საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 23 იანვარს ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოში ადვოკატებთან ერთად გამოცხადდა დიდი ბრიტანეთის მოქალაქე ჯეკ შეფერდი და სამართალდამცავებს ნებაყოფლობით ჩაბარდა. ეს ფაქტი ასახა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა, რომელსაც ჯეკ შეფერდმა პოლიციაში გამოცხადებამდე ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა.
ჩაბარების ფაქტიცა და ინტერვიუც ძალიან სწრაფად მოექცა საერთაშორისო და განსაკუთრებით, ბრიტანული პრესის ყურადღების ცენტრში.
„მე ვარ უბედური შემთხვევის მონაწილე, რომელიც 2015 წელს მოხდა. ტრაგიკულად დაიღუპა შარლოტ ბრაუნი“, - აცხადებს ჯეკ შეფერდი „რუსთავი 2“-სთვის მიცემულ ინტერვიუში (ინტერვიუ ინგლისურ ენაზე შედგა და ქართული თარგმანით გავრცელდა).
ჯეკ შეფერდი მსჯავრდებულია 24 წლის შარლოტ ბრაუნის გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის გამო. ბრიტანეთის სასამართლომ მის საქმეზე განაჩენი გამოიტანა გასული წლის ივლისში და ჯეკ შეფერდს დაუსწრებლად მიუსაჯა ექვსწლიანი პატიმრობა. ბრიტანული პრესის თანახმად, ივლისშივე შეფერდზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდა.
საქართველოს შს სამინისტროს განცხადებაში წერია, რომ „ქართველი და ბრიტანელი სამართალდამცველების თანამშრომლობით, ჯ.ს.შ.-ზე საერთაშორისო არხებით ძებნა მიმდინარე წლის 12 იანვრიდან გამოცხადდა“. ამ დღიდან, სავარაუდოდ, დაიწყო პირდაპირი კომუნიკაცია ბრიტანეთისა და საქართველოს სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის და ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ბრიტანელმა სამართალდამცავებმა მიიღეს ინფორმაცია ჯეკ შეფერდის საქართველოში ყოფნის შესახებ.
ბრიტანული „ტელეგრაფი“ 23 იანვრის სტატიაში წერს, რომ ჯეკ შეფერდის საქართველოში ყოფნის შესახებ პოლიციას მისმა ცოლმა შეატყობინა, „თუმცა, როგორც ჩანს, იქაურ პოლიციასთან კომუნიკაცია მხოლოდ გასულ კვირაში შედგა“. ამავე გამოცემის ინფორმაციით, შეფერდის მეუღლე ბრიტანეთში მათი ორი წლის ვაჟთან ერთად ცხოვრობს.
შეფერდმა ბრიტანეთი დატოვა 2018 წლის მარტში, თვეებით ადრე, ვიდრე შარლოტა ბრაუნის მკვლელობის საქმეზე სასამართლო განაჩენს გამოაცხადებდა.
„რუსთავი 2“-ის ჟურნალისტისთვის 23 იანვარს მიცემულ ინტერვიუში ის ჰყვება:
„საქართველოში ჩამოსვლა სწრაფად გადავწყვიტე. ეს ჩემთვის უფრო ხელმისაწვდომი იყო და თან ძალიან მინდოდა მისი ნახვა. როცა ჩამოვედი პირობითი თავდები მქონდა და არ ვიძებნებოდი. შემეძლო კანონით ქვეყნის დატოვება. ეს იყო საშინელი ტრაგედია, რომლის დროსაც შარლოტი დაიღუპა. პოლიციაც და ხელისუფლებაც თავიდანვე ამბობდნენ, რომ ეს იყო უბედური შემთხვევა. ნავს ხარვეზები ჰქონდა, მაგრამ ჩემი დაცვის მხარის მიერ მიწვეულმა ექსპერტებმა დაადგინეს, რომ ეს დაზიანებები ნავს წყლიდან ამოტანის დროს გაუჩნდა. ასე რომ, ეს იყო უბედური შემთხვევა. ავარიის დროს შარლოტი მართავდა ნავს, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ფაქტი დაივიწყეს და მედიასაც აღარ უხსენებია და პირიქით, დაწერეს, რომ მე ვმართავდი. ეს არ არის სიმართლე და სასამართლოსაც აღიარებული აქვს. მაგრამ პრესამ დაწერა, რომ თითქოს მე დავუშვი დაღუპულიყო. ზოგმა ისიც დაწერა, რომ შარლოტი ყვიროდა და შველას მთხოვდა, მე კი არაფერი გავაკეთე. მოწმეებმაც იციან, რომ ჩემი მთავარი საზრუნავი იმ დროს შარლოტი იყო. ვუთხარი მათ, მე დავეტოვებინე წყალში და შარლოტი ამოეყვანათ. როდესაც მაშველები მოვიდნენ, სწორედ ამას ვუყვიროდი ნაპირზე ხალხს. ძალიან მტკივნეულია, როდესაც პირიქით იწერება“.
ბრიტანული პრესა (რომელიც შეფერდს ასე მოიხსენიებს: „მკვლელი“, „კაცი, რომელმაც კატერით ავარიის შედეგად ქალი მოკლა“, „კატერით მკვლელობის ჩამდენი“) წერს, რომ ჯეკ შეფერდმა შარლოტ ბრაუნი გაცნობის საიტ OkCupid-ზე გაიცნო. მათი პირველი და საბედისწერო შეხვედრა 2015 წლის 8 დეკემბერს შედგა. გამოძიების შესახებ პრესით გავრცელებული ცნობების თანახმად, მათ ალკოჰოლი მიიღეს, რის შემდეგაც შეფერდმა ბრაუნი გვიან ღამით მდინარე თემზაზე თავისი კუთვნილი კატერით გასასეირნებლად დაპატიჟა. კატერით სწრაფად მოძრაობისას უონდსუორთის ხიდთან შეჯახება მოხდა. ჯეკ შეფერდმა ამობრუნებულ კატერზე მოჭიდება შეძლო და ის გადაარჩინეს. შარლოტ ბრაუნი კი უგონო მდგომარეობაში წყალში იპოვეს, ის არ რეაგირებდა. სიკვდილის შემდგომი ექსპერტიზით, გარდაცვალების მიზეზად ცივ წყალში ჩაძირვა დასახელდა.
„გარდიანი“ წერს, რომ 2018 წლის აგვისტოში ბრიტანეთიდან გაქცეულმა შეფერდმა ადვოკატის საშუალებით მოახერხა სააპელაციო სასამართლოსთვის მიემართა და მოეპოვებინა მისთვის გამოტანილი განაჩენის გასაჩივრების უფლება, რაც მან მიიღო გასული წლის დეკემბერში.
„რუსთავი 2“-ის 23 იანვრის სიუჟეტში ჯეკ შეფერდი ბრიტანეთიდან გაქცევის მიზეზს ასე ხსნის:
„შარლოტ ბრაუნის მამა პენიტენციურ სისტემაში მუშაობს. აქვს გარკვეული გავლენები. ეს ჩანდა მთელი ამ პროცესის განმავლობაში. თავიდან გადაწყდა, რომ არ გავესამართლებინე, მაგრამ გამოიყენა მან თავისი ბერკეტები. გარდა ამისა, შარლოტის მამა შეხვდა ბრიტანეთის შს მინისტრს გუშინ. ესეც მოწმობს, რომ მას აქვს გავლენები სისტემაში. გარდა ამისა, პრესაც ინტენსიურად აშუქებდა ამის გამო. ერთხელ ველაპარაკე და მითხრა, რომ ციხეში ცუდი დღეები მელოდა. მე ბოდიში მოვუხადე, მაგრამ არც მომისმინა. გამითიშა ტელეფონი. ასე რომ, ვგრძნობდი რისკებს, რომლის წინაშეც ვიქნებოდი ციხეში და ამიტომ დავიმალე“.
ქართულ ტელეარხზე ჯეკ შეფერდის ინტერვიუს გასვლის შემდეგ შარლოტ ბრაუნის მამამ, რომელიც სამშაბათს მართლაც, შეხვდა ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრს, ბრიტანულ მედიას განუცხადა: „ის სწორად მოიქცა და მადლობა ღმერთს, ჩაბარდა“. ბრიტანეთის პოლიციის განცხადებაში კი ნათქვამია: „დანაშაულის ეროვნული სააგენტოდან მივიღეთ ინფორმაცია, რომ ჯეკ შეფერდი, რომელზეც საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული, საქართველოშია დაკავებული“.
დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა: „ვეცდებით სწრაფად მოხდეს მისი ბრიტანეთში ექსტრადიცია. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ შარლოტ ბრაუნის ოჯახმა სამართალი ნახოს“.
ბრიტანეთის პოლიციის განცხადებით, ექსტრადიციის პროცედურები დაიწყება მყისიერად მას შემდეგ, რაც ოფიციალურად მოხდება ამჟამად საქართველოში დაკავებული პირის, როგორც ჯეკ შეფერდის იდენტიფიკაცია.
ჯეკ შეფერდმა თბილისში, პოლიციის განყოფილებაში მისვლამდე „რუსთავი 2“-ს უთხრა:
„იმედი მაქვს, სიმართლე მალე დადგინდება და ჩემი სააპელაციო სარჩელი წარმატებით დასრულდება და ყველა ჩვენი ცხოვრების გზას გავაგრძელებთ“.
ჯეკ შეფერდის უფლებებს საქართველოში ორი ადვოკატი იცავს: მარიამ კუბლაშვილი და ტარიელ კაკაბაძე. მათი განმარტებით, ის დარწმუნებულია, რომ არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია და დაამტკიცებს საკუთარ უდანაშაულობას. ტარიელ კაკაბაძის თქმით, შეფერდის მიზანია „ითანამშრომლოს საგამოძიებო ორგანოსთან, ითანამშრომლოს სასამართლოსთან და მიაწოდოს სასამართლოს ინფორმაცია მომხდართან დაკავშირებით. მისი სურვილია, დაიკითხოს ბრიტანეთში, სასამართლოში, სადაც ის მიცემს ჩვენებას“. მარიამ კუბლაშვილის მიერ „რუსთავი 2“-სთვის მიცემული განმარტებით კი, შეფერდის ქმედებასა და დამდგარ შედეგს (შარლოტა ბრაუნის სიკვდილს) შორის „მიზეზშედეგობრივი კავშირი არ ყოფილა. ეს იყო უბედური შემთხვევა“.
24 იანვარს საღამოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ვლადიმერ ბორცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა:
„მონაცემთა დამუშავებით დადგინდა, რომ ჯეკ შეფერდმა 2018 წლის მარტში გადმოკვეთა საქართველოს საზღვარი, მაშინ როდესაც მის მიმართ საერთაშორისო ძებნა გამოცხადებული არ იყო და არანაირი საფუძველი არ არსებობდა მისი დაკავებისთვის“.
საერთაშორისო ძებნის გამოცხადების თარიღად მან წინა დღის განცხადების მსგავსად, 2019 წლის 12 იანვარი დაასახელა და ამასთან, რამდენჯერმე გაუსვა ხაზი შსს-ს აქტიურობას:
„ქართული მხარის ინიციატივით და ბრიტანულ მხარესთან აქტიური თანამშრომლობით, 2019 წლის 12 იანვარს, ჯეკ შეფერდის მიმართ გამოცხადდა საერთაშორისო ძებნა, რის შემდგომაც აქტიურად დაიგეგმა და ხორციელდებოდა ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები ძებნილი პირის დაკავების მიზნით“.
შს წარმომადგენლის განცხადებით, შსს აგრძელებს „დიდი ბრიტანეთის სამართალდამცავ უწყებასთან თანამშრომლობას მისი ექსტრადირებისთვის“.
წინასაექსტრადიციო პატიმრობა საქართველოში მაქსიმუმ 9 თვით განისაზღვრება.