300-ლარიანი დახმარების მისაღებად არარეგისტრირებულმა თვითდასაქმებულებმა უნდა დაამტკიცონ, რომ ნამდვილად მუშაობდნენ 2020 წლის პირველ კვარტალში. ამ ეტაპისთვის მათ ორი გზა აქვთ: ცნობა ან იმ იურიდიული პირისგან უნდა მიიღონ, რომელთანაც მუშაობდნენ, ანდა თავად დაადასტურონ - ვთქვათ, საბანკო გადარიცხვების მეშვეობით. მათ ვერაფრით დაეხმარებიან კერძო პირები და ოჯახები.
ერთჯერად 300-ლარიან დახმარებას მიიღებენ ის თვითდასაქმებულებიც, რომლებიც თუნდაც საბანკო ანგარიშებზე თანხების მოძრაობით დაადასტურებენ საქმიანობასა და შემოსავლებს - განაცხადა 29 აპრილს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ ბარკალაიამ. ტრანზაქციები 2020 წლის პირველ სამ თვეში უნდა იყოს განხორციელებული.
მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ კერძო პირებთან, ოჯახებში მომუშავე თვითდასაქმებულები, მაგალითად - ძიძები, მძღოლები, დამლაგებლები, ხელოსნები ან მუშები, ასე შეძლებენ სტატუსის დასაბუთებას. ანაზღაურება არ მოხდება კერძო პირების (ანუ კონკრეტული ოჯახის წევრების) მიერ გაცემული ცნობებით.
„ნებისმიერი ტიპის ცნობა არის საკმარისი იმისთვის, რომ მათ დახმარება მიიღონ. იმ შემთხვევაში, თუ არცერთი ცნობა არა აქვთ, რა თქმა უნდა, თვითდასაქმებულის იდენტიფიცირება არის ძალიან რთული...
ნებისმიერი ცნობა (კომისიის მიერ) ძალიან ლოიალური პრინციპით იქნება განხილული და იქნება პოზიტიური შეფასება გაცემული... (დასტურად არ ჩაითვლება) ოჯახების მიერ გაცემული ცნობები... მაგრამ იგივე საბანკო ანგარიშები შეიძლება იყოს.
ბანკი იურიდიული პირია და (მისაღები იქნება) თუნდაც დაფარვები, თუნდაც გადახდები ბანკის მეშვეობით. ესეც იქნება საკმარისი, რომ მათ დაადასტურონ ფულადი ტრანზაქციები“, - განაცხადა თამარ ბარკალაიამ.
29 აპრილს, ჯადაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ თითოეული არარეგისტრირებული თვითდასაქმებულის საკითხს კომისია ინდივიდუალური წესით განიხილავს. საბანკო ანგარიშის ან სხვა რაიმე სახის ცნობის წარდგენის საშუალება ექნება როგორც იურიდიულ პირს, ასევე თვითონ ამ ადამიანს, „რომელიც აბარებდა თუნდაც ნამცხვარს ან თუნდაც ყვავილს, არა აქვს ამას მნიშვნელობა“. მას აღარ დაუკონკრეტებია, რა იგულისხმება „სხვა რაიმე სახის ცნობაში“.
- კერძო პირებთან ოჯახებში დასაქმებული 5 პირიდან, რომელსაც რადიო თავისუფლება დაუკავშირდა, ანაზღაურება ბანკის გავლით, წლის პირველ კვარტალში მიღებული აქვს მხოლოდ ერთს.
- 72 წლის ალა ამბობს, რომ 4-სულიან ოჯახს შიმშილი არ ასცდებოდა, დამსაქმებელ ოჯახს კეთილი ნება რომ არ გამოეჩინა და მუშაობის შეწყვეტასთან ერთად, ფულის გადახდაც რომ შეეწყვიტა მისთვის - „რომ აიკრძალა ტრანსპორტი და მისვლა-მოსვლა, ბანკის ანგარიში მაშინ გამახსენდა. აპრილშიც ასე მივიღე ფული“.
ჯანდაცვის სამინისტროს მიერ 29 აპრილს გაკეთებული განმარტებების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, დამსაქმებელი ოჯახის კეთილი ნება ალას 300-ლარიანი დახმარების მიღებაშიც უნდა დაეხმაროს. ინფორმაცია მან ჯანდაცვის სამინისტროს უნდა მიაწოდოს ელექტრონული პორტალის საშუალებით, არაუგვიანეს 2020 წლის 1 ივლისისა.
რაც შეეხება იურიდიულ პირებს, ეკონომისტები ფიქრობენ, რომ მათი დიდი ნაწილი თავს შეიკავებს თვითდასაქმებულებისთვის საქმიანობის დამადასტურებელი ცნობების გაცემისგან.
რადიო თავისუფლებამ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს დაუსვა შეკითხვა - ხომ არ შექმნის პრობლემას ის მოსალოდნელობა, რომ, (გადასახადების გამო) სახელმწიფოს მიმართ პასუხისმგებლობის გათვალისწინებით, იურიდიული პირები მოერიდებიან არარეგისტრირებული დასაქმებულებისთვის ცნობების გაცემას?
თამარ ბარკალაიამ პასუხად განმარტა, რომ - თვითდასაქმებულების სოციალური დახმარება არავის დასასჯელად არ იქნება გამოყენებული.
„ეს პროცესი, რა თქმა უნდა, ფინანსთა სამინისტროსა და შემოსავლების სამსახურთან ერთად წარიმართება, თუმცა ეს პროცესი არ არის ორიენტირებული იმ დამსაქმებლის დასჯაზე და იდენტიფიცირებაზე, რომლებიც ამ ცნობებს გასცემენ. ეს პროცესი ორიენტირებულია იმ დასაქმებულების იდენტიფიცირებაზე, რომლებიც ხელფასს იღებდნენ...
ბუნებრივია, სოციალური პასუხისმგებლობის საკითხია და დამსაქმებელმა უნდა აიღოს სოციალური პასუხისმგებლობა; თუმცა მთავრობის მხრიდან მაქსიმალურად ლოიალური დამოკიდებულება, მათ შორის - დამსაქმებლის მიმართ, რომ ხელი შევუწყოთ დამსაქმებლებს - რომ თავიანთი დასაქმებულების ინტერესი დაიცვან“, - განაცხადა თამარ ბარკალაიამ.
ასევე ნახეთ თვითდასაქმებული: „თუ მთავრობას ხალხი არ სჭირდება, მთავრობა ჩვენც აღარ დაგვჭირდება“ეკონომისტების ნაწილი ფიქრობს, რომ იურიდიული პირები ზედმეტ პრობლემებს მოერიდებიან და თავსატეხს არ გაიჩენენ. ზოგი მათგანი ფიქრობს, რომ მათ შორის - მსგავსი უხერხულობების თავიდან ასაცილებლად, საგადასახადო ამნისტია უნდა გამოცხადებულიყო.
მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში სახელმწიფო გეგმავს 300 ლარის გადახდას, თვითდასაქმებულებისთვის ერთჯერადი დახმარების სახით.
როგორც ჯანდაცვის სამინისტროში 29 აპრილს გამართულ პრეზენტაციაზე განიმარტა, შემოსავლების სამსახურში რეგისტრირებული თვითდასაქმებულებისთვის პროცესი მარტივად წარიმართება და მათ დასჭირდებათ მხოლოდ საბანკო ანგარიშის ნომრის მიწოდება ჯანდაცვის სამინისტროსთვის.
ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში გამოყოფილი 75 მილიონი ლარი მხოლოდ 250 ათასი თვითდასაქმებულისთვის იქნება სამყოფი. სტატისტიკის თანახმად, საქართველოში 800 ათასზე მეტი თვითდასაქმებული პირია.