საით მიფრინავს აფხაზეთი?!

სოხუმის აეროპორტი. ფოტო არქივიდან. 2019 წ.

სოხუმის აეროპორტი, რომელიც რუსი ინვესტორის ხელში გადადის, რუსეთისათვის დაწესებული ეკონომიკური სანქციების გვერდის ავლის ეფექტიანი საშუალება შეიძლება გახდეს. აფხაზეთში ბევრი იმის გამოც შიშობს, რომ რუსეთი ნელ-ნელა ხელში იგდებს ყველა სტრატეგიულ ობიექტს, რითაც ძირი ეთხრება თვითგამოცხადებული რესპუბლიკის დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს.

„ჩვენ გველოდება შაფსუღებისა და უბიხების ბედი“, - ამ მოსაზრებას სოხუმში ბევრი იზიარებს.

2023 წლის 16 ივნისს სანქტ-პეტერბურგში სოხუმის აეროპორტის აღდგენის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრმა მაქსიმ რეშეტნიკოვმა და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა კრისტინა ოზგანმა.

რუსეთის მთავრობის მიერ გავრცელებული პრესრელიზის თანახმად, დოკუმენტის ტექსტი შეიმუშავეს რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სპეციალისტებმა, რომლებიც მოქმედებდნენ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის „რუსეთ-აფხაზეთს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენის შესახებ განკარგულების“ შესაბამისად.

შეთანხმებაზე ხელმოწერის პროცესი. სანქტ-პეტერბურგი, 2023 წლის 16 ივნისი

მაქსიმ რეშეტნიკოვის თქმით, რუსეთ-აფხაზეთს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენა ტურიზმის განვითარების დიდი სტრატეგიის ნაწილია, რომელსაც ორი ქვეყნის მთავრობები რეგიონებსა და ბიზნესთან ერთად ავითარებენ.

„სოხუმის აეროპორტის რეკონსტრუქცია ისტორიული მოვლენაა აფხაზეთისთვის. აეროპორტი 30 წელია არ ფუნქციონირებს. ეს ფაქტი სერიოზულად აფერხებს რესპუბლიკის ბიზნესისა და ტურისტული სექტორის განვითარებას, - განაცხადა მაქსიმ რეშეტნიკოვმა, - რუსეთისთვის ახალი აეროპორტი ერთდროულად გადაჭრის ორ მნიშვნელოვან ამოცანას - განტვირთავს როგორც უკიდურესად გადატვირთულ სოჭის აეროპორტს, ასევე ადლერის საავტომობილო გამშვებ პუნქტს, რომელიც რუსეთის მოქალაქეებისთვის აფხაზეთში მოხვედრის მთავარი გზაა“.

რუსეთის ინტერესი

რუსეთის ეკონომიკის მოქმედ მინისტრს არაფერი უთქვამს სოხუმის აეროპორტზე, როგორც ტვირთების გადატანისთვის მნიშვნელოვან სატრანსპორტო კვანძზე. რუსეთის სამოქალაქო ავიაციის მინისტრის ყოფილი მოადგილე, ოლეგ სმირნოვი კი დარწმუნებულია, რომ სოხუმის აეროპორტი უაღრესად საინტერესოა სწორედ ტვირთების გადატანის თვალსაზრისით.

„ხაზს ვუსვამ, საერთაშორისო გადაზიდვების კუთხით, - დასძენს რუსეთის ავიაციის ყოფილი მაღალჩინოსანი, - ძალიან, ძალიან მიმზიდველია გქონდეს ისეთი აეროპორტი, როგორიც სოჭშია, მაგრამ სოჭის აეროპორტი ძალიან გადატვირთულია.

თანაც სოჭის აეროპორტს აქვს ერთი თავისებურება: აფრენა და დაშვება ხდება ერთი კურსით: აფრენა - ზღვისკენ, დაჯდომა - ზღვიდან, სოხუმში კი ასაფრენი ბილიკი ზღვის სანაპიროს გასწვრივაა და, შესაბამისად, დიდ შესაძლებლობებს ხსნის იმისათვის, რომ მისი ფუნქციობა არ იყოს დამოკიდებული მეტეოპირობებზე, როგორც ეს სოჭშია. და კიდევ: თუ მეორე ზოლიც დაემატება, ფრენების ინტენსივობა შეიძლება ავიდეს მაღალი სტანდარტის აეროპორტების დონეზე“.

კონფლიქტოლოგი და საქართველოს ყოფილი სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილიც მიიჩნევს, რომ რეალურად მოსკოვს, რომელიც აქამდე წამგებიანად თვლიდა ფულის დახარჯვას სოხუმის აეროპორტის აღდგენაზე, ახლა ბაბუშარის აეროპორტი სწორედაც რომ სანქცირებული ტვირთების ტრანსპორტირებისთვის სჭირდება.

„აფხაზეთი განსაკუთრებული ადგილია სანქციების გვერდის ავლის თვალსაზრისით, ის არ არის აღიარებული - ანუ იქ არ მოქმედებს საერთაშორისო კანონები და, შესაბამისად, არც ექვემდებარება საერთაშორისო მონიტორინგს – შავი ზღვით ყველაფრის შეტანა და გატანა შეიძლება, მათ შორის იარაღისაც კი. ეს არის კლასიკური „შავი ხვრელი“, რომელიც ძალიან სასარგებლოა რუსეთისთვის“, - უთხრა პაატა ზაქარეიშვილმა „ამერიკის ხმის“ რედაქციას.

საქართველოს რომ რუსეთის ეკონომიკური ბლოკადის გარღვევის საქმეში მნიშვნელოვანი როლი აქვს, ამის შესახებ ღიად საუბრობენ რუსეთის მთავრობის წარმომადგენლები.

16 ივნისს რუსეთის ფედერაციის ტრანსპორტის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთ-საქართველოს საზღვრის ყაზბეგი-ზემო ლარსის გამშვებ პუნქტზე სატრანსპორტო ზოლების საერთო რაოდენობა 25-დან 39-მდე გაიზარდა, რაც, რუსეთის პრემიერ-მინისტრის, მიხაილ მიშუსტინის თქმით, „შეამცირებს საცობებს და უზრუნველყოფს სატვირთო მანქანების მაღალგამტარიანობას“.

რუსეთის პრემიერ-მინისტრი მიხაილ მიშუსტინი

2023 წლის პირველ ორ თვეში საქართველოდან სომხეთში ექსპორტი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 197%-ით გაიზარდა, ხოლო რუსეთის ფედერაციაში - 38%-ით. ამასთან, 2022 წელს, 2021 წელთან შედარებით, საქართველოს ექსპორტი სომხეთში 129%-ით გაიზარდა, ყაზახეთში - 148%-ით, ხოლო რუსეთში - მხოლოდ 7%-ით.

ანალიტიკოსების ნაწილი მიიჩნევს, რომ სომხეთსა და ყაზახეთში ექსპორტის მნიშვნელოვანი ნაწილი, საბოლოო ჯამში, რუსეთში ხვდება.

ასევე ნახეთ "ლარსზე ეკონომიკური ბლოკადა ირღვევა" - რამ გაზარდა ტვირთბრუნვა რუსეთ-საქართველოს საზღვარზე

მოსკოვსა და სოხუმს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით, აღდგენაზე ფულს კერძო ინვესტორი დახარჯავს, ფედერალური ბიუჯეტიდან თანხების მოზიდვის გარეშე, ორ ეტაპად. რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს, საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტოსა და პოტენციური ინვესტორის წინასწარი შეფასებით, რეკონსტრუქციის პირველი ეტაპის ღირებულება 6,5 მილიარდი რუბლი (71 მილიონი დოლარი) იქნება.

„პირველ ეტაპზე დაგეგმილია 3,6 კმ-იანი ასაფრენი ბილიკის 2,4 კმ-ის რეკონსტრუქცია, რაც საშუალებას მისცემს აეროპორტს მიიღოს SSJ-100, МС-21 ტიპის სამგზავრო და IL-76 ტიპის სატვირთო თვითმფრინავები, - განაცხადა ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილემ დმიტრი ვოლვაჩმა. მოსალოდნელია, რომ რეკონსტრუქციის პირველ ეტაპზე მგზავრების გადაზიდვის წლიური მოცულობა 375,8 ათასი მგზავრი იყოს. აღდგენითი სამუშაოების მეორე ეტაპი დაიწყება წელიწადში 1 მილიონი მგზავრის მიღწევის შემდეგ. პროექტის დროული განხორციელების შემთხვევაში აეროპორტის საქმიანობის განახლება 2024 წლის მეოთხე კვარტალში იგეგმება“. მოსალოდნელია, რომ ახალი აეროპორტის მგზავრთა გადაადგილების ჯამური მოცულობა წელიწადში დაახლოებით 1,2 მილიონი მგზავრი იქნება.

აფხაზების დამოკიდებულება

„ამ საინვესტიციო პროექტის განხორციელება მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს აფხაზეთის ეკონომიკის განვითარებაზე“, - განაცხადა შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ დე ფაქტო რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრმა კრისტინა ოზგანმა, - დარწმუნებულნი ვართ, რომ აეროპორტის ამოქმედება გაზრდის რესპუბლიკის სატრანსპორტო ხელმისაწვდომობას ტურისტებისთვის და გააფართოებს ჩვენი ქვეყნის შესაძლებლობებს საერთაშორისო სატრანსპორტო და ლოგისტიკის სისტემაში“.

რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრი მაქსიმ რეშეტნიკოვი და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი კრისტინა ოზგანი

მოსკოვსა და სოხუმს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით, რუსული მხარე ვალდებულია შეასრულოს პროექტის ყველა პირობა. აფხაზური მხარე კი კონტრაქტორს აძლევს განსაკუთრებულ გარანტიებს საკუთრების უფლების დაცვასა და მიწის ნაკვეთების გადაცემაზე, ასევე დებს პირობას, რომ არ შეუცვლის საგადასახადო შეღავათებს.

თუმცა არავინ იცის, ოფიციალურად ვინ არის კონტრაქტორი და რა ტიპის შეღავათებითა და გარანტიებით გადაეცემა აეროპორტი და მისი ტერიტორია ინვესტორს.

აფხაზი პოლიტოლოგი იზიდა ჭანია ამბობს, რომ დე ფაქტო რესპუბლიკის მთავრობა არ გამოაქვეყნებს შეთანხმების ტექსტს, რომელიც ნათელს მოჰფენდა სტრატეგიული ობიექტის ბედს.

აფხაზი პოლიტოლოგი იზიდა ჭანია

„მთავრობა არც მესაკუთრის ვინაობას ასახელებს და არც შეთანხმების ეკონომიკურ მიზანშეწონილობას ასაბუთებს. რუსი ოფიციალური პირის ნოვაკის მიერ გაჟღერებული მწირი ინფორმაციიდან კი გამომდინარეობს, რომ აფხაზური მხარე განსაკუთრებულ გარანტიებს აძლევს ინვესტორს.

რა პირობებია ეს? მიწის გადაცემა. თუ ვინმე ამ პროექტით სარგებელს ნახავს, ეს ნამდვილად არ იქნება აფხაზეთი და აფხაზი ხალხი“, - ამბობს იზიდია ჭანია, რომლის თქმითაც, ყველაფერი, რაც აფხაზეთში ხდება, იმის შედეგია, რომ „ნამდვილი პატრიოტები“ მიწაში წვანან:

„საზოგადოება კამათობს, ხელისუფლება კი ჩქარობს გაყიდოს ყველაფერი, რაც შესაძლებელია. ვიდრე ვადა ამოეწურებათ, ვიდრე პარლამენტი ცვლილებებს მიიღებს, ვიდრე ხალხი ახალი აჯანყებისთვის მომწიფდება.

დღეს გაყიდეს აეროპორტი, ხვალ გაყიდიან ენერგეტიკას, მერე მიწას! და მათ უნდათ, დაგვარწმუნონ, რომ ეს კარგია! საზოგადოების პროგნოზი დამშვიდების საფუძველს არ იძლევა: ჩვენ გველოდება შაფსუღებისა და უბიხების ბედი“.

  • არაოფიციალურად ცნობილი გახდა, რომ პროექტის ინვესტორია რუსული სამრეწველო ჯგუფი Базовый элемент-ი, რომელიც რუსი ბიზნესმენის, ოლეგ დერიპასკას კონტროლირებადი კომპანიების შემადგენლობაშია. ოლეგ დერიპასკა 2018 წლიდან აშშ-ის მიერ სანქცირებულ პირთა სიაშია.

საქართველოს პოზიცია

მოსკოვსა და სოხუმს შორის ხელშეკრულების გაფორმებიდან თითქმის ერთი კვირა გავიდა, თუმცა საქართველოს ხელისუფლებას ამის თაობაზე არაფერი უთქვამს.

არადა, 2019 წელს, როცა ოკუპირებული აფხაზეთის მთავრობამ გამოაცხადა, „ვლადისლავ არძინბას სახელობის სოხუმის საერთაშორისო აეროპორტი“ საერთაშორისო ფრენებისათვის უნდა გაიხსნასო, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ყველა გააფრთხილა, რომ ჩვენი ნებართვის გარეშე, სოხუმის აეროპორტში მიმოსვლა ვერ განხორციელდებაო:

„სოხუმის აეროპორტში ვერც ერთი ავიაკომპანია საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლას ვერ განახორციელებს, სანამ ამის შესახებ გადაწყვეტილებას არ მიიღებს საქართველო და ფრენების უსაფრთხოებაზე ზედამხედველობა არ იქნება უზრუნველყოფილი ქართული მხარის მიერ.

იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ავიაკომპანია სოხუმის მიმართულებით ფრენებს დაიწყებს, ის დაარღვევს როგორც სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ნორმებს, ისე ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონს, რაც გაართულებს აღნიშნული ავიაკომპანიის ოპერირებას საერთაშორისო და საქართველოს მიმართულებებზე”.

სოხუმის აეროპორტის აღდგენის მცდელობები: აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება სოხუმის აეროპორტის აღდგენას მრავალი წელია ცდილობს. 2006 წელს აეროპორტის ამოქმედების განზრახვის შესახებ მაშინდელმა ლიდერმა სერგეი ბაგაპშმა განაცხადა. 2011 წელს აფსნიპრესი იტყობინებოდა, რომ სოხუმის აეროპორტის აღდგენის მიზნით, ის რუსულ ჰოლდინგ „ნოვაპორტს“გრძელვადიანი იჯარით გადაეცემოდა. 2014 წელს კი – გავრცელდა ცნობები, რომ სოხუმის აეროპორტის „რეკონსტრუქციის“ თაობაზე ხელი მოაწერა „განზრახულობის ხელშეკრულებას“ კრასნოდარში მოქმედ კომპანია „აეროპორტ დეველოპმენტთან“. 2019 წლის 26 ივლისს აფხაზეთის მთავრობამ 26 ივლისს დადგენილება მიიღო, რომლის მიხედვითაც, „ვლადისლავ არძინბას სახელობის სოხუმის საერთაშორისო აეროპორტი“ საერთაშორისო ფრენებისათვის უნდა გაიხსნას.

ახლა რატომ დუმს თბილისი?

თბილისს გარდა იმისა, რომ არ გაუკეთებია კომენტარი სოხუმის აეროპორტთან დაკავშირებით, პროტესტიც არ გამოუთქვამს რუსეთის ფედერაციის მიერ „საქართველოს სუვერენიტეტის მორიგი ხელყოფის“ გამო.

პაატა ზაქარეიშვილის თქმით, ამის მიზეზი მმართველი პარტიის კაპიტულანტური პოლიტიკაა, რომელსაც საფუძვლად უდევს მაქსიმალური სიფრთხილე რუსეთთან ურთიერთობაში:

პაატა ზაქარეიშვილი

„ქართული ოცნება ყველაფერს აკეთებს, რომ თბილისიდან პრეტენზიები არ ისმოდეს. ამავე დროს, იმისათვის, რომ არ გააღიზიანოს ამომრჩეველთა პროდასავლური უმრავლესობა, ხელს აწერს საერთაშორისო რეზოლუციებს, მაგალითად, გმობს რუსეთის შეჭრას უკრაინაში, ანუ მონაწილეობს იქ, სადაც საქართველოს ხმა იკარგება საგუნდო სიმღერის მრავალხმიანობაში, მაგრამ შეძლებისდაგვარად თავს იკავებს კრემლის პირდაპირი კრიტიკისგან.

ამის მიზეზი ისაა, რომ „ოცნება“ თავის ბოლო დასაყრდენს რუსეთში ხედავს, ეს არის ძალაუფლების შენარჩუნების ერთადერთი გარანტი, თუ მას აღარ აირჩევენ. თავის მხრივ, მოსკოვს ნამდვილად სჭირდება საქართველო ამ ეტაპზე, რადგან ყარაბაღის ომის შემდეგ რუსეთის გავლენა კავკასიაში შესუსტდა“, - უთხრა პაატა ზაქარეშვილმა „ამერიკის ხმას“.

სოხუმის აეროპორტი, რომელიც გასული საუკუნის 1960-იან წლებში აშენდა და აფხაზეთის დედაქალაქიდან დაახლოებით 20 კილომეტრში სოფელ ბაბუშარასთან მდებარეობს, 1993 წლიდან დაკეტილია, 2008 წელს საქართველოს პარლამენტის მიერ „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონის მიღების შემდეგ აფხაზეთში საერთაშორისო ფრენები ოფიციალურად აკრძალულია. სოხუმის აეროპორტი არ არის სერტიფიცირებული საქართველოს საავიაციო ხელისუფლების მიერ, ხოლო სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (ICAO) აფხაზეთს საქართველოს შემადგენელ ნაწილად აღიარებს.