“კორუფციის რისკები სასამართლო სისტემაში“ - კვლევაში, რომელიც „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ წარადგინა, მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის მიერ მართლმსაჯულების ადმინისტრირებაზე არასათანადო გავლენა პირველი რიგის პრობლემადაა დასახელებული. პრობლემათა რიგშია ასევე დანაშაულის შესაძლო შემთხვევებისა და შესაძლო დისციპლინური გადაცდომების რეაგირების გარეშე დატოვება, ხარვეზები კანონმდებლობაში, რომელთა გამოსწორებაც, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ შეფასებით, სასამართლო სისტემაში და მის გარეთ არსებული წინააღმდეგობის გამო არ ხერხდება და სხვა. ორგანიზაციის ხელმძღვანელ ეკა გიგაურის განმარტებით, მთავარი რეკომენდაცია, რომელიც ორგანიზაციამ კვლევის ფარგლებში შეიმუშავა, არის კანონმდებლობის შეცვლა და სათანადო რეაგირება სავარაუდო კორუფციის თითოეულ ფაქტზე.
Your browser doesn’t support HTML5
კორუფცია „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ გლობალური მოძრაობის მიერ განმარტებულია, როგორც მინიჭებული უფლებამოსილების არასათანადოდ გამოყენება. შესაბამისად, კორუფცია, „საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველოს“ თანახმად, არ არის მოსამართლის მიერ მხოლოდ ქრთამის აღება. თუმცა, როგორც ორგანიზაციის იურისტ-ანალიტიკოსმა თამთა კახიძემ გვითხრა, მართალია, ზუსტი ცნობები არ აქვთ, მაგრამ როცა საუბარია სასამართლოში საქმის „ჩაწყობის“ შესაძლებლობაზე, ძნელია ზუსტად ითქვას, რას შეიძლება გულისხმობდეს „ქრთამის გადახდა“ თუ „საქმის გავლენით მოგვარება“.
Your browser doesn’t support HTML5
კვლევა „კორუფციის რისკები სასამართლო სისტემაში“ დაეყრდნო 7 გახმაურებულ საქმესა და 7 გამოკითხული პირის შეფასებებს, რომელთა ვინაობაც ანონიმურად დარჩა.
„იმ ხალხს, ვისაც ჩვენ მოვიხსენიებთ გავლენიანი ჯგუფის წევრებად, თავად მოსამართლეები „ბოსებს“ უწოდებენ. „ბოსები“ ჩართულნი არიან კორუფციულ გარიგებებსა და სახელმწიფო დაკვეთის შესრულებაში, ხოლო ის მოსამართლეები, რომლებიც მათი გავლენის ქვეშ არიან, ასრულებენ დავალებას. გავლენის ქვეშ მოქცევაში იგულისხმება ის, რომ მოსამართლე ვალშია „ბოსებთან“, რადგან ის თანამდებობაზე მათ დანიშნეს და ის ფაქტი, რომ ის იღებს ხელფასს, არის საკმარისი იმისთვის, რომ დამატებითი ანაზღაურების გარეშეც შეასრულოს მათი მითითება“,-აღნიშნულია ერთ-ერთ ინტერვიუში. შეფასება მოქმედ ადვოკატს შეეხება.
წარმოუდგენელია ობიექტური ინფორმაციის მიღება სასამართლო ხელისუფლებაზე 7 ადამიანის გამოკითხვით, - აღნიშნა, თავის მხრივ, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ კვლევის კომენტირებისას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა გიორგი მიქაუტაძემ. მისი აზრით, გამოკვლევა მიკერძოებული და დაუსაბუთებელია:
Your browser doesn’t support HTML5
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი აცხადებს, რომ აუცილებლად მოხდება რეაგირება იმ ფაქტებზე, რომლებზეც რეაგირების საჭიროება გამოჩნდება. გიორგი მიქაუტაძე ამბობს,რომ ყოველ ჯერზე კვლავაც ყურადღებით მოუსმენენ არასამთავრობო სექტორს, თუმცა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ კვლევაში მოყვანილი ფაქტები სიცრუეა.
გიორგი მიქაუტაძისგან განსხვავებულია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების შეფასებები. ნაზი ჯანეზაშვილი ამბობს, რომ კვლევაში მოცემული ინფორმაცია მისთვის ახალი არ ყოფილა:
Your browser doesn’t support HTML5
კვლევაში მოყვანილ ინფორმაციაზე დაყრდნობით, სამართლებრივი რეაგირების დაწყებას ითხოვს ანა დოლიძეც.
Your browser doesn’t support HTML5
თავის მხრივ, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ მიიჩნევს, რომ, სასამართლო სისტემაში კორუფციის რისკების აღმოფხვრის მიზნით, სახელმწიფომ სათანადო პოლიტიკური ნება უნდა გამოავლინოს, წინააღმდეგ შემთხვევაში სისტემის რეფორმირების ყოველი მორიგი ტალღა ფორმალური იქნება.