2019 წელი: საზოგადოების განწყობები ციფრებში 

საზოგადოების პოლიტიკური და სოციალური განწყობები NDI- 2019 წლის განმავლობაში რამდენჯერმე აღწერა. ამ ხნის მანძილზე საზოგადოებრივი აზრის კვლევა ორჯერ წარადგინა IRI-მაც. წლის ბოლოს კი განწყობების შეჯამების დროა.

მთავრობამ პოპულარობა დაკარგა

საქართველოს მთავრობის მიმართ დადებითი განწყობები წლის განმავლობაში კლებულობდა. ჯერ კიდევ 2018 წლის დეკემბერში მთავრობის საქმიანობას დადებითად გამოკითხულთა 44 % აფასებდა, 2019 წლიდან კი დამოკიდებულება უარყოფითისკენ შეიცვალა. აპრილში გამოკითხულთა 36 % აფასებდა მთავრობის საქმიანობას დადებითად, ხოლო ივლისში კეთილგანწყობილთა რაოდენობა 32 %-მდე ჩამოვიდა.

კახა კალაძე წლის ბოლოს უფრო მეტ თბილისელს მოსწონდა, ვიდრე დასაწყისში

NDI-ს კვლელის მიხედვით, 2019 წელს ხელისუფლების ყველა ლიდერის რეიტინგი დაღმასვლით მიდიოდა, გარდა კახა კალაძისა. თბილისის მერის საქმიანობას დადებითად 2019 წლის აპრილში 43 % აფასებდა, ხოლო ივლისში - 45%.

პრეზიდენტის რეიტინგი დაეცა

საგრძნობლად დაეცა პრეზიდენტის რეიტინგი, რომელიც არც წლის დასაწყისში აღემატებოდა 20 %ს. ზურაბიშვილის საქმიანობას ივლისში 12 % აფასებდა დადებითად, ხოლო 40 % - უარყოფითად.

პარლამენტის მიმართ კეთილგანწყობა შემცირდა

რაც შეეხება პარლამენტს, საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობას აპრილში მხოლოდ 15 % აფასებდა დადებითად, უარყოფითად - 33%, ივლისში კი კეთილგანწყობილთა რაოდენობა 8 %-მდე დაეცა. სამაგიეროდ, გაიზარდა საკანონმდებლო ორგანოს მუშაობით უკმაყოფილოთა რაოდენობა 42 %-მდე. აღსანიშნავია, რომ 2019 წლის დასაწყისში გამოქვეყნებული NDI-ს კვლევის შედეგების მიხედვით, მოსახლეობის 71 %-მა არ იცოდა, ვინ იყო მათი მაჟორიტარი დეპუტატი , ზაფხულში კი მაჟორიტარული წესის გაუქმება და პროპორციულ სისტემაზე 2020 წლისთვის გადასვლა თბილისში დაწყებული საპროტესტო ტალღის მთავარ მოთხოვნად იქცა. ამას მოჰყვა “ქართული ოცნების” ლიდერ ბიძინა ივანიშვილის დაპირება საკონსტიტუციო ცვლილების შესახებ, რომლის მიხედვითაც, 2020 წლის არჩევნები პროპორციული წესით ჩატარდებოდა, თუმცა დაპირება პარლამენტში 19 ნოემბერს მისივე გუნდმა ჩააგდო.

ქართული ოცნება და ნაციონალური მოძრაობა მომხრეებს კარგავენ

შემცირდა როგორც „ქართული ოცნების“, ასევე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგიც. მმართველ პარტიას აპრილში 21% მიიჩნევდა მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს მყოფ პარტიად, ივლისში კი - 19 %. რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგს, აპრილში 15 %, ხოლო ივლისში 9 % იყო. მხოლოდ 1%-ით გაიზარდა სხვა დანარჩენი პარტიების მხარდაჭერა.

NDI-ს კვლევის თანახმად, წლის მეორე ნახევარში გაიზარდა იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც თვლიდნენ, რომ მათ შეხედულებებთან არც ერთი პარტია არ იდგა ახლოს. ასეთი აპრილში 49 % იყო, ხოლო ივნისში - 55 %.

აღმოჩნდა, რომ 2019 წელს ქვეყანაში ნახევარზე მეტი გადაუწყვეტელი ამომრჩეველი იყო, ანუ ხვალ რომ საარჩევნო უბანთან დამდგარიყვნენ მოქალაქეები, მათ 57 %-ს არ ეცოდინებოდა ვისთვის მიეცა ხმა.

მართლმადიდებლური ეკლესიის რეიტინგი გაიზარდა

სკანდალების მიუხედავად, 2019 წელსაც მყარი და მზარდი იყო საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის რეიტინგი. აპრილში მას 61% აფასებდა დადებითად, ხოლო ივლისში - 64%.

ქვეყნის ევროპული კურსი უცვლელი დარჩა

წლის განმავლობაში მცირედი პროცენტული სხვაობით, მაგრამ მაინც სტაბილური იყო ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების მხარდამჭერთა რაოდეობაც. მოსახლეობის 78 % ევროკავშირში, ხოლო 71 პროცენტი ნატო-ში გაწევრიანებას უჭერდა მხარს.

IRI-მ კი მოსახლეობას ჰკითხა, როგორ აფასებდნენ ხელისუფლების პოლიტიკას რუსეთის მიმართ. მარტში 54% მას დადებითად აფასებდა (35% - უარყოფითად), ხოლო სექტემბერ-ოქტომბერში ეს მაჩვენებელი 34 %-მდე შემცირდა (56 % ნეგატიურად აფასებდა).

უმუშევრობა, სიძვირე და სიღარიბე ისევ მთავარ პრობლემებად დარჩა

არ გადაჭრილა ის პრობლემები, რომლებიც მოსახლეობას წლის განმავლობაში ყველაზე მეტად აღელვებდა. IRI-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით, ესენია უმუშევრობა, ფასების ზრდა და სიღარიბე. მხოლოდ ამის შემდეგ მოდის კონფლიქტები, განათლება და ჯანდაცვა.