საეჭვო ექსკრემენტები და კრიტიკული შეუსაბამობები „მადლიერების სახლში“

ქუთაისის მერია

ქუთაისის მერიას დაქვემდებარებული „მადლიერების სახლი“, სადაც ყოველდღიურად 650-მდე ადამიანი ერთჯერადად იკვებება, ბენეფიციარებს ჩვეული რეჟიმით ემსახურება. სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონალური სამმართველოს ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ცნობა წვნიანში თაგვის ექსკრემენტების აღმოჩენის შესახებ ლაბორატორიულად გადამოწმდა და არ დადასტურდა. ასეთი ეჭვი რამდენიმე დღის წინ გაუჩნდა „მადლიერების სახლის“ ერთ-ერთ ბენეფიციარს, მირანდა ნემსიწვერიძეს, რომელიც მცირეწლოვან შვილებთან ერთად სოციალურ თავშესაფარში ცხოვრობს:

Your browser doesn’t support HTML5

საეჭვო ექსკრემენტები და კრიტიკული შეუსაბამობები „მადლიერების სახლში“

„ჩემთან ერთად ჩემს სართულზე მცხოვრებმა სამმა ოჯახმა ნახა ეს და სხვასთან არ გვითქვამს, არც არავის უთქვამს. კერძი რომ მოვიტანეთ, ჭამა ხალხმა. სასადილოში რომ მივედი, შემიყვანეს სამზარეულოში, დამათვალიერებინეს, ყველაფერი მაჩვენეს, ხორცი, ქვაბები და სხვა ყველაფერი და ჩვენ მსგავსი შემთხვევა არ გვაქვსო, თაგვის ექსკრემენტები რომ იპოვოთო, მაგრამ ფაქტი იყო ის, რომ საკვები მიტანილი გვქონდა“.

„მადლიერების სახლის“ ადმინისტრაციამ გაითვალისწინა თავისი პრობლემა და, მეორე დღისთვის ბენეფიციარები საკვების გარეშე რომ არ დარჩენილიყვნენ, იმ საღამოსვე აღმოფხვრეს სამივე კრიტიკული შეუსაბამობა...
ფიქრია ჭლიკაძე

სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონალური სამმართველოს ხელმძღვანელის ფიქრია ჭლიკაძის განცხადებით, “მადლიერების სახლმა” საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ქუთაისის დიაგნოსტიკურ ლაბორატორიას შესამოწმებლად წარუდგინა ბარდის ნიმუში, რომელშიც თაგვის ექსკრემენტები არ აღმოჩნდა. ამასთან, ფიქრია ჭლიკაძის ინფორმაციით, „მადლიერების სახლის“ სამზარეულოში 20 ივნისს ჩატარებული არაგეგმური ინსპექტირებისას გამოვლინდა 3 კრიტიკული და 11 არაკრიტიკული შეუსაბამობა. კრიტიკული შეუსაბამობის აღმოფხვრამდე სასადილოს შეუჩერდა ფუნქციონირების უფლება, არაკრიტიკული შეუსაბამობების გამოსასწორებლად კი გონივრული ვადა მიეცა. ფიქრია ჭლიკაძის განცხადებით, იმის გამო, რომ სასადილო ყოველდღიურად 650-მდე ბენეფიციარს ემსახურება და საწარმოო პროცესის გაჩერება დაუშვებელი იყო, „მადლიერების სახლის“ ადმინისტრაციამ კრიტიკული შეუსაბამობები დაუყოვნებლივ გამოასწორა:

„მადლიერების სახლის“ ადმინისტრაციამ გაითვალისწინა თავისი პრობლემა და, მეორე დღისთვის ბენეფიციარები საკვების გარეშე რომ არ დარჩენილიყვნენ, იმ საღამოსვე აღმოფხვრეს სამივე კრიტიკული შეუსაბამობა. სააგენტომ არასამუშაო საათებში იმუშავა და შედეგი მომართვის საფუძველზე რომ გადამოწმდა, კრიტიკული შეუსაბამობები აღმოფხვრილი იყო, რის შემდეგაც მიეცა საწარმოო პროცესის გაგრძელების უფლება. შემოწმებისას მღრღნელების ექსკრემენტები შენობაში არ აღმოგვიჩენია“.

სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონალური სამმართველოს უფროსის ფიქრია ჭლიკაძისავე განმარტებით, არაკრიტიკული შეუსაბამობები შესაძლოა გამოიწვიოს მომსახურე პერსონალის მექანიკურმა შეცდომებმა და მათი გამოსწორება სწრაფად ხდება:

კრიტიკული შეუსაბამობები ეხებოდა ჭურჭელს, რომელიც ძველი იყო და არ უნდა ყოფილიყო გამოყენებული, და ეს ჭურჭელი ახლით შეცვალეს. ასევე საუბარი იყო არასაკმარის დეზინფექციაზე, რაც გამოსწორდა და განხორციელდება ისე, როგორც სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მიგვითითა...
ნინო თვალთვაძე

„იყო, მაგალითად, ბუზი, მაგრამ ფანჯარა ღიად ჰქონდათ და ბადე ამოღებული იყო, ამ დროს დამცავი ბადე ჰქონდათ. ეს არის გაუთვალისწინებელი, ცუდი სიტუაცია ნამდვილად არ არის, ვერ ვიტყვი, რომ რა საშინელებაა. ისეთი დარღვევები არ არის, რომ საწარმოო პროცესი შეწყდეს. მხოლოდ კრიტიკული შეუსაბამობების დროს ხდება საწარმოო პროცესის შეწყვეტა მის აღმოფხვრამდე“.

ფიქრია ჭლიკაძემ რადიო თავისუფლებასთან საუბარში არ დაასახელა ის სამი კრიტიკული შეუსაბამობა, რომლებიც არაგეგმური შემოწმებისას „მადლიერების სახლის“ სამზარეულოში დააფიქსირეს.

აღმოჩენიდან მალევე გამოსწორებულ კრიტიკულ შეუსაბამობებზე საუბრისას ქუთაისის ვიცე-მერმა ნინო თვალთვაძემ განაცხადა, რომ სასადილოში მოძველებული იყო ჭურჭელი და მაგიდის ზედაპირები, რომლებსაც საჭირო დეზინფექცია ვერ უტარდებოდა:

„კრიტიკული შეუსაბამობები ეხებოდა ჭურჭელს, რომელიც ძველი იყო და არ უნდა ყოფილიყო გამოყენებული, და ეს ჭურჭელი ახლით შეცვალეს. ასევე საუბარი იყო არასაკმარის დეზინფექციაზე, რაც გამოსწორდა და განხორციელდება ისე, როგორც სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მიგვითითა. შენიშვნა გაკეთდა მწერებისგან დაცვაზე და ისიც გათვალისწინებულია. საერთო ჯამში, საუბარი არ იყო ისეთ შეუსაბამობებზე, რომლების გამოისწორებასაც დიდი დრო სჭირდება“.

ქუთაისის „მადლიერების სახლის“ სასადილოს საკვების ხარისხს და სისუფთავეს დადებითად აფასებენ რადიო თავისუფლების მიერ გამოკითხული ბენეფიციარები:

„სულ ვამბობ, მცირე რაღაც ისეთი არ მინახავს საკვებში, სისუფთავეა“;

„არასდროს არაფერი შემიმჩნევია მე, უკვე წლებია, ამ სასადილოთი ვსარგებლობ“;

„რაც გავრცელდა, არ დავიჯერე და ვერ დავიჯერებ, არაფერი შემიმჩნევია“;

„მზარეულიც კარგი გვყავს და დამლაგებელიც, ყველასი მადლობელი ვარ პირადად მე, ყოველთვის ყველაფერს კარგად აკეთებენ“.

ქუთაისის მერიას დაქვემდებარებული „მადლიერების სახლის“ სასადილოს მომსახურებით ძირითადად სარგებლობენ სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახები და მარტოხელა მოხუცები. წლევანდელი ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილია 620 ათას ლარი, საიდანაც 450 ათასი ლარი კვებისთვისაა გათვალისწინებული, დანარჩენი კი 33 თანამშრომლის ხელფასისა და სხვა ხარჯებისთვის. ერთ ბენეფიციარზე ყოველდღიურად იხარჯება საშუალოდ 1 ლარი და 60 თეთრი, თვეში კი - 47 ლარამდე. ბენეფიციარები „მადლიერების სახლის“ სასადილოში კვირის გარდა ყოველდღე იკვებებიან, კვირა დღის ულუფა კი წინა დღეს მიაქვთ თან. ულუფა ოჯახის წევრთა რაოდენობის მიხედვით გაიცემა.