სამინისტროს 12 ნაბიჯი ხარისხიანი განათლებისკენ

თბილისის ერთ-ერთი სკოლა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ სისტემის რეფორმირების სამოქმედო გეგმა 12 ძირითად მიმართულებაში ასახა. გეგმა მოიცავს როგორც ზოგადი და პროფესიული განათლების, ისე უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების ხელშეწყობისთვის აუცილებელი რეფორმების ჩამონათვალს. სამოქმედო გეგმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრ მიხეილ ჩხენკელის განმარტებით, განათლების ყველა დონეზე ხარისხის ამაღლებას ემსახურება, თუმცა ექსპერტთა ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ გეგმის რეალიზების მექანიზმი არ ჩანს.

Your browser doesn’t support HTML5

სამინისტროს 12 ნაბიჯი ხარისხიანი განათლებისკენ

„სამინისტროს სტრატეგიის ამოსავალი პრინციპი ხარისხია და მასზე ზრუნვა განათლების ყველა საფეხურს ეხება“- ამ სიტყვებით დაიწყო ახალი სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა. განათლების სისტემაში ხარისხის გაუმჯობესების ღონისძიებათა გატარების მიმართულებით საუბრისას კი ყველაზე მეტი დრო ზოგადი განათლების საკითხებს დაუთმო და აღნიშნა, რომ ხარისხის მთავარი უზრუნველმყოფელი ამ სფეროში მასწავლებელია, რომელსაც, პირველ რიგში, პროფესიული განვითარება სჭირდება:

“ყველა მასწავლებელს საქართველოში მიეცემა შესაძლებლობა, რომ საგრძნობლად აიმაღლოს კვალიფიკაცია. დაწყებული ამ ზაფხულს, ჩვენ გვექნება სპეციალური ტრენინგები, სადაც ფოკუსირება მოხდება პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებაზე, კერძოდ, იმ პედაგოგიურ ილეთებზე, ახალ იდეებზე პედაგოგიკაში, რომ მასწავლებლებმა შეძლონ ტრენინგზე მიღებული ინფორმაცია მიიტანონ საკლასო ოთახამდე, იქ, სადაც ხდება მთავარი, სასწავლო პროცესი სადაც მიმდინარეობს“.

მშობლებთან თანამშრომლობაზე დიდი ხანია მიდის საუბარი, მაგრამ ამისი კონკრეტული გეგმა არ ყოფილა აქამდე შემოთავაზებული. მე დღეს მოვისმინე, რომ არის საუბარი მშობლებთან კონტრაქტების, ანუ გარკვეული ხელშეკრულებების გაფორმებაზე სკოლასა და მშობელს შორის...
მარინა უშვერიძე

საქართველოს განათლების მინისტრის თანახმად, ზოგადი განათლების საფეხურის ერთ-ერთი მთავარი სიახლე იქნება განათლების ფინური სისტემის ელემენტების დანერგვა, რისთვისაც უკვე დაწყებულია მუშაობა. მიხეილ ჩხენკელმა ილაპარაკა ასევე სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირების მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ მიმდინარე წლის სექტემბრიდან I-VI კლასების ჩათვლით მოსწავლეები უკვე გაუმჯობესებული სასკოლო სახელმძღვანელოებით ისწავლიან, მომდევნო წლებში კი გაუმჯობესებული სახელმძღვანელოები ექნებათ ზედა კლასების მოსწავლეებსაც.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 12-ნაბიჯიანი სტრატეგიის თანახმად, ზოგადი განათლების საფეხურზე განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა ასევე მოზარდებში შემოქმედებითი აზროვნების განვითარებას, ვირტუალური ტექნოლოგიების დანერგვას, სოფლის სკოლების საგანმანათლებლო-კულტურულ ცენტრებად გარდაქმნას, საჯარო სკოლებში უსაფრთხო, პოზიტიური სასკოლო გარემოს შექმნას და სხვა. ამ მიმართულებაში დაგეგმილი ღონისძიებები, თავის მხრივ, განსაკუთრებით საგულისხმოდ მიაჩნია PH International-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის დირექტორს, მარინა უშვერიძეს. იგი დადებითად აფასებს იმ ფაქტს, რომ სამინისტრო უსაფრთხო სკოლაზე ზრუნვას მშობლების ჩართულობით განიხილავს:

“მშობლებთან თანამშრომლობაზე დიდი ხანია მიდის საუბარი, მაგრამ ამისი კონკრეტული გეგმა არ ყოფილა აქამდე შემოთავაზებული. მე დღეს მოვისმინე, რომ არის საუბარი მშობლებთან კონტრაქტების, ანუ გარკვეული ხელშეკრულებების გაფორმებაზე სკოლასა და მშობელს შორის. ეს მიმაჩნია ძალიან მნიშვნელოვან ნაწილად, იმიტომ რომ ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ ეგრეთ წოდებული ბულინგის პრობლემაზე, მოსწავლეთა შორის ჩაგვრის პრობლემაზე, აქ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თუკი ამას სკოლა აღკვეთს, ოჯახშიც ზუსტად იგივე სწავლება მიმდინარეობდეს“.

უნივერსიტეტების წიაღში დავაარსებთ პროფესიულ კოლეჯებს. როდესაც სტუდენტი წავა კოლეჯში, ის რეალურად იქნება უნივერსიტეტის სივრცეში. ის ისარგებლებს ყველა იმ სიკეთით, რომელიც უნივერსიტეტის სტუდენტს გააჩნია.

მარინა უშვერიძე ფიქრობს, რომ საჭიროა სკოლაში ჩაგვრის საკითხებზე მუშაობა, აუცილებელია მშობელთა საზოგადოებასთანაც, რათა მათ მოსწავლეთა შორის არსებულ კონფლიქტურ თუ დაძაბულ ურთიერთობებზე ინფორმაცია მიაწოდონ მასწავლებელსა და სკოლის ადმინისტრაციას მაშინაც კი, თუ ეს ინფორმაცია უშუალოდ მათ შვილებს არ ეხებათ.

რაც შეეხება განათლების სამინისტროს სტრატეგიის იმ ნაწილს, რომელიც პროფესიულ განათლებას უკავშირდება, ამ მიმართულებაზე საუბრისას მინისტრმა გამოყო უმაღლესი პროფესიული განათლება, დასაქმებაზე ორიენტირებულობა და სწავლების ინტერნაციონალიზაცია. კერძოდ, ითქვა, რომ სტრატეგიის თანახმად, იგეგმება პროფესიული კოლეჯების უმაღლეს სასწავლებლებში დაფუძნებაც, რათა პროფესიული განათლების მიმართ საზოგადოების უარყოფითი, სტერეოტიპული დამოკიდებულება დაიძლიოს და შრომის ბაზარს მეტი კვალიფიციური კადრი შეემატოს:

“უნივერსიტეტების წიაღში დავაარსებთ პროფესიულ კოლეჯებს. როდესაც სტუდენტი წავა კოლეჯში, ის რეალურად იქნება უნივერსიტეტის სივრცეში. ის ისარგებლებს ყველა იმ სიკეთით, რომელიც უნივერსიტეტის სტუდენტს გააჩნია. კონკრეტულად მოგახსენებთ: რამდენიმე კვირის წინ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩვენ დავაარსეთ მედიახელოვნების კოლეჯი, სულ ცოტა ხანში ბიზნეს-ტექნოლოგიების უნივერსიტეტში შეიქმნება IT მიმართულების კოლეჯი, ასევე ძალიან დიდი გეგმები გვაქვს თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის შემადგენლობაში აგრარული კოლეჯის გახსნის მიმართულებით“.

მაგალითად, მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლება და ხარისხიანი სწავლება კვალიფიციური მასწავლებლის მიერ სამინისტროს ერთ-ერთი სურვილია, თუმცა ეს იმდენად პრობლემატური და რთულად მიღწევადია!...

რაც შეეხება უმაღლეს განათლებასა და მეცნიერების განვითარების ხელშეწყობას, განათლების სამინისტროს პრიორიტეტებს შორის სახელდება უმაღლესი განათლების დაფინანსების მოდელის შეცვლა და საგრანტო კონკურსების სისტემის ამოქმედება- ხაზი გაესვა ასევე თანამშრომლობას საერთაშორისო სამეცნიერო ფონდებსა და ორგანიზაციებთან.

განათლების სამინისტროს სამოქმედო გეგმა - „12 ნაბიჯი ხარისხიანი განათლებისკენ“, თავის მხრივ, კარგი სურვილების ჩამონათვლად მიიჩნია სამოქალაქო განვითარების ცენტრის დირექტორმა, განათლების ექსპერტმა შალვა ტაბატაძემ. იგი ამბობს, რომ სურვილების მსგავსი ჩამონათვალი აქამდეც ჰქონიათ მინისტრებს, მთავარი კი ისაა, რა გეგმები აქვს სამინისტროს და რამდენადაა შესაძლებელი ამ სურვილების რეალიზება:

“მაგალითად, მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლება და ხარისხიანი სწავლება კვალიფიციური მასწავლებლის მიერ სამინისტროს ერთ-ერთი სურვილია, თუმცა ეს იმდენად პრობლემატური და რთულად მიღწევადია! საინტერესოა, მასწავლებელთა მოქმედი კონტინგენტის პირობებში როგორ უზრუნველყოფს სამინისტრო სკოლაში კვალიფიციური მასწავლებლის ყოლას. ეს არსად არ ჩანს. იგივე მეცნიერების განვითარება... უწერია, რომ სამეცნიერო კვლევების დაფინანსება მოხდება, თუმცა რამდენად განავითარებს ეს სამეცნიერო კვლევების ხარისხს, არსად არ ჩანს“.

შალვა ტაბატაძე ფიქრობს, რომ განათლების სამინისტრომ თავისი კონკრეტული მიზნების განსახორციელებლად დამატებითი სამოქმედო გეგმა უნდა წარმოადგინოს.