სალომეს სარვამარტო ამბავი

8 მარტობით ხშირად იხსენებენ წარმატებული ქალების ან ქალთა უფლებებისათვის ბრძოლაში გამორჩეული ქალების მაგალითებს. იხსენებენ ქალებს, რომლებმაც თავდაუზოგავი შრომითა და ბრძოლით შეცვალეს როგორც თავისი, ასევე გარშემომყოფთა ცხოვრება. ასვე იხსენებენ ქალებს, რომლებიც შეეწირნენ ამ ბრძოლას, თუმცა, როცა საქმე მიდგება ოჯახს შეწირული ქალების უსასრულო რიგზე, ძნელია მრავალი მილიონიდან რომელიმეს გამორჩევა.

სალომე ჩხეიძე ერთ-ერთი იმათგანია, ვინც ქართველი ქალის მძიმე ტვირთის დაუსრულებელმა ზიდვამ გატეხა და თვითმკვლელობამდე მიიყვანა.

„მოხუცი ქალი წვიმაში, ქარში...“

მოხუცი ქალი წვიმაში, ქარში
ვერის ხიდიდან გადეშვა მტკვარში.
ო, საშინელი ზვირთების რკალი...
იყო... არ არის მოხუცი ქალი.
ვაჰ, ჩვენი ბრალი.

ეს ლექსი - „სალომე ჩხეიძე“, რომელიც ვერანაირად ვერ ჩაითვლება ლიტერატურულ შედევრად, გალაკტიონ ტაბიძეს ეკუთვნის.

უბის წიგნაკში გაკეთებულ ჩანაწერს თარიღად მითითებული აქვს 1958 წელი, თუმცა მოხუცი ქალი, ვისი ტრაგიკული აღსასრულიც ხუთი სტრიქონით აღწერა დიდმა პოეტმა, ვერის ხიდიდან გადაეშვა ბევრად ადრე, 1924 წლის დეკემბერში. ტფილისში გამომავალი მაშინდელი გაზეთები იუწყებოდნენ.

​თუმცა დახრჩობის მიზეზი გამოურკვეველი იყო გაზეთის რედაქციისათვის, თორემ სალომე ჩხეიძის შვილებს ზუსტი წარმოდგენა ჰქონდათ იმაზე, თუ რამ უბიძგა „უბედურ დედას“ საბედისწერო ნაბიჯის გადადგმისკენ. გიორგი ქუჩიშვილი (ჩხეიძე) 1935 წელს დაწერილ ავტობიოგრაფიაში, რომელიც ერთვის მისსავე ლექსების კრებულს, ცალკე თავს უძღვნის დედის დაკარგვას.

„გათენებიდან დაღამებამდე ლუკმა პურისთვის წვალობდა დედა...“

„უკუღმართ ცხოვრების მძიმე პირობისგან ლანდათ ქცეული დედაჩვენი ისე გასტეხა მუდმივმა ჯაფამ, რომ სასოწარკვეთილებამდე მიიყვანა. „შვილებო, - გვეტყოდა ხოლმე გულაჩვილებული, - 10 წელი ავადმყოფ მამათქვენს ვემსახურე, 15 წელიწადია, რაც ლოგინში დავრდომილ ბებიათქვენს ვუვლი. მთელი ჩემი სიცოცხლე შემოგწირეთ, რომ ობლობა არ გეგრძნოთ. დაგზარდეთ, დაგავაჟკაცეთ. დავიღალე, გავწყდი წელში. ვიდრე დედაჩემივით დავბერდებოდე და ცოცხლადვე გავიხრწნებოდე საწოლში, მირჩევნია თავი მოვიკლა. ჩვენ რაღა თქმა უნდა, ვანუგეშებდით, კოცნა-ალერსით ვუმშრალებდით ცრემლებს, ვპირდებოდით მოსვენებულ ცხოვრებას, მაგრამ ერთ შავ-ბნელს შუაღამისას, როდესაც ყველას გვეძინა, ბინიდან გაგვეპარა და დაგვეკარგა. მთელი ტფილისი შევძარით ძებნით, მაგრამ ამაოდ. იმ ღამეს მდინარე მტკვარში გადავარდნილიყო და თავი დაეღრჩო. მის გვამს მიხეილის საავადმყოფოს პროზექტურაში დავემხეთ გულამოვარდნილი ქვითინით“, - წერს გიორგი ქუჩიშვილი.

სალომე ჩხეიძე ათი წელი უვლიდა ლოგინად ჩავარდნილ, ტუბერკულოზით დაავადებულ მეუღლეს, რომელიც ბოლოს „ვალითა და ვახშით“ დაასაფლავა.

ქმრის გარდაცვალების შემდეგ დარჩა 5 მცირეწლოვანი შვილი, რომელთა გასაზრდელად ძიძად დადგა თელავში, პოლკოვნიკ ფალავანდიშვილის ოჯახში, მაგრამ, შვილები უსწავლელები რომ არ დარჩენოდა, მალევე ტფლისში გადავიდა საცხოვრებლად. ავლაბარში იქირავა „შვიდაბაზიანი პატარა ოთახი“, რომელიც „საქართმეს ჰგავდა“. მძიმე საყოფაცხოვრებო პირობებს დაემატა ყოველდღიური მძიმე შრომა კაპიკებისათვის. შვილების გამოსაკვებად სარეცხს ურეცხავდა ნაცნობ-ნათესავებს, კერავდა საბნებს და ა.შ. აი, როგორ აღწერა თავისი მძიმე ბავშვობა გიორგი ქუჩიშვილმა ერთ-ერთ ლექსში.

პოეტი ამბობს, რომ დედამისი ახალგაზრდა ქვრივი იყო და ბევრი კარგი მთხოვნელიც ჰყავდა, მაგრამ ყველას გულისწყრომით ისტუმრებდა, რადგანაც „განსვენებულ ქმრის და ობლად დარჩენილი შვილებისადმი ღალატად სთვლიდა მეორედ გათხოვებას და მთელი თავისი სიცოცხლე პატიოსან შრომაში გაატარაო“.

​სალომესათვის დიდი განსაცდელი იყო უფროსი შვილის, ლევანის, რუსეთში დაკარგვის ამბავი. დიდი ხნის განმავლობაში არ იცოდა, მკვდარი იყო თუ ცოცხალი, მაგრამ როგორც კი მიიღო ცნობა, რომ მძიმედ დაავადებული ლევანი ნოვოროსიაში იმყოფებოდა, მაშინვე გაყიდა თავისი ლოგინი და გაემგზავრა მატარებლით მისთვის სრულიად უცხო მხარისკენ. მოძებნა ავადმყოფი შვილი, ჩამოიყვანა თბილისში და მალე ფეხზე დააყენა.

გიორგი ქუჩიშვილს დედის, სალომე ჩხეიძის, ტრაგიკულ აღსასრულზე ვრცელი ლექსიც აქვს დაწერილი - „ტირილი მტკვარში დამღრჩვალ დედაზე“, რომელიც ასე სრულდება:

...გიპოვნეთ, გნახეთ,

დედავ ტანჯულო,

დედავ, მტკვრისპირას

გამორიყულო;

გიპოვნეთ, გნახეთ

და ვივაგლახეთ,

უკვდავო ხსოვნავ

და სიყვარულო...

ქუჩის მომღერალი

გიორგი ქუჩიშვილის შემოქმედებაზე დადებითი აზრის იყო ლიტერატურათმცოდნე და კრიტიკოსი ვახტანგ კოტეტიშვილი, რომელიც ასე ახასიათებდა ქუჩიშვილის პოეტურ სამყაროსა და შემოქმედებას:

„ქუჩამ საკუთარი სიტყვის თქმა მოისურვა, სხვებზე მეტად დაიარავებულმა გულმა დაიკვნესა და თავისივე შვილის პირით აკვნესდა, ამეტყველდა. ქუჩამ შობა შვილი, რომელსაც დღეს ქუჩიშვილი ეწოდება, ქუჩამ ხმა ამოიღო, ქუჩა ამეტყველდა, და ეს - ქუჩიშვილის პოეზიაში გამოითქვა. ქუჩა ჰკვნესის, და ამ კვნესას გ. ქუჩიშვილი გვაგებინებს. ქუჩა სტირის და ცრემლი გ. ქუჩიშვილის თვალებში ელვარებს; ქუჩა ელვარებს, და ეს ჰანგი გ. ქუჩიშვილის პოეზიაში იკვანძება, ყველგან და ყოველთვის ქუჩიშვილი ქუჩასთან განუყოფელია. იგი მას უტრიალებს, მას ეტრფის, მას ეალერსება. მის ყოველ კუნჭულში იხედება იგი, ჰა, არავინ დამრჩეს დაუტირალიო, და ესე ჰქმნის ქუჩის პოეზიას“.

გიორგი ქუჩიშვილი 1947 წლის იანვარში გარდაიცვალა 60 წლის ასაკში. ორიოდე თვით ადრე იუბილე გადაუხადეს რუსთაველის თეატრში, თუმცა ლოგინადჩავარდნილმა პოეტმა თავის დღეობაზე მისვლა ვერ შეძლო და რადიოთი მოისმინა მეგობრების, კოლეგებისა და თაყვანისმცემლების გამოსვლები.

შემორჩენილია გიორგი ქუჩიშვილის არაერთი ფოტო, საიდანაც სევდიანად იყურება „თმაგადაპარსული, ფერმკრთალი თუ ფერდაკარგული, ბეჭგანიერი კაცი გადაშვებული, ქამარშემოჭერილი ხალათით პიჯაკის (ტუჟურკის) შიგნით“ (რ. ჭეიშვილი, „ფრთები“).

რამდენიმე ფოტოზე გიორგი ქუჩიშვილი გალაკტიონ ტაბიძესთან ერთადაა. გალაკტიონი ხშირად ახსენებს ქუჩიშვილს თავის ჩანაწერებში, ხშირ შემთხვევაში ახსენებს თბილად: „დიდებული, გამოსადეგი კაცია ასეთ შემთხვევებში [ჭირში] გ. ქუჩიშვილი“; „ზოგიერთი პოეტის (მაგ. ქუჩიშვილის) ერთი ლექსით წარმოდგენა [ანთოლოგიაში „Поэты Советской Грузии“] შეურაცხყოფას უდრის“. ამ ფოტოსაც, რომლის ციფრული ასლი ეროვნული ბიბლიოთეკის საიტზეა ატვირთული, უკანა მხარეს მიწერილი აქვს:

„ერთად ვებრძოდით ცხოვრების მორევს,
შხამს და შარბათსაც ერთადა ვცლიდით.
ძმად შეფიცულნი ვერ დაგვაშორეს
ვერც დამუქრებით და ვერც სიფლიდით“.

თუმცა გალაკტიონის ხელნაწერებში ასევე გვხვდება ნეგატიური შინაარსის ჩანაწერი,სათაურით „ფიქრები გიორგი ქუჩიშვილის შესახებ“:

„ჩვენს შორის მას ამაყად ეჭირა თავი, რადგან მე მას დავარქვი პროლეტარული პოეტი, იმ მიზნით, რომ სხვა პროლეტარი პოეტები არ გამედიდურებულიყვენ. ამით მან შესანიშნავად ისარგებლა – რომ ტერორით ეპასუხნა ჩვენთვისვე. შემდეგ არ დააგვიანა პროლეტარულ მწერალთა სიაში ჩაწერა. ჩაეწერა და გამედიდურდა, თუმცა ყოველთვის მედიდურობდა. მგონია, რცხვენია ამ მედიდურობის და ა.შ.“

ეჭვს არ იწვევს, რომ, ქებისა თუ მეგობრული კინკლაობის მიუხედავად, გალაკტიონი და ქუჩიშვილი არ არიან ტოლფარდი ნიჭის პოეტები, თუმცა ქუჩიშვილის შემოქმედებას აქვს ერთი უპირატესობა - მასში უფრო ნაივურად არის აღწერილი გასული საუკუნის პირველი ნახევრის თბილისის დაბალი სოციალური ფენის ყოფა და, შესაბამისად, უფრო ზუსტად არის წარმოდგენილი იმდროინდელი ქალაქისა და ქვეყნის ცხოვრება, რაც, თუ რუმინული წარმომავლობის მოაზროვნეს, ემილ ჩორანს, ვერწმუნებით, სულაც არ არის გასაკვირი:

„თუ ქვეყნის გაცნობა გინდა, მის მეორეხარისხოვან მწერლებს უნდა მიმართო. მხოლოდ ისინი წარმოგვიდგენენ ქვეყნის ნამდვილ ბუნებას. დანარჩენები ან გმობენ, ან სახეს უცვლიან თანამემამულეების არარაობას. მათ არ სურთ და არ შეუძლიათ, სხვების დონეზე იდგნენ. ისინი არასანდო მოწმეები არიან“.

ნათქვამის დასტურად გამოდგება გიორგი ქუჩიშვილის ლექსების თუნდაც ერთი ციკლი - „ქუჩის სიმღერები“, რომელშიც ლამის დოკუმენტურად არის აღწერილი თბილისის ქუჩები და ამ ქუჩების მობინადრეები: მეძავები, ლოთები, მემუსიკეები, პატარა მათხოვრები, მაწანწალები, გაზეთების გამყიდველები და ა.შ.

ნათქვამის დასტურად ასევე გამოდგება გალაკტიონისა და ქუჩიშვილის განსხვავებული რეფლექსია სალომე ჩხეიძის ტრაგიკულ აღსასრულზეც. გიორგი ქუჩიშვილთან მეტი სწორხაზოვნება, პირდაპირობა და დოკუმენტურობაა, თითქოს საქმე გვქონდეს გარითმულ საგაზეთო ქრონიკასთან. აკი, მთავრდება კიდეც ლექსი ორი ეპიტაფიით.

ეპიტაფია პირველი:

„აქ განისვენებს უბედურ ძმათა: ლევან ჩხეიძის, დ. თურდოსპირელის და გ. ქუჩიშვილის უსაყვარლესი გმირი დედიკო სალომე ალექსანდრეს ასული ჩხეიძისა. 1853-1924“.

ეპიტაფია მეორე:

„გული გავიპეთ და მის წიაღში,

ჩვენო დედიკო, შენ დაგასვენეთ;

იგი ვაქციეთ შენდა აკლდამად,

ცრემლით მოვრთეთ და დავამშვენეთ...“

თქმადაც კი არ ღირს, რომ სალომე ჩხეიძის - მშობლებს, ქმარს და შვილებს გადაგებული ქალის - ისტორია უნიკალური არ არის. გაცილებით ბევრია ისეთი, ვისაც მეტად არ გაუმართლა და ვინც ხმის ამოუღებლად, უსახელოდ და უკვალოდ გაქრა. სალომე - მათი კრებითი სახელია.