საზოგადოებრივი საპირფარეშოების პრობლემა კახეთის ტურისტულ ცენტრებში

საზოგადოებრივი საპირფარეშო ლაგოდეხში

კახეთში აქტიური ტურისტული სეზონი დაიწყო. რეგიონის ქალაქებსა და ღირსშესანიშნაობებს ყოველდღიურად უამრავი ვიზიტორი სტუმრობს, რომელთა ნაწილი საზოგადოებრივი საპირფარეშოების ნაკლებობასა და იქ არსებულ ჰიგიენურ მდგომარეობაზე ლაპარაკობს. ზოგ საპირფარეშოს არა აქვს კარი, მოშლილია სველი წერტილები, ლაგოდეხში კი საპირფარეშოს პოვნა უჭირთ, რადგან შენობას არანაირი მანიშნებელი ბანერი არ აქვს. ხელისუფლება პრობლემების არდსებობას აღიარებს. იგეგმება თუ არა მათი მოგვარება?

კახეთის ტურისტულ ზონებში საზოგადოებრივი საპირფარეშოების პრობლემაა. შენობები, ხშირ შემთხვევაში, დაბინძურებულია და წყალი არ მოდის. ასეთი მდგომარეობაა ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გრემში, მთავარანგელოზის ეკლესიასთან, სადაც დღის განმავლობაში თავს იყრის უამრავი ტურისტი. საპირფარეშოს შენობას კარი არ აქვს. ადგილობრივი ნუნუ ბეჟანიშვილი ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებს - ამბობს, რომ შენობაში კარის გაკეთება და ხელსაბანის მოწყობა, წესით, მაინცდამაინც ძნელი არ უნდა იყოს:

„გამგეობამ კარები მაინც ჩამოაბას. არ შეიძლება ან ერთი წერტილი წყალი იყოს, რომ ხელები გადაიბანონ?! აქ არც სასმელი წყალია და მომსვლელებს ჩვენ ვაწვდით ხოლმე“.

საზოგადოებრივი საპირფარეშო ლაგოდეხში

პრობლემებზე ლაპარაკობენ რეგიონის სტუმრებიც. გელა ფურცელაძის თქმით, ზოგადად, კახეთში საზოგადოებრივი საპირფარეშოების ნაკლებობაა, თუმცა სადაც არის, იქაც დაბინძურებულია:

„ბევრგან საპირფარეშო ვერ ვნახეთ, რომ შევსულიყავით, ხოლო იქ, სადაც არის, ისიც დაბინძურებული დაგვხვდა. საპირფარეშოები ბევრი უნდა ყოს, რადგან ტურისტი ბევრია და პრობლემა უნდა მოიხსნას“.

ერთი საზოგადოებრივი საპირფარეშოა ლაგოდეხში, ცენტრალური სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე. შენობა 2012 წელს აშენდა და ის ადგილობრივ ბიუჯეტს 30 000 ლარზე მეტი დაუჯდა, თუმცა ობიექტს არანაირი მანიშნებელი არ აქვს, რომ ის საპირფარეშოა. შესაბამისად, მისი არსებობის შესახებ ცოტა ადამიანმა იცის:

„არც ვიცოდი, თუ აქ საპირფარეშო იყო. მე როცა დამჭირვებია, სხვაგან მივდიოდი. აქ თუ იყო, ცენტრში, საპირფარეშო, ნამდვილად არც მსმენია და არც დამინახავს“.

„მანიშნებელი თუ არ არის, აბა, როგორ უნდა მიხვდეს უცხოელი, რომ აქ საპირფარეშოა? შეიძლება კითხვა-კითხვით მივიდეს, მაგრამ მგონია, რომ აუცილებლად უნდა ეწეროს, შენობას რა დანიშნულებაც აქვს“.

საზოგადოებრივი საპირფარეშო ლაგოდეხში

ლაგოდეხის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი გიორგი ჩალათაშვილი ამბობს, რომ საპირფარეშოსთვის წარწერის და შესაბამისი მანიშნებლების გაკეთება უახლოეს მომავალში იგეგმება.

„საპირფარეშოს აღმნიშვნელები არ აქვს. ჩვენ ახლა გვაქვს პროექტი, რომ უნდა გავაკეთოთ აბრები როგორც ქუჩის ასასვლელში, ასევე, ზოგადად, ტურისტულად აქტიურ ზონებში. სავარაუდოდ, მანდაც [საპირფარეშოსთან] დადგება აღმნიშვნელი და მოქალაქეებს შეეძლებათ ნებისმიერი კუთხიდან დააფიქსირონ, რომ კონკრეტულ ადგილზე არის საზოგადოებრივი საპირფარეშო“.

რეგიონში საზოგადოებრივი საპირფარეშოების ნაკლებობაზე ლაპარაკობენ კახეთის სამხარეო ადმინისტრაციაშიც. უწყების წარმომადგენელ ნათია ტატიშვილის თქმით, პრობლემის შესახებ ინფორმირებულია რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საიდანაც შემდგომ მოქმედებებს ელოდებიან:

„ყველა მუნიციპალიტეტში უკვე დაწყებულია მუშაობა, რომ დაამატონ საპირფარეშოები და უკვე არსებულში გაუმჯობესდეს მდგომარეობა. გარდა ამისა, ინფრასტრუქტურის სამინისტროში გადაგზავნილია ინფორმაცია თითოეული მუნიციპალიტეტიდან იმის შესახებ, თუ სად რა საჭიროებაა. ჩვენი ინფორმაციით, ამ ეტაპზე მსვლელობაშია ეს საკითხი“.

საზოგადოებრივი საპირფარეშო ლაგოდეხში

საზოგადოებრივი საპირფარეშოების ნაკლებობა და იქ არსებული ჰიგიენური მდგომარეობა - ეს არის პრობლემა, რომელზეც მუდმივად ლაპარაკობენ კახეთში ჩამოსული ვიზიტორებიცა და ადგილობრივებიც. მიუხედავად იმისა, რომ ობიექტების ნაწილი სამართავად ადგილობრივ ხელისუფლებას აქვს გადაცემული, მდგომარეობა მაინც არ იცვლება.