სალომე ზურაბიშვილი, კრიშტიანუ რონალდუ და სხვები ამაზონის ხანძრის შესახებ ცრუ ფოტოებს ავრცელებენ

თითქმის ერთი თვეა ბრაზილიაში, ამაზონის ტყეში ბოლო ათწლეულის განმავლობაში ყველაზე დიდი და ინტენსიური ხანძარი მძვინვარებს. ბრაზილიისთვის ხანძრები უცხო არ არის, თუმცა გასულ წელთან შედარებით 80%-ით გაზრდილი ცეცხლის კერების რაოდენობა სტიქიასთან ბრძოლას ართულებს. 26 აგვისტოს “დიდი შვიდეულის” ლიდერებმა სამიტზე გადაწყვიტეს, რომ ამაზონის ტყის ხანძრების შესაჩერებლად 22 მილიონი ამერიკული დოლარის ოდენობის მატერიალურ-ტექნიკური და ფინანსური რესურსი გამოეყოთ. ბრაზილიის მთავრობა დახმარების მიღებაზე უარს აცხადებს.

პოლიტიკოსები, ცნობილი ადამიანები და რიგითი ინტერნეტმომხმარებლები შეშფოთებას და თანაგრძნობას სოციალურ ქსელებში გამოხატავენ, ვრცელდება ალმოდებული ხეებისა და თუ ცეცხლში გახვეული ცხოველების ფოტოები, რომელთა ნაწილი წლების წინანდელია, ნაწილი კი დედამიწის სხვა ნაწილებშია გადაღებული.

20 წლის წინ გადაღებული ფოტოს, როგორც მიმდინარე ხანძრის ილუსტრაციის ტვიტერზე დაპოსტვისთვის კრიტიკის ქარცეცხლში გაეხვია საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი. “ჩვენი სახლი იწვის, ეს საერთაშორისო კრიზისია”, - დაწერა მან 22 აგვისტოს.

“ამაზონი შენი სახლი არ არის, შენს სახლში ხანძრებს მიხედე” - უწერდნენ ინტერნეტმომხმარებლები პრეზიდენტს და ნოტრ-დამის ფოტოებს უპოსტავდნენ კომენტარებში.

მაკრონი ერთადერთი არ არის, რომელმაც ხანძართან დაკავშირებით შეუწმომებელი, ცრუ ფოტო გამოაქვეყნა. იგივე ფოტო, რაც მან გამოიყენა, დაპოსტა ლეონარდო დი კაპრიომაც.

მიუხედავად იმისა, რომ მსახიობმა ამაზონის გადასარჩენად 5 მილიონი ამერიკული დოლარი გაიღო, ყალბი ფოტოს გამო ინტერნეტში თავდასხმის მსხვერპლი გახდა. ინტერნეტმომხმარებლები მას ფაქტების შემოწმებისკენ მოუწოდებდნენ.

1989 წელს გადაღებული ფოტო დაპოსტა ხანძრით შეწუხებულმა მუსიკოსმა და მსახიობმა მადონამ.

ალმოდებულ ამაზონს გამოეხმაურა ფეხბურთელი, კრიშტიანუ რონალდუც. “ამაზონის ტყე გამოიმუშავებს დედამიწისთვის საჭირო ჟანგბადის 20%-ს" - წერს სპორტსმენი. მის ამ პოსტს სამხრეთ ბრაზილიაში 2003 წელს გადაღებული ფოტო ახლავს თან.

კრიშტიანუ რონალდუს მსგავსი შეცდომა დაუშვა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმაც. 23 აგვისტოს მან დაწერა, რომ “ამაზონის ტყესთან ერთად ჩვენი გულებიც იწვის.”

2003 წელს გადაღებული ფოტოს გავრცელების მიუხედავად, სალომე ზურაბიშვილი არა ყალბი ფოტოს, არამედ საქართველოში მიმდინარე ამბებზე კომენტარის არგაკეთების გამო გახდა. საქართველოს პრეზიდენტის თვითერის ანგარიშზე არ იძებნება არც ერთი პოსტი გუგუტიანთკარში მიმდინარე ბორდერიზაციის პროცესთან დაკავშირებით.

ამაზონის ხანძრის ილუსტრაციად ვრცელდება სხვადასხვა დრის ინდოეთში, მონტანასა და შვედეთში გადაღებული ფოტოებიც. მაგალითად, ფოტო, სადაც მაიმუნები ტირიან, ინდოეთშია გადაღებული 2016 წელს, დამწვარი კურდღელი კი კალიფორნიაში, მალიბუში 2018 წელს გაჩენილ ხანძარს ემსხვერპლა.


"ამაზონი მსოფლიოში ყველაზე დიდი ტროპიკული ტყეა. მისი ფართობი, 5,5 მილიონ კვადრატულ კილომეტრზე მეტია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ის დაახლოებით 17-ჯერ დაიტევს ინგლისსა და ირლანდიას." - ვკითხულობთ NATIONAL GEOGRAPHIC-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.