„საკონტროლო ტყვია“ სასამართლო სისტემისთვის

უზენაესი სასამართლოს შენობა

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 24 დეკემბერს უზენაესი სასამართლოს წევრობის 10 კანდიდატი დაასახელა, რასაც საბჭოს არამოსამართლე წევრების - ნაზი ჯანეზაშვილისა და ანა დოლიძის - მძაფრი პროტესტი მოჰყვა.

„ჩვენ, მოსამართლეებმა, ავიღეთ პასუხისმგებლობა და ვიხელმძღვანელეთ საერთო სასამართლოების შესახებ ორგანული კანონით. შევარჩიეთ მხოლოდ ისეთი მოსამართლეები, რომლებიც სასამართლო სისტემის ნდობით სარგებლობენ“, - განაცხადა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე მისმა მდივანმა, გიორგი მიქაუტაძემ.

ნამდვილად არ მეგონა რომ დაეცემოდით ამ დონემდე... არ მეგონა, თუ ბოლო ტოტს გადახერხავდით, რომელზედაც სასამართლო სისტემა ჰკიდია, საკუთარი კარიერის გადასარჩენად
ანა დოლიძე

24 დეკემბერს უვადო მოსამართლეებად დასახელებული კანდიდატები არიან: მარიამ ცისკაძე, ნინო ქადაგიძე, მიხეილ ჩინჩალაძე, პაატა სილაგაძე, დიმიტრი გვრიტიშვილი, მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე, თამარ ალანია, გიორგი ტყავაძე და გიორგი მიქაუტაძე.

„ნამდვილად არ მეგონა რომ დაეცემოდით ამ დონემდე, მიუხედავად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, როგორც სასამართლო სისტემის ლიდერის მიმართ ჩემი კრიტიკისა. არ მეგონა, თუ ბოლო ტოტს გადახერხავდით, რომელზედაც სასამართლო სისტემა ჰკიდია, საკუთარი კარიერის გადასარჩენად“, - მიმართა მოსამართლეებს ანა დოლიძემ, კანდიდატთა სიის გაცნობის შემდეგ, - „თქვენ გაუშვით ისტორიული შანსი“.

ანა დოლიძის თქმით, პროცესუალურადაც და შინაარსობრივადაც, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ „ჩვეულებრივი სუიციდი“ ჩაიდინა:

„ამას გეუბნებით ქართველი ხალხის სახელით. ქართველი ხალხი არ იმსახურებს მიხეილ ჩინჩალაძის უვადოდ დამტკიცებას [უზენაეს სასამართლოში]“, - ხაზი გაუსვა ანა დოლიძემ. - „კანდიდატების ბიოგრაფიებიც არ გვაღირსეთ, სიაც კი არ გვაჩვენეთ, მხოლოდ გუშინ ატვირთეთ“.

ანა დოლიძის თქმით, მაგალითად, მიხეილ ჩინჩალაძეს მხოლოდ ერთეული საქმეები აქვს განხილული და მასზე ბევრი საჩივარია შემოსული, რადგან საქმეებს არ იხილავდა, ამ დროს კი მას ყველაზე მეტი ლარი აქვს ხელფასის სახით აღებული.

„ეს იყო ბოლო, საკონტროლო, ტყვია, რომელიც დაასვით საკუთარ თავს და სასამართლო სისტემას“, - დასძინა ანა დოლიძემ.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა კი საბჭოს წევრებს უთხრა: ეს სია არის „თქვენი ბედნიერება, მაგრამ სასამართლო სისტემის უბედურება“.

ჯანეზაშვილმა ეჭვი გამოთქვა, რომ კანდიდატთა სიის მიხედვით, რომელიც მან „ბოლო მომენტში“ მოიპოვა, იქიდან გამომდინარე, თუ როგორ მიუდგა იუსტიციის უმაღლესი საბჭო კანდიდატურების შერჩევის წესს, მოსალოდნელია, რომ მიხეილ ჩინჩალაძე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედაც კი აირჩიონ.

სხდომას ესწრებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც, რომლებსაც სხდომის თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძემ პოზიციის გამოხატვის უფლება არ მისცა, ანა დოლიძის დაჟინებული მოთხოვნის მიუხედავად. ამის გამო არასამთავრობო ორგანიზაციებმა სხდომა დატოვეს, ისევე როგორც ანა დოლიძემ.

სოფო ვერძეული

„დღეს იუსტიციის საბჭომ ყოველგვარი პროცედურის დარღვევით და წინასწარი მომზადების გარეშე დაასახელა უზენაესი სასამართლოს მომავალი კანდიდატები. ასეთ პროცედურას კანონმდებლობა არ იცნობს. ბუნდოვანია, ვინ იმსჯელა, რა კრიტერიუმებზე დაყრდნობით იმსჯელა, ეს სია სად მომზადდა, რომელ ჯგუფში მომზადდა, ამაზე კანონმდებლობა არაფერს არ ამბობს. სწორედ ეს იყო მოტივი, რის გამოც მოვუწოდებდით პარლამენტსაც და საბჭოსაც, სანამ ეს პროცედურა კანონით არ გაიწერებოდა, უზენაესი სასამართლოს ახალი წევრებით დაკომპლექტება არ მომხდარიყო“, განაცხადა ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის წარმომადგენელმა სოფო ვერძეულმა.

რას წარმოადგენენ უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატები - მოკლედ რამდენიმე მათგანის შესახებ:

  • მიხეილ ჩინჩალაძემ, რომელიც ამჟამად თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეა, 10-წლიანი კარიერის მანძილზე მხოლოდ 250 საქმე განიხილა და ამაში, ოფიციალური მონაცემებით, მილიონ ლარზე მეტი სარგო და პრემია-დანამატები აიღო. მიხეილ ჩინჩალაძეს 2004-2007 წლებში მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურორის თანამდებობა ეკავა. დაჯილდოებულია „ღირსების ორდენით“.
  • იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2015 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილებით, 7 მოსამართლე, მათ შორის გიორგი ტყავაძე უკონკურსოდ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ დაინიშნა. მას მიჰყავდა 26 მაისს აქციის მონაწილეთა საქმეები. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ოფიციალური განცხადებით, გიორგი ტყავაძე „გასისხლიანებულ, ნაწამებ ადამიანებს ადმინისტრაციულ პატიმრობას უსჯიდა, ნაცვლად იმისა, რომ წამებისკენ მიეპყრო ყურადღება“.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს წევრობის 10 კანდიდატი დაასახელა.

  • მერაბ გაბინაშვილმა პროფესიული კარიერა 1999 წლიდან სასამართლო სისტემაში მუშაობით დაიწყო, გააგრძელა საგამოძიებო ორგანოებში, მაგრამ შემდეგ ისევ სასამართლო სისტემას დაბრუნდა. 2017 წლის 20 ივნისიდან დაეკისრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარის უფლებამოსილების განხორციელება. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2018 წლის ოქტომბრის გადაწყვეტილებით, განწესდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლედ უვადოდ.
  • გიორგი მიქაუტაძე 2016-2017 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე. 2017 წლის აპრილში საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციამ ის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად აირჩია, ხოლო იმავე წლის ივნისში საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნად. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილმა თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ, რომელმაც ერთი წლის წინ თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა, გიორგი მიქაუტაძე და საბჭოს რამდენიმე წევრი მის მიმართ ზეწოლასა და შანტაჟში დაადანაშაულა.

ორგანული კანონით, უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატები პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს.