მიმდინარე წლის 24 ივლისს სამთო მაშველებმა თეთნულდზე დაღუპული უკრაინელი ტურისტის ცხედარი ჩამოიტანეს.
მანამდე, 18 ივლისს, სამთო მაშველებმა შემთხვევის ადგილიდან ერთი უკრაინელი ტურისტი უვნებლად გამოიყვანეს. ალპინისტები ამბობენ, რომ სამაშველო ოპერაციები დაგვიანებით ტარდება, სამთო ტურისტები კი საფრთხეებს არ ითვალისწინებენ.
Your browser doesn’t support HTML5
საქართველოს მთებში ძირითადად ტურისტული კომპანიების მიერ დაქირავებული კერძო მაშველები მუშაობენ, ოპერაციებში სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებიც ერთვებიან, განსაკუთრებულ შემთხვევებში კი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სპეციალურად გადამზადებული სამთო-მაშველების რაზმები, რომლებიც თბილისის ზღვაზე არიან ბაზირებულნი.
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს პრესსამსახურის უფროსი მიშა ფეიქრიშვილი ამბობს, რომ მისი უწყების მაშველებს თითქმის ყოველდღე უხდებათ მთაში ასული ტურისტების სახიფათო ადგილებიდან გამოყვანა ან სხვა სახის დახმარების გაწევა:
“ჩვენი ზამთრის კურორტები როგორც ზაფხულში, ისე ზამთარში ძალზე პოპულარულია როგორც ტურისტებისთვის, ისე ჩვენი მოქალაქეებისთვის. შესაბამისად, ხშირად ხდება შემთხვევები, როცა მოქალაქეები საჭიროებენ დახმარებას. ბოლო ერთ თვეში, შემიძლია თამამად ვთქვა, დღეში ორი-სამი შემთხვევა მაინც ხდება, როცა საჭირო ხდება სამაშველო ოპერაციაში ვერტმფრენის ჩართვა. განსაკუთრებით გახშირებულია შემთხვევები, როცა მაშველები ეხმარებიან ტურისტებს”.
მიშა ფეიქრიშვილის თქმით, სამაშველო ოპერაციებში სხვა უწყების ვერტმფრენები ერთვებოდნენ. მესტიის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ყოფილი ალპინისტი ზაურ ჩართოლანი ამბობს, რომ სამთო სამაშველო ოპერაციებისთვის, სპეციალურად გადამზადებული მაშველების დეფიციტია:
„[მაშველებს] არ უტარდებათ შეკრებები, არ გადიან საწვრთნელ საქმიანობას. შესაბამისად, იკარგება კვალიფიკაცია. 56 წლის კაცი ვარ და 25 წლის რომ დავდიოდი, იქიდან აღარაფერია დარჩენილი გარდა თეორიული ცოდნისა. მაშველებიც იმავე სტადიაში გადავლენ, თუ არ გაიარეს საწვრთნელი მომზადებები“.
ზაურ ჩართოლანი დასძენს, რომ ტურისტებისთვის საფრთხეს ქმნის ისიც, რომ ახალი მარშრუტები დადგენილი არ არის, არც მთაში ასულებთან კომუნიკაციის ეფექტური საშუალებები არსებობს.
„რეალურად, მარშრუტები იმდენად არის შეცვლილი, რომ, როცა [ტურისტებს] კონსულტაციებს ვუწევ, ვაფრთხილებ, რომ ინფორმაცია, რასაც ახლა გაწვდით, შეიძლება იყოს მცდარი, რადგან გარემო შეცვლილია, მარშრუტები სხვანაირია. სადაც ადრე მყინვარი იყო, ახლა კლდეებია და...დაშლილი კლდეები ზოგან თოვლად იქცა და ასე შემდეგ. აი, ამ დონეზეა დღეს ჩამომსვლელების მომსახურება“.
ჩვენთან შესაძლოა რამდენიმე დღე გაიწელოს პროცესი, რადგან ვერტმფრენი სხვა ინსტანციისაა, სამაშველო სამსახური სხვა არის. ეს ვერტმფრენი, ასევე, არის დიდი და შეუსაბამო ტექნიკური მისიების შესასრულებლად...არჩილ ბადრიაშვილი
ზაურ ჩართოლანის თქმით, ამჟამად სვანეთში ალპინისტებისა და სამთო ტურიზმის მოყვარულთა დიდი მოზღვავებაა, მარტო თეთნულდის დასალაშქრად 12 ჯგუფია გასული. ალპინისტი არჩილ ბადრიაშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ სამთო ტურისტები არ ითვალისწინებენ საქართველოს მთებში არსებულ რისკებს:
„[ტურისტები] არასერიოზულად უდგებიან ჩვენს მთებს. არ ითვალისწინებენ იმ გარემოებებს, რომ საკმაოდ დიდი მთები გვაქვს და მარშრუტებზეც სრულფასოვანი ინფორმაცია არ მოიპოვება“.
არჩილ ბადრიაშვილის თქმით, ახალი მარშრუტები, წესით, საქართველოს ალპინიზმის ფედერაციამ უნდა შეიმუშაოს.
მისივე თქმით, განსკუთრებით პრობლემურია სამაშველო ოპერაციების ოპერატიულად წარმართვა ვერტმფრენების მეშვეობით.
„მაგალითად, ალპებში დაახლოებით 15 წუთია საჭირო, რომ მოხდეს ვერტმფრენის მობილიზაცია და ადგილზე მისვლა, რა თქმა უნდა, კარგი ამინდის პირობებში. ჩვენთან შესაძლოა რამდენიმე დღე გაიწელოს პროცესი, რადგან ვერტმფრენი სხვა ინსტანციისაა, სამაშველო სამსახური სხვა არის. ეს ვერტმფრენი, ასევე, არის დიდი და შეუსაბამო ტექნიკური მისიების შესასრულებლად“, ამბობს ალპინისტი არჩილ ბადრიაშვილი, რომელიც ყაზბეგის მთებში ასვლას აპირებს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს პრესსამსახურის უფროსი მიშა ფეიქრიშვილი ამბობს, რომ 25 ივლისს საქართველოში ჩამოვიდა მრავალფუნქციური ვერტმფრენი MI 8, რომელიც მისმა უწყებამ ბელორუსიისგან, პილოტთან ერთად, ოქტომბრამდე დაიქირავა. გარდა ამისა, სააგენტო აპირებს კერძო კომპანიისგან ახალი ვერტმფრენის დაქირავებას:
„ეს ორი ვერტმფრენი გათვალისწინებული იქნება სწრაფი რეაგირებისთვის. შესაბამისად, იმისათვის რომ, ხშირ შემთხვევაში, სწორედ წუთებია გადამწყვეტი, ერთი ვერტმფრენი ბაზირებული იქნება დასავლეთ საქართველოში, მეორე აღმოსავლეთ საქართველოში, რათა, საჭიროების შემთხვევაში, უსწრაფესი რეაგირება მოხდეს ნებისმიერ წუთს და ნებისმიერ დროს“.
მიშა ფეიქრიშვილის თქმით, ის, რომ ვერტმფრენები საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს განკარგულებაში იქნება, უმნიშვნელოვანესია სწორედ სამაშველო ოპერაციების ეფექტურად და სწრაფად წარმართვისთვის არა მხოლოდ მთაში, არამედ ბარშიც, მაგალითად, ხანძრების შემთხვევაში.
ფეიქრიშვილის თქმით, არსებული ბიუჯეტით საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო ამ ეტაპზე ვერტმფრენების შეძენას ვერ შეძლებს, რადგან სხვა მიმართულებითაც აქვს შესაძენი სპეციალური ტექნიკა და აღჭურვილობა, თუმცა სააგენტოს სამომავლოდ თავისი ვერტმფრენებიც ექნება, რისი პირობაც მთავრობისგან მიიღო.