წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოების შემოწმების მიზნით საინიციატივო ჯგუფი ლაგოდეხში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ჩასვლასა და პროექტების ფინანსურ შესწავლას ითხოვს. ჯგუფის წევრებს კონკრეტული შეკითხვები აქვთ, რომელზეც, მათივე თქმით, პასუხი ვერ მიიღეს. აუდიტის სამსახურმა მოქალაქეებს წერილობითი უარით უპასუხა. საინტერესოა, რას ამბობენ თავად კომპანიაში, რომელიც წყალმომარაგების სისტემას რეაბილიტაციას უტარებს.
Your browser doesn’t support HTML5
„ლაგოდეხში სასმელი წყლის სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით მოგმართავთ თხოვნით, უკვე განხორციელებული სამუშაოებისა და მომავალში ჩასატარებელი საქმიანობის მონიტორინგის მიზნით გამოყოთ სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელიც ჩვენ მიერ დასახელებულ პრობლემებს საფუძვლიანად შეისწავლის“, - დაახლოებით, ასეთია იმ წერილის შინაარსი, რომელიც ლაგოდეხში მოქმედმა საინიციატივო ჯგუფმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს 100-ზე მეტი ხელმოწერით გაუგზავნა.
"ჩვენ ვეჭვობთ რომ ლაგოდეხში სასმელი წყლისთვის გამოყენებულია კანალიზაციის მილი და ჩვენს სიმართლეში დარწმუნებული ვართ თითქმის 90 %-ით."ლალი ევტუშენკო
საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელი ლალი ევტუშენკო ამბობს, რომ მათი ეჭვები თანხების არამიზნობრივ ხარჯვაზე კონკრეტულ შემთხვევებს უკავშირდება.
ევტუშენკოს თქმით, მუნიციპალური განვითარების ფონდისგან ლაგოდეხში მიმდინარე წყალმომარაგების სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტი გამოითხოვეს, თუმცა უწყება ამ პროექტს არ გასცემს. საინიციატივო ჯგუფის ინფორმაციით, „პროექტით წყალგაყვანილობისთვის სხვა სახის მილები იყო გათვალისწინებული, რეალურად კი სულ სხვა მასალა გამოიყენეს“. ევტუშენკოს თქმით, სახელმწიფო უწყების დუმილი მათ ეჭვებს კიდევ უფრო ამძაფრებს.
„ჩვენ ვეჭვობთ რომ ლაგოდეხში სასმელი წყლისთვის გამოყენებულია კანალიზაციის მილი და ჩვენს სიმართლეში დარწმუნებული ვართ თითქმის 90 %-ით. აუდიტის სამსახურში წერილი გავაგზავნეთ, რომ ჩამოსულიყვენე და შეემოწმებინათ. ახლა ვაპირებთ ანალოგიური წერილით მივმართოთ გენერალურ პროკურატურას. თუ ისინიც არ მოგვაქცევენ ყურადღებას, გადავალთ ფართომასშტაბიან აქციებზე და არ გავჩერდებით მანამ, სანამ კარგ წყალს არ გამოუშვებენ ნორმალურ მილებში“.
"აუდიტის სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას, რომ მიმდინარე წელს ლაგოდეხში სასმელი წყლის სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით აუდიტი განახორციელოს“.სახელმწიფო აუდიტის სამსახური
აუდიტის სამსახურმა ლაგოდეხიდან საინიციატივო ჯგუფის წერილის მიღება დაგვიდასტურა, თუმცა გვითხრეს, რომ კონკრეტულ პასუხს ისინი წერილის ადრესატებს გაუგზავნიდნენ. როგორც ირკვევა, წერილის ადრესატებმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურისგან პასუხად თითქმის უარი მიიღეს, რომ ლაგოდეხში კონკრეტული პროექტების ფინანსური მონიტორინგი განახორციელონ. აუდიტის სამსახურის მიერ მოქალაქეებისთვის გაგზავნილ წერილში ვკითხულობთ:
„ამ ეტაპზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ადამიანური რესურსი სრულადაა ჩართული 2018 წლის გეგმით გათვალისწინებული მიმდინარე აუდიტების და ასევე წინასწარ აუდიტორულ პროცედურებში. აღნიშნულიდან გამომდინარე, აუდიტის სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას, რომ მიმდინარე წელს ლაგოდეხში სასმელი წყლის სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით აუდიტი განახორციელოს“.
ლაგოდეხში წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოებს კომპანია „ინსი“ ახორციელებს. მისმა ხელმძღვანელმა დავით გეგენავამ ჩვენგან გაიგო ლაგოდეხში მოქმედი საინიციატივო ჯგუფის მოთხოვნების შესახებ. გეგენავას განცხადებით, „აბსურდია იმის თქმა, რომ კანალიზაციის მილი სასმელი წყლისთვის გამოიყენო“.
ლაგოდეხის წყალმომარაგების სისტემა
- ლაგოდეხში წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2015 წელს დაიწყო.
- თავდაპირველად სამუშაოებისთვის 9 მილიონი ლარი გამოიყო, ახლა კი პროექტის ბიუჯეტი 11 მილიონამდეა გაზრდილი.
- ლაგოდეხში წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოებს კომპანია „ინსი“ ახორციელებს.
„არ არსებობს კანალიზაციის მილი გამოიყენო წყალსადენის ქსელზე. ეს აბსურდია. სულ სხვადასხვა ფუნქცია აქვს კანალიზაციის მილს და წყალსადენის მილს. ფიზიკურად ვერ გამოიყენებ. კომპანიამ მილები რომ შეიძინოს, ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებ. ამ პროცედურამდე სამი ინსტანციის გავლაა საჭირო, პირობები და ნორმები სატენდერო დოკუმენტაციით არის გაწერილი“.
საინიციატივო ჯგუფის წერილს იცნობენ რიგითი ადგილობრივებიც. ლაგოდეხში ჩვენ მიერ გამოკითხული მოქალაქეების ნაწილი ამბობს, რომ შეკითხვები მათაც აქვთ, თუ რატომ ვერ დასრულდა პროექტი, რომელიც 2015 წელს დაიწყო და, გეგმის მიხედვით, დაწყებიდან ერთ წელში უნდა დამთავრებულიყო.
„აკეთებენ, მაგრამ უხარისხოდ“.
„უკვე თვეებია, გადათხრილია ქუჩები და გამკეთებელი არ ჰყავს. მანქანები სულ დაიმტვრა და დაიმსხვრა“.
„რეაბილიტაციის თანხას ნახევრად არ გამოყოფდნენ, ალბათ, ხომ?! გამოყოფდნენ სრულად, რომ ყველაფერი გაკეთებულიყო. ყველაფერი არ არის გაკეთებული და სამუშაოები მიტოვებულია. არ ვიცი, სად წავიდა თანხები“.
„მგონია, რომ სწორად არ ხორციელდება პროექტი. უკეთესად შეიძლებოდა განხორციელებულიყო“.
„მე ვფიქრობ, რომ თანხა არ იხარჯება სწორად. ახლა არც სუფთა წყალი გვაქვს, არც გზა და სამუშაოებიც გაჩერებულია. ვინ აგებს პასუხს?“
"კომპანიამ მილები რომ შეიძინოს, ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებ. ამ პროცედურამდე სამი ინსტანციის გავლაა საჭირო".დავით გეგენავა
აუდიტის სამსახურისგან მიღებული უარის შემდეგ ლაგოდეხის საინიციატივო ჯგუფი ახლა იმავე მოთხოვნით პროკურატურისთის მიმართვას აპირებს.
ლაგოდეხში წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2015 წელს დაიწყო. თავდაპირველად სამუშაოებისთვის 9 მილიონი ლარი გამოიყო, ახლა კი პროექტის ბიუჯეტი 11 მილიონამდეა გაზრდილი.
სამუშაოების დასრულების ვადებმა უკვე რამდენჯერმე გადაიწია.