სალომე ბარკერი: თუ რამე ყარს დღეს, ეს არის ზუსტადაც ივანიშვილის სისტემა

მოძრაობა სირცხვილია, რომელმაც პასუხისმგებლობა აიღო პარლამენტში დაყენებულ სუნზე, ინფორმაციას ავრცელებს ხსნარის შესახებ, რომელიც მათი თქმით, საჯარო გამოყენებამდე გამოცდილია საგანგებო ვითარებაში. მათი თქმით, ხსნარი არის სრულიად უვნებელი და უსაფრთხო, არ არის ალერგიული და სუნის შეყნოსვისას არ გააჩნია გვერდითი ეფექტები.


მოძრაობის ერთ-ერთი წევრი, სალომე ბარკერი ამბობს, რომ "თუ რამე ყარს დღეს საქართველოში, ეს არის ზუსტადაც ივანიშვილის სისტემა და თუ რამე იწამლება, ეს არის ქვეყანა ივანიშვილის ხელით". მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუკი მოძრაობის განცხადების საფუძველზე გამოძიება დაიწყება პარლამენტში სუნის გამომწვევი სითხის გამოყენებაზე, ისინი გამოძიებასთან არ ითანამშრომლებენ.

"ყველამ იცის, რომ ჩვენ ვართ მშვიდობიანი მოძრაობა და ვიყენებთ პროტესტის მხოლოდ მშვიდობიან ფორმებს" - ამბობს ბარკერი.

ASD ფრაქცია 2 ანტისეპტიკური სტიმულატორია, რომელიც ძირითადად ვეტერინარიაში გამოიყენება.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ პარლამენტში დაყენებულ მძაფრ სუნზე გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

პარლამენტის სხდომათა დარბაზში მოსამართლეობის კანდიდატების კენჭისყრამდე ტექნიკური შესვენება გამოცხადდა დარბაზში არსებული სუნის გამო, რომელიც იქ დაღვრილმა სითხემ გამოიწვია.