სად მიდიან ადამიანები, რომლებსაც საოკუპაციო ხაზთან აკავებენ

„საზიზღარი სიტუაციაა. ჩემი ღორი უფრო სუფთადაა. ისეთი ამბავი იყო, მატრასი რომ წყალში გაასველო. საკვებს დღეში ერთხელ გვაძლევდნენ. პური და 40 გრამი ხორცი იყო - შავი ხორცი“

- ერთ-ერთი დაკავებული არცევის სამხედრო ბაზის შესახებ

  • 2011 - 2016 წლებში, ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გამყოფ ხაზთან უკანონოდ დააკავეს 2404 ადამიანი.
  • 2014-2016 წლებში ოკუპირებული აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის გამყოფ ხაზზე დაკავებულთაგან 37-მა მოქალაქემ თქვა, რომ მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
  • 2017 წლიდან გაიზარდა ჯარიმის ოდენობა, რომელსაც პირობით საზღვართან დაკავებული პირები იხდიან. აფხაზეთის პირობით საზღვართან დაკავებისას ჯარიმა დაახლოებით 210-260 ლარია, დე ფაქტო სამხრეთ ოსეთთან კი დაახლოებით 700 ლარი.


რა ხვდებათ “საზღვრის უკანონო კვეთისთვის” დაკავებულებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე?

"ადამიანის უფლებათა ცენტრის" ანგარიშში, რომელიც მავთულხლართებთან ახლოს მცხოვრები ადამიანის უფლებრივ მდგომარეობას შეეხება, მოყვანილია ნაწყვეტები კონკრეტული ამბებიდან, რასაც დაკავებულები უკან დაბრუნებისას იხსენებენ.

აი, როგორ აღწერს ერთ-ერთი დაკავებული ღრომის დროებითი დაკავების საკანს:

„ჯერ ღრომში სანამ საკანში შემიყვანდნენ, თავზე ჩაფხუტი ჩამომაფარეს, რომ არაფერი დამენახა. მიწისქვეშ არის ჩასასვლელი და იქაა საკანი. იქ გრილოდა, ფანჯრის მსგავსი ჰქონდა. იქ სამი საათი ვიყავი. წყალი ან საკვები არ მოუტანიათ. ცხინვალში რომ გადამიყვანეს, იქ მორიგე კაცურად დამელაპარაკა - ხომ არაფერი გინდაო, მაგრამ ვერც ვერაფერს შევჭამდი, ისე ვიყავი სამი-ოთხი დღე. კი მთავაზობდნენ საჭმელს, მაგრამ ერთხელ გამოვართვი პური მხოლოდ”.

ცხინვალის იზოლატორიდან დაბრუნებული დაკავებულის ცოლი კი ყვება, რომ მისი ქმარი “ფიცრების საწოლზე იწვა. იქიდან რომ გამოვიდა, ყველაფერი სტკიოდა. სიცივეც იყო იქ. ყველაფერი კი მოჰქონდათო.“

„საქონელს არ დაამწყვდევენ შიგნით, ისეთი მდგომარეობაა“ - ესეც არცევის ბაზა სხვა დაკავებულის აღწერით.

გალის დროებითი დაკავების იზოლატორს ერთ-ერთი დაკავებული ქალი ასე იხსენებს : “გზაში ცუდად გავხდი და ვთხოვე, გამიჩერეთ მანქანა, წყალი დამალევინეთ მეთქი. საერთოდ ასე როგორ უნდა მოექცე ადამიანს?!.. რამდენჯერმე ვთხოვე და მანქანა არ გააჩერეს, უკვე მისულები ვართ და ჩქარა მივალთო. მივხვდი, რომ წყლულის პრობლემა იყო. მეორე დღეს გადმომიყვანეს აქეთ და მივმართე ექიმს“.

როგორ აკავებენ და ექცევიან “საზღვრის გადამკვეთებს”?

აფხაზეთის გამყოფი ხაზის გასწვრივ დაკავებული ერთ-ერთი პირი ამბობს, რომ გალში, სადაც სასამართლო სხდომა გაიმართა, პროცესი რუსულ ენაზე მიმდინარეობდა. მას თარჯიმანი არ მოუთხოვია, რადგანაც კარგად იცოდა რუსული ენა. თუმცა, როგორც დაკავებული პირი აღნიშნავს, მისთვის სასამართლო პროცესზე „საერთოდ არაფერი არ უკითხავთ“.

ე.წ. "სამხრეთ ოსეთის" გამყოფ ხაზთან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე დაკავებული ერთ-ერთი პირი, რომელიც ცხინვალში წაიყვანეს, ამბობს: „ოთხი საათი იქნებოდა და ცალკე შტაბი სადაც აქვთ, იქ ერთმა ქალმა დამკითხა. ხელი 30 ფურცელზე მაინც მომაწერინეს, მაგრამ არ წამაკითხეს. ვკითხე - რაზე მაწერინებთ ხელს მეთქი და ძაან კარგად იცი, რაზეც აწერ ხელსო“.

​2015 წლის სექტემბერში აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან ორსული ქალი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ცდილობდა გადმოსვლას სამედიცინო მომსახურების მიღების მიზნით, როდესაც დააკავეს.

“დილის 5 საათზე წამოვედით. 7-8 კილომეტრი ფეხით ვიარეთ. საზღვარს რომ მივუახლოვდით, ვერ შევნიშნეთ. იქვე მდგარან და დაგვაკავეს ადგილზე. გვითხრეს, იქით არაა ჩვენი კონტროლირებადი ტერიტორია და ვერ გადაგიშვებთო. წაგვიყვანეს დროებითი მოთავსების საკანში. რაც უფრო მეტს დააკავებდნენ, მით უფრო მალე გადაჰყავდათ. ჩვენ შვიდნი ვიყავით ბავშვებიანად. არც წყალი მოგვცეს, არც საჭმელი და არაფერი. მიწისქვეშა გვირაბში ვიყავით, ცუდად გავხდი. 12 საათისთვის წაგვიყვანეს გალში.

ჯარიმები იყო გადასახდელი - ქართული ფულით, ალბათ, 120 ლარი თითო ადამიანზე, თუ იქ მცხოვრები იყავი, თუ სხვა რაიონიდან - მაშინ უფრო მეტი. შეიძლება სოხუმის სასამართლომდეც მისულიყო საქმე. “

დაკავების შემდეგ ჯანმრთელობის მდგომარეობას დაკავებული ასე აღწერს: „ჰიპერტონუსი დამემართა, ორი დღე ძალიან ცუდად ვიყავი. დახუთული ჰაერი იყო, ფანჯრები კი - არა. 4 მეტრი ჰქონდა სიგრძე, ჭუჭრუტანაში შემოდიოდა სინათლე. არც ლეიბი იყო. იატაკი კი ნორმალური იყო. არც საბანი მოუციათ და არაფერი“.

​2015 წელს დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის საზღვართან ტყეში დაკავებული კაცი იხსენებს, რომ ის მოულოდნელად ხევიდან ამომხტარმა ნიღბიანმა და ავტომატიანმა რუსმა მესაზღვრეებმა დააკავეს და იარაღის მუქარით აიძულეს დილის 9 საათიდან საღამოს 6 საათამდე პირქვე წოლილიყო მიწაზე.

რუსი მესაზღვრე, რომელმაც მას ფეხსაცმელები გახადა, 10 000 ლარის ეკვივალენტ თანხას სთხოვდა: „მარტო ეს მითხრა - თუ არ გადაიხდი, წაგიყვანო. ზევით სოფელია - წობი. კაზაკები არიან და იქ გაგატყავებენო, იქ ჩაგაბარებო - ეგ მითხრა მარტო. ისევ დამაწვინა, მერე ადგა და ბათინკები გამხადა და ფეხით მატარა. ვეხვეწებოდი, ფეხშიშველა ნუ მატარებ, ურემზე მაინც დამსვი მეთქი, მაგრამ - არა! მერე შევეცოდე და გამომიშვა“.

ადგილი, სადაც ინციდენტი მოხდა, საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიაა, თუმცა დაკავებულის ინფორმაციით, რუსი მესაზღვრეები აცხადებდნენ, რომ ეს ტერიტორია საქართველოს არ ეკუთვნის. დაკავებულის თქმით, მან ამ ფაქტის შესახებ პოლიციასაც შეატყობინა:„პოლიციაც მოვიდა. ვუთხარი, წამო, დაგაჭერინებთ-მეთქი, მაგრამ - არაო, გვესვრიან ისინიო. ოქმი შეადგინეს, მაგრამ არაფერი. არც ბათინკები მოუტანია ჩემთვის ვინმეს და არც არაფერი“

სად გადის საზღვარი და რის გამო შეიძლება დაგაპატიმრონ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა?

"ადამიანის უფლებათა ცენტრის" მიერ შესწავლილი საქმეები აჩვენებს, რომ გამყოფ ხაზებზე ადამიანებს ხშირად აკავებენ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლით, დე ფაქტო და რუსეთის ხელისუფლებების მიერ გავლებული ე.წ. სასაზღვრე ნიშნების მიღმა, ასევე - ისეთ ტერიტორიაზე, სადაც არ არის აღმართული გამყოფი ხაზის აღმნიშვნელი რაიმე ნიშანი და სადაც დაკავება ადამიანებისათვის სრულიად მოულოდნელია. შედეგად, ადამიანებისათვის სრულიად განუჭვრეტადია, თუ რა ფაქტორები და საფუძვლები განაპირობებენ მათ დაკავებას. ისინი ხშირად მიუთითებენ, რომ რთულია განსაზღვრო, თუ რა ტერიტორია შეიძლება წარმოადგენდეს უკანონო დაკავებისათვის სახიფათო ტერიტორიას.

ოფიციალური მონაცემების მიხედვით, ბორდერიზაციის პროცესმა ინტენსიური ხასიათი 2013 წელს მიიღო. 2017 წლის 20 ნოემბრის მდგომარეობით კი, მთლიანობაში, ბორდერიზაციის 30-ზე მეტი ინციდენტი დაფიქსირდა, რომელიც მოიცავს 33 სოფელს ე.წ. სამხრეთ ოსეთის გამყოფი ხაზის გასწვრივ და შვიდ სოფელს აფხაზეთის გამყოფი ხაზის გასწვრივ.