპანიის „ალტ-ინფოს“ წარმომადგენლებმა მას მუქარა შეუთვალეს.

აქტივისტმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა და მალევე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე (მუქარის) მუხლით აღიძრა. პროკურატურამ სამირა ბაირამოვა დაზარალებულად ცნო და ის დაცვის პროგრამითაც სარგებლობდა.

4 ოქტომბრის ღამეს მომხდარ ფაქტზე მოკვლევა სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაიწყო. როგორც უწყებაში ეუბნებიან რადიო თავისუფლებას, სამირა ბაირამოვა 5 ოქტომბერსაა დაბარებული საგამოძიებო სამსახურში. რა მუხლით აღიძრება საქმე და აღიძრება თუ არა, ამის შესახებ უწყებაში ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ.

სამირა ამბობს, რომ მისი დაშინების მცდელობა ფუჭია, თუმცა, არც იმას უარყოფს, რომ არასასიამოვნო განცდაა, როდესაც საცხოვრებელი სახლის კართან „ის ადამიანი მოდის, რომელიც გემტერება“:

სამირა ბაირამოვა

„ეს ჩემთვის სხვა, ახალი გამოცდილება იყო, რადგან საქმე ეხება ჩემს სახლს, პირდაპირ ჩემს სახლში მოვიდნენ. ისეთი განცდაა, რომ მტერთან პირისპირ დავრჩი, იმ ჯგუფთან, რომელიც შენთვის საფრთხეს წარმოადგენს. ქუჩაში კიდევ გასაგებია, რომ შეიძლება ადამიანი დაგესხას თავს, მაგრამ ეს არის სახლი, სადაც ვცხოვრობ და ჩემთვის უსაფრთხო ადგილია. ჩემი მარნეულიდან თბილისში გადმოსვლის მიზეზიც ეს იყო, უსაფრთხოების საკითხი. წარმოდგენა არ მაქვს, საიდან გაიგეს ჩემი სახლის მისამართი. ბევრმა არ იცის ის. მარტო ჩემმა ახლო მეგობრებმა და ოჯახის წევრებმა. ეს ჩემთვის დიდი კითხვის ნიშანია“.

სამირა ბაირამოვამ არც ის იცის, რას, ანუ მის რომელ ბოლოდროინდელ აქტივიზმსა და საქმიანობას უნდა დაუკავშიროს კარისა და კედლის „მოხატვა“:

„ჩემი საქმიანობა ბრძოლას და აქტივიზმს უკავშირდება, მაგრამ ასეთ რამეს ნამდვილად არ ველოდი. ერთ-ერთი ბოლო აქტივობა მქონდა 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, დავწერე პეტიცია, „არა რუსულს“, რომ არ გვინდა საჯარო ტრანსპორტში რუსულად ეწეროს სოფლების სახელები, რაც რეგიონებში ძალიან ხშირია და რაც ძალიან მაღიზიანებს. თუ ჩვენ ვეწინააღმდეგებით რუსეთს, ასე ყოველდღიური ცხოვრებიდან უნდა დავიწყოთ და ამოვიღოთ რუსული ფრაზები, სიტყვები ხმარებიდან. შეიძლება ამას უკავშირდება. ან შესაძლოა წინა პროცესების გაგრძელებაა, რადგან პრორუსული ჯგუფები არაერთხელ მემუქრებოდნენ, შენი დროც მოვაო.

ძალიან გულდასაწყვეტია თვითონ ძალოვანი სტრუქტურების დუმილი. დღემდე გრძელდება გამოძიება, გასულ საქმეებზე, პრორუსულ ჯგუფებთან, "ალტ-ინფოს", ქართული მარშთან დაკავშირებით. მათთან შეჯახება დაიწყო ჯერ კიდევ 2016 წლიდან და იქიდან მოყოლებული დღემდე გვაქვს რეგიონში პრობლემები. სამწუხაროდ, არ მიიღეს არანაირი ზომა და რეაგირება. წლებია მიმდინარეობს გამოძიებები, მაგრამ არანაირი სიახლე არ არის, დახურული წიგნივით დევს“.

„პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ იურისტი, ანა თავხელიძე მიიჩნევს, რომ სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლით უნდა დაიწყოს, რაც ადევნებას გულისხმობს და გამოძიება აუცილებლად დისკრიმინაციული მოტივით უნდა წარიმართოს.

მისი თქმით, სამოქალაქო აქტივისტის მიმართ დროში გახანგრძლივებული და სისტემატური მუქარის ფაქტები სწორედ იმაზე მიუთითებს, რომ ეს არის არა ცალკე მდგომი მუქარა, არამედ ცალსახად გამოკვეთილი ადევნება:

ანა თავხელიძე

„ამ ქმედებაში ადევნებასთან ერთად იკვეთება რამდენიმე დისკრიმინაციული ნიშანი, მათ შორის, რელიგიური, ეთნიკური, გენდერული ნიშანი. ასევე უნდა მოხდეს შეფასება, რომ სამირას, როგორც სამოქალაქო აქტივისტს, ასე დევნიან. ამ ასპექტების გათვალისწინებით უნდა მოხდეს საქმის გამოძიება“.

ხოლო იმ შემთხვევაში, თუკი გამოძიება გადაწყვეტს, რომ 4 ოქტომბერს ჩადენილი ქმედება არის ცალკე აღებული ფაქტი, წინა ფაქტებთან კავშირი არ აქვს და არ არის დევნა, ანა თავხელიძე ამბობს, რომ ეს ქმედება მაინც შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, კონკრეტულად კი სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს, რაც ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობის დარღვევას გულისხმობს.

ანა თავხელიძე ვარაუდობს, რომ არჩევნების მოახლოებასთან ერთად კიდევ უფრო გახშირდება სამოქალაქო აქტივისტების დევნა, ამიტომ მიაჩნია, რომ მარნეულელი აქტივისტის მიმართ ჩადენილი ქმედება, რომელიც აშკარად შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, ხელისუფლებამ დროულად უნდა გამოიძიოს:

„და ეს გამოძიება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს, მას შედეგი უნდა მოჰყვეს. შედეგის დადგომა და კონკრეტული პირების დასჯა არის მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ მოხდეს ძალადობის პრევენცია როგორც სამირასთან, ისე სხვა სამოქალაქო აქტივისტებთან მიმართებით“.

იურისტის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ახლა სახელმწიფომ მიიღოს სამირას დაცვის ეფექტიანი ზომები, რადგან თვლის, რომ დევნის ფაქტი საცხოვრებელ სახლთან განსაკუთრებით მაღალი რისკების შემცველია: „ეს ნეგატიურ გავლენას ახდენს სამირას ემოციურ მდგომარეობასა და უსაფრთხოების განცდაზე“.

სამირა ერთხელ უკვე იყო დაცვის სპეციალური პროგრამის მონაწილე. მას სამი თვის განმავლობაში დაცვის მეთვალყურეობის ქვეშ უწევდა გადაადგილება. თუმცა, პროგრამა თავისი სურვილით დატოვა.

სამირა ფიქრობს, რომ სავარაუდოდ, უარს იტყვის კვლავ დაცვის პროგრამაში ჩართვაზე და ამის კონკრეტული მიზეზი აქვს:

„პირველ რიგში, ფსიქოლოგიურად გამიჭირდა მაშინაც, რომ შეზღუდული ვიყავი. გარდა ამისა, მაშინ რა საფრთხეც მქონდა, ახლა იმ საფრთხეს არ ვგრძნობ. არ მივმართავ ამ პროგრამას, რადგან როცა ამ პროგრამაში ვარ, ფაქტობრივად, ჩერდება ყველაფერი, რომ აი, დაცულია, ყველაფერი კარგად არის და არანაირი გამოძიება აღარ მიმდინარეობს. მთელი ცხოვრება ვერ ვიქნები ან ამ, ან სხვა სახის პროგრამაში. მთავარი ისაა, რომ ძალიან კარგად იციან, ვინ არიან ეს ადამიანები, ერთი და იგივე ჯგუფი და სახელით და გვარით ყველა სახის ინფორმაცია იყო მიწოდებული, მაგრამ“...

სამირა ბაირამოვა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოკითხვაზე 5 ოქტომბერს, 19 საათისთვის მივა.