„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ განცხადებით, გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი, რომელიც ხელმძღვანელობდა „მწვანე სკოლის“ საქმეზე 15 წლის მოზარდის გამოკითხვას, ასევე ფიგურირებს 2011 წლის 26 მაისს, ე.წ. ყინწვისის სპეცოპერაციის დროს დაკავებული ნიკოლოზ გოგუაძის საქმეში.
საიას ინფორმაციით, ნიკოლოზ გოგუაძის საქმის ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, ის 2011 წლის 26 მაისს, ე.წ. ყინწვისის სპეცოპერაციის დროს, ყინწვისის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. დაკავების შემდეგ, სამართალდამცავმა პირებმა ის ჯერ ქარელის, ხოლო შემდეგ თბილისის მთავარ სამმართველოში გადაიყვანეს. ორივე განყოფილებაში მის მიმართ განხორციელდა ფიზიკური ძალადობა და ფსიქოლოგიური ზეწოლა მისი დასჯისა და მისგან აღიარებითი ჩვენების მოპოვების მიზნით. გოგუაძის განმარტებით, მთავარ სამმართველოში მოწმის სახით გამომძიებელმა, ჩულოიანმა დაკითხა, რომელმაც მოგვიანებით მისი, როგორც ბრალდებულის, დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმიც შეადგინა.
როგორც საიას მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, მიუხედავად გოგუაძის მიმართ განხორციელებული არასათანადო მოპყრობისა, ჩულოიანმა გოგუაძის ბრალდების საქმეში სასამართლოს წინაშე მოწმის სახით დაკითხვისას, ამ უკანასკნელის ცემის ფაქტი არ დაადასტურა.
ნიკოლოზ გოგუაძის დაკავება და მის მიმართ არასათანადო მოპყრობა, 2019 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებით, დადგენილად მიიჩნია ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ.
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ ჩართულია პოლიციელთა მხრიდან 15 წლის მოზარდზე პოლიციის განყოფილებაში განხორციელებული სავარაუდო ფსიქოლოგიური ძალადობის საქმეში.
2019 წლის 16 დეკემბერს, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში არასრულწლოვნის საქმეზე განმარტებები გააკეთა საქმის გამომძიებელმა მარიანა ჩოლოიანმა. მისი განმარტებით, არასრულწლოვანზე არანაირი სახის ძალადობა არ განხორციელებულა.
საიაში აცხადებენ, რომ ნიკოლოზ გოგუაძის საქმის ფაქტობრივი გარემოებები, მათ შორის, გამომძიებლის, მარიანა ჩოლოიანის როლი აღნიშნულ საქმეში, ეჭვქვეშ აყენებს მის მიერ არასრულწლოვნის საქმეზე გაკეთებულ განმარტებებს, რომ 10-11 დეკემბერს, მოწმის სტატუსით გამოკითხვაზე დაბარებულ მოზარდზე არ განხორციელებულა არანაირი ფსიქოლოგიური და ფიზიკური ზეწოლა:
„ის ფაქტი, რომ ნიკოლოზ გოგუაძის საქმეზე ამ დრომდე არცერთი სამართალდამცავი არ არის პასუხისგებაში მიცემული, ნათლად ადასტურებს, რომ, როგორც წესი, პოლიციელთა მხრიდან ჩადენილი დანაშაული დაუსჯელი და გამოუძიებელი რჩება. საია იმედს იტოვებს, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, რომლის საგამოძიებო მანდატი 2019 წლის 1 ნოემბრიდან ამოქმედდა, შეძლებს სათანადოდ გაუმკლავდეს მასზე დაკისრებულ ფუნქციას და ბოლომდე მიიყვანს არასრულწლოვნის საქმის გამოძიებას“, - წერია საიას მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
15 წლის მოზარდის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ „მწვანე სკოლის“ კედლებზე გაკეთებული წარწერების გამო, მოწმის სტატუსით გამოკითხვაზე დაბარებულ ბავშვზე, დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პირველ განყოფილებაში, აღიარებითი ჩვენების მოპოვების საბაბით, ფსიქოლოგიური ძალადობა განხორციელდა. მოზარდის ძმა, ბექა სირაძე ამბობს, რომ პროცესს გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი ხელმძღვანელობდა.
11 დეკემბერს, გამოკითხვიდან გამოსულმა 15 წლის მოზარდმა, რამდენიმე საათში, თვითმკვლელობა სცადა. ის საცხოვრებელი კორპუსის მეცხრე სართულიდან გადმოხტა. იაშვილის კლინიკის ექიმების განმარტებით, მოზარდის სასიცოცხლო მაჩვენებლები მცირედით გაუმჯობესდა, თუმცა, მისი მდგომარეობა კვლავ მძიმეა და ის მართვით სუნთქვაზე რჩება.