ეკონომისტების უმეტესობა სწორ გადაწყვეტილებად მიიჩნევს ოქროს შესყიდვას, - მეტიც, ზოგიერთი მათგანი ეროვნულ ბანკს აკრიტიკებს, აქამდე რატომ არ ყიდულობდა ოქროს და არ ფიქრობდა რეზერვების დივერსიფიკაციაზეო.
ოქროს რეზერვებად შენახვა სტაბილურია, რადგან ის ინფლაციის რყევებზე არ რეაგირებს და ამ მხრივ, ფაქტობრივად, ურისკოა. და მართალია, უკრაინის ომის დაწყების შემდეგ არაერთმა ცენტრალურმა ბანკმა მიჰყო ხელი ოქროს შესყიდვას, ეს ამბავი კიდევ ერთი დეტალის გამოა საყურადღებო.
კვლევები აჩვენებს, რომ ზოგიერთ ქვეყანაში სავალუტო რეზერვებში ოქროს წილის ზრდა - რეზერვების „აქტიური დივერსიფიკაცია“ - დაკავშირებულია ან სანქციებთან, ან ძლიერ პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ სოციალურ რყევებთან.
სხვა კვლევები ამბობს, რომ უკრაინის ომის შემდეგ, ქვეყნების ნაწილი შესაძლო სანქციების უარყოფითი შედეგებისგან თავის დასაცავადაც აკეთებს ამას.
საქართველოს ეროვნული ბანკი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ოქროს შესყიდვა „არანაირად არ უკავშირდება რაიმე სახის შიდა ფაქტორებს ან სანქციებს“.
ჯერ ავხსნათ:
რა არის სავალუტო რეზერვები?
ზოგადად, სავალუტო რეზერვები არის ძვირფას მეტალებში ან სხვადასხვა უცხოურ ვალუტაში შენახული თანხა, რომელსაც ქვეყნების ცენტრალური ბანკები იყენებენ, რათა საგარეო ვალი გადაიხადონ და, უხეშად რომ ვთქვათ, ფინანსური სტაბილურობა დააზღვიონ.
- როცა ვალუტა უფასურდება, რეზერვების ნაწილს ყიდიან.
- მას იყენებენ საგადასახდელო დეფიციტის დასაფარად - როცა ქვეყანაში შემოდინებული ფული ნაკლებია ქვეყნიდან გადინებულ ფულზე, ამ დეფიციტს რეზერვის ნაწილით ფარავენ.
- რეზერვები ასევე აჩვენებს ინვესტორებსა და კრედიტორებს, თუ რამდენად სარისკოა ამ ქვეყანაში საქმიანობა.
საქართველო რეზერვებს სტაბილურად ზრდის, - და ბოლო ორი წელია, განსაკუთრებული მონდომებით.
თუ სავალუტო რეზერვები 10 წლის წინ, 2014 წელს $2.7 მილიარდს შეადგენდა, ახლა გაორმაგებულია - $4.77 მილიარდს შეადგენს.
ოქრო სავალუტო რეზერვებში - ისტორია
მაგრამ იყო დრო, როცა საქართველოს სავალუტო რეზერვები საერთოდ არ ჰქონდა.
ასე იყო 1992 წელს, როცა რომან გოცირიძე - მოგვიანებით, 2005-07 წლებში ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, ამჟამად კი პარლამენტის წევრი - ვიცე-პრემიერი გახდა.
„საქართველოს არ ჰქონდა ერთი მილიონი დოლარი, რომ სავალუტო ფონდში გაწევრება დაეწყო. არ ჰქონდა რეზერვებში ერთ მილიონი დოლარი, რომ მსოფლიო ბანკში გაწევრება დაეწყო. [იმავე წელს] ნიდერლანდების მთავრობამ გვასესხა თითო მილიონი და რამდენიმე წლის შემდეგ ეს ვალი ჩამოგვაწერა“, - იხსენებს იგი.
და ამბობს, რომ:
- „საქართველოს ეროვნულ ბანკში იყო ნახევარი მილიონის დოლარი, ნაღდი ფული, რომელიც ემსახურებოდა პრეზიდენტის უცხოურ ვიზიტებს - ბილეთის საყიდელი ფული იყო“;
- „კომუნისტების პერიოდიდან დარჩენილი იყო რამდენიმე ოქროს ზოდი, რომელთა ღირებულებაც დაახლოებით $1.2 მილიონამდე იყო. ეს ზოდები ეყარა ეროვნული ბანკის საცავში. ეს იყო მთელი ავლადიდება“.
13 წლის შემდეგ, როდესაც 2005 წელს რომან გოცირიძე უკვე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის რანგში გაეცნო სავალუტო რეზერვების სტრუქტურას, ნახა, რომ ეს ოქროს ზოდები ზუსტად იმავე რაოდენობის იყო.
2006 წელს ამ ოქროს ზოდებისგან ეროვნულმა ბანკმა ავსტრიაში საკოლექციო მონეტები ჩამოასხა.
ამის შემდეგ საქართველოს ეროვნულ რეზერვებში ოქრო დღემდე არ ყოფილა.
ოქროს ხელახლა ვყიდულობთ
ეროვნულმა ბანკმა 2024 წლის 9 აპრილს გამოაცხადა, რომ საერთაშორისო სავალუტო რეზერვებს მონეტარული ოქრო დაემატა.
$500 მილიონის ღირებულების 7 ტონა ოქრო - სებ-ის ცნობით, უმაღლესი (999.9) სინჯის ოქრო - ლონდონის ოქროს ზოდების ბაზარზე იყიდეს.
გაირკვა, რომ შესყიდვები ეფუძნებოდა ეროვნული ბანკის საბჭოს პირველი მარტის გადაწყვეტილებას, - რაც აქამდე საჯარო არ ყოფილა, - და ოქრო მარტსა და აპრილში იყიდეს.
შეძენილი ოქროს მოცულობა დღევანდელი მდგომარეობით, ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვების დაახლოებით 11%-ს უტოლდება.
ზოდები ამჟამად ლონდონშივე ინახება, მაგრამ ეროვნული ბანკი აცხადებს, რომ მას საქართველოში ჩამოიტანენ და ეროვნული ბანკის საცავში განთავსდება.
არგუმენტები
ეროვნული ბანკი ამბობს, უკანასკნელ წლებში მსოფლიოს ცენტრალური ბანკების საერთაშორისო რეზერვებში ოქროს მოცულობა მნიშვნელოვნად იზრდება და, მათ კვალდაკვალ, ჩვენც ვიყიდეთო.
არგუმენტები ასეთია:
- „ოქრო განიხილება, როგორც უსაფრთხო და სასურველი აქტივი ეკონომიკური, ფინანსური და გეოპოლიტიკური გამოწვევების დროს;
- ოქრო პორტფელის დივერსიფიცირების კარგ საშუალებად მიიჩნევა“.
ეროვნული ბანკი წერს იმასაც, რომ ახლა მსოფლიოს მასშტაბით, მთლიანი სავალუტო რეზერვების 1/8 ოქროშია განთავსებული, ხოლო ცენტრალური ბანკები მთლიანი ოქროს 20%-ს ფლობენ.
„2023 წლის განმავლობაში ცენტრალურმა ბანკებმა სულ 1037 ტონა ოქრო შეიძინეს, რაც მასზე მთლიანი მოთხოვნის 28%-ს შეადგენს“, - აცხადებს სებ-ი და აღმოსავლეთ ევროპას გამოყოფს:
„აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ყველაზე მეტი ოქრო პოლონეთისა და ჩეხეთის ცენტრალურმა ბანკებმა დააგროვეს“.
სებ-ი არგუმენტად იშველიებს იმასაც, რომ შარშან შიდა სავალუტო ბაზარზე რეკორდულად ბევრი, 1.5 მლრდ აშშ-ის დოლარი შეიძინა, - და ამან მოგვცა დამოუკიდებლობის ისტორიაში პირველად ოქროს აქტივების დამატების შესაძლებლობაო.
მოსაზრებები
ეკონომისტების უმეტესობა ეროვნული ბანკის ამ გადაწყვეტილებას იწონებს.
„თუ რეზერვებს აგროვებ, ჯობია, ოქროში დააგროვო“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ეკონომისტი ეგნატე შამუგია, საქართველოს უნივერსიტეტთან არსებული კვლევითი ცენტრის, „გნომონ ვაიზის“ მკვლევარი.
მართალია, ოქრო, საერთაშორისო ვალუტებსა და ფასიან ქაღალდებთან შედარებით, ნაკლებად ლიკვიდურია, - ანუ დაუყოვნებლივ მისი ნაღდ ფულად გარდაქმნა, მისი გაყიდვა მარტივი არ არის, - მაგრამ ვალუტა ინფლაციას განიცდის, ამ მხრივ კი ოქრო გაცილებით სტაბილურია, გვეუბნება იგი.
ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძე, - რომელიც ძირითადად დადებითად აფასებს მთავრობის გადაწყვეტილებებს, - ამბობს, რომ „თუ ეროვნული ბანკი მომავალშიც გადაწყვეტს ოქროს დამატებით ყიდვას, ეს გასაკვირი და არასწორი ნაბიჯი არ იქნება - პირიქით“.
და ამ აზრზეა იმ ეკონომისტთა უმეტესობა, ვინც ამ თემაზე აზრს გამოთქვამს.
„რაც უფრო მეტად იქნება [სავალუტო რეზერვების] პორტფელი დივერსიფიცირებული, მით მეტად დაცული იქნება სხვადასხვა შოკებისგან და სავალუტო რყევებისგან… ადრეც შეიძლებოდა ამის გაკეთება“, - ამბობს კიდევ ერთი ეკონომისტი, აკაკი ცომაია, რომელიც ხშირად აკრიტიკებს ეროვნულ ბანკს.
მოწინააღმდეგეა ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძე.
მას მიაჩნია, რომ საქართველოს მგავსი ქვეყნისათვის, - რომლის უცხოური ვალუტის მცირე რეზერვები ძირითადად გამოიყენება საგარეო ვალდებულებების მომსახურებისათვის და ლარის კურსის შესანარჩუნებლად, ოქროს შეძენა არ არის მიზანშეწონილი.
ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი რადიო თავისუფლებას ეუბნება იმასაც, რომ „არც ოქროს ლონდონიდან საქართველოში ტრანსპორტირებაა აუცილებელი - თუ სანქციების რისკი არ აქვს ქვეყანას“.
რუსეთ-უკრაინის ომის ფაქტორი
მას შემდეგ, რაც რუსეთის ფედერაციამ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო, უპრეცედენტოდ ძლიერი დასავლური სანქციების წინაშე აღმოჩნდა.
სანქციებს შორისაა რუსეთის სავალუტო რეზერვების გაყინვაც.
2023 წლის მონაცემებით, რუსეთის სავალუტო რეზერვები $599 მილიარდს შეადგენს - საიდანაც 300 მილიარდი, რომელიც ევროსა და დოლარშია განთავსებული, შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის მიერაა გაყინული. ისინი განიხილავენ, ეს თანხა უკრაინის დახმარებას მოახმარონ.
რუსეთმა, რომელიც 2014 წლის შემდეგ - ყირიმის ოკუპაციის დაწყების შემდეგ - ზრდიდა ოქროში რეზერვების მოცულობას, სანქციების მიუხედავად, 2023 წელს ეკონომიკის 3.6%-ით გაზრდა მოახერხა.
ამასთან, რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა გააძლიერა ჩინური იუანის დარეზერვება.
„ომის შემდეგ რუსეთის ცენტრალური ბანკის მდგრადობა იმაზე აღმოჩნდა დაფუძნებული, რომ რეზერვების მნიშვნელოვანი წილი ჰქონდა ოქროში, რამაც შეუნარჩუნა მდგრადობა, მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთში ვალუტაში რეზერვები გაუყინეს. და სწორედ ამის შემდეგ დაიწყეს ცენტრალურმა ბანკებმა აქტიურად რეზერვებში ოქროს ყიდვა“, - ეუბნება ეკონომისტი ეგნატე შამუგია რადიო თავისუფლებას.
ოქროს რეზერვების მოცულობაში მსოფლიოში აშშ ლიდერობს. რუსეთის ფედერაცია მე-5 ადგილზეა. მას მოსდევენ ჩინეთი და შვეიცარია.
„სანქციებისგან თავდაცვა“
ამერიკული საინვესტიციო კომპანია Invesco-ს 2023 წლის კვლევის თანახმად, ომისა და სანქციების შემდეგ, სულ უფრო და უფრო მეტი ქვეყანა იღებს გადაწყვეტილებას, გაზარდოს ოქროს რეზერვები და ეს ოქრო საკუთარ ტერიტორიაზე შეინახოს.
კომპანიის თანახმად, ეს თავდაცვის მექანიზმია ისეთი სანქციებისგან თავის დასაცავად, რაც დასავლეთმა რუსეთს დაუწესა.
2023 წელმა გამოკვეთა „ძლიერი სურვილი, რომ ოქრო საკუთარ ქვეყანაში შეინახონ, და არა საზღვარგარეთ, სხვა ქვეყნების ცენტრალურ ბანკებში. ეს ნაწილია რუსეთის ბანკის რეზერვების გაყინვის რეაქციისა“, - განმარტა Invesco-ს წარმომადგენელმა.
და სწორედ ცენტრალური ბანკების მიერ ოქროს შესყიდვა არის ის ძირითადი ფაქტორი, რამაც 2022 წლიდან მსოფლიოში ოქროს ფასი გაზარდაო, წერს გამოცემა Financial Times-ი.
გამოცემის ცნობით, 2022 წელს მსოფლიოს ცენტრალურმა ბანკებმა რეკორდული რაოდენობის ოქრო შეიყიდეს, - და ამ შესყიდვების მეხუთედი ჩინეთსა და თურქეთზე მოდის.
Invesco-ს კვლევა ციტირებს დაუსახელებელი ქვეყნის ცენტრალური ბანკის წარმომადგენელს, რომელიც ამბობს: „ოქროს დაგროვება 10 წლის წინ დავიწყეთ და ლონდონში გვქონდა შენახული, მაგრამ ახლა ჩვენს ქვეყანაში გადმოვიტანეთ, რათა უსაფრთხოდ იყოს“.
კვლევაში 57 ქვეყნის ცენტრალური ბანკი მონაწილეობდა.
გაერთიანებული სამეფოს ცენტრალური ბანკი, ინგლისის ბანკი, მსოფლიოს ცენტრალური ბანკების ოქროს რეზერვების შესანახ ჰაბად ითვლება.
2021 წლისთვის იქ პიკური რაოდენობის ოქროს რეზერვები ინახებოდა - 2023 წლის ივნისისთვის კი ამ პიკური მაჩვენებლის 12% ქვეყნებმა საკუთარ ტერიტორიაზე დააბრუნეს.
საქართველოს ცენტრალური ბანკიც გეგმავს, ახლად ნაყიდი ოქრო საკუთარ საცავში შეინახოს.
საქართველო ამ კვლევის ნაწილი არ ყოფილა.
დარეზერვება და სანქციები: მაგალითები
კიდევ ერთი კვლევა აჩვენებს, რომ ზოგიერთ ქვეყანაში სავალუტო რეზერვებში ოქროს წილის ზრდა მოჰყვება ან სანქციებს, ან ძლიერ პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ სოციალურ რყევებს.
რეზერვებში ოქროს წილის ზრდას რეზერვების „აქტიურ დივერსიფიკაციას“ უწოდებენ.
კვლევა, რომელიც 2023 წელს გამოქვეყნდა „საერთაშორისო სავალუტო ფონდისთვის“ - მაგრამ IMF-ის ოფიციალურ პოზიციას არ გამოხატავს, - ჩამოთვლის 10 ისეთ შემთხვევას, რომლებიც 2000-2021 წლებში რეზერვების „აქტიურ დივერსიფიკაციას“ აღწერს.
და ამ შემთხვევების ნაწილში რეზერვებში ოქროს წილის ზრდა მოჰყვებოდა სანქციების დაწესებას, ან პირიქით სანქციები უსწრებდა.
2006 წელს ბელარუსმა 25%-ით გაზარდა ოქროს მოცულობა - ოქროს წილი 8%-ით - და იმავე წელს ევროკავშირისა და შეერთებული შტატებისგან სანქციები მიიღო.
2008 წელს ბელარუსმა კვლავ გაზარდა ოქროს მოცულობა 33%-ით, წილი კი 8%-ით.
2012 წელს პარაგვაიმ 1141%-ით გაზარდა ოქროს მოცულობა, - ოქროს წილი 8%-ით - და იმავე წელს დაუწესდა სანქციები სამხრეთ ამერიკის ერთა კავშირისა (Unasur-ის) და მერკოსურისგან (Mercosur), სამხრეთ ამერიკის სუბრეგიონული ეკონომიკური ბლოკისგან.
კიდევ ერთი მაგალითია თურქეთი, რომელმაც 2020 წელს 29%-ით გაზარდა ოქროს მოცულობა (ოქროს წილი 21%-ით) - რასაც წინ უძღოდა 2018-19 წლებში შეერთბული შტატებისა და ევროკავშირის სანქციები.
რაც შეეხება გარემოებას, რომ „აქტიური დივერსიფიკაცია“ ხშირად ემთხვეოდა პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ ფინანსურ შოკებს, - ავტორების თანახმად, ეს აჩვენებს, რომ ოქროს დარეზერვება „ნაწილობრივ მოტივირებულია გეოპოლიტიკური მოვლენებით და, შესაძლოა, სანქციების შიშთან იყოს ასოცირებული“.
ასე, მაგალითად, როდესაც ერაყმა ოქროს დაგროვება გააძლიერა 2012-14 წლებში, ეს მოჰყვა 2012 წელს აშშ-ის კონგრესის გადაწყვეტილებას, რომ ერაყის გაყინული აქტივები (ეს აქტივები 2003 წელს გაყინეს) გამოეყენებინათ ამერიკელების წინააღმდეგ ერაყში მომხდარი თავდასხმების მსხვერპლთა ოჯახებისთვის საკომპენსაციოდ.
კატარმა 2015-20 წლებში გააძლიერა ოქროს დარეზერვება - 2017-21 წლებში კი მას საუდის არაბეთთან სერიოზული დიპლომატიური კრიზისი ჰქონდა. ერთწლიანი პაუზის შემდეგ, 2022 წლის თებერვლიდან, მან განაახლა ოქროს შესყიდვა - უკრაინის ომის კვალდაკალ.
კიდევ ერთი მაგალითი უნგრეთია, რომელმაც 2018 და 2021 წლებში მნიშვნელოვნად გაზარდა ოქროს წილი.
2018 წელს უნგრეთმა ოქროს რეზერვები ათჯერ გაზარდა და ხაზი გაუსვა „ოქროს მასტაბილურებელ ეფექტს ღრმა გეოპოლიტიკური კრიზისების, საერთაშორისო საფინანსო სისტემაში სტრუქტურული ცვლილებებისა და ექსტრემალური საბაზრო გარემოფაქტორების პირობებში“.
2018 წელსვე ევროკავშირმა უნგრეთის წინააღმდეგ დისციპლინური პროცედურა წამოიწყო ევროპული ღირებულებების უპატივცემულობისა და კანონის უზენაესობის დარღვევის გამო.
ეს ნიშნავს, რომ სებ-ი სანქციების მოლოდინშია?
ოქროს ის ქვეყნებიც ყიდულობენ, რომლებსაც ისეთი პრობლემები არ აქვთ, როგორიც ზემოთ აღვწერეთ.
ასე რომ, პასუხი აუცილებლად „კი“ არ არის.
თუმცა საქართველოს, ოფიციალური პარტნიორობისა და დეკლარირებული კურსის მიუხედავად, დაძაბული ურთიერთობა აქვს ევროკავშირსა და შეერთებულ შტატებთან.
აშშ-მა 2023 წლის გაზაფხულზე ჯერ „სასამართლო კლანად“ ცნობილი გავლენის ჯგუფის ხუთ წარმომადგენელს დაუწესა სანქციები, შემდეგ კი, იმავე წლის შემოდგომაზე, საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს, - რომელიც „ქართველ-რუს ოლიგარქად“ მოიხსენია.
ასევე ნახეთ ფარცხალაძე, რუსული სპეცსამსახურები და ამერიკული სანქციები - რა ვიცით?ფარცხალაძის სანქცირებას მოჰყა ეროვნული ბანკის მმართველის, „ოცნების“ პერიოდში ყოფილი ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას ხმაურიანი გადაწყვეტილება, რომლითაც სანქციების აღსრულების წესში ცვლილება შევიდა:
კომერციულ ბანკებს მოეხსნათ სანქციების გავრცელების ვალდებულება საქართველოს მოქალაქეზე, თუკი მას საქართველოს სასამართლო სისტემაში არ აქვს ბრალი დამტკიცებული.
ევროკავშირს საქართველოსთვის სანქციები დაწესებული არ აქვს.
მისმა ერთ-ერთმა საყრდენმა ინსტიტუტმა, ევროპარლამენტმა, 2022 წელს მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის სანქცირების მოწოდებით. თუმცა ბრიუსელს მსგავსი გადაწყვეტილება არ მიუღია.
რადიო თავისუფლებამ ამ ყველაფრის გათვალისწინებით ჰკითხა საქართველოს ეროვნულ ბანკს, ოქროს შესყიდვა, სხვა მიზეზებთან ერთად, სანქციების პოტენციურ რისკებსაც ხომ არ უკავშირდება.
მმართველმა ნათია თურნავამ 9 აპრილს გადაწყვეტილება რეზერვების გაზრდის სურვილითა და დივერსიფიკაციის საჭიროებით ახსნა.
სებ-ის 12 აპრილით დათარიღებული პასუხის თანახმად, „ეროვნული ბანკის საბჭოს მიერ საერთაშორისო რეზერვებში მონეტარული ოქროს დამატება სებ-ის სტრატეგიული გადაწყვეტილებაა, რომელიც დაკავშირებულია გლობალურად გაზრდილ გეოპოლიტიკურ რისკებთან, ასევე გამძაფრებულ ინფლაციურ ფონთან და არანაირად არ უკავშირდება რაიმე სახის შიდა ფაქტორებს ან სანქციებს“.
რადიო თავისუფლებისთვის გამოგზავნილ წერილობით პასუხში ეროვნული ბანკი იმეორებს იმ არგუმენტებს, რაც შესყიდვას მოაყოლა, ბოლოს კი ასევე იშველიებს საქართველოში სავალუტო ფონდის წარმომადგენლის პოზიციას, რომელიც მედიაში გავრცელდა.
სებ-ი ციტირებს ენდრიუ ჯუველის ქართულ ბიზნესმედიასთან ნათქვამს, რომლის თანახმადაც „სებ–ი გამონაკლისი არ არის. ეს გადაწყვეტილება საერთაშორისო სავალუტო ფონდისთვის მოულოდნელი არ ყოფილა“.
9 აპრილს, მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ „უცხოეთის აგენტების“ კანონპროექტი ხელმეორედ წარადგინა, შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერს, მეთიუ მილერს რეპორტიორებმა ჰკითხეს:
-„გასულ წელს ცხადად განაცხადეთ, რომ ნებისმიერ დეპუტატი, რომელიც კანონს მხარს დაუჭერდა, სანქციები დაუწესდებოდა. რატომ იკავებთ თავს იმავე გზავნილისგან“?
-„ამჟამად ცხადად ვაცხადებთ, რომ გვაშფოთბს ეს საკანონმდებლო ინიციატივა. მომავალში, თუკი [კანონპროექტი] წინ წაიწევს, რაც შეიძლება გავაკეთოთ, ამას რაც შეეხება, ყურადღებით იყავით. დღეს არაფერი მაქვს გამოსაცხადებელი“, - თქვა მეთიუ მილერმა.