"თუ ეროვნული ვალუტა უფრო გაუფასურდა, სახელმწიფო ვერ შეძლებს მხოლოდ მის მიერ შემოთავაზებული რეგულაციით, ამ პროდუქტების გაძვირების შეჩერებას"

სალომე გელაშვილი, ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) კვლევითმა ინსტიტუტმა გამოაქვეყნა გამოკვლევა, რომელიც ეხება COVID-19-ის ზეგავლენას საქართველოში სურსათის მიწოდების ჯაჭვზე.

მკვლევრები გამოდიან იმ მოცემულობიდან, რომ საქართველოს ბაზრის სურსათით მომარაგება იმპორტზეა დამოკიდებული და გასათვალისწინებელია ქვეყნის შიგნით და გარეთ არსებული/მოსალოდნელი ფაქტორები. რისკებისა და შესაძლებლობების გასაანალიზებლად გამოკვლევის ავტორები დააკვირდნენ იმ ბაზრებს, რომლებიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს მომხმარებლისთვის და თავიანთ ნაშრომში განიხილავენ სურსათის რამდენიმე ყველაზე მნიშვნელოვან კატეგორიას, მათ შორის იმ პროდუქტს, რომელზე ფასების სტაბილიზაციაც სახელმწიფომ თავის თავზე აიღო და რამდენიმე სხვა პროდუქტს, რომელიც არ შედის სუბსიდიის არეალში.

როგორც ISET-ის უფროსი მკვლევარი და ამ კონკრეტული გამოკვლევის თანაავტორი სალომე გელაშვილი ამბობს, ცალკეული პროდუქტის შემთხვევაში რამდენიმე მაჩვენებელს დააკვირდნენ: რა არის საქართველოს თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი, ექსპორტისა და იმპორტის თანაფარდობა, რომელია მთავარი საექსპორტო და საიმპორტო ბაზრები და როგორია ბაზრების დივერსიფიკაციის ინდექსი. სალომე გელაშვილის თქმით, ცალკეულ პოზიციაზე შესაძლებელია ქვეყანას ჰყავდეს მრავალი სავაჭრო პარტნიორი, თუმცა, მხოლოდ ეს არ განაპირობებს დივერსიფიკაციის ხარისხს:

„ამის კლასიკური მაგალითია ხორბალი, სადაც თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი 15%-ია, იმპორტის 88% არის რუსეთიდან. რა თქმა უნდა, ეს არ არის სიახლე, რადგან ვიცით, რომ ჩვენი პარტნიორებიდან შედარებით იაფად რუსეთიდან შეგვიძლია ამ ეტაპზე იმპორტი ამ კონკრეტული პროდუქტის. ყაზახეთი და უკრაინა არიან ასევე პარტნიორები, მაგრამ იქიდან, სამწუხაროდ, ვერ ხერხდება კონკურენტულ ფასებში ამ პროდუქციის შემოტანა“.

გამოკვლევის ავტორები წერენ, რომ რუსეთში ხორბლის მოსავლის ზრდა არის პროგნოზირებული, თუმცა, COVID-19-თან დაკავშირებული კრიზისის გამო არსებობს იმის საშიშროება, რომ რუსეთის (და არა მარტო) ხელისუფლებამ შეამციროს ექსპორტი. ასეთ ვითარებაში მოსალოდნელია ფასის ზრდაც, თუმცა, ISET-ის მკვლევრები ფიქრობენ, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ წარმოებული ფასების კონტროლის პოლიტიკა დროებით დააზღვევს საქართველოს ბაზრის მომხმარებლებს.

რაც შეეხება შაქარს, ქვეყანა აწარმოებს ძალიან მცირე ნაწილს იმისა, რაზეც მოთხოვნაა. 2019 წელს საქართველოში განხორციელდა 128 ათას ტონაზე მეტი ლერწმისა და ჭარხლის შაქრის იმპორტი. მთელი მოცულობიდან იმპორტის 32% მოდიოდა პოლონეთზე, 16% - აზერბაიჯანზე, 15% - რუსეთზე:

„ბოლო პერიოდში მსოფლიო ბაზარზე შაქრის ფასი საკმაოდ გაიზარდა. 2020 წლის თებერვალში დაფიქსირდა ყველაზე მაღალი ფასი 2017 წლის მაისის შემდეგ. მსოფლიო ბაზარზე ფასების ზრდა ყოველთვის გადაეცემა რაღაც პერიოდის შემდეგ ცალკეულ ბაზრებს. ეს გადაცემა, როგორც წესი, არის ასიმეტრიული, ანუ როცა ფასი მცირდება, გაცილებით ნელა გადაეცემა ბაზრებს, ხოლო, როცა ფასი იზრდება, გაცილებით მალე გადაეცემა. ამას ემატება ლარის გაუფასურება, რაც ზრდის იმპორტის ფასს. ინდოეთში ძალიან შემცირდა მოსავალი. ეს ქვეყანა არის მეორე ადგილზე შაქრის წარმოების მოცულობით. ასევე პრობლემა არის ტაილანდში. რაც შეეხება ადგილობრივ პოტენციალს, ჩვენ ნედლეულის ბაზა არ გვაქვს. ამიტომ თუ ჩვენ უნდა მოვახდინოთ ნედლეულის იმპორტი, მაინც იმპორტზე დამოკიდებული გამოვდივართ და მომავალშიც ასე იქნება.

თუმცა იმპორტულ ნედლეულზე ასეთი დამოკიდებულება შესაძლოა არ იყოს საუკეთესო სტრატეგია. თუ ლარი გაუფასურდება, საბოლოოდ მაინც გაგვიძვირდება ნედლეულიც და პროდუქციაც და შეიძლება არ გვქონდეს კონკურენტული უპირატესობა სხვა ქვეყნებთან“.

საქართველოს მთავრობამ 9 სასურსათო პროდუქტზე ფასების სტაბილიზაციისთვის მათი სუბსიდირების შესახებ განაცხადა. რამდენ ხანს და რა მასშტაბით შეძლებს ან არის გამართულებული სახელმწიფოს ასეთი ჩარევა ბაზარზე?

„რაც შეეხება ფასების კონტროლს და ჩარევას ბაზარზე, ჩვენი პოზიცია, როგორც ეკონომისტების უმრავლესობის, არის ის, რომ თავისუფალი უნდა იყოს ბაზარი და სახელმწიფო უხეშად არ უნდა ჩაერიოს, რადგან ამას მივყავართ ხოლმე უარეს შედეგამდე, რაც არ აძლევს კერძო სექტორს განვითარების საშუალებას. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, როცა არის კრიზისი და შოკი, სახელმწიფო ერევა და ეს არის კიდეც მისი ვალდებულება გარკვეულწილად - მან უნდა დაიცვას მომხმარებლის ინტერესი. თუმცა, თუ ეროვნული ვალუტა კიდევ უფრო გაუფასურდა, სახელმწიფო ვერ შეძლებს მხოლოდ ამ კონკრეტული რეგულაციით, რაც შემოგვთავაზა, ამ პროდუქტების გაძვირების შეჩერებას. აქვე უნდა გავიხსენოთ, რომ საკვებ პრდუქტებზე ფასები წლიურ ჭრილში ეპიდემიამდეც იზრდებოდა“.

სალომე გელაშვილი განმარტავს, რომ იმპორტის ჩანაცვლების სტრატეგია ქვეყანას უნდა ჰქონდეს, მაგრამ ეს არ არის პანაცეა, თუკი მიზანი არის სასურსათო უსაფრთხოების გაზრდა და აი, რატომ:

„ვეთანხმებით იმ აზრს, რომ იმპორტის ჩანაცვლების სტრატეგია უნდა გვქონდეს, მაგრამ იმპორტის ჩანაცვლების სტრატეგია და სასურსათო უსაფრთხოების გაზრდა არ გულისხმობს იმას, რომ ჩვენ ყველაფერი ვაწარმოოთ. სასურსათო უსაფრთხოება არის მრავალგანზომილებიანი ცნება და არ გულისხმობს მხოლოდ ადგილობრივი წარმოების განვითარებას. თუ არ ვართ კონკრეტული პროდუქციის წარმოებაში კონკურენტუნარიანები, ჯობია ვაწარმოოთ ამ პროდუქციის იმპორტი“.

სალომე გელაშვილი რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ლაპარაკობს რძისა და რძის პროდუქტების კატეგორიაზეც:

„რძისა და რძის პროდუქტების შემთხვევაში საქართველოს თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი შედარებით მაღალია - 81%. თუ შევხედავთ ცალკე რძის ფხვნილის კატეგორიას, აქ ცალსახად იმპორტზე ვართ დამოკიდებული და მთავარი იმპორტიორი არის უკრაინა. ეს პროდუქტი მოხვდა 9 პროდუქტის სიაში.

სოფლის მეურნეობა ხასიათდება მაღალი სეზონურობით, რაც ცუდია, თუმცა, ვიცით, რომ ახლა იწყება რძის წარმოების სეზონი, შესაბამისად, ნედლი რძის მიწოდება ბაზარზე გაიზრდება, რამაც შეიძლება შეამციროს რძის ფხვნილზე მოთხოვნა“.

სალომე გელაშვილი და მისი კოლეგები რძის ფხვნილსა და რძის პროდუქტებზე ფასის ზრდას ამ ეტაპზე არ ელოდებიან.

ISET-ის მკვლევრები ხელისუფლებას აფრთხილებენ, რომ ზოგიერთმა ქვეყანამ დაიწყო ექსპორტის შეზღუდვაზე ლაპარაკი იმისათვის, რომ თავიანთ ბაზარზე მიწოდება გაზარდონ და საქართველომ სამომავლოდ ეს უნდა გაითვალისწინოს, რომ დროულად დაიბევოს მნიშვნელოვან პროდუქტებზე იმპორტის მოცულობები.

„დილის საუბრების“ სტუმარი გვაცნობს ხორცის ფასზე პროგნოზსაც:

„ხორცი სხვებთან შედარებით ძვირია. მოსახლეობის შემოსავალი შემცირებულია და ამაზე რეაქცია არის შედარებით ძვირიანიდან იაფ პროდუქტზე გადასვლა. ვვარაუდობთ, რომ მომავალ თვეებში შემცირდება მოთხოვნა ხორცზე. ამის მიზეზი შეიძლება ზაფხულის სეზონიც იყოს, როცა უფრო მეტად ხილსა და ბოსტნეულს მოიხმარენ. ამის კვალობაზე შეგვიძლია ვივარაუდოთ ფასის შემცირება ან არგაზრდა. მეორე მხრივ, მნიშვნელოვანია, რომ ხორცის თითქმის ნახევარი შემოგვაქვს. იმპორტზე ფასი კი გაიზრდება“.

ფასის ზრდაა მოსალოდნელი ხილსა და ბოსტნეულზე:

„თურქეთია ერთ-ერთი მთავარი პარტნიორი და იქ ფიქსირდება ფასების ზრდა. ასევე რუსეთმა თავისი მოთხოვნა ჩინეთიდან თურქეთზე გადართო. ამიტომ შეიძლება ველოდოთ ფასების ზრდას. გააჩნია, ადგილობრივი წარმოება როგორ წავა“.

სალომე გელაშვილი ერთ დაკვირვებასაც გვიზიარებს, რაც შექმნილ ვითარებაში საქართველოში სოფლის მეურნეობის სფეროს აქტუალიზაციას უკავშირდება:

„ამ შოკის პირობებში და როცა აქტიურად ვსაუბრობთ სასურსათო უსაფრთხოებაზე, ძალიან წინ წამოიწია მიწის ბაზრის ფუნდამენტურმა პრობლემებმა. ის, რომ ჩვენი მიწების დიდი ნაწილი არარეგისტრირებულია, დაუმუშავებელია, ახდენს გავლენას იმაზე, რისი წარმოება შეგვიძლია ჩვენ. ჩვენ დიდი ხანია რეკომენდაციას ვუწევთ მიწის სისტემურ რეგისტრაციას და ვამბობთ, რომ ეს არ უნდა იყოს მინდობილი მხოლოდ მოსახლეობის ნება-სურვილზე, რადგან მიწის ბაზარი ვერ ვითარდება იმის გამო, რომ მიწა არ არის რეგისტრირებული“.