სამოქალაქო პლატფორმა „სალამი“, რომელმაც COVID-19-ის გავრცელების წინააღმდეგ სოციალურ ქსელში საინფორმაციო კამპანია დაიწყო, სახელმწიფოსა და საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს მიმართავს თხოვნით, რომ „რამდენიმე დღის განმავლობაში საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი მთლიანად გადავიდეს აზერბაიჯანულენოვან მაუწყებლობაზე“.
„ვფქრობთ, რომ მკაცრი კარანტინის ზონად გამოცხადებას უნდა მოჰყვეს შესაბამისი საინფორმაციო კამპანია სახელმწიფოს მხრიდან და ეს საინფორმაციო კამპანია უნდა იყოს არადომინანტური ეთნიკური ჯგუფებისთვის გასაგებ ენაზე“, აცხადებს Salam - სალამი, რომელიც საქართველოს მოქალაქე ეთნიკურმა აზერბაიჯანელებმა შექმნეს.
„უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენ ვერ შევძელით მოსახლეობის და, განსაკუთრებით, არადომინანტური ეთნიკური ჯგუფების დარწმუნება, რომ ეს ვირუსი არის ძალიან სახიფათო. სახელმწიფომ უნდა აღიაროს ეს, რადგანაც ამის გააზრების გარეშე ამ პროცესის გაჩერება ძალიან რთული იქნება“, დასძენს ორგანიზაცია.
სამოქალაქო პლატფორმა „სალამის“ წვრმა, ელნურ ალისოიმ, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული აზერბაიჯანულენოვანი მიმართვებით, ყოველი ავტორი მოსახლეობას მოუწოდებს დაიცვას რეკომენდაციები, დარჩეს სახლში; ასევე იწვევს სამ ადამიანს, რათა მათ, თავის მხრივ, გამოიწვიონ კიდევ სამი ადამიანი, რომელიც გამოაქვეყნებს ანალოგიური შინაარსის ვიდეოს.
როგორც ჩანს, ჩვენი თემი ახალი კორონავირუსის რისკს სათანადოდ არ აფასებს. ამიტომაც, რისკის საფრთხე უფრო მეტ ადამიანს რომ გავაგებინოთ, გადავწყვიტე დავიწყოთ ახალი ჩელენჯი.
„ჩვენი თემი ახალი კორონავირუსის რისკს სათანადოდ არ აფასებს. აქციის მიზანია, რაც შეიძლება მეტ ადამიანს გავაგებინოთ, რამდენად სერიოზული საფრთხეა ეს ვირუსი. აზერბაიჯანული თემი ინფორმაციას სხვადასხვა წყაროდან იღებს - აზერბაიჯანული, თურქული და რუსული არხებიდან, მაგრამ ცოტას ქართული მედიასაშუალებებიდან. ამიტომ, ჰგონიათ, რომ ეს ვირუსი არც ისე სერიოზული საფრთხეა, თითქოს ჩვეულებრივი გრიპია და, უბრალოდ, პანიკას თესავენ“, თქვა ელნურ ალისოიმ.
ქალაქ ბოლნისიდან 6 კილომეტრში მდებარე სოფელ ქვემო ბოლნისის მკვიდრმა მაგერრამ გეიუშლიმ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მართალია, კარანტინის შემდეგ პოლიცია სოფელში მოძრაობს, მაგრამ მოსახლეობა მაინც იკრიბება სოფლის ბირჟაზე ან სხვაგან:
„ნარდს თამაშობენ ან დომინოს, რადგან შედარებით ასაკოვან ადამიანებს ინფორმაცია არ აქვთ, ახალგაზრდობას, ასე თუ ისე, ინტერნეტი აქვს და ინფორმაციას იღებს“.
უფლებადამცველმა სამირა ბაირამოვამ, რომელიც მარნეულიდან 11 კილომეტრში მდებარე სოფელ ალგეთში ცხოვრობს, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ კარანტინის დაწყების შემდეგ პოლიციის წარმომადგენლებმა ხმის გამაძლიერებლებით სოფელში გაფრთხილებები დაიწყეს.
„მაგრამ, მანამდე, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე, მუნიცპალიტეტის სოფლებიდან ქალაქ მარნეულთან სატრანსპორტო კავშირი შეწყდა დ ა სოფლის მოსახლეობა უფრო დიდ საინფორმაციო ვაკუუმში აღმოჩნდა“, თქვა სამირა ბაირამოვამ.
„სოფლებში მხოლოდ ქართულენოვანი განცხადებები გავრცელდა , ისიც, შეცდომით“.
კორონავირუსის პრევენციის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება 17 მარტს შეიზღუდა, ხოლო 21 მარტს, სპეციალური დეკრეტით, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. 22 მარტს მთავრობამ ქვემო ქართლის ორ მუნიციპალიტეტში, მარნეულსა და ბოლნისში, მკაცრი კარანტინი დააწესა მას შემდეგ, რაც ერთ-ერთ ადგილობრივ პაციენტს, რომელსაც მრავალ ადამიანთან კონტაქტი ჰქონდა, ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა. ის კრიტიკულ მდგომარეობაშია.
ასევე ნახეთ ჩაკეტილი ზონაბოლნისისა და მარნეულის შესასვლელთან მობილიზებულია საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. ადგილზე იმყოფებიან სამხედროებიც. მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას და საგანგებო რეჟიმის აღსრულებას უზრუნველყოფს შინაგან საქმეთა სამინისტრო. მარნეულში საველე ჰოსპიტალი გახსნეს.
აგილ მუსტაფაევმა, „ნაციონალური მოძრაობის“ მარნეულის ორგანიზაციის ერთ-ერთმა ლიდერმა, თქვა, რომ თავად ქალაქ მარნეულში მკაცრი საკარანტინო ზომები ტარდება, სოფლებისგან განსხვავებით.
„მარნეულის მუნიციპალიტეტში 150 ათასამდე ადამიანი ცხოვრობს. აქედან მარნეულში - მხოლოდ 30 ათასი. სოფლებში კონტროლი თითქმის არ არის, ჯერჯერობით უჭირთ. ინფორმაციის დეფიციტია. ფეისბუკშიც ვრცელდება ინფორმაცია, მაგრამ ბევრს ინტერნეტი არ აქვს. ამიტომ ყველა ოჯახში უნდა მივიდეთ, დაწვრილებით უნდა ავუხსნათ კორონავირუსის საშიშროების შესახებ“, თქვა აგილ მუსტაფაევმა. მისივე თქმით, ასეთი პრევენციული ღონისძიება ადრეც უნდა გატარებულიყო, „თუმცა ახლა მნიშვნელობა აღარ აქვს, მანამდე რა იყო“.
„ახლა მთავარია ყველანი გავერთიანდეთ, ეთნიკური, რელიგიური თუ პარტიული კუთვნილების მიუხედავად, რათა ამ დაავადების გავრცელებას ვებრძოლოთ“, თქვა აგილ მუსტაფაევმა.
საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ მარნეულის მერმა, ზაურ დარგალმა ადგილობრივი ტელევიზიით ქართულ და აზერბაიჯანულ ენაზე მოსახლეობას მიმართა, რომ იწყებენ ოჯახებში შესვლას და კორონავირუსზე ტესტირებას. მან მოსახლეობას მოუწოდა სახლში დარჩენისკენ.