სალომე ზურაბიშვილი ბაქოში: რა ითქვა და არ ითქვა ილჰამ ალიევთან

სალომე ზურაბიშვილი, ილჰამ ალიევი

ევროპული დედაქალაქების შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოფიციალური ვიზიტით ბაქოში ჩავიდა. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მას მადლობა გადაუხადა არჩევიდან მალევე მეზობელ სახელმწიფოში ვიზიტის გამო. საქართველოს პრეზიდენტი, თავის მხრივ, იმედოვნებს რომ მოგვარდება ორ სახელმწიფოს შორის აქამდე მოუგვარებელი, საზღვრების საკითხი.

ისტორიული მეგობრები

რა შეიძლება დაემუქროს ისტორიულად მეგობრულ კავშირებს მაშინ, როდესაც ისინი ძვირად ღირებული ნავთობსადენებითაა გამყარებული. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ქართველ კოლეგასთან ერთად გამართულ ბრიფინგზე ერთობლივი წარმატებული პროექტები ჩამოთვალა.

ეს პროექტებია როგორც ბაქო-სუფსა, ისე ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი და ბაქო-თბილისი-ერზრუმი. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო ჩინეთთან თანამედროვე „აბრეშუმის გზის“ გახსნას ცდილობს, ხოლო აზერბაიჯანი სხვა კასპიისპირა სახელმწიფოებთან ერთად კასპიის ზღვის სამართლებრივ სტატუსზე შეთანხმდა, მომავალში ერთობლივი პროექტების რაოდენობა შესაძლოა გაიზარდოს კიდეც.

ილჰამ ალიევი, სალომე ზურაბიშვილი

თანაც მაშინ, როცა პრეზიდენტ ალიევის თანახმად, ეთნიკური ქართველები აზერბაიჯანში, ხოლო ეთნიკური აზერბაიჯანელები საქართველოში კომფორტულად ცხოვრობენ. აზერბაიჯანის პრეზიდენტს დაეთანხმა საქართველოს პრეზიდენტიც. მანვე ამცნო ილჰამ ალიევს, რომ ევროპაში ქართული ტოლერანტობის იდეაში გულისხმობდა კავკასიურს, შესაბამისად აზერბაიჯანულსაც.

„ვახსენე მე ის ჩვენი მოსაზრება, რომ ტოლერანტობა იყოს შეტანილი საქართველოს მიერ იუნესკოს არამატერიალური მემკვიდრეობის სიაში.ამაზე უკვე გვქონდა საუბარი იუნესკოში, მაგრამ ეს არის საერთო ღირებულება კავკასიის და შეიძლება,რომ ამას მივცეთ ასევე კავკასიური ხასიათი და ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი ჩვენი რეგიონის მსოფლიოსთვის. რამეთუ ეს არის ის ღირებულება, რომელიც მსოფლიოს დღეს ესოდენ აკლია.“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ოკუპირებული ტერიტორიები, როგორც საერთო გამოცდილება

საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, პრეზიდენტ ალიევთან გაფართოებული შეხვედრისას, საქართველოს პრეზიდენტმა ორი ქვეყნის მიერ განცდილ მსგავს ტრაგედიებზე ისაუბრა:

"ჩვენ ერთად დავიბრუნეთ დამოუკიდებლობა და ეს ბოლო წლები განვიცადეთ ერთნაირი ტრაგედიები და დღესაც განვიცდით იმას თუ რას ნიშნავს ქვეყნისთვის ოკუპირებული ტერიტორია, რომ შენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა ჯერ არ არის აღდგენილი, ოკუპაციის ხაზები ჩვენთვის დღესაც ღია ჭრილობაა, რომელიც ერთი მხრივ ჩვენს განვითარებას აფერხებს, მაგრამ ამავდროულად, ამ ტრაგედიების მიუხედავად, ჩვენ მაინც შევძელით გავაძლიერეთ ჩვენი სახელმწიფოები დ ვავითარებთ ეკონომიკას, რათა ჩვენი გზა, დამოუკიდებელ ქვეყნად განვაგრძოთ. ეს არ არის პატარა წარმატება და გამარჯვება".

საქართველოს პრეზიდენტის ეს განცხადება აზერბაიჯანული და სომხური მედიის ნაწილმა, მთიანი ყარაბაღის ოკუპაციის შესახებ გაკეთებულ განცხადებად აღიქვა.

დროა საზღვრების საკითხი მოგვარდეს

ისაუბრეს რა კავკასიურ ტოლერანტობასა და მეგობრობაზე, ორი სახელმწიფოს პრეზიდენტი შეთანხმდა, რომ დროა უკვე ორ სახელმწიფოს შორის საზღვრების საკითხი მოგვარდეს. საქართველოსა და აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ოფიციალურად სახელმწიფო საზღვრის მხოლოდ ნაწილია განსაზღვრული.

პროცესი შეფერხდა ძირითადად გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ერთი მონაკვეთის გამო. სამონასტრო კომპლექსის კელიების ნაწილი აზერბაიჯანის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზეა მოქცეული. საქართველოსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტები შეთანხმდნენ, განახლდეს საზღვრის დელიმიტაციის კომისიის მუშაობა, რათა საქმე ბოლომდე მივიდეს.

დავით გარეჯი

ასევე ჩვენი მეგობრობიდან გამომდინარე, ჩვენ გადავწყვიტეთ რომ უნდა მივცეთ სადელიმიტაციო კომისიას მითითება, რომ განაახლონ თავიანთი მუშაობა და მივიყვანოთ ეს მუშაობა ბოლომდე და საბოლოოდ დავადგინოთ ჩვენი ერთობლივი საზღვარი, რომელიც უნდა იყოს გამაერთიანებელი საზღვარი და არა გამიჯვნის საზღვარი. მაგრამ ნორმალურია, რომ გამომდინარე ჩვენი მეგობრული ურთიერთობების, ეს საკითხი ბოლოს და ბოლოს დასრულდეს ამდენი წლის შემდეგ“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

დავით გარეჯის ორი მხარე

დავით გარეჯის კომპლექსის საკითხი არაერთხელ გამხდარა დაძაბულობის მიზეზი. ასე იყო 2012 წლის მაისშიც, როდესაც საზოგადოების აღელვება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა კომპლექსის სადავო მონაკვეთზე ქართველი მომლოცველები არ შეუშვეს.

გაახსენდა თუ არა პრეზიდენტს აფგან მუხთარლი?

სავარაუდოდ სალომე ზურაბიშვილმა თავის აზერბაიჯანელ კოლეგასთან საუბარში არ გაამახვილა ყურადღება საკითხზე, რომელიც ასევე იწვევს პროტესტს და უკმაყოფილებას საქართველოში. საქმე ეხება აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის გაუჩინარებას საქართველოდან, რასაც უფლებადამცველები ქვეყნისთვის ლაქად მიიჩნევენ.

აფგან მუხთარლის აზერბაიჯანში, სადაც იგი თბილისიდან გაუჩინარების შემდეგ აღმოჩნდა, 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისთვის, კონტრაბანდისა და სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო.

ის, რომ მუხთარლის საკითხი საპრეზიდენტო მოლაპარაკებების თემა ვერ გახდებოდა, ნათელია პოლიტიკური ექსპერტისთვის აზერბაიჯანის პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატისთვის, რაჰიმ მუსაბეკოვისთვის:

რახიმ მუსაბეკოვი

საქართველოს ხელისუფლებას ამ საკითხზე არავითარი პრეტენზიები არ წაუყენებია აზერბაიჯანული მხარისთვის. ასე რომ ოფიციალურ დონეზე ამ საკითხის ადგილი არ არის. ჟურნალისტები და უფლებადამცველები რას ამბობენ, რა მნიშვნელობა აქვს?! მე ვფიქრობ, რომ ეს ორი ქვეყნის პრეზიდენტის მოლაპარაკებების კონტექსტში არანაირად არ ჯდება.“ - ამბობს რაჰიმ მუსაბეკოვი.

რუსეთი - კიდევ ერთი მეზობელი

ეს ის საკითხი არ არის, რომელიც პრეზიდენტის ერთი ჩამოსვლით გვარდება. საქართველოსთვის ეს სადავო მონაკვეთი კულტურული ღირებულებაა, აზერბაიჯანისთვის კი სტრატეგიული სიმაღლე, რომელიც უზრუნველყოფს კონტროლს საზღვრის დიდ მონაკვეთზე. დათმობები ასე იოლად არ ხდება, ტერიტორიების გაცვლა შეიძლება, თუმცა ეს ორივე მხარისთვის ტოლფასი უნდა იყოს.“ - აღნიშნავს რაჰიმ მუსაბეკოვი.

ამ საკითხის მომავლისთვის გადადებას მიზანშეუწონლად მიიჩნევს საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, სტრატეგიული კვლევების ცენტრის დირექტორი, ირაკლი მენაღარიშვილი:

ირაკლი მენაღარიშვილი

არის, რა თქმა უნდა, სადავო მონაკვეთები, მაგრამ მათი საკითხების მოგვარება სულაც არ წარმოადგენს რაღაც გადაულახავ სირთულეს. რა თქმა უნდა, ძნელი სათქმელია ეს პროცესი რამდენად სწრაფად შეიძლება განვითარდეს და უნდა ველოდეთ თუ არა შედეგს მუშაობის დაწყებიდან ერთ-ორ კვირაში. ალბათ არა. ეს საკმაოდ შრომატევადი სამუშაოა, მაგრამ მისი წარმართვა და დასრულება ორივე მხარის აქტიური პოლიტიკური ნების შემთხვევაში სრულიად რეალისტურად მეჩვენება.“

რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის მეორე ინიციატივას, ქართული და კავკასიური ტოლერანტობის რეგიონის სავიზიტო ბარათად და იუნესკოს არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობად აღიარების შესახებ, ირაკლი მენაღარიშვილი ამბობს, რომ კავკასიაში დაძაბულობისა და დაუსრულებელი კონფლიქტების არსებობის მიზეზია არა ტოლერანტობის დეფიციტი, არამედ რუსეთის სერიოზული პოლიტიკური ინტერესები.“რუსეთის დესტრუქციულ მოქმედებას იუნესკოს გადაწყვეტილებით როგორ უნდა შევებრძოლოთ, ცოტა დასაფიქრებელი თემაა.“ - ამბობს ირაკლი მენაღარიშვილი.

შენიშვნა: განახლებულ ვერსიაში დაემატა აბზაცი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ.