„სადაც არა სჯობს, გაცლა სჯობს“ - სოკოს საწარმოს კომპოსტის წარმოება სხვა ადგილას გადააქვს

რუსთავთან მდებარე სოკოს საწარმომ, საიდანაც, ქალაქის მცხოვრებთა მტკიცებით, უსიამოვნო სუნი ვრცელდება, გადაწყვიტა ნიადაგის კომპოსტის წარმოება სხვა ადგილას გადაიტანოს. რუსთავის მერისთვის დეკემბერში გაგზავნილ წერილში, რომელიც 13 იანვარს გასაჯაროვდა, სოკოს საწარმო „თეთრი ქუდის“ დირექტორი რენატო გრიგორიანი ამბობს, რომ აღარ სურს რუსთავის მოსახლეობასთან დაპირისპირება, მიუხედავად იმისა, რომ საწარმოს მავნე ზემოქმედება დამტკიცებული არ არის. წერილის თანახმად, უსიამოვნო სუნით გამოწვეული პრეტენზიების გათვალისწინებით, კომპანიამ შეზღუდა სოკოსთვის აუცილებელი ნიადაგის კომპოსტის წარმოება, რასაც, როგორც რენატო გრიგორიანი აღნიშნავს, მოსავლის შემცირება და ფინანსური ზარალი მოჰყვა.
„თეთრი ქუდის“ დირექტორი ამბობს, რომ კომპოსტის წარმოებისთვის ახალი ადგილის შერჩევა დაიწყეს, მშენებლობას კი რამდენიმე თვე დასჭირდება:

„შეიძლება მაისში ავაშენოთ, შეიძლება - მაისში ან ივნისში... არ გვინდა რუსთაველების შეწუხება, არ გვინდა, რომ ჩვენც გვაწუხებდნენ“.

ასევე ნახეთ გარემოსდაცვითი უწყება სოკოს საწარმოს სასამართლოში უჩივლებს

„თეთრი ქუდის“ დირექტორი რენატო გრიგორიანი ამბობს, რომ ახალ ადგილზე კომპოსტის წარმოების მაჩვენებელს ძველ ნიშნულამდე გაზრდიან, რომ პარტნიორ ორგანიზაციებთან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები შეასრულონ. რუსთაველებმა „თეთრი ქუდის“ საქმიანობის გაპროტესტება 2019 წლის ზაფხულიდან დაიწყეს. ამბობდნენ, რომ ქალაქში უსიამოვნო სუნი სწორედ ამ საწარმოდან ვრცელდებოდა. „თეთრი ქუდი“გარემოს დაცვის სააგენტომ შეამოწმა და ნარჩენების მართვის პირობების დარღვევისთვის დააჯარიმა. გარდა ამისა, როგორც რუსთავის მერიის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის უფროსი, დავით ბეგაშვილი, ამბობს, საწარმოს არ აღმოაჩნდა კომპოსტის წარმოებისთვის კანონით გათვალისწინებული ნებართვა:

„სადაც ახლა არიან, მანდაც სჭირდებათ დოკუმენტი. სადაც გადავლენ, - თუ გადავლენ, და იმედია, რომ გადავლენ, - იქაც მოსამზადებელი ექნებათ ეგ დოკუმენტი. მნიშვნელობა არ აქვს, ქალაქიდან რა მანძილზე გადაიტანენ. სულაც, 100 კილომეტრითაც რომ დაშორდნენ, კომპოსტის წარმოებისთვის დასჭირდებათ ან სკრინინგი, ან გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში“.

რუსთავის მერიის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის უფროსის, დავით ბეგაშვილის, თქმით, არაერთიშემოწმებით დადასტურებულია, რომ ქალაქში უსიამოვნო სუნი სწორედ„თეთრი ქუდიდან“ ვრცელდებოდა.ამ მოსაზრებას იზიარებს რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუაც. მისი თქმით, დაპირების მიუხედავად, საწარმომ დღემდე ვერ შეძლო რამდენიმე მნიშვნელოვანი დანადგარის შეძენა:

„იქ, სადაც ქათმის სკორე მუშავდება, ძველი დანადგარებია დამონტაჟებული. იჭედება მილები. როცა მათი გატარება არ ხდება, ნიადაგის ნედლეული ლპობას იწყებს და სუნს უშვებს. [რენატო გრიგორიანს] შესაბამისი ძრავები ჩამოაქვს, რომ ეს პრობლემა მოხსნას. რუსეთიდან ვერ ჩამოიტანა, უკრაინაში ყიდვას აპირებს“.

ასევე ნახეთ სოკოს საწარმო „თეთრი ქუდის“ კომპოსტის საამქროს გადაიარაღება დაიწყეს

ირაკლი ტაბაღუას განცხადებით, „თეთრ ქუდს“ არავინ აიძულებს კომპოსტის წარმოება გადატანოს, ამიტომ ეს პროცესი კერძო სექტორზე ზეწოლად ვერ განიხილება:

„[კომპოსტის წარმოების] გადატანა, სიმართლე გითხრათ, არ მომითხოვია. ვუთხარი, რომ თუ პრობლემას ვერ მოაგვარებ, ან კომპოსტის წარმოება უნდა შეამცირო, ან სხვა რამე მოიფიქრე-მეთქი. მთავარი ის არის, რომ „თეთრი ქუდი“ ერთადერთი საწარმოა [რუსთავის საწარმოებს შორის], რომელიც გვეთანამშრომლება. ეტაპობრივად ნაბიჯებს დგამს. მართალია, ჰარი პოტერის ჯოხივით ერთ წამში ვერ აკეთებს, მაგრამ ფაქტია, რომ თანამშრომლობს“.

სოკოს საწარმო „თეთრი ქუდის“ გადაწყვეტილებამ, ნიადაგის კომპოსტის წარმოება სხვა ადგილას გადაიტანოს, რუსთაველებში დადებითი რეაქცია გამოიწვია.

„გვაწუხებს, ისეთი საშინელი სუნია... რაც ბავშვების ჯანმრთელობაზე ცუდად მოქმედებს, ყველაფერი უნდა გადაიტანონ....ჯობია, ისეთ ადგილზე გადაიტანონ, სადაც არ იქნება დასახლებული პუნქტები“.

რუსთაველები სოციალურ ქსელში იმასაც წერენ, რომ პასუხისმგებლობა სხვა საწარმოებმაც უნდა იგრძნონ და მოსახლეობის პრეტენზიები გაითვალისწინონ იმ ფონზე, როცა გარემოს დაცვაზე პასუხისმგებელი ოფიციალური სტრუქტურების საზედამხედველო ფუნქცია არაეფექტურია.