სათვალთვალო კამერებზე ჩვენ გარშემო იმაზე ნაკლები ვიცით, ვიდრე საჭიროა

საქართველოს პარლამენტის შენობა დამატებითი კამერებით 2022 წლის ზაფხულში აღიჭურვა

ჩემი სახლიდან სამსახურამდე 2 კილომეტრია, ამ გზის ფეხით გავლაზე ნახევარი საათი მეხარჯება. თბილისის ცენტრალური ქუჩის ამ მონაკვეთს 100-ზე მეტი სათვალთვალო კამერა უყურებს. მათი ნაწილი მაღაზიებს, აფთიაქებს, კაფეებსა და სხვა კომერციულ დაწესებულებებს ეკუთვნის, ნაწილი კი სახელმწიფოს.

ახლახან მერიამ ჩემს სახლთან პატარა პარკიც განაახლა და ხეებსა და ბუჩქებთან ერთად 20-მდე ახალი სათვალთვალო კამერაც დაამატა. ამ პარკის დიაგონალზე გადასაჭრელად 150-მდე ნაბიჯის გადადგმაა საკმარისი.

საქართველოს დიდ ქალაქებში, სახელმწიფო უწყებების შენობებს, პარკებსა და სკვერებს დღითი დღე სულ უფრო და უფრო მეტი სათვალთვალო კამერა ემატება.

არც პარკში და არც ქუჩაში მითითებული არ არის, თუ რომელ უწყებას ექვემდებარება ესა თუ ის კამერა, ანუ ვის მიუწვდება ხელი მონაცემებზე. ისიც უცნობია, გამოსახულებასთან ერთად იწერენ თუ არა ეს კამერები ხმასაც, თუმცა მსგავსი მოდელების აღწერებში მითითებულია, რომ მათ აუდიოს ჩაწერაც შეუძლიათ.

სახელმწიფოს არასდროს განუმარტავს, როგორ ამუშავებს და ინახავს სათვალთვალო კამერებით მოპოვებულ ინფორმაციას ან იყენებს თუ არა ამ კამერების ნაწილი სახის ამომცნობ სისტემებს.

სახის ამომცნობი სისტემების მქონე კამერების გამო ბოლო დროს რუსეთის დიდი ქალაქების აეროპორტები და მეტრო ყველაზე სახიფათო “ხაფანგად” იქცა ხელისუფლების ოპონენტებისთვის. ჩინეთში კი, სადაც საშუალოდ ორ ადამიანზე ერთი კამერა მოდის, ხელისუფლება ტექნოლოგიას მოქალაქეების ქცევის კონტროლისთვის იყენებს.

ოფიციალურად საქართველოში სახის ამომცნობი სისტემის მქონე კამერებით მხოლოდ აეროპორტი და სახელმწიფო სასაზღვრო-გამშვები პუნქტებია აღჭურვილი. 2023 წლის ოქტომბერში ქვეყანამ ეს ტექნოლოგია ევროკავშირის ფულით დანერგა. ამ სპეციფიკურ ადგილებში სახელმწიფო იყენებს იაპონური კომპანია NEC-ის პროგრამას, შეუძლია რეალურ დროში აღბეჭდოს ვიდეოზე ასახული ადამიანების ბიომეტრიული მონაცემები და შეადაროს ის ძებნილი პირების მონაცემთა ბაზას.

მთელი საქართველოს მასშტაბით, ყველაზე ცოტა, 4318 ცალი “ჭკვიანი კამერაა” განთავსებული.

სახისა და ავტომობილის ნომრის ამოცნობის სისტემას ფლობს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტიც. ის იყენებს ავტომატიზებული ამოცნობის, Papillon Systems-ის მიერ ლიცენზირებულ აპლიკაცია POLYFACE-ს. Papillon Systems-ი რუსულ სპეცსამსახურებთან დაკავშირებული კომპანიაა, სათავო ოფისით მოსკოვში.

ასევე ნახეთ როგორ იყენებს ქართული პოლიცია რუსულ პროგრამებს და საექსპერტიზო ტექნიკას

დაზუსტებით იმის თქმა, რამდენი სათვალთვალო კამერაა სახელმწიფოს დაქვემდებარებაში, რთულია.

არცერთი კამერა, რომელიც მერიას ეკუთვნის, არ არის აღჭურვილი სახის ამოცნობის სისტემებით, ამბობს დედაქალაქის მთავრობა, თუმცა არ გასცემს ინფორმაციას იმის შესახებ, რამდენი კამერა აქვს თბილისში.

სათვალთვალო კამერების რაოდენობის შესახებ ინფორმაციას არც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, შინაგან საქმეთა სამინისტრო და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური გასცემენ.

წარწერა თბილისის ქუჩებში ტოტალური თვალთვალის შესახებ

სახელმწიფოს კონტროლის ქვეშ არსებული კამერების უმეტესობა ორი ჩინური კომპანიის პროდუქციაა: Hikvision-ისა და Dahua Technology-ის. ორივე კომპანია სანქცირებულია ამერიკის შეერთებული შტატების მიერ. მათ ტექნიკის გამოყენებაზე უარს ამბობენ დანია, დიდი ბრიტანეთი და ავსტრალია. ბრიტანეთმა და ავსტრალიამ გასულ წელს ეტაპობრივად გამოცვალეს ჩინური კამერები.

კომპანია “ნეოტექში” რადიო თავისუფლებას ეუბნებიან, რომ მხოლოდ თბილისში მათ 2000-ზე მეტი კამერა აქვთ დაყენებული სახელმწიფო უწყებებისთვის. ეს კომპანია საქართველოში ჩინური Hikvision-ის ოფიციალური დილერია. მისი შემოტანილი ვიდეოთვალთვალის სისტემებითაც არის აღჭურვილი თბილისი, რუსთავი და გორი. კომპანიის წარმომადგენელი, რომელიც სახელმწიფო გაყიდვების განყოფილებას ხელმძღვანელობს, გვეუბნება, რომ სახელმწიფო უწყებებს არასოდეს გამოუთქვამთ ეჭვი ჩინური წარმოების კამერების უსაფრთხოების შესახებ და მოთხოვნებს, რომლებსაც ისინი უყენებენ ტენდერებში მონაწილე კომპანიებს, სრულად აკმაყოფილებს.

2023 წლის მიწურულს, რადიო თავისუფლების უკრაინულმა სამსახურმა გამოაქვეყნა გამოძიება ჩინური წარმოების სათვალთვალო კამერების შესახებ. ავტორები იკვლევდნენ, იყენებს თუ არა რუსეთი უკრაინის ქუჩებსა და შენობებზე განთავსებულ კამერებს სამხედრო უპირატესობის მოსაპოვებლად.

გამოძიებამ აჩვენა, რომ რუსულ ვიდესათვალთვალო სისტემას, რომელიც უკრაინის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს, თავისუფლად შეუძლია მონაცემების გადაცემა რუსეთის დიდი კორპორაციების მოსკოვში განთავსებულ სერვერებზე. უკრაინის ქალაქებში, ქუჩებსა და შენობებზე განთავსებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერებზე წვდომა რუსეთს შეუძლია ვიდეოსათვალთვალო სისტემა TRASSIR-ის საშუალებით, რომელსაც ყიდის რუსული კომპანია DSSL.

სწორედ ეს კომპანიაა ჩინური Hikvision-ის სტრატეგიული პარტნიორი, რომლის კამერებიც საქართველოს მსგავსად, საკმაოდ ბევრგან აყენია უკრაინის ქალაქებშიც.

რუსული კომპანია TRASSIR-ის კამერები და სათვალთვალო სისტემები უცხო არც საქართველოსთვის არის - სახელმწიფო შესყიდვები აჩვენებს, რომ ამ კომპანიის ტექნიკა უყურებს საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ მეჯვრისხევის საზოგადოებრივ ცენტრს.

საქართველოში რუსული კომპანია DSSL-ის პროდუქციას აქ რეგისტირებული კომპანია "Trass-J" ყიდის. ეს კომპანია ფეისბუკგვერდზე მომხმარებლებს სთავაზობს:

  • კამერებს, რომლებსაც შეუძლია ამა თუ იმ სივრცეში შესული და გასული მომხმარებლების დათვლა;
  • პროგრამას, რომელიც აფიქსირებს და ინახავს ადამიანების ნაკადიდან ცალკეულის სახეს, მათი შემდგომში ამოცნობისთვის.

ნაკრებში, რომელსაც მომხმარებელი ყიდულობს, შედის თავად სათვალთვალო კამერა, პროგრამის რეგისტრაცია, “ღრუბელი”, სადაც ინახება გადაღებული მასალა და ადმინისტრატორის პროფილი, საიდანაც შეიძლება გამოსახულების რეალურ დროში ყურება და კამერების მართვა.

კიბერუსაფრთხოების სპეციალისტი, კომპანია CyberHouse-ის თანადამფუძნებელი მიხეილ ბასილაია რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ რიგ შემთხვევებში პრობლემა კამერებში კი არაა, არამედ იმაში, რომ ისინი საერთო სივრცეს იყენებენ მონაცემების შესანახად.

“თვითონ ეს CCTV კამერები, თუკი დახურულ ქსელს იყენებს, ნაკლებად რისკიანია იმის გამო, რომ ინტერნეტთან არ არის დაკავშირებული. კიდევ ერთი პრობლემაა ის, რომ მოქალაქეები ნაკლებად აქცევენ ყურადღებას უსაფრთხოებას და წლების განმავლობაში იყენებენ მომხმარებლის იმ სახელს და პაროლს სისტემაში შესასვლელად, რომელიც ყიდვის მომენტში აქვს და რომლის პოვნაც ინტერნეტშიც კი შეიძლება კონკრეტული კამერის გამოშვების დროის და მოდელის ცოდნის შემთხვევაში”, - ამბობს ის.

HIKVISION-ის კამერებს TRASSIR-ის პროგრამული უზრუნველყოფით, მომხმარებლებს საქართველოში არაერთი კომპანია სთავაზობს.

დაზუსტებით იმის თქმა, თუ რა პროგრამებს იყენებენ ჩინური წარმოების სათვალთვალო კამერების მონაცემების დასამუშავებლად, შეუძლებელია. თუმცა ვიცით, რომ:

  • Hikvision-ი ჩინეთის სახელმწიფოს დაქვემდებარებული საწარმოა და მისი მონაცემები ღიაა ჩინეთის სახელმწიფო უწყებებისთვის;
  • Hikvision და Dahua Technology 2019 წლის შემდეგ სანქცირებულია ამერიკის შეერთებული შტატების მიერ - ორივე კომპანიის ტექნოლოგიებს ჩინეთის მთავრობა იყენებდა სინძიანის პროვინციაში მცხოვრები უიღურების რეპრესიულ იარაღად. ჩინეთის კომუნისტურ რეჟიმს შესაძლებლობა ჰქონდა ეთვალთვალა ეთნიკური და რელიგიური უმცირესობებისთვის, რადგან სათვალთვალო კამერებს შეეძლო უიღურების ამოცნობა და ჩინელებისგან გარჩევა.
  • Hikvision-ის კამერებს სავარაუდოდ აპარტეიდისთვის იყენებდა ისრაელის ხელისუფლებაც. ავტორიტეტული უფლებადამცველი ორგანიზაცია “ამნესტი ინტერნეიშენალი” 2023 წლის მაისში საუბრობდა იმაზე, რომ ისრაელი პალესტინელების მასობრივი და მიზანმიმართული თვალთვალისთვის იყენებს სახის ამომცნობ ექსპერიმენტულ სისტემას “წითელი მგელი”. სისტემაში ჩართულია ჩინური Hikvision-ისა და ჰოლანდიური TKH Security-ს კამერები.
  • ყოფილა შემთხვევები, როცა Hikvision-ის კამერების ჩანაწერები დაუცველ ვებსერვერებზე აღმოჩნდა სპეციალურად შექმნილი შეტყობინების საშუალებით.
  • თბილისის მერია ჩინური წარმოების კამერების ტექნიკური უზრუნველყოფისთვის იყენებს ამავე ქვეყანაში შექმნილ პროგრამას Hikcentral-ს.
  • კიბერუსაფრთხოების ექსპერტი საერთაშორისო კომპანია CYFIRMA 2022 წელს მომხმარებლებს აფრთხილებდა, რომ რუსულენოვანი ჰაკერების ფორუმებზე ხშირად იყიდება Hikvision-ის კამერების ქსელებში შესაღწევი “გასაღებები”. კომპანიამ გააანალიზა ინტერნეტთან დაკავშირებული 185 000 ვებსერვერი, რომლებსაც ჩინური კომპანია იყენებდა და აღმოჩნდა, რომ მათგან 80 000 სრულიად მოწყვლადი იყო შეტევისგან. დაუცველი კამერები ჩინეთის გარდა განთავსებული იყო ბრიტანეთში, უკრაინაში, სამხრეთ აფრიკაში, საფრანგეთში, ნიდერლანდში, რუმინეთსა და ტაილანდში.

ფორუმის მომხმარებლები აზიარებენ Hikvision-ის კამერების გატეხილ მონაცემებს. სქრინი გაკეთებულია 2022 წლის აგვისტოში.

“სახელმწიფო უწყებების 70-80% ჩინური სათვალთვალო კამერებით არის აღჭურვილი. ტექნიკური მონაცემებით ეს კამერები თავის ფასთან შედარებით ცუდი არ არის, მაგრამ ამ კამერებს აქვთ დაცულობის პრობლემა - ვის აქვს შესაძლებლობა, ამ ჩანაწერებზე ჰქონდეს წვდომა, რთული სათქმელია. ეს კამერები და სისტემები განსაკუთრებით მოწყვლადია ჰაკერების თავდასხმების მიმართ. საქართველოს რომელიმე სამინისტროს რომელიმე დერეფანში დაყენებული კამერების ჩანაწერები, დიდი ალბათობით, არც ჩინეთს და არც რუსეთს აინტერესებს, მაგრამ ეს შეიძლება საინტერესო იყო კონკრეტული ადამიანებისთვის, რომლებსაც შეუძლიათ ჰაკერებს შეუკვეთონ მათი გატეხვა და ეს გამოიყენონ შანტაჟისა და კორპორატიული შპიონაჟისთვისაც კი”, - ეუბნება რადიო თავისუფლებას მისი ვინაობის გაუთქმელობის პირობით IT და სათვალთვალო კამერების სპეციალისტი 15- წლიანი გამოცდილებით, რომელიც ამ დრომდე მართავს სათვალთვალო სისტემებით მოვაჭრე სამ კომპანიას. ის იხსენებს გასულ წელს BBC-ის მიერ ჩატარებულ ექსპერტიმენტს, რომელმაც აჩვენა, რომ ჩინური Hikvision-ის კამერის სისტემაში შეღწევისთვის 1 წუთზე ნაკლები დრო სჭირდებოდა პროფესიონალ ჰაკერს.

“ორმა, სამმა, საშუალოზე ოდნავ ჭკვიანმა ჰაკერმა თავისუფლად შეიძლება შეაღწიოს ამ კამერებში, თუ ეს კამერა ფიზიკურად იზოლირებული არ არის ინტერნეტის ქსელიდან”, - გვეუბნება ჩვენი რესპონდენტი, IT და სათვალთვალო კამერების სპეციალისტი.

2024 წლის 1 იანვრიდან მთავრობამ ბიზნესი დაავალდებულა, მაღალი ხარისხის სათვალთვალო კამერებით აღჭურვონ შენობები. ეს სავალდებულოა საბითუმო და საცალო ვაჭრობის ობიექტებისთვის, სასტუმროებისთვის, რესტორნებისა და ბარებისათვის, რომელთა ბრუნვა წინა წელს 500 000 ლარს აღემატებოდა.

ნებისმიერ შემთხვევაში კამერების დაყენება ევალებათ კაზინოებს, სიგარაბარებს, სამედიცინო დაწესებულებებს, ბაზრობებს, სავაჭრო ცენტრებს, ავტოგასამართ სადგურებს, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებსა და ვალუტის გადამცვლელ ჯიხურებს. კაზინოების კამერები, როგორც წესი, აღჭურვილია ხმის ჩაწერის სისტემითაც.

მთავრობის გადაწყვეტილებით, კომერციულ ობიექტებში ვიდეოკონტროლი უნდა იყოს უწყვეტი და მონაცემები ინახებოდეს 1-6 თვემდე. წესი, რომელიც ბიზნესს ეტყვის, რა შემთხვევაში შეინახოს ჩანაწერები ერთი თვით და რა შემთხვევაში 6 თვით, არ არსებობს.

“მესმის, რომ ეს კეთილშობილური მიზნებით არის [ნაკარნახევი], რომ, მაგალითად, კრიმინალი შემცირდეს, მაგრამ ჩვენ უკვე მეორე წელია ვითხოვთ სამართალდამცველ ორგანოებთან შეხვედრას, რომ მოგვაქციონ ყურადღება, მაგრამ უშედეგოდ. ქურდობები ძალიან ხშირია, ძალიან ხშირია არასრულწლოვანთა ჩადენილი დანაშაულები, ფაქტიურად 20 მილიონზე მეტია წინა წლის ზარალი და სამართალდამცველები ვერაფერს აკეთებენ”, - ამბობს სოფიო ქაშაკაშვილი, “რითეილ ასოციაციის” გამგეობის თავმჯდომარე.

სოფიოს გათვლით, ახალი კამერებით აღჭურვა ერჯერადად საშუალოდ 3000-დან 5000 ლარამდე ჯდება. სავაჭრო ობიექტების მხრიდან უწყვეტი ვიდეოჩანაწერების წარმოებას ართულებს ნელი ინტერნეტი და წყვეტილი ელექტრომომარაგება რეგიონებში.

2020 წელს გამოქვეყნდა სამი ავტორიტეტული უნივერსიტეტის (კემბრიჯის, ნიუ-იორკისა და ჩრდილო-აღმოსავლეთის უნივერსიტეტების) კვლევა, რომელიც 40 წლის მანძილზე კრიმინალური შემთხვევების ანალიზის საფუძველზე ასკვნიდა, რომ სათვალთვალო კამერებმა დანაშაული 13%-ით შეამცირა. კვლევამ აჩვენა ისიც, რომ კამერები ამცირებდა ისეთ დანაშაულს, როგორიცაა მანქანისა და სახლების ძარცვა და წვრილმანი ქურდობა, მაგრამ არ ახდენდა გავლენას ძალადობრივ დანაშაულებზე.

“ყველას უნდა, რომ რაც შეიძლება მეტი კამერა ჰქონდეს, რომელიც შეიძლება ემსახურებოდეს დანაშაულის თავიდან აცილებას, წესრიგის დაცვას, მაგრამ როგორ ხდება ამ ვიდეოკამერების დაყენება და ვიდეოჩანაწერების დაცვა? ძალიან ბევრი გამოწვევაა ამ ჩანაწერების დაცულობის მხრივ - თითქმის ყოველთვის ჩვენ ვპოულობდით კანონის დარღვევას და ხარვეზებს ამ ვიდეოჩანაწერების დამუშავებისა და შენახვის თვალსაზრისით”, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ყოფილი სახელმწიფო ინსპექტორი, ლონდა თოლორაია.

2018-2020 წლებში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა სახელმწიფო სტრუქტურებსა და კერძო დაწესებულებებში, მათ შორის, სამართალდამცავ ორგანოებში, უნივერსიტეტებში, სკოლებში, ბაღებში, სავაჭრო ცენტრებსა და მაღაზიებში, სამედიცინო დაწესებულებებში, სპორტულ დარბაზებში, რესტორნებში, სასტუმროებში, ქუჩებსა და საცხოვრებელ შენობებში ვიდეოთვალთვალის 100-ზე მეტი შემთხვევა შეისწავლა. აღმოჩნდა, რომ 80%-ში მონაცემები არაკანონიერად მუშავდებოდა.

ლონდა თოლორაია რადიო თავისუფლებასთან ჩამოთვლის ვიდეოთვალთვალის შედეგად მოპოვებული მონაცემების დამუშავების მთავარ ხარვეზებს:

  • სახელმწიფო უწყებებში, როგორც წესი, არ არის გაწერილი, ვის მიუწვდება ხელი ვიდეოკამერების ჩანაწერებზე. ყოფილა შემთხვევები, როცა მონაცემები ღია იყო შემთხვევითი ადამიანებისთვის;
  • არის შემთხვევები, როცა ერთი და იგივე პაროლით რამდენიმე თანამშრომელი სარგებლობს და შეუძლებელია იმის დადგენა, ვინ რა მანაპულაციას ატარებდა ჩანაწერებზე;
  • არ აღირიცხება, ვინ შლის, ჭრის ან აარქივებს ჩანაწერებს, რაც მონაცემების უკანონოდ გასაჯაროების შემთხვევაში შეუძლებელს ხდის გაირკვეს ვინაა პასუხისმგებელი; სახელმწიფო უწყებები თვლიან, რომ კოლექტიური პასუხისმგებლობა ნაკლებად პრობლემურია, ვიდრე კონკრეტული დამნაშავეების გამოვლენის მექანიზმის არსებობა;
  • მონაცემების გამჟღავნებისთვის ჯარიმები ძალიან მცირეა და მათი გადახდა არ ხდება დამაბრკოლებელი ფაქტორი;
  • ქუჩაში სათვალთვალო კამერებს ზოგჯერ არ აქვს მითითება, ვის ეკუთვნის. სამოხელეო დანაშაულის გამოძიებისას ეს ართულებდა სახელმწიფო ინსპექტორის ამოცანას, ეპოვა უწყება, სადაც ინახებოდა მონაცემები.

სახელმწიფო უწყებებიდან ძალიან მოუწესრიგებელი იყო შინაგან საქმეთა სამინისტრო. რატომ აწყობს შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ სისტემის მოუწესრიგებლობა? იმიტომ, როცა მას აწყობს, ჩანაწერები არის და როცა არ სჭირდება, ჩანაწერები, როგორც წესი, არ არსებობს…. როცა შეიძლება პოლიციელის პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს, პოლიციის გადაცდომა გამოვლინდეს, ასეთ შემთხვევაში ჩანაწერები არ არსებობს”, - ამბობს ლონდა თოლორაია.

კიდევ ერთი პრობლემა, რაზეც ყოფილი ინსპექტორი მიუთითებს, პოლიციელების მხრიდან კერძო ობიექტებში კამერის ჩანაწერების კანონის გვერდის ავლით ამოღების მცდელობებია:

“კერძო დაწესებულებებში ჩანაწერების კონტროლის სისტემაში შემავალი პაროლები ხშირად უბნის პოლიციამ უფრო იცოდა, ვიდრე იქ დასაქმებულმა ადამიანებმა - ეს ნიშნავს იმას, რომ როცა სახელმწიფო უწყებებს სჭირდებათ ვიდეოსათვალთვალო სისტემები, არა მხოლოდ ის, რაზეც მათ კონტროლი აქვთ, არამედ კერძო დაწესებულებების ჩანაწერები, ისინი ამ ჩანაწერებს იღებენ პროკურორის დადგენილებისა და სასამართლოს განჩინების გარეშე. როცა ჩვენ ვკითხულობდით, რატომ აძლევენ პოლიციას ამ ჩანაწერებზე წვდომის უფლებას, უთქვამთ, რომ ეშინიათ წინააღმდეგობის გაწევა”, - იხსენებს ლონდა თოლორაია.

კერძო დაწესებულებიდან ჩანაწერებზე უკანონოდ წვდომის მაგალითია, რაც სახელმწიფო ინსპექტორის აპარატმაც დაადგინა, ტვ პირველის ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას შემთხვევა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამედიცინო დაწესებულებიდან მისი გამოსახულების ჩანაწერები სასამართლო განჩინების გარეშე მოითხოვა და მისი გარდაცვალების დღეს გაასაჯაროვა - რამდენიმე ადგილიდან შეკრებილი ეს ჩანაწერები, სადაც გამოსახულებასთან ერთად ხმაც ისმოდა, ლახავდა ძალადობრივ აქციაზე მძიმედ ნაცემი ჟურნალისტის რეპუტაციას.

ასევე ნახეთ UNESCO-მ ლექსო ლაშქარავა მოკლული ჟურნალისტების სიაში შეიყვანა 

“სურვილის შემთხვევაში, სახელმწიფოს კონტროლის ქვეშ არსებული ვიდეოსათვალთვალო სისტემებით დღეს საქართველოში უპრობლემოდ შეიძლება კონკრეტულ ინდივიდზე გადევნება A წერტილიდან B წერტილში - ჩემი აზრით, ეს ცუდი არ არის, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ამ შესაძლებლობის უკონტროლოდ გამოყენება არ ხდებოდეს”, - გვეუბნება IT და სათვალთვალო კამერების სპეციალისტი, რომელიც ვინაობის გამხელისგან თავს იკავებს.