მტკვარი საქართველოს მთავარი მდინარეა; მტკვარი ქართველთა „ემბაზი“ და „იორდანეა“; მტკვარი თბილისის პირველი ხუროთმოძღვარი და მისი არსებობის საფუძველია...მტკვარი ყველგანაა - ყოფაში თუ კულტურაში, ქალაქურ ფოლკლორში თუ პოეზიაში, მუსიკაში თუ ფილმებში, ფოტოებში თუ ნახატებში... მაგრამ საიდან გაჩნდა თვითონ სიტყვა „მტკვარი“? როგორია მტკვრის ეტიმოლოგიური ძირი?

საქართველოში მტკვარი იგივეა მდინარეებში, რაც თბილისი – ქალაქებში. დემნა შენგელაიას დაკვირვებით, როგორც ძველი რომაელი თავის რომს, ასევე ქართველი კაციც თავის თბილისს „ქალაქს“ უწოდებდა:

„ქალაქში მივდივარო, რომ იტყვის, უნდა იცოდე, თბილისში მიდის, რადგან ეს ქალაქი მეტია თავისი აზრითა და მნიშვნელობით, ვიდრე სხვა რომელიმე ქართული ქალაქი“ („ლიტერატურული საქართველო“, 1965 წ. 06.11).

მტკვარი, თბილისში

ასევე იყო მტკვარიც. ძველად როგორც „ქალაქი“ იყო თბილისის სინონიმი, ასევე „წყალი“ – მტკვრისა. ყოველ შემთხვევაში, სწორედ ამ მნიშვნელობით ახსენებს „ქართლის ცხოვრების“ ავტორი ლეონტი მროველი წყალს:

„ხოლო ამან ადერკი მეფემან უმატა სიმაგრეთა ქართლისათა ქალაქთა და ციხეთა, და უმეტეს მოამტკიცნა ზღუდენი ქალაქისა[1]წყლისა ამიერ და იმიერ“

„მტკვარი - დიდი წყლიანი მდინარე“ - ასეთ განმარტებას ვკითხულობთ თედო სახოკიას „ქართულ ხატოვან სიტყვა-თქმანშიც“, სადაც მოტანილია ფრაგმენტი ავქსენტი ცაგარელის პიესიდან:

„ერთმა არტისტმა ქალმა აიჩემა და წამდაუწუმ იძახდა: ქა, გენაცვალეთ, ეს რამოდენა მტკვარი ყოფილა აქაო“.

თედო სახოკია აქვე შენიშნავს, რომ იმერეთში, კერძოდ სოფელ დიდ ჯიხაიშში შემორჩენილა სიტყვა - მომტკვარვა, „რაიცა ნიშნავს ბლომად, აუარება წყლის დაქცევას, დაღვრას.“

ადიდებული მტკვარი გაზაფხულზე

ერთ-ერთი ვერსიით მტკვრის სახელი უნდა მოდიოდეს „თქორიდან“, რაც, სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონის მიხედვით, მეტად წვრილი წვიმაა. მტკვარზე დაწერილი წიგნის, „მტკვარი საქართველოს დედამდინარე“, ავტორი ვალერიან ზუხბაია შენიშნავს, რომ სამეგრელოს ტერიტორიაზე მიედინება უხვწყლიანი მდინარე სახელად თიქორი.

...მაგრამ ქართულ ენაში ასევე არსებობს ასეთი სიტყვა: „მტკუეფრობა“, რომელსაც იგივე სულხან-საბა ასე განმარტავს: „მტკუეფრობა არს მრავალთაგან მიხვევა“.

„მდინარე მტკვარიც ხომ მართლაც მიხვეულ-მოხვეულია. იბადება კითხვა „ტკუეფარი“-დან როგორ მივიღეთ “მტკუარი“ ძველი, ხოლო „მტკვარი“ ახალი ფორმით? ამის მსგავსი მაგალითი ტოპონიმიკაში ბევრია. ავიღოთ მაგალითად „ზედაზენი“. ცნობილია, რომ მას ადრე ეწოდებოდა „ზედა ზადენი“, მაგრამ „ად“ - სიტყვის შუა ნაწილი ამოვარდა და მივიღეთ „ზედაზენი“. ასევე „მარტოყოფიდან“ მივიღეთ „მარტყოფი“ . „მტკუეფარიდან“ ჩანს მიღებული „მტკვარი“, ე.ი. სიტყვიდან ამოვარდნილა „ეფ“, „მტკუარიდან“ კი მიღებულია თანამედროვე გამოთქმით და დაწერილობით „მტკვარი“ [ჯ. ლომაშვილი, „მტკვრის ეტიმოლოგიისათვის“].

ლომაშვილი ასევე ახსენებს სვანურ სიტყვა „მტყვარს“, რომელიც მღვრიეს, ამღვრეულს ნიშნავს.

მტკვრის ეტიმოლოგიურ ძირს ეძებენ ჭანურშიც, სადაც ზმნა „ტკვარ-ტკვალ“ ითარგმნება როგორც „დენა“.

„ტკვარი - დენაა, „მტკვარი“ - მდინარეა. მაშასადამე „მტკვარი“ მდინარეს ნიშნავს“. [„სოფლის ცხოვრება“, 1982 წ. N156]

ვალერიან ზუხბაიას თქმით, აკადემიკოსმა სერგი ჯიქიამ არ გამორიცხა, რომ სახელწოდება მტკვარი მომდინარეობდეს კოლხურ-მეგრული სიტყვიდან - ტკვარუა, რაც მტვრევას ნიშნავს:

„მტკვრის სათავე - კოლა ძველ კოლხეთში მდებარეობდა... ცნობილია, რომ მესხეთში დღესაც გვხვდება მეგრული ტოპონიმები: ნაბონა, ჯინჯიგორა, ბერაყები, ოდუნდა, ოქვიეთი, ოხონა და სხვ. შესაძლებელია სახელწოდება მტკვარი მორფოლოგიური ცვლილებებით მეგრული სიტყვა ტკვარუა, ტკვარილიდან მომდინარეობდეს“.

მტკვარი შემოდგომით

ცალკე მსჯელობის საგანია „მტკვრის“ გადატანა უცხო ენებში. როგორ მოხდა ისე, რომ საკუთარი სახელი „მტკვარი“ უცხო ენებში გადავიდა არა ტრანსლიტერირებული, არამედ ტრადიციული (უცხოენოვანი) ფორმებით?

ფრანგი მოგზაური, ჟან შარდენი ჯერ კიდევ XVII საუკუნეში ამბობდა მტკვარზე, გეოგრაფები „კირსა“ და „კორუსს“ უწოდებენო. რუსულადაც მტკვარი Кура-ა და არა Мтквари.

რატომ?

ამ კითხვის პასუხად, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვახუშტის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის უფროსმა მეცნიერ-თანამშრომელმა, გეოგრაფიის მეცნიერებათა კანდიდატმა ვ. გვახარიამ 1963 წლის 27 დეკემბრის გაზეთ „თბილის ში“ გამოაქვეყნა წერილი სათაურით „რატომ ეწოდება მტკვარს რუსულად „კურა“? ქართველი მეცნიერი წერდა:

„მტკვარს, საქართველოს მთავარ მდინარეს, სახელი ქართველებმა დაარქვეს, მაგრამ ისე მოხდა, რომ მისი ქართული სახელწოდება არ გავრცელდა და მსოფლიოს ყველა ენაზე (მათ შორის რუსულადაც) ამ მდინარეს „კურას“ ან „კურს“ უწოდებენ. ერთი შეხედვით, მტკვრის ქართულ და რუსულ სახელ წოდებებს შორის თითქოს არავითარი კავშირი ან მსგავსება არ არსებობს (მტკვარი – კურა), მაგრამ როგორც ეს გვიჩვენეს მკვლევრებმა, სახელწოდება „კურა“ ყოფილა ნაწარმოები ამ მდინარის ქართული სახელწოდებიდან „მტკვარი“.

"მტკვარი", რომანსი. კომპ. ოთარ თაქთაქიშვილი, ტექსტ. გ. ლეონიძე

როგორია მტკვრის Кура(კურა)-დ გადაქცევის გზა?

ქართული ენისათვის დამახასიათებელია სიტყვაში რამდენიმე თანხმოვნის თავმოყრა; მაგალითად, „მტკვარში“ ერთმანეთს მისდევს ოთხი თანხმოვანი – მტკვ. სხვა ენები, რომლებიც ძველად გარს ერტყნენ ქართულს, ვერ იტანდნენ თანხმოვანთა ასეთ თავმოყრას და მათ შორის ჩართავდნენ ხმოვანს, ან რომელსამე თანხმოვანს უკუაგდებდნენ ხოლმე. ჩვენ შემთხვევაში სიტყვა „მტკვარმა“ ბერძნულ და თურქულ ენებში გადასვლისას დაკარგა ორი თანხმოვანი „მტ“ და მიიღო სახე – კვარი. თუ გავიხსენებთ იმასაც, რომ კომპლექსი „ვა“ ქართულშიც კი წინათ ხშირად იცვლებოდა „ო“ ხმოვნით (მაგალითად ცხვარი – ცხორი), და ასე გადადიოდა უცხოურ ენებში, ცხადი გახდება, თუ როგორ იქცა სიტყვა „მტკვარი“ „კორად“: მტკვარი – მტკორი – კორი. ძველი ბერძნები მტკვარს „კორს“ უწოდებდნენ. დროთა განმავლობაში სახელწოდება „კორიც“ გადასხვაფერდა და იქცა „კურად“. რუსულ ენაში მტკვრის სახელწოდება შევიდა ბერძნულიდან და ამიტომაც მას რუსულად „კურას“ უწოდებენ“.

მოკლედ, ჯერ იყო მდინარე, შემდეგ ბუნდოვანი პერიოდი „მტკვრობამდე“ და შემდეგ ყველა სხვა სახელი: კურა, კირი, ქურ, კორი, კიროსი და ა.შ. თეიმურაზ ბატონიშვილის განმარტებითაც, „კვიროსმა“ (კიროს II დიდი) მდინარე მტკვარს უწოდა თავისი სახელი - კირო, რომლის გამო, როგორც თეიმურაზ ბატონიშვილი ამბობს, „აწ სპარსნი, თურქნი და ევროპიელნი, ვითარცა რუსნიცა უმეტესნი უწოდებენ მას ქურად, მაგრამ ყოველნი ერნი ზემოისაცა და ქვემოისაცა ივერილენი, ესე იგი სრულიად ქართლოსიანთანი, უწოდებენ მდინარესა უძველესისა სახელითა თვისითა მტკვრად, ვინაიდგან უწინარეს კიროსისაცა ეწოდა მტკვარი მრავალთასა უკუნითგან პირველ.“